"ჩემი ვარაუდით, მამა გიორგი ვიღაცისთვის იბრძოდა"
13-03-2017
"ჩემი ვარაუდით, მამა გიორგი ვიღაცისთვის იბრძოდა"
პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ფარული ჩანაწერის ფრაგმენტი გაასაჯაროვა. მეორე დღეს კი სინოდის სხდომა ჩატარდა და მამა გიორგის უფლებამოსილება შეუჩერეს. ]მეუფე პეტრე კი საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან გაათავისუფლეს. თავად მეუფე თვლის, რომ ის სიმართლისთვის ისჯება: "მირჩევნია, დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე... გრძელდება ბრძოლა ეკლესიის გადარჩენისთვის".
საპატრიარქოს ტელევიზიას მამა მიქაელ­ ფოფხაძე უხელმძღვანელებს. პროკურატურამ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი:
- შორენა თეთრუაშვილს არ ჰქონია შეხება იმ სამსახურთან,
რომელსაც მამა გიორგი ხელმძღვანელობდა, არც საფინანსო-სამეურნეო ნაწილთან. საფინანსო საკითხებს მეუფე იაკობი განაგებს, რაც შეეხება ქონებრივ საკითხებს, განყოფილების უფროსი მეუფე ანდრია გვაზავა გახლავთ. საპატრიარქოს იურისტები ვაწესრიგებთ საჯარო რეესტრში მთელ ქონებას, მეც ვარ ჩართული ამ საქმეში. უძრავი ქონება ამ დრომდე სასულიერო პირებზე იყო გაფორმებული და ახლა საპატრიარქოს
სახელზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. მერწმუნეთ, არაკანონიერი ქმედებები საპატრიარქოში არ ხდებოდა.

- მამა გიორგი პატრიარქს სწერდა დარღვევებზე. ხომ არ წაგიკითხავთ წერილები?

- წაკითხული მაქვს, მაგრამ იქ არანაირი დარღვევა არ ჩანს. როდესაც ამ საკითხების მოწესრიგება ითავა მამა გიორგიმ, დიდი ენთუზიაზმით იყო აღსავსე, მაგრამ ვერანაირი დარღვევა კორუფციული კუთხით ვერ იპოვა.

- რატომ ვერ მოხვდა მისი მოპოვებული მასალები სინოდის სხდომაზე?

- წმინდა სინოდი როგორ განიხილ­ავდა საკითხს, თუ არ იყო დანაშაული. ადრე, როცა საპატრიარქოს ქონებას გადასცემდნენ, ხშირად ის ფორმდებოდა სასულიერო პირების სახელზე. ვადასტურებ, ძალიან ბევრი ქონებაა მათზე გაფორმებული­ - არა მარტო უძრავი ქონება, შპს-ების წილები და ა.შ., სწორედ ამას ვაწესრიგებთ ახლა, ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა ქონების საპატრიარქოზე გადმოფორმება.

- შორენა თეთრუაშვილი დაჰკითხეს?

- დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი­. შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით.

ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეო­ფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტ­ები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით.
მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა.
არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პირი, ყველას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია.

- გერმანიაში პატრიარქს ვინც ახლდა, ყველა პირი დაკითხულია?

- ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ.

- სოსო ოხანაშვილს გულისხმობთ?

- დიახ, დაცვის უფროსი მყავს მხედველობაში. ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ.

- მეუფე დიმიტრი თუ დაჰკითხეს?

- არა. ძირითადად, მამა გიორგი მამალაძის თანამშრომლები, 6-7 პირი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგი ჩვენებაში ამბობს, შორენამ მთხოვა ციანიდის ყიდვაო.

- თუ მამა გიორგი ამბობს, რომ შორენასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ის ხელს უშლიდა რაღაცების აღმოჩენაში, ამას სთხოვდა?

- ამბობთ, რომ შორენა არაფერში ერევა, მაგრამ მოვისმინეთ მეუფე პეტრეს ბრალდებებიც...

- გარკვეულ პოზიციებში მეუფეს არ ვეთანხმები... მეუფე იაკობი არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა, მეუფე ანდრია გვაზავაც არ არის ის პიროვნება, რომ ვიღაცამ მასზე გავლენა მოახდინოს. გაისმა მეუფე იოანეს სახელიც, რომელიც განათლებას კურირებს, მანაც განაცხადა, რომ დამოუკიდებლად მართავს განათლების სისტემას.

- ოხანაშვილს რა ურთიერთობა ჰქონდა­ თეთრუაშვილთან?

- როგორც ვიცი, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ.

- ირაკლი მამალაძისა და მამა გიორგის საუბარზე რას იტყვით? ბევრი თვლის, რომ მოწმე ცდილობს მამა გიორგის გამოსტყუოს სიტყვები.

- ირაკლი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამა გიორგისთან. თუ უშუალოდ მამა გიორგი არ იყო დაინტერესებული ციანიდით, ის ამაზე არ ისაუბრებდა.

- "შორენა უნდა წავიდეს მარილზე" - ეს ფრაზა ისმის ჩანაწერში. ქალბატონ შორენას სჯერა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა?

- ცუდი განზრახვა რომ იკვეთება, უკვე შემაშფოთებელია.

"მეუფე პეტრემ სინოდი შეურაცხყო"


მამა ალექსანდრე გალდავა:

- პირადად მე და კიდევ უამრავ სასულიერო პირს სურს ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიება პროკურატურამ ბოლომდე მიიყვანოს. რაც უნდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იყვნენ გარეული, საპატრიარქოს გარშემო არსებული ინტრიგები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. თუ მართლაც ბრალეულობა დადასტურდება, დანაშაული არა მხოლოდ საპატრიარქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა შეირაცხოს.

- რატომ გაუსვით ხაზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, ფიქრობთ, ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მასზე იერარქიით მაღლა მდგომი პირის მითითებებს ასრულებდა?

- თუ დანაშაული დამტკიცდება, დარწმუნებული ვარ, ის მარტო არ მოქმედებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ხომ თავადაც მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. თუ ოდნავ ლოგიკასაც მოვიშველიებთ, სასულიერო პირისთვის მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზებასა და განხორციელებას აზრი არა აქვს, თუ მასზე იერარქიით მაღლა მდგომისგან არა აქვს მხარდაჭერა და ამასთან, გარანტია, რომ კარიერულად წინ წაიწევს.

- ვის ხელეწიფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწინაურება, რა ვერსია გაქვთ?

- 47-ივე მეუფეს. მკაცრი გადაწყვეტილება აუცილებელია, რადგან სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულზე ვსაუბრობთ. ჩემი აზრით, თუ დეკანოზი დამნაშავეა, მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის განეიტრალება არ უნდა ყოფილიყო მიზანი - მისი მკვლელობა­ ვერაფერს შეცვლიდა პროცესების ორგანიზატორებისთვის. ხაზგასმით ვამბობ, ამ ვერსიაზე­ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსაუბრობ, თუ დანაშაული რეალურად დამტკიცდა, თანაც კიდევ ერთი დეტალი - გავრცელებულ ჩანაწერებში დეკანოზი აცხადებს, ის ტკბილს ერიდებაო, არადა, შორენა ტკბილს ნამდვილად მიირთმევს. სავარაუდოდ, დეკანოზი სხვა პირზე ლაპარაკობს.

- სინოდმა აღიარა მეუფე პეტრეს ბრალეულობა და მას მკაცრი გაფრთხილებაც მისცა, ტელევიზიის მართვასაც ჩამოაშორა.

- საეკლესიო კანონების მიხედვით, მხოლოდ ორი გაფრთხილების შემდეგ დგება მკაცრი განაჩენი. თუ მეუფე პეტრე მსგავს რიტორიკას გააგრძელებს, გადაწყვეტილებაც უფრო მკაცრი იქნება.

- თუმცა თავად მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ურჩევნია, სიმართლისთვის დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს.

- ეს კიდევ ერთი გაუგებარი განცხადება იყო, ნამდვილად არ ჰგავდა იმ სასულიერო პირის პოზიციას, რომელმაც მოინანია საკუთარი ქმედებები, პირიქით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას შეურაცხყოფს კიდეც. რა გამოდის, თუ სინოდმა ის სიმართლისთვის დასაჯა, ანუ წმინდა სინოდი უსამართლოდ მოიქცა? ვფიქრობ, მეუფე პეტრე ისევ არაადეკვატურად გამოეხმაურა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ყველას გვაქვს ყური და თვალი, რომ მისი სიტყვები შევაფასოთ.

თეა ხურცილავა, რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით