"გარკვეული ჯგუფი თავიდანვე მზად იყო "მოლოტოვის კოქტეილების" დასამზადებლად - კვირის პალიტრა

"გარკვეული ჯგუფი თავიდანვე მზად იყო "მოლოტოვის კოქტეილების" დასამზადებლად

"ღოღობერიძემ დააანონსა ის განცხადებები, რაც აქციაზე მოვისმინეთ"

გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას...

სპონტანური თუ პოლიტიკურად მართული აქცია? ეს კითხვა ბათუმში განვითარებული მოვლენების თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროტესტმა უკიდურესად აგრესიული ფორმა მიიღო. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუ ვის და რა პოლიტიკური ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა მომხდარით.

გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ჩვენ ვნახეთ ერთი საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ აქციეს პოლიტიკურ აქტად და ამაში წვლილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიტანა. არ მოერიდნენ იმას, რომ ქალაქი ლამის დაანგრიეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ყველაფერზე წავლენ. შევახსენებ ყველას, რომ ზოგიერთი მიზეზის გამო აჭარა ისედაც ძალიან ფაქიზი რეგიონია, რომელსაც უამრავი ხარბი თვალი უყურებს.

- ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან მართლაც "ნაციონალური მოძრაობა" იდგეს, თუმცა ისინი მომხდარს ემიჯნებიან. თუ დავუშვებთ, რომ ეს ვარაუდი სწორია, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ მათ?

- "ნაციონალური მოძრაობისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევა და ხალხის ქუჩაში გაყვანა. გაიხსენეთ ის წერილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გაგზავნა, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ელოდნენ ქუჩაში არეულობას, ქაოსს, დაპირისპირებას... გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ მათ ამ წერილით გამოთქვეს პროგნოზი იმისა, რასაც თვითონ აპირებდნენ.

ხომ ფაქტია, რომ ვერ მოახერხეს "რუსთავი 2"-ის დაცვის მოწოდებით ხალხის აქციებზე კონსოლიდირება და ქუჩაში გაყვანა!

ჩემთვის შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესების პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა ჯგუფმა თბილისში, პარლამენტთან დაიწყო შეკრება, მეორე ჯგუფმა - ქუთაისში... მომიტინგეებს ისე გამოუცხადეს სოლიდარობა, არც აინტერესებდათ, იქ რა ხდებოდა.

ვნახეთ ნაცნობი სახეები, ბიბილაშვილი, რურუა, ხერხეულიძე... მთავარი იყო, რაც შეიძლებოდა გაემძაფრებინათ საპროტესტო ტალღა.

აშკარად ეტყობოდა, რომ, შესაძლოა, თავიდანვე - არა, მაგრამ რაღაც ეტაპიდან მთელი ეს აქცია ორგანიზებული იყო. გაიხსნეთ ქვებით სავსე ტომრების გამოჩენა, აირწინაღიანი ხალხი და, ბოლოს და ბოლოს, აშკარად გამოჩნდა, რომ "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს.

ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. მე არ ვამბობ, თითქოს ისე იყვნენ მომზადებული, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილები რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს... სავარაუდოდ, იმავე დღეს დაამზადეს, მაგრამ ვინც ამას აკეთებდა, ის ჯგუფი მზად იყო ამისთვის, მასალა ჰქონდათ მომარაგებული და ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს დასჭირდებოდათ.

ეს ყველაფერი შეიძლება სჭირდებოდეთ, უპირველესად, "რუსთავი 2"-ის თემასთან დაკავშირებით სკანდალის ასაგორებლად, განსაკუთრებით - დასავლეთის თვალში. ბოლოს და ბოლოს, სტრასბურგში გაგზავნილი წერილის შინაარსი ხომ უნდა გაამართლონ.

- არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ ამ ყველაფერს ლამის ერთი თვის განმავლობაში უმზადებდნენ საფუძველს, დასახელდა კონკრეტული ადამიანი - მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველად მიიჩნევს თავს. იგი სოციალური ქსელით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პოლიციის კონკრეტული უფროსი აჭარლების მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდა...

- ღოღობერიძეს ვიცნობ, საკმაოდ ემოციური ადამიანია, რომელიც განსაკუთრებით "ნაციონალებს" ემტერება. არ გამოვრიცხავ, ის გარკვეულ ძალებს გამოეყენებინათ, თუმცა ჩემს ყურამდეცაა მოსული ინფორმაცია, რომ რეგიონებში თბილისიდან ჩასული ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი არაკორექტულად იქცევა და არამხოლოდ ბათუმის შემთხვევაში. ამ ცოტა ხნის წინ ჯავახეთიდან მომაწოდეს მსგავსი ინფორმაცია. რასაკვირველია, ნებისმიერ ქართველს შეუძლია, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მიიღოს თანამდებობა, მაგრამ კეთილი ინებონ და სადაც ჩადიან, იქაურ ტრადიციებსა და ვითარებას ანგარიში გაუწიონ.

არ ვიცი, თქვა თუ არა პატრულის უფროსმა ის ფრაზა, რასაც აბრალებენ, მაგრამ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუ თქვა, "მგლის ბილეთით" უნდა გაუშვან პოლიციიდან. რაც შეეხება ხელისუფლების შიგნით დაპირისპირებას, სამწუხაროდ, ვერც ამას გამოვრიცხავთ. ვინც უნდა თამაშობდეს ამ თამაშს, უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან სახიფათოა და ცეცხლს ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებისგან მიღებული ინფორმაციით, ამ აქციაში მონაწილეების უმრავლესობა - განსაკუთრებით ბოლოს შემომატებულები - ბათუმელი სულაც არ იყო. არ ვამბობ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩაიყვანეს, მაგრამ აჭარის სოფლებიდან - კი.

ვიმეორებ, ვარაუდს, რომ მომხდარი ხელისუფლებაში არსებული უთანხმოების შედეგია, ვერ გამოვრიცხავთ.

თუ ვინმე ამას მიზანმიმართულად უწყობდა ხელს, ყველა უნდა დაისაჯოს: პატრულის რიგითი თანამშრომელი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი... უნდა დაისაჯონ ის ვანდალებიც, ვინც საკუთარი ქალაქი ასეთ დღეში ჩააგდო.

- რამდენად დიდია ალბათობა, რომ ამ ყველაფრის უკან უცხო ქვეყნების ინტერესებიც იყოს?..

- ამის გამორიცხვა არაფრით შეიძლება. ამიტომაც გავუსვი ხაზი, რომ განსაკუთრებით საფრთხილოა ეს რეგიონი. გაგახსენებთ, თურქეთს დღემდე აქვს ყარსის ხელშეკრულების ამოქმედების უფლება. ეს შეეხება უფრო ინტერვენციის შემთხვევას, მაგრამ არ არის გამორიცხული, სხვა თემებზეც დაიწყოს სპეკულაცია. სამწუხაროა, რომ ადამიანთა ნაწილი თავისი მიზნებისთვის ისე იბრძვის, ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.

- ხომ არ დააგვიანა ხელისუფლებამ მოქმედება?

- მედალს ორი მხარე აქვს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღეკვეთათ, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ამ ვითომ დაგვიანებით კარგად გამოჩნდა ამ პროტესტისა და მის უკან მდგომთა რეალური სახე. პირველივე წუთიდან რომ აღკვეთილიყო ეს პროტესტი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხავილი ატყდებოდა, რომ ხალხს თურმე თავისუფალი სიტყვის გამოთქმას უშლიან. აუცილებლად წავიდოდა სტრასბურგში წერილი, ჩვენი მომხრეები გამოვიდნენ "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად და ისინი დაარბიესო.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ხელისუფლებას ოპერატიულობის გამოჩენას და ინციდენტის შესწავლას სთხოვს. მისი განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები მართული პროცესია. მან ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის ბოლოდროინდელ განცხადებებზე.

ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე: - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვესმის, ვინ იყენებს და როგორ იყენებს დაპირისპირებისთვის ისეთ ტერმინებს, როგორიცაა:"თათრებს გვეძახიან", "არა - აჭარელ ხელმძღვანელს", "აჭარა აჭარლებისაა" და ა.შ. იმის მაგივრად, რომ მყისიერად მომხდარიყო ხელისუფლების რეაგირება, ვერ დავინახეთ ვერანაირი რეაქცია; პირიქით, მან მიუშვა აქცია, რათა ესკალაციაში გადაზრდილიყო. ეს იყო მართული, წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომელიც ვეღარ მართეს და ის ძალადობაში გადაიზარდა.

გამოსაძიებელია, ვინ დაარღვია კანონი - მოქალაქემ, თუ პატრულმა გადაამეტა უფლებამოსილებას. მობილიზება ასეთი განცხადებებითა და შეძახილებით, რომლებიც მოვისმინეთ, ასე სპონტანურად არ ხდება ხოლმე. ამ პროცესში კარგად გამოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც ეცადნენ ამ აქციის სათავისოდ გამოყენებას, მონაწილეების პროვოკაციაზე წამოგებას.

- ვის გულისხმობთ?

- ორი თვის წინ დაინიშნა საპატრულოს უფროსი, რომელთანაც არ მომხდარა არანაირი კომუნიკაცია. მის მიმართ გამოითქვა ბევრი უკმაყოფილება და შემდეგ უკვე დაანონსდა აქცია ადამიანისგან, რომელიც დაახლოებულია სპეცსამსახურთან. მერაბ ღოღობერიძე ხან ვარშალომიძეს ესვრის ფეხსაცმელს, ხან რესპუბლიკელ საკრებულოს თავმჯდომარეს უვარდება კაბინეტში. ამ ადამიანმა დააანონსა ის განცხადებები, რომლებიც შემდეგ მოვისმინეთ აქციაზე. ღოღობერიძეს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ვინ ვის ეძახდა თათარს, გადმოცემით ნათქვამს იმეორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კარგად იყენებს სპეცსამსახური. სპეცსამსახურების ინტერესში იყო მისი ინსპირირება, მაგრამ მოგვიანებით ვეღარ მართეს პროცესი და იმის ნაცვლად, რომ მყისიერად ჩართულიყვნენ მოვლენებში, აქცია მიუშვეს დაპირისპირებამდე, "ნაციონალებმა" კი ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენეს. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალების" მცდელობაა. ორივე ძალა ერთმანეთს ისევ ისე იყენებს, როგორც წლების განმავლობაში.

რას ჰყვება მოქალაქე, რომლის დაკავებითაც დაპირისპირება დაიწყო

"რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა მოქალაქემ, რომლის დაჯარიმებითაც ბათუმის მოვლენები დაიწყო.

ჯიმი ვარშანიძე: "მე და მამაჩემი მოვდიოდით ჩემი ძმის სასაფლაოდან. გავაჩერე "პლაზას" წინ მანქანა, აფთიაქში წამალი უნდა მეყიდა. ავარიული შუქნიშნები ჩართული მქონდა, ძრავა არ იყო გათიშული და რომ გადმოვედი მანქანიდან, პატრულიც უკან მომადგა... ვთხოვე, გამიშვით, ბიჭებო, მამაჩემი ცუდად არის, ასეთი ამბიდან მოვდივარ-მეთქი... მთვრალიც არ ვყოფილვარ. სად იყავით, არ მაინტერესებს, მაინც უნდა გამოვწერო ჯარიმაო. როგორ არ გაინტერესებს, ხალხი არ ხართ-მეთქი? მამაჩემიც გადაირია, 34 წლის შვილი დავმარხე, ხალხი არ ხართო? მაინც არ გაითვალისწინეს არაფერი. მერე მამაჩემი აღელდა და მეც ავღელდი... ჯარიმას მიწერდნენ, დაიწყეს ათვლა, ეს - ფარდა რატომ გაქვსო, ცუდად გააჩერე მანქანაო, მერე - ღვედიო... მამაჩემს მანქანისკენ უბიძგეს. ხელით რომ შეეხნენ, ავღელდი... მერე მეც ძალით ჩამსვეს მანქანაში და პოლიციაში გადამიყვანეს. იქ დამიწყეს ლაპარაკი, არ გვინდოდაო... მერე გამათავისუფლეს. პოლიციაში ზეწოლა არ ყოფილა.

ნათია დოლიძე

ნანა ფიცხელაური