ელენე თევდორაძე: "ეს ამორალობა და სირცხვილია" - კვირის პალიტრა

ელენე თევდორაძე: "ეს ამორალობა და სირცხვილია"

"პირველმა პირებმა არ შეასრულეს საქვეყნოდ მიცემული პირობა და სიტყვა გატეხეს"

ქართული სასამართლო რეფორმა ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის, მეორიდან მესამეზე, მაგრამ საშველი ჯერ არ ჩანს. ქართული სამართალი რომ პრობლემებს განიცდის, არახალია, მაგრამ თუ სასამართლოსთვის პრეზიდენტის, სახელმწიფო კომისიის, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! საქმე ის არის, რომ ჩვენს რეფორმირებულ სასამართლოში პრეზიდენტისა და ზემოჩამოთვლილი სტრუქტურებისა თუ კომისიების მიერ შემორიგებული კაცი ნაპატიები დანაშაულისთვის გაასამართლეს და 19 წელიც მიუსაჯეს!

ნინო გეგეჭკორი, ჯერალდ ძარიას მეუღლე: "ჩემი მეუღლე ჯერალდ ძარია და მისი ძმა ზვიადისტებად ითვლებოდნენ. გახსოვთ, ალბათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა შევარდნაძის ხელისუფლებას მათ მიმართ. 1997 წელს მარტვილელმა იური ძიძიგურმა ჩემი მაზლი მოკლა, მაგრამ არ დაუსჯიათ, რადგან გავლენიანი მფარველები ჰყავდა, მისი ნათესავები პოლიცია-პროკურატურაში მუშაობდნენ. 1999 წლის 10 თებერვალს ჩემს მეუღლეს ძმის მკვლელსა და მის ახლობლებთან კონფლიქტი მოუვიდა. სროლა იური ძიძიგურმა დაიწყო, ჩემმა მეუღლემაც ესროლა.

იური ძიძიგური მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა და ჩემი მეუღლე პოლიციას თავად ჩაჰბარდა. მაშინ მკვლელობის საქმეებს უზენაესი სასამართლო განიხილავდა, მაგრამ პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ დაწყებულა. ამასობაში ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა ძალზე გაუუარესდა და ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2000 წლის 1-ელ ოქტომბერს კი ციხის საავადმყოფოდან პატიმრები - გურამ აბსანძე და ლოთი ქობალია, გაიქცნენ და მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც".

KvirisPalitra.Ge2003 წლის ნოემბერში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შემოერიგებინათ გაქცეული პატიმრები. პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა ეროვნული თანხმობის კომისია, რომელსაც აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავმჯდომარეობდა.

სწორედ მისი ინიციატივით წალენჯიხის ტყეებში მყოფ პირებთან მოლაპარაკება დაიწყო (ამ საქმეში პირადად იყო ჩართული მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძეც) და შერიგების შემდეგ  ეროვნული თანხმობის კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა შემორიგებულ 21 პირზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე. 2004 წელს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობა და შერიგების დოკუმენტაცია უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

ამ საყოველთაო შერიგებას ქართულმა ტელეარხებმა მიუძღვნეს ვრცელი რეპორტაჟები, სადაც შემორიგებულები იარაღს აბარებდნენ, სამაგიეროდ კი მათ შინაგან საქმეთა მინისტრი თოხებს გადასცემდა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავდა!

ახლა ვნახოთ, როგორ დაიწყო შემორიგებულმა ჯერალდ ძარიამ ახალი ცხოვრება. 2006 წელს ძარია, როგორც მკვლელობისთვის ძებნილი, დაიჭირეს, გაასამართლეს და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დავით ჯინჯოლავა: ჯერალდ ძარიას ადვოკატი: - საოცარია პირდაპირ, როგორ იყო შემორიგებული ძარია ძებნილი, როცა პასპორტი და მართვის მოწმობა აიღო. ორივე ისეთი საბუთია, პოლიციის განყოფილებაში უნდა აეღო. ძებნილი პასპორტის ასაღებად პოლიციაში მიდიოდა? თავის დროზე ხელისუფლებამ ეს ხალხი დიდი ზარ-ზეიმით შემოირიგა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უზენაესი სასამართლოსთვის და არც სხვა ინსტანციებისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და განკარგულებები და საქართველოს პარლამენტის დადგენილებები არაფერს ნიშნავს. სიმართლე ის არის, რომ უზენაესმა სასამართლომ წლების განმავლობაში მიაგდო და არ განიხილა ძარიას საქმე, მერე კი თავიდან მოიშორა და მარტვილის სასამართლოს გადაულოცა.

შედეგად შემორიგებული ძარია ხელმეორედ დასაჯეს ერთი და იმავე დანაშაულისთვის. სად გაგონილა პრეზიდენტის შემორიგებულ პირს ძველი დანაშაულისთვის იჭერდნენ და ასამართლებდნენ?

ვერ გეტყვით, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ პრეზიდენტს მისადმი ასეთი უპატივცემლობა გულზე მოხვდება თუ არა, მაგრამ სახელმწიფო მინისტრს რომ ეს ამბავი აშკარად არ ესიამოვნა, ცხადია. გიორგი ბარამიძემ, რომელიც შერიგებისას შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სპეციალური წერილი მისწერა სასამართლოს: ამ  ხალხს, მათ შორის ჯერალდ ძარიას, ძებნისას პირადად შევხვდი და შერიგების პირობა მივეცი, რაც მათი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითვალისწინებდა და ეს გარემოება მხედველობაში მიიღეთო, მაგრამ სასამართლომ პრეზიდენტთან, პარლამენტსა და მთელ კომისიასთან ერთად ვიცე-პრემიერის კორექტული შენიშვნა ჩირადაც არ ჩააგდო!

KvirisPalitra.Geანა ძარია, გოჩა ძარიას ქალიშვილი: "მამაჩემი რომ დაიჭირეს, იმ პერიოდში პრეზიდენტი ჩამოვიდა ჩვენთან. მინდოდა, მივსულიყავი და მამაჩემის ამბავი მომეთხრო, მაგრამ ცრემლები მომერია. შემამჩნია და ხელში ამიყვანა, მკითხა, რა გატირებსო. ვუთხარი, თქვენ ზვიადისტების შემორიგების დროს მამაჩემიც შემოირიგეთ, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისევ დაიჭირეს-მეთქი. მკითხა, ახალი დანაშაული ჩაიდინაო? ვუპასუხე, არა, იმ დანაშაულზე დაიჭირეს, რაც თქვენ აპატიეთ-მეთქი. მერე პრეზიდენტმა შეკრული მუჭი გამიშალა, ეგონა, წერილი მქონდა. მკითხა კიდეც, წერილი არ გაქვსო? გიგი (უგულავას) ბიძიას მივეცი-მეთქი. ცრემლები მომწმინდა და მითხრა, ძალიან გთხოვ, აღარ იტირო და თუ მამაშენს დანაშაული არ ჩაუდენია შემორიგების შემდეგ, აუცილებლად გავათავისუფლებო. მას მერე ორი წელი გავიდა. ძალიან მინდა, პრეზიდენტმა დანაპირები შემისრულოს!"

ეროვნული თანხმობის კომისიის წევრი სხვა პატივსაცემ ჩინოსნებთან ერთად ელენე თევდორაძეც გახლდათ. ჩვენ დავუკავშირდით მას და განმარტება ვთხოვეთ: "არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. პირდაპირ სახტად დამტოვეთ. ეს ამორალობა  და სირცხვილია! ამის მერე ხომ აღარავინ ენდობა ხელისუფლებას. შესაძლოა, ეს კაცი იმსახურებდა სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ მაშინ ეროვნული თანხმობის კომისიას, პროკურატურას, შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს, ჩვენ, კომისიის წევრებს, არ უნდა მიგვეცა მისთვის პატიების პირობა. ჩვენ ამ ხალხს შევუთანხმდით, რომ ვითარების შეცვლის გამო შეწყდებოდა მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. დავპირდით, რომ მივცემდით ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. ეს ხალხი გამოვიდა ტყიდან, ჩააბარა იარაღი და ნაპატიებ დანაშაულზე ისევ იჭერენ? ამორალობა და თავის მოჭრა! სხვა კომენტარი არ გამაჩნია!"

ლია მუხაშავრია, ადვოკატი: - ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოკალათებული პირები საკუთარ თავსაც არ სცემენ პატივს. პირველმა პირებმა არ შეასრულეს საქვეყნოდ მიცემული პირობა და სიტყვა გატეხეს. არ შესრულდა პარლამენტის სახელით მიღებული დადგენილება. ასეთი ქმედებები უთხრის ძირს ხელისუფლების რეპუტაციას. როცა პრეზიდენტის აქტი, პარლამენტის დადგენილება, საპარლამენტო კომისიის წევრთა ხელმოწერილი დოკუმენტები არ არის საკმარისი პირობის შესასრულებლად, ბუნებრივია, მოქალაქე ვეღარ ენდობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და თვით პრეზიდენტს.

- ანალოგიური საქმე (ვგულისხმობ ასანიძის საქმეს) უკვე წააგო საქართველომ სტრასბურგში. მაშინაც ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის შეწყალებული კაცი ისევ ციხეში დატოვა.

- სამწუხაროდ, ჩვენ არა გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ეს ფაქტი ამის აშკარა მაგალითია. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირადად შეიწყალა ასანიძე, აჭარის ხელმძღვანელობისთვის ცხადი გახდა, რომ მისი გათავისუფლება სავალდებულო იყო და 4-5 დღეში შეთხზეს ახალი სისხლის სამართლის საქმე და ხელმეორედ გაასამართლეს ციხეში მყოფი პატიმარი. ასლან აბაშიძემაც კი ვერ გაბედა ასეთი თავხედობა - პრეზიდენტის შეწყალების აქტის უგულებელყოფა - და ფორმალურად მაინც შექმნა პატიმრის ციხეში დატოვების უსუსური, მაგრამ მაინც ოფიციალური საბუთი. მაგრამ ამათ რა გააკეთეს, ჯერ აპატიეს დანაშაული და მერე იმავე დანაშაულისთვის დაიჭირეს!"