აბსურდული სამართალი, ანუ რა დააშავა მწყემსმა?! - კვირის პალიტრა

აბსურდული სამართალი, ანუ რა დააშავა მწყემსმა?!

"ვფიქრობ, ჩემი შვილი 2006 წლის 7 აგვისტოს მოდულში ისეთ რამეს შეესწრო, რომ მისი სიცოცხლე აღარ აწყობდათ"

ამბავი, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, არაერთი უცნაური ფაქტით იქცევს ყურადღებას. საქმე, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლის მკვლელობას ეხება, დღემდე გაუხსნელია. სამწუხაროდ, საქმეში ჩახედვა ვერც ჩვენ მოვახერხეთ, რადგან მას არათუ ჟურნალისტებს, დაზარალებულის ადვოკატსაც არ აცნობენ.

ოფიციალური მონაცემებით, ლევან ოდიკაძე 8 აგვისტოს სამსახურიდან წავიდა, მაგრამ შინ არ მისულა. 11 აგვისტოს მისი გვამი თბილისის ზღვაზე, მთის ძირას, მწყემსებმა იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გაუხსნელია, ოდიკაძის მკვლელობას ერთი უცნაური გასამართლებაც უკავშირდება. ლევან ოდიკაძის მკვლელობაზე თავისი მოსაზრება აქვს დაღუპულის მამას, ნოდარ ოდიკაძეს, რაც მეტად საყურადღებოდ გვეჩვენა.

- ჩემი შვილი, ლევან ოდიკაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარე პერიმეტრის დაცვის სამმართველოში მუშაობდა, მოდულის გარე პერიმეტრს იცავდა. ავადსახსენებელ 2008 წლის 7 აგვისტოს ღამის ცვლაში მოუწია მორიგეობამ, 80 ჯარისკაცი ებარა და უმისოდ მოდულში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. 7 აგვისტოს ომი დაიწყო, 8 აგვისტო რომ გათენდა, ბუნებრივია, ვნერვიულობდით და ხან მე და ხან ჩემი მეუღლე მობილურ ტელეფონზე ვურეკავდით ლევანს. დილის თერთმეტის ნახევარი იყო, დედამისმა რომ დაურეკა. ლევანმა უპასუხა, ომში არ მივყავარ, მორიგეობა დავასრულე და შინ მოვდივარო.

მერე მე დავურეკე, მითხრა, რა მოგივიდათ, რა წარამარა მირეკავთ, გზაში ვარ, მოვდივარო. რომ არ გამოჩნდა, ისევ დავურეკეთ, მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა. რომ აღარ გამოჩნდა, 9 აგვისტოს სამსახურში მივაკითხე, ყაზარმულ რეჟიმზე გადადიოდნენ და იქ აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო. ლევანი არც სამსახურში გამოჩნდა. ვიხვეწებოდი, მკვდარი მაინც მაპოვნინეთ შვილი-მეთქი. სამი დღის შემდეგ, 11 აგვისტოს დამირეკეს და მითხრეს, არამიანცის პროზექტურაში მიდიო. ჩემი შვილი არც სიკვდილის შემდეგ მინახავს, თუნუქის კუბოთი მომისვენეს შინ. ექსპერტიზის დასკვნით, ლევანი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული. წელიწადი და ცხრა თვეა, რაც ეს მოხდა და საქმე გაუხსნელია. ვფიქრობ, ჩემი შვილი იმ დღეს მოდულში ისეთ რამეს შეესწრო, რომ მისი სიცოცხლე აღარ აწყობდათ.

- რატომ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვი?

- ჩემი შვილის ავტომანქანაში სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის იარაღის ტყვიის მასრა იპოვეს. ამდენი ხანი გავიდა და იდენტიფიკაციას არ აკეთებენ, გაიძახიან, ბევრი სამუშაოა, მასროთეკა დიდია და შედარების პროცესი რთულიო. მოგვიანებით კი მოვლენები ისე განვითარდა, ვფიქრობ, კარგად იციან, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ საქმეს საგანგებოდ არ ხსნიან. ჭიანჭველა სად დადის, ის იცის ვანო მერაბიშვილმა და თავისივე თანამშრომლის მკვლელი ვერ იპოვა? გამოძიების ვერსიით, ლევანის მანქანის ახლოს ლუდის ცარიელი ბოთლი და პრეზერვატივიც ნახეს. კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და არც იმის მჯერა, რომ 8 აგვისტოს, როცა ქვეყანაში ამისთანა უბედურება და ომი იყო, ჩემი შვილი საქეიფოდ და ქალებში გასართობად თბილისის ზღვაზე წასულიყო.

რვა თვე იმუშავა და ვანო მერაბიშვილის პირადი მადლობა ჰქონდა მიღებული. ამისთანა პასუხისმგებლიან ადამიანს ქვეყნის დაქცევის დღეს თბილისის ზღვაზე გასართობად რა უნდოდა?

ორმოცი არ იყო გასული და შევიტყვე, რომ ჩემი შვილის საქმეზე ვინმე გელა ადეიშვილი დაუჭერიათ. ერთი საწყალი მწყემსი აღმოჩნდა, ამ დანაშაულის მოწმე. ეს საცოდავი დანაშაულის განუცხადებლობის გამო დაიჭირეს. არადა, როგორც გაირკვა, ადეიშვილმა მეორე დილით ყველაფერი პოლიციელს, ვინმე გიორგი შავერდაშვილს უამბო. შავერდაშვილმა არავის არაფერი უთხრა, დანაშაული დამალა და მწყემსი ადეიშვილი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გაგიგიათ, უბირ მწყემსს დანაშაულის განუცხადებლობისთვის ასამართლებდნენ და პოლიციელს, რომელმაც ეს ამბავი იცოდა, უბატონოდ ხმას არ სცემდნენ?

- შავერდაშვილისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ? არ უკითხავთ, რატომ დამალა ეს ამბავი?

- გამოძიებასა და სასამართლოს განუცხადა, დამავიწყდაო(?!) და ამათაც დაუჯერეს! პოლიციელს რომ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ამბავი დაავიწყდა, ვინ დამაჯერებს?

სიმართლე ის არის, რომ ადეიშვილი ამ მკვლელობის თვითმხილველი იყო და სასწრაფოდ გამოამწყვდიეს ციხეში, რომ არ მოესწრო და ჩემთვის სიმართლე არ ეთქვა. ადეიშვილმა თქვა, მკვლელების ამოცნობა შემიძლიაო, მაგრამ რატომღაც არც ფოტორობოტის შედგენაზე უზრუნია გამოძიებას. ადეიშვილის სასამართლო პროცესზე სხვა მწყემსებიც ჰყავდათ გამოძახებული მოწმედ. ყველა მათგანი პროკურორს თავისი მანქანით მიჰყავდა და მოჰყავდა პროცესზე. გაგიგიათ, მოწმეები პროკურორს თავისი "მერსედესით" დაჰყავდეს? ადვოკატი ჩემი სახსრებით ავუყვანე ადეიშვილს. ორწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს საწყალს. შვიდი თვე ახეხინეს ციხე, მერე აღიარებინეს "დანაშაული" და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს. ისეა საწყალი შეშინებული, ხმა ვეღარ ამოვაღებინეთ.

დარწმუნებული ვარ, იმ დღეს ჩემმა შვილმა ისეთი რამ ნახა ან გაიგო, რაც არ უნდა ენახა და გაეგო, ამიტომაც არ მოუშვეს სახლამდე. მოდულის ტერიტორიაზე უმაგისოდ ვერავინ შედიოდა, ვერც ავტომანქანა და ვერც ადამიანი. ჩემი შვილი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, როცა დაურეკეს და სადღაც მისვლა სთხოვეს. როცა სატელეფონო ამონაწერები ამოიღეს, გამოძიების მტკიცებით, იქ საყურადღებო არაფერი აღმოჩნდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, საყურადღებო ნომერი ამონაწერიდან გააქრეს.

საქმე ის არის, რომ ამონაწერში ჩემი ზარიც გამქრალია. სპეციალურად მივედი და ვიკითხე, თუ შეიძლება ზარი არ იყოს დაფიქსირებული-მეთქი. მითხრეს, ერთი ზარიც რომ გავიდეს, რა ნომრიდან ირეკებოდა, დაფიქსირდებაო. გამოდის "საინტერესო" ნომერი ამონაწერიდან გააქრეს და სიჩქარეში ჩემიც თან მიაყოლეს, მაგრამ მე ხომ ვიცი, როდის დავურეკე ჩემს შვილს?

ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ცნობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამ ოფიციალურ დოკუმენტში იმდენი შეუსაბამო, ურთიერთგამომრიცხავი აბსურდია, რომ ადამიანი ვერაფერს გაიგებს. მაგალითად, ცნობაში მითითებულია, რომ ოდიკაძის გვამი 11 აგვისტოს იპოვეს, რომ "წყალკანალის" თანამშრომელ ვინმე გრიგოლ ჩხიკვაძესთან მისულან მწყემსები, რომელთაც მთის ძირას მამაკაცის გვამი აღმოუჩენიათ და ჩხიკვაძისთვის დახმარება უთხოვიათ. მასაც დაუყოვნებლივ დაურეკავს პოლიციაში. ამავე ცნობაში, სამი გვერდის იქით კი მითითებულია, რომ პირველად ოდიკაძის გვამი უნახავს მწყემს ვანო ჯიღაურს, რაც შეუტყობინებია სამართალდამცავი ორგანოებისთვის(?!).

ელგუჯა ჩხეიძე, გელა ადეიშვილის ადვოკატი: - ამ საქმეში იმდენი სისულელეა, რომ მიჭირს რაიმეზე საუბარი. ამ ბოდიალიდან მხოლოდ ის აზრი გამოვიტანე, რომ მწყემს ვანო ჯიღაურს ახლობელი პოლიციელისთვის, გიორგი შავერდაშვილისთვის მოუყოლია მკვლელობის ამბავი და უთქვამს, რომ მკვლელობის თვითმხილველი გელა ადეიშვილია. მეორე დილით პოლიციელი გიორგი შავერდაშვილი ადეიშვილს მიადგა და ჰკითხა, აბა, გუშინ რა დაინახე, რა მოხდა, მომიყევიო. ადეიშვილიც ყველაფერს მოუყვა, მაგრამ რატომღაც მკვლელობის ამბავი შავერდაშვილს "გადაავიწყდა" და დაკარგულ საბუთებს დაუწყო ძებნა.

- რომელ საბუთებს?

- როგორც ჩანს, ჯიღაურმა შავერდაშვილს ისიც უთხრა, რომ ადეიშვილმა მკვლელობის ადგილას ვიღაცის საბუთები იპოვა, მაგრამ შეშინდა და საბუთები ხევში გადაყარა.

- ცნობაში ჩანს, რომ შავერდაშვილი ჯიღაურის ჩვენებას ადასტურებს და აცხადებს, რომ მას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ უფროსებისთვის ამის თქმა გადაავიწყდა.

- დიახ, ამას ამბობს შავერდაშვილი და ამაზე არც გამოძიება სთხოვს პასუხს და არც სასამართლო.

- ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.

- უცნაური და სრული აბსურდი რომ არის, ამას ვამბობ მეც, სად არის ლოგიკა იმაში, რომ მწყემს ადეიშვილს დანაშაულის განუცხადებლობისთვის იჭერენ, მაშინ როცა მეორე დილით მან პოლიციელს მოუყვა ყველაფერი, პოლიციელს კი, რომელსაც მკვლელობის ამბავი "გადაავიწყდა", უბატონოდ ხმას არ სცემენ? არის აქ ლოგიკის ან სამართლის ნატამალი?

სინამდვილეში პოლიციელი შავერდაშვილი შემთხვევის ადგილზე მკვლელის საბუთების მოსაძებნად მივიდა. მისი ვინაობა რომ არ გამჟღავნებულიყო, შავერდაშვილი ამიტომაც ავიდა მეორე დილით თბილისის ზღვაზე. პოლიციელმა ადეიშვილი წაიყვანა, საბუთები მოაძებნინა და თან წაიღო.

- სად არის ახლა ის საბუთები?

- გამომძიებელი ამბობს, შავერდაშვილმა ჩვენთან მოიტანა და სულ სხვა ვიღაცის აღმოჩნდაო. ასახელებენ პირს, რომელსაც რკინის ალიბი აქვს. თქვეს, საბუთები ეკუთვნოდა მძღოლს, რომელმაც 8 აგვისტოს ჯარისკაცები წაიყვანა ცხინვალშიო. ის მძღოლი კი ამბობს, თბილისის ზღვაზე უახლოეს წარსულში არ ვყოფილვარ და იქ როგორ დავკარგავდი საბუთებს ან პოლიციას როგორ ჩაუვარდა ხელთ, წარმოდგენა არა მაქვსო. სინამდვილეში ამ კაცის იყო ის საბუთები თუ არა, ვინღა გაარკვევს. არავინ ეკითხება შავერდაშვილს, ვინ დაავალა საბუთების მოძებნა. კაცი გაიძახის, ახალგაზრდის მკვლელობის ამბავი გადამავიწყდაო და დილაუთენია დაკარგული საბუთების მოსაძებნედ გაიქცა თბილისის ზღვაზე. ჭკუასუსტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე ამათ შავ-ბნელ ხლართებს.

ადეიშვილი შვიდი თვის მერე ციხიდან რომ გამოვიდა, არაოფიციალურად მომიყვა ყველაფერს. მართლა განუცხადებლობისთვის კი არ დაიჭირეს, იმიტომ გამოკეტეს ციხეში, შეეშინდათ, ვინმესთვის არ მოეყოლა, რა მოხდა სინამდვილეში.

- რა გიამბოთ ადეიშვილმა?

- ეს არაოფიციალურად, თორემ ჩვენებაში ის აქვს ნათქვამი, რაც ათქმევინეს. პირველი ჩვენებაც კი შეაცვლევინეს და ათასი სისულელე დააწერინეს. მკვლელობის დღეს გიორგი შავერდაშვილი დილით ადრე მოვიდა თბილისის ზღვაზე, იქაურობა დაათვალიერა, გაიარ-გამოიარა და რამდენჯერმე მობილურზე დარეკა, სწორედ ამის მერე ამოიყვანეს ოდიკაძე თბილისის ზღვაზეო. დამიძახეს, ერთი ჭიქა დაგვილიეო. დაულევია და მოშორებით დამჯდარა.

ამოსულები თურმე კამათობდნენ და ოდიკაძე მოფარებულში გაუყვანიათ. მწყემსს ორი გასროლის ხმა გაუგონია და საშველად გაქცეულა, მაგრამ სცემეს, წიხლები ურტყეს და გამოაგდეს, სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფო. წამოსულა საწყალი სახლში ნაბეგვ-ნაცემი. საღამოს შინ მიაკითხეს და კარგადაც დაემუქრნენ, თუ ხმის ამოღებას გაბედავ, ცოცხალი ვერ გადაგვირჩებიო. როგორც ჩანს, მკვლელი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი იყო, რადგან წელზე იარაღი ჰქონია.

- ეს ოფიციალურად არ უთქვამს ადეიშვილს?

- როგორც გითხარით, პირველი ჩვენებაც კი შეაცვლევინეს. თავდაპირველად ამბობდა, ერთი მანქანით იყვნენ ამოსული და ინციდენტში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენო, მერე ჩვენება შეცვალა და მეორე მანქანაც "გაიხსენა" და ქალებიც. მანქანაში ნაპოვნი მასრის იდენტიფიკაცია დღემდე არ ჩატარებულა. როგორც ვატყობ, ეძებენ ვიღაცას, ვისაც ამ საქმეს შეაწერენ და სწორედ ამიტომ არ იძლევიან მასრის მონაცემებს. თუ თქვეს, მასრას ასეთი და ასეთი ხაზები აქვსო, მერე ხომ ვერავის დააბრალებენ დანაშაულს? ოდიკაძის მკვლელს მანამდე დააფარებენ ხელს, სანამ სჭირდებათ სამსახურში.

ახლა გამოჭერილი ჰყავთ, რაც უნდათ, იმას გააკეთებინებენ. ასეთ ხალხს ბინძური საქმეების საკეთებლად აგროვებენ. ოდიკაძეს არც ბიზნესი ჰქონია და არც კონფლიქტი ვინმესთან. ლევანი სოდ-ში მორიგე იყო 8 აგვისტოს ღამეს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ბინძურ გარიგებას შეესწრო ან ვინმე იცნო და ეს თქვა. როგორც ჩანს, ისეთი რამ ნახა, მისი სიცოცხლე პრობლემა გახდა ვიღაცებისთვის. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ 8 აგვისტოს მთელი ღამის ნამუშევარ თანამშრომელს, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა გამოეძახებინათ და ომში წაეყვანათ, თბილისის ზღვაზე ქალებში გართობის სურვილი გაუჩნდა?

P.S. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვუკირკიტეთ ამ საქმეს, მასში ვერც ლოგიკის ნატამალი ვიპოვეთ და ვერც ამ საქმის გახსნის სურვილი. გამოძიებასთან ნამდვილად მაქვს რამდენიმე კითხვა. მაგალითად, რატომ დაინტერესდა პოლიციელი შავერდაშვილი გადაყრილი საბუთებით? რატომ არ ჰკითხა ეს არც გამოძიებამ და არც სასამართლომ შავერდაშვილს? ან რატომ არ ჰკითხა გამოძიებამ პოლიციელს, მამაცხონებულო, საბუთებს რომ დაუწყე ძებნა დილაუთენია, ახალგაზრდის მკვლელობის ამბავი როგორღა გადაგავიწყდაო? შავერდაშვილს სასამართლოზე არ უარუყვია, რომ ამ ამბავს ადეიშვილი მეორე დღეს მოუყვა, მაშ ადეიშვილი რატომღა გაასამართლეს, შავერდაშვილს კი მადლობა გადაუხადეს და შინ გაუშვეს?