დეკანოზი გიორგი მამალაძე: "ამ წერილს იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ..." - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე: "ამ წერილს იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ..." - ექსკლუზივი

ადვოკატი ფარული ჩანაწერის იმ ეპიზოდს ასაჯაროებს, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურამ ამოჭრა

"მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდი შორენამ სთხოვა"

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოითხოვს თუ არა, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. როგორც ადვოკატი მია ზოიძე ამბობს, მამა გიორგის სამარტოო საკანში ტელევიზორი შეუტანეს.

- "პირველი არხი", "იმედი", "აჭარის ტელევიზია" - ამ არხებს აჩვენებს. მასთან არ შედის პრესა და ამიტომ მხოლოდ ჩვენგან იგებს, რა ვრცელდება მასზე... პროკურატურა არ გვაძლევს უფლებას, ვისაუბროთ, არადა, გვინდა, გავასაჯაროოთ სრული ჩანაწერი და დავანახოთ საზოგადოებას, რომ რასაც პროკურატურა ამბობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მართალია, ბატონ მიხეილ რამიშვილს არა აქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე, მაგრამ მას არა აქვს ვიდეოჩანაწერები და შესაბამისად, მათ გამოქვეყნებას ვერ ახერხებს.

მამა გიორგის სკოლის პერიოდიდან ვიცნობ. ორივე ვმონაწილეობდით "რა, სად, როდის" ინტელექტუალურ თამაშებში. წლის ჩემპიონიც კი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალ თანამდებობებზე იყო, ზოგიერთი მღვდელმსახურისგან განსხვავებით, უკანონო გზით არაფერი მოუპოვებია. დიდხანს მონასტერში ცხოვრობდა, ამის მერე გახდა სასულიერო პირი. თეთრ სამღვდელოებაში ყველაზე მაღალი ხარისხის მატარებელი იყო, პატრიარქის ხელდასხმით ინიშნებოდა ყველა სამსახურის ხელმძღვანელად...

დაკავების დღიდან მასთან უამრავი ადვოკატი შევიდა, ჩვენ დაგიცავთო. ვინმე გზავნიდა ამ ხალხს თუ გულწრფელად სურდათ მისი დაცვა, არ ვიცი, მაგრამ მამა გიორგი ამას ეჭვით უყურებს.

- თუ უდანაშაულოა, რატომ აღმოჩნდა ციხეში ამ ბრალდებით?

- ამაზე მას თავისი მოსაზრებები აქვს და ასაბუთებს კიდეც, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- მამა გიორგი მართლა ამბობს, რომ თეთრუაშვილმა სთხოვა ციანიდის ყიდვა?

- დიახ, სთხოვა, ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა. არაერთხელ გაუწევია მას დახმარება შორენასთვის. მამა გიორგი იხსენებს, 2016 წლის ზაფხულში ქალბატონი შორენა კოჭლობდა, ფეხი შეხვეული ჰქონდა, მითხრა, დიდი ხანია ფეხები მაწუხებს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ექიმთან ვერ მივდივარო. ამის მერე, როცა ქობულეთში ჩამოვიდა, მე მივიყვანე მასთან ცნობილი ტრავმატოლოგი ავთო ხაბაზიო... ამას შორენაც ადასტურებს ჩვენებაში. კიდევ იყო ასეთი შემთხვევა: რადგან მამა გიორგი ადრე კიევში სწავლობდა დოქტორანტურაში, შორენას უთხოვია, კიევში მოეძებნა იქ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების: კირიონის, ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვების ხელნაწერები და წამოეღო. 2017 წელს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი სრულდება და ამისთვის სჭირდებოდა ეს მასალებიო.

მამა გიორგი იმასაც ამბობს, ჩვენი ურთიერთობები გარკვეულ ეტაპზე ლაგდებოდა, გარკვეულ ეტაპზე იძაბებოდა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, მისი მოკვლა მნდომოდაო.

- თეთრუაშვილი რას ამბობს ჩვენებაში?

- ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურისგან გაიგო. ძალიან გვინდა, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები საქმეში ჩაერთონ და მონიტორინგი აწარმოონ, რომ ყველაფერი ნათელი გახდეს. გვინდა, საჯარო იყოს ეს პროცესები და საზოგადოებამ თავად შეაფასოს, დანაშაულის ნიშნები არის თუ არა.

გიორგი ფანცულაია, ადვოკატი:

- სოსო ოხანაშვილის წინააღმდეგაც ხომ არ არის მოსალოდნელი საქმის აღძვრა?

- ოხანაშვილი არსად არის ნახსენები.

მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ხელმეორედ დაჰკითხეს და მეორე ჩვენებაში ამბობს, ვფიქრობ, მამა გიორგი მრავლობითში იმიტომ ლაპარაკობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის კონკრეტულ პირებს გულისხმობსო. რადგან მასთან დაახლოებული პირები არიან სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, შეიძლება მამა გიორგი მამალაძესთან ერთად მოქმედებდნენო.

ვარაუდობს, რომ ამის უკან მეუფე დიმიტრი დგას.

- ეს ვერსია ადრეც გახმაურდა.

- ეს ორი ადამიანი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში.

პროკურატურას ახალი ვერსიის შექმნა უნდა, რადგან ძველმა არ გაამართლა. ძველი ვერსიით, მამა გიორგი შორენას მოსაწამლად მიდიოდა, ახლა უნდათ ააგორონ, თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამ ამბის უკან მეუფე დიმიტრი იდგა. ირაკლი მამალაძის გარდა, არავინ ასახელებს ოხანაშვილს.

მამა გიორგის თქმით, ირაკლი მამალაძემ იცოდა, რომ ციანიდის შოვნა შორენამ სთხოვა. წარმოიდგინეთ, ეს იცის ადამიანმა, მიდის მასთან და ხელმეორედ სვამს კითხვებს იმაზე, რაც იცის, თან ეს კითხვები ისმება ბევრჯერ.

მამა გიორგი ამბობს, მე ნდობის ფაქტორი დავკარგე მის მიმართ, არ მეგონა, კამერით რომ მოვიდა, მაგრამ ვიფიქრე, რაღაც ამოძრავებს და ისეთ პასუხებს ვცემდი, რომ თვითონაც აზრი ვერ გამოეტანა, ამიტომ ვლაპარაკობ მრავლობითშიო.

ირაკლი მამალაძე მამა გიორგის ერთსა და იმავე კითხვას 7-8 ჯერ უმეორებს, ოღონდ ორჯერ რომ ჰკითხავს, სხვა თემაზე გადადის და ცოტა ხანში ისევ უბრუნდება.

- რატომ დაინტერესდა, ციანიდი საწამლავად გამოიყენებოდა თუ არა?

- გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, როგორ ეუბნება მამა გიორგის ირაკლი, მოძებნე ინფორმაციაო. ამ სიტყვას რომ ჩაწერ, ამოდის ამ ნივთიერებაზე ინფორმაცია, ჩამონათვალი დიდია, მომწამვლელი ნივთიერებით დაწყებული, ოქრომჭედლობისთვის გამოყენებით დამთავრებული. ეს ყველაფერი წაიკითხა მამა გიორგიმ, მაგრამ პროკურატურამ ჩანაწერს თავიც მოაჭრა და ბოლოც. დატოვა მხოლოდ ის, რაც ადამიანის მოწამვლას შეეხებოდა. მთელი ბრალდება აგებულია სიტყვებზე, "დასაბრედია", "მარილზეა გასაშვები" და კიდევ, შაქარზეა ლაპარაკი. რეალურად მოვლენები ასე ვითარდება: ირაკლი მამალაძე ეკითხება მამა გიორგის:

- პატრიარქს ვინ ახლავს გერმანიაში?

მამა გიორგი პასუხობს: -12 ადამიანი.

ი.მ. - შორენა იქაა?

გ.მ. - კი, იქაა.

ი.მ. - ესე იგი, შორენა მაინც ჩაძვრა იქ? ეს ქალი გასანეიტრალებელია, მაგრამ ამ ქალის განეიტრალება არ იქნება მარტივი. თვით უწმინდესს რაებს უბედავს... და ირაკლი მამალაძე ჰყვება ისტორიებს შორენაზე. ამ ყველაფერზე ირაკლი ლაპარაკობს, მამა გიორგი უსმენს და ბოლოს ჩანს კადრშიც, როგორ ამოიოხრებს მამა გიორგი და ამბობს: - არა, ეს ქალი მაინც ჩაძვრებოდა, წავიდოდა გერმანიაში, მართლა დასაბრედია.

მერწმუნეთ, ეს არის მამა გიორგის ადამიანური პასუხი იმაზე, რასაც მოჰყვა ირაკლი მამალაძე. პროკურატურამ კი ეს ყველაფერი მოაშორა და დატოვა მარტო მამა გიორგის პასუხი. იგივე დიალოგია მარილზე გაშვებაზე...

ირაკლი მამალაძე ასევე ლაპარაკობს, როგორ არის საპატრიარქო გასაწმენდი ცუდი ადამიანებისგან. ლაპარაკია მათი თანამდებობებიდან გადაყენებაზე. ირაკლი მამალაძე ზოგიერთ სასულიერო პირსაც ახსენებს და ისევ ეკითხება მამა გიორგის:

- შორენაზე რა აზრის ხარ?

- შორენა მარილზე... შორენა იმდენ ხანს იცოცხლებს, რომ მამა გაბრიელის სიტყვები აუხდება, გაგიჟდება, "კრუგებს" დაარტყამს საპატრიარქოს და საპატრიარქოში არ შეუშვებენ. ამ ეპიზოდსაც თავი და ბოლო მოაჭრეს და გაუშვეს "შორენა მარილზე".

- ალბათ, დამეთანხმებით, სასულიერო პირი ასე მაინც არ უნდა ლაპარაკობდეს.

- მორალურად შეიძლება ამან დაბნეულობა გამოიწვია და სწორედ ამას ნანობს მამა გიორგი. ის ემოციური ადამიანია. იმაზე, რასაც ამბობდა ირაკლი მამალაძე და რა ამბებსაც მოჰყვა, მერწმუნეთ, ნებისმიერი სასულიერო პირი, ვისაც ეკლესია უყვარს, ისევე უპასუხებდა, როგორც მამა გიორგიმ უპასუხა. მამა გიორგი იმ 1 პროცენტში არ არის, რომელიც მშვიდ პასუხს გასცემდა მას.

ის ირაკლი მამალაძემ წამოაგო პროვოკაციაზე. ვიღაცის დაკვეთით მოქმედებდა, მაგრამ ირაკლიმ დავალება ორიანზე შეასრულა. მამა გიორგი სამართლებრივად ვერაფერზე წამოაგო, ერთადერთი, აღტყინებულად ალაპარაკა, ამას მიაღწია მხოლოდ.

პროკურატურამ ეს სიტყვებიც იმიტომ გაასაჯაროვა, რომ ხვდება, ეს საქმე სამართლებრივად წაგებულია. ამ გზით საზოგადოებრივი აზრის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. წარმოუდგენელია, ნებისმიერმა იურისტმა, მოსამართლემ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. იმის ნაცვლად, პროკურატურამ გადაამოწმოს მამა გიორგის მონათხრობი, ციხიდან გამოსული პროკურორი, რომელსაც ცალ ხელში მამა გიორგის ჩვენება უჭირავს, ამბობს, მამა გიორგიმ მოგვატყუაო.

არა მაქვს იმედი, რომ პროკურატურას სიმართლის დადგენა უნდა. მამა გიორგის ჩვენებას დაამუშავებენ და შეეცდებიან, სასამართლო პროცესზე მოწმეები ისე აალაპარაკონ, როგორც სურთ.

- როგორც შევიტყვეთ, დაჰკითხეს ბიზნესმენი მუხრან ბაგრატიონი. ის რა კავშირშია ამ საქმესთან?

- მამა გიორგი დიდუბეში, ბიზნესმენ ბაგრატიონის ბინაში ცხოვრობდა. მას ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ბაგრატიონმა შესთავაზა, რამდენ ხანსაც გინდა, დარჩიო.

- მეუფე პეტრე დაისაჯა, ამაზე რას ამბობს მამა გიორგი?

- ფიქრობს, რომ არ იყო სინოდის გადაწყვეტილება სამართლიანი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი ციხიდან

გაზეთ "კვირის პალიტრას" ციხიდან წერილი გამოუგზავნა ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს:

"მოგესალმებით ყველას. ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა.

ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო...

რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია.

უფალი ბრძანებს, "თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა", ყოველივე ღვთის განგებით ხდება.

ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი".

თეა ხურცილავა