ავტოკალიფსი - "ნასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია" - კვირის პალიტრა

ავტოკალიფსი - "ნასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია"

"ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ"

22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი BMW შეეჯახა ამავე მარკის მანქანას, რომელიც მოსრიალდა და გაჩერებაზე, სავალი ნაწილის პირას ბანერის ბოძს და შემდეგ დედა-შვილს შეეჯახა. დაიღუპა 8 წლის მარიამ ჯიქურაძე, 45 წლის ნანა ჯიქურაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. იმავე ღამით თბილისში კიდევ სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე.

უბედურ შემთხვევებს, რომლის მიზეზიც ხშირად ნასვამი ან დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლებია, ბოლო არ უჩანს. ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის შსს-მ პარლამენტს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვასაც პარლამენტი არ ჩქარობს.

მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - როგორ მარტივადაც მართვის მოწმობები გაიცემოდა, მძღოლებიც შესაბამისი გვყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აღსრულება. შეიძლება არ იყოს მიღებული ისეთი უხეში ფორმა, რომ ყველა დააჯარიმო (როგორც ეს ბათუმში მოხდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა), მაგრამ აღსრულება აუცილებელია და ეს ელემენტარულიდან უნდა დავიწყოთ - ზოლიდან ზოლში გადაკვეთის, წითელ შუქნიშანზე გავლისა და სხვა დარღვევების შემთხვევაში. დამრღვევი მძღოლები თუ არ დაჯარიმდნენ, უარესად დაარღვევენ წესებს. შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს მძღოლმა, რომელიც ნელა მიდის, მაგრამ გზა ისეთ ადგილას გადაჭრას, სადაც არ შეიძლება და სწრაფად მოძრავ ავტომანქანას შეეჯახოს. ასე რომ, ყველა შემთხვევაში გვჭირდება მკაცრი, ოღონდ ობიექტური პატრული. პოლიციელებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგები. პირველ რიგში, პატრული უნდა გამოფხიზლდეს. მიდგომა - "მოსახლეობა არ გავაღიზიანოთ", ჩვენს მოქალაქეებს უწევს დათვურ სამსახურს.

სკოლებში უნდა შემოვიღოთ ავტომანქანის მართვის სწავლება, ყველამ უნდა გაიაროს მართვის სკოლა, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ არის საკმარისი, რადგან შედეგად პოტენციურ მკვლელებს ვიღებთ. სიმკაცრე უნდა გამოვიჩინოYთ ნასვამ და სწრაფად მავალ მძღოლებთან. დასაცავია პარკინგის წესებიც...

ვასილ ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი: - ყველაფერში ხელისუფლების დადანაშაულება, შეცდომაა. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოდ მიმოსვლის შესაძლებლობა.

ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 2008 წელს იყო, დაღუპულთა რაოდენობა 2012 წლამდე მცირდებოდა, მას მერე ისევ შეუქცევადად მზარდია. საკანონმდებლო ინიციატივით, საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები განახევრდა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის, არასწორი მანევრირებისთვის ჯარიმა 100 ლარი იყო და განახევრდა. სწორედ ამ პოლიტიკამ განაპირობა, რომ ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების ტენდენციამ შეუქცევადი სახე მიიღო...

ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო უწყება, რგოლი, რომელიც საგზაო პრობლემებს კომპლექსურად შეისწავლის და პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს. შს სამინისტრო თითოეულ ავტოსაგზაო შემთხვევას აღიქვამს როგორც უბედურ შემთხვევას და არ ხდება მისი გამომწვევი მიზეზების საფუძვლიანი შესწავლა - რა იყო მაპროვოცირებელი მიზეზი, იყო თუ არა ავტომანქანა ტექნიკურად გაუმართავი და ა.შ.

იმ სტატისტიკაში, რომელსაც შს სამინისტრო აქვეყნებს, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი 4 მიზეზია: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამი მძღოლი და 20% დაუდგენელი მიზეზია. რეალურად, ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და, შესაბამისად, ვერც ერთი უწყება ვერ ატარებს პრევენციულ ღონისძიებას.

დღემდე პარლამენტს არ დაუმტკიცებია პროექტები, რომლებიც მართლა პასუხობს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას - ეს არის უკონტაქტო პატრულირება და ასქულიანი მართვის სისტემა. როდესაც თბილისში მოძრაობა გადატვირთულია, საპატრულო პოლიცია საცობების განმუხტვას ცდილობს, მოძრაობას არეგულირებს და ამ დროს არავინ აკონტროლებს უსაფრთხოებას. საპატრულო პოლიცია ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს. ამის პრევენცია იქნება უკონტაქტო პატრულირების სისტემის დანერგვა, საავტომობილო გზებზე "ჭკვიანი" ფოტო და ვიდეოფიქსატორების დადგმა საგზაო მოძრაობის მონიტორინგისთვის.

იმედა არაბული, მსახიობი (მძღოლი): - როგორც ვიცი, ამერიკაში ნასვამ მძღოლს მარტო მართვის მოწმობას კი არ ართმევენ, ერთი წლით ციხეში უშვებენ. შეიძლება ნასვამიც არ იყო, მაგრამ ქალაქში რომ აწყვეტილი მიდიხარ, მანქანას აბღუილებ და ხალხს ხოცავ, რა უბედურებაა?! მძღოლს წითელი უნთია და მაინც მიდის, ქართველია და ტიპობს, უნდა გავარდეს, სადმე კი არ ეჩქარება. არასწორადაც რომ გადადიოდეს გზაზე ქვეითად მოსიარულე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს, თუმცა ისინიც ცუდად იქცევიან. ასე რომ, დამნაშავეა მძღოლიც და ფეხით მოსიარულეც. ვერ მიეჩვია ხალხი, შუქნიშანს დაელოდოს."შე კაი ადამიანო, ორი წამი რას წყვეტს, რომ დაელოდო, რატომ იგდებ თავს საფრთხეში? ფეხით მოსიარულესაც რომ გამოუწერდნენ 100-ლარიან ჯარიმას, მეორედ დაარღვევს წესებს? ჩვენ არა ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები, ამიტომაც საჭიროა მკაცრი ხელი. ნასვამი მძღოლი უნდა დააპატიმრო და მერე მიხვდება, რომ პოტენციური მკვლელია. ვაღიარებ, მეც ვმჯდარვარ საჭესთან ნასვამი და ძალიან მრცხვენია.

საგზაო უსაფრთხოებისთვის...

ამერიკული "პულიცერ ცენტრის" მონაცემებით, მსოფლიოში საავტომობილო გზებზე დაღუპულთა რაოდენობამ 1 240 000-ს მიაღწია და არსებული ტენდენციით, 2030 წლისთვის გასამმაგდება - 3,6 მილიონს მიაღწევს.

გასული საუკუნიდან მოყოლებული, აშშ-ში მკაცრად ებრძვიან ნასვამ მძღოლებს (ავარიების 60% ნასვამი მძღოლის გამო ხდებოდა). ამ სიმკაცრის გამო 1970-იანი წლებიდან გზებზე სიკვდილიანობამ იკლო.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობა მაღალი იყო ავსტრალიაშიც (30 დაღუპული 100 000 მცხოვრებზე), რადგან მძღოლები არად დაგიდევდნენ მოძრაობის წესებს, თუმცა მისი გამკაცრების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა.

კანონმორჩილი ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი აშშ-თან შედარებით 2-2,5-ჯერ დაბალია. მაგალითად, ბრიტანეთში 100 000 მცხოვრებზე 5,4 დაღუპული მოდის.

კვლევით დადგინდა, რომ ბრიტანეთში ავტოსაგზაო შემთხვევათა მხოლოდ 5%-ია გამოწვეული სიჩქარის გადაჭარბებით, მაშინ, როცა 30% მძღოლთა უყურადღებობაზე მოდის. 16%-ის მიზეზი რისკიანი მართვაა, რაც გულისხმობს საჭესთან სმს შეტყობინების გაგზავნა-მიღებას, მობილურზე საუბარს, მართვისას მოწევასა და ჭამას...

სამაგიეროდ, ჟენევაში მსხვერპლით დასრულებული ავარიების მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

ფინეთში მთავარ პრობლემად ნასვამი მძღოლი ითვლება. იქ ნასვამ მძღოლებს ართმევენ მართვის მოწმობას და ციხეშიც სვამენ. მოითხოვენ, რომ ყველა ავტომობილს ჰქონდეს ავტომატური ბოქლომი, რომელიც ბლოკავს ძრავის ჩართვას თუ მძღოლის სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0,2 პრომილეს აღწევს.

პოლონეთში წელიწადში 50 000-მდე ავტოავარია ხდება და საშუალოდ 5 500 ადამიანი იღუპება, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ის წლიდან წლამდე იზრდება. ევროპის საგზაო უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, პოლონეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ამ მხრივ დიდი საშიშროებაა. ძირითადი მიზეზებია - სიჩქარის გადაჭარბება და მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში. სიტუაციის გამოსასწორებლად მკაცრდება კანონი - ნასვამი მძღოლი სამუდამოდ გამოემშვიდობება არა მარტო მართვის მოწმობას, არამედ თავის ავტომობილსაც.

განვითარებად ქვეყნებში გზებზე სიკვდილიანობა გაცილებით მეტია და ის საერთო სიკვდილიანობის მიზეზებში (შიდსი, მალარია, და ა.შ.) მე-5 ადგილს იკავებს. გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია რუსეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ქვეყნებში.

ნანა ფიცხელაური