"ფრთხილად, ნარკომომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს!" - კვირის პალიტრა

"ფრთხილად, ნარკომომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს!"

მარიხუანას ტოლერანტობა ახასიათებს, მას ორგანიზმი ეჩვევა. მომხმარებლები ჯერ დოზას ზრდიან, თანდათან მისით ვეღარ კმაყოფილდებიან და აყოლებენ ფსიქოტროპულ საშუალებებს, რათა გააძლიერონ ზემოქმედება. ამის შემდეგ მომხმარებლებს ეწყებათ ჰალუცინაციები, გაორება, ზოგი თვითმკვლელობითაც ასრულებს სიცოცხლეს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანაფისა და მარიხუანის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500-დან 300 ლარამდე შემცირდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი გაუქმდება. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

მთავრობის ლიბერალური მიდგომა ამ კანონთან და სანქციების ცვლილება საზოგადოების ნაწილმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნია. ნაწილის აზრით, კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილება არც ნარკოლოგიური და არც კრიმინოგენული თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემას არ შექმნის.

ჯემალ ჯანაშია, პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი: - ნარკოდანაშაულს მსოფლიო ებრძვის და მასზე სასჯელის სიმკაცრის ხარისხი ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. 1909 წელს ფრანკლინ რუზველტის ინიციატივით ნარკოტიკებთან ბრძოლის პირველი, შანხაის კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც ოპიუმის მოხმარება აიკრძალა, რამაც ერი გაქრობას გადაარჩინა (მანამდე 200 მილიონი ჩინელი მოიხმარდა ოპიუმს). ჩინეთი დღესაც დაუნდობლად ებრძვის ოპიუმის მოხმარებას და მისი დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა და ვაჭრობა სიკვდილით ისჯება.

პირთა ერთი ჯგუფის აზრით, ვინაიდან ევროკავშირში შევდივართ, კანონის ლიბერალიზაცია ამასთან არის დაკავშირებული. ჰგონიათ, ევროკავშირში ამ დანაშაულის მიმართ ლიბერალური მიდგომებია, თუმცა იქ გაცილებით მძიმედ არის საქმე. ხშირად მოჰყავთ პორტუგალიის მაგალითი, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია. გვეუბნებიან, იქ პირველ 10 წელიწადში მისი მოხმარება გაიზარდა, შემდეგ დასტაბილურდაო, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რომ ამ ქვეყნის წლიური ბიუჯეტი (ლარებში 800 მილიარდია) საქართველოსას თითქმის 100-ჯერ აღემატება, თანაც პორტუგალიას ამ ექსპერიმენტში მთელი ევროკავშირი უჭერდა მხარს და შექმნეს სოციალური რეაბილიტაციის ქსელი.

საქართველოში ამის პირობები არ არის - სულ ერთი ასეული საწოლი თუ გვაქვს ნარკოლოგიურში და ერთი ნარკომანის მკურნალობისთვის 70-80 თეთრია გამოყოფილი, მაშინ როცა ჰოლანდიაში 118 ევროა. ამ პრობლემისადმი ლიბერალური მიდგომა, რა თქმა უნდა, ნარკომომხმარებელთა რიცხვს გაზრდის. რაც მეტია მომხმარებელი, მით მეტი გახდება სამკურნალო და ეს სახელმწიფოს დააწვება ტვირთად.

- არის თუ არა მოსალოდნელი ნარკოტიკული თრობის გამო ჩადენილი დანაშაულის ზრდა?

- ცნობილი ფორმულაა, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი პირი ყველაფერზე მიდის, რათა ნარკოტიკების ახალი ულუფა ჩაიგდოს ხელში. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დამოკიდებულია ფულად სახსრებზე, ხოლო მომხმარებელთა უმრავლესობა უმუშევარია. ასეთები განსაკუთრებით საშიშნი არიან ნარკოტიკული აბსტინენციის, ე.წ. ლომკების დროს.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარებულმა უკანასკნელმა გამოკვლევამ აჩვენა, როგორ გამოიყურება ნარკოტიკული თრობით ჩადენილი დანაშაულის სტრუქტურა: ნარკოტიკების მოხმარება - 51%, მკვლელობა - 2,8%, გაუპატიურება - 4,7%, ქონებრივი დანაშაული - 32,8%, სხვა დანაშაული - 7,8%.

ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევაც. სულ ახლახან, მარტო ორ თვეში, შემზარავი ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი ნარკოთრობის ქვეშ მყოფი მძღოლები იყვნენ - რუსთაველის პროსპექტზე და აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ვგულისხმობ.

გარდა ამისა, ნარკოტიკულ დანაშაულს ახასიათებს ლატენტურობა, რაც ნიშნავს გამოუვლენელ, გაუმჟღავნებელ დანაშაულს, რომელიც პოლიციამდე არ მიდის. არც ერთ მხარეს - არც ნარკომანს და არც გამსაღებელს არ აწყობს დანაშაულის გახსნა. სხვა დანაშაულებში კი, მაგალითად, მკვლელობაში, ყაჩაღობაში, ძარცვაში არა გვაქვს ლატენტურობა, ვინაიდან დაზარალებული გამოძიებას საქმის გახსნაში ეხმარება.

- ამბობენ, რომ ჩვენთან შედარებით ევროპაში ნარკოდანაშაულზე კანონები ლიბერალურია.

- ასე არ არის. მარიხუანა-კანაბისის მოხმარება სისხლის სამართლის წესით ისჯება პოლონეთში, სლოვაკეთში, ფინეთში, ლუქსემბურგში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, შვედეთში... მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში კანაბისთან დაკავშირებული დანაშაული ისჯება პატიმრობით 5 წლამდე ვადით, პირველად დანაშაულზე პოლიცია აფრთხილებს, ხელმეორედ ჩადენისას გაფორმდება საჯარიმო განაცხადი, მესამედ ჩადენილი დანაშაული პატიმრობას ითვალისწინებს. ლატვიაში კანაბისის მცირე ოდენობით შენახვა ან მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა 110 ევროს ოდენობით, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში პირი 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჩვენი მთავრობის დღევანდელი მიდგომა რაციონალურია. ვთვლი, რომ სახელმწიფომ ამ სანქციების ცვლილებით სისხლის სამართლის რეპრესიული პოლიტიკის უკან დახევის ვარიანტი განახორციელა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ლიბერალიზაციის მიმართულებით, დეკრიმინალიზაციისკენ წავიდა.

ამ ეტაპზე ჩვენი სახელმწიფო სწორად მოიქცა, ვინაიდან ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მთლიანად გაუქმება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან იმ კომპლექსური ღონისძიებების გასატარებლად, რაც ლეგალიზებას სჭირდება, მზად არა ვართ არც ეკონომიკურად და არც მოსახლეობის შეგნებით.

ნარკოდამოკიდებულთა რიცხვმა თუ მოიმატა, რა უნდა ქნას სახელმწიფომ? მას რომ 45 000-მა კაცმა (რამდენი მომხმარებელიც გვყავს) მიმართოს სამკურნალოდ, ვინ უმკურნალებს? ამდენი საწოლი, დაფინანსება სად გვაქვს? მაქვს ინფორმაცია, რომ

თბილისის სკოლებში მარიხუანა ყველა მეორე ბავშვს აქვს მოწეული, მათ შორის, გოგონებსაც.

მასობრივი საშუალებები ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, რომ მაგალითად, მარიხუანა სამკურნალო საშუალებაა. მარიხუანა შეიძლება დაუნიშნო ავადმყოფს სიმსივნის დროს ტკივილების თავიდან ასაცილებლად.

მარიხუანა-კანაბისის სიძლიერის განმაპირობებელია ნივთიერება თHჩ. ხანგრძლივი სელექციის პირობებში გამოიყვანეს ახალი ჯიშები, სადაც მისი შემადგენლობა გაცილებით მაღალია, 5-7 პუნქტამდე ადის და ისეთივე ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე, როგორსაც ჰეროინი. მარიხუანას ტოლერანტობა ახასიათებს, მას ორგანიზმი ეჩვევა. მომხმარებლები ჯერ დოზას ზრდიან, თანდათან მისით ვეღარ კმაყოფილდებიან და აყოლებენ ფსიქოტროპულ საშუალებებს, რათა გააძლიერონ ზემოქმედება. ამის შემდეგ მომხმარებლებს ეწყებათ ჰალუცინაციები, გაორება, ზოგი თვითმკვლელობითაც ასრულებს სიცოცხლეს.

- რას გამოიწვევს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?

- იმას, რომ აუცილებლად გვექნება ნათესები. მარიხუანას მასობრივად დათესავენ საკუთარ მიწაზე კი არა, მის მიმდებარედ, ან ტყეში, ვინაიდან კანონი მის მოყვანა-დათესვა-კულტივირებას კრძალავს.U უკვე დაიწყეს თესლის ჩამოტანაც.

გეოპოლიტიკურად ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო სივრცეა, საქართველო, ასე ვთქვათ, ნარკოტიკების სატრანზიტო დერეფნად გადაიქცა. დავუშვათ, მოხდა ნარკოტიკების ლეგალიზება (საითაც ჩვენ მივდივართ), სახელმწიფოს მაინც მოუწევს აკრძალვების დაწესება, კანონს შეუძლია აკრძალოს ის, რაც გარშემომყოფთ ავნებს.

"ამისთვის ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არ არის"

ნინო გონგლიაშვილი, ნარკოლოგი: - ეს ინიციატივა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამას, ალბათ, მოჰყვება ლეგალიზაცია, ამისთვის კი ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არ არის. მშობლები შიშობენ, რომ შეიძლება მათი შვილებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მსუბუქი ნარკოტიკი. სამედიცინო თვალსაზრისით, რთულია პროცესზე კონტროლის დაწესება. ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში მკაცრად აკონტროლებენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი სამედიცინო დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდეს - ღებინების წინააღმდეგ, სიმსივნისა და ქიმიოთერაპიის დროს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის. ჩვენთან ლეგალიზაციის შემთხვევაში ამის გაკონტროლება გაძნელდება.

2016 წელს ნარკომანიის პრევენციის ცენტრში 26 პაციენტი შემოვიდა, რომელთაც მარიხუანის ხანგრძლივი და ხშირი მოხმარებით ფსიქოზი განუვითარდათ. მათ ჰალუცინაცია, პარანოია, ბოდვითი სიმპტომები ჰქონდათ, და მათი ნახევარი ფსიქიატრიულ განყოფილებაში გახდა გადასაყვანი. კანონის ლიბერალიზაციით, რასაკვირველია, ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარიხუანის შემადგენლობა შეიცვალა, სხვა ჯიშები გამოჰყავთ, მასში ტეტრაჰიდროკანაბინოლის (რაც ნარკოგენობას ანიჭებს) პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია და, შესაბამისად, ფსიქიკაზე მოქმედებაც სავალალო შედეგს იძლევა. ლეგალიზაციის საფრთხეს ისიც წარმოადგენს, რომ თავიდან მარიხუანის ჯგუფურად მოხმარება იწყება, მერე არეალი უფრო ფართოვდება და როცა ხელმისაწვდომი იქნება, წარმოიდგინეთ, რა საფრთხეებია მოსალოდნელი. ყველა ნარკომომხმარებელი ავადმყოფია, მარიხუანის იქნება თუ სხვა ჯგუფის პრეპარატის მომხმარებელი, ის სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ უნდა დაისაჯოს.

"ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა ისხდნენ"

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: - შეცვლილი სანქციები პროგრესულ ნაბიჯად მიმაჩნია. აAდამიანი ნარკოტიკის მოხმარების გამო, თუნდაც 15 დღე, პატიმრობაში არ უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ჯარიმის შემცირებას, დღეს მოქალაქეთა ეკონომიური მდგომარეობა ძალზე გართულებულია, მარიხუანის მოხმარება განსაკუთრებით სოფლად არის გახშირებული და 500 ლარი უმუშევარ ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვება. ამ მხრივაც მისასალმებელია კანონის ლიბერალიზაცია. ვფიქრობ, ნარკოლოგიური და კრიმინოლოგიური კუთხით გაუარესებისკენ არ წავა მდგომარეობა. ეს ცვლილება ხომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და არა სისხლის სამართლის კოდექსში (ის მხოლოდ მოხმარებას ეხება, ნარკოგამსაღებლებისთვის შეღავათები არ წესდება). არ მიმაჩნია, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დეკრიმინალიზაციის წინა პირობაა. დეკრიმინალიზაცია გულისხმობს სასჯელის საერთოდ გაუქმებას, რისთვისაც ჩვენი სახელმწიფო მზად არ არის. მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ქვეყანას დაღუპავს, ამას არ ვემხრობი, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარებისთვის პირები ციხეში არ უნდა ისხდნენ.

ნანა ფიცხელაური