"ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში" - ექსკლუზივი - კვირის პალიტრა

"ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში" - ექსკლუზივი

"ჩვენი პოზიცია გამოჩნდა ბათუმის მოვლენებშიც, როდესაც ყველამ მოისმინა პოლიციის მიმართ ბრძანება, არავინ ეცემათ და არავისთვის დაერტყათ"

"სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები ძალიან ხშირად არღვევენ წესებს. როდესაც კანონი ამოქმედდება, ისინიც მკაცრად დაჯარიმდებიან"

2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 35 997 დანაშაული დარეგისტრირდა და ამ დანაშაულების 57,4% გაიხსნა. გაიზარდა გარკვეული კატეგორიის დანაშაული, ნაწილი კი შემცირდა. გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, 418-ით მეტი ქურდობა მოხდა. გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტები - სულ 1 356 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე 361 ერთეულით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებმა. გაზრდილია კიბერდანაშაულის მაჩვენებელიც. 2015 წელთან შედარებით, სამი ერთეულით მოიმატა მკვლელობის რაოდენობამაც - რეგისტრირებულია 114 მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემცირებულია ყაჩაღობის, ძარცვის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხულიგნობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტები. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დანაშაულთა უმეტესობა - 40,5% - თბილისში მოხდა. ამ და სხვა საკითხებზე შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გვესაუბრება:

- 2015 წელთან შედარებით 2,5%-ით არის მომატებული რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა, თუმცა მთლიანად დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, შენარჩუნებულია. საინტერესოა ისიც, რა სახის დანაშაულმა მოიმატა და რატომ, ან რომელი დანაშაული შემცირდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, გამომჟღავნდეს ლატენტური (დაფარული) დანაშაული. ასეთია ოჯახში ძალადობა, კიბერდანაშაული, რაზეც საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. ჩვენი მიზანი იყო, ეს ფაქტები გამოვლენილიყო და მათზე რეაგირება მოგვეხდინა.

- ოჯახში ძალადობის ფაქტების მატება გამოიწვია შს სამინისტროს აქტიურმა კამპანიამ, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას გულისხმობდა?

- დიახ, წინა წლებთან შედარებით გაათმაგებულია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. თუმცა, ვფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის. პოლიციას სჭირდება მეტი მომზადება პრევენციისთვის. როდესაც ოჯახში პრობლემაა, პოლიციელის ერთხელ მისვლაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ ოჯახური კონფლიქტი ძალადობაში არ გადაიზარდოს...

რაც შეეხება ქურდობას, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და ჩვენ უკმაყოფილო ვართ ვითარებით. ეკონომიკური დანაშაულების მხრივ - როგორიც არის ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა - ვითარება გაუმჯობესებულია.

- ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქმეები სწორად არ კვალიფიცირდება, რადგან ეს დანაშაული სტატისტიკაზე არ აისახოს. მაგალითად, ყაჩაღობა ხშირად ძარცვის მუხლით აღიძვრებაო.

- კვალიფიკაციის საკითხი პროკურატურასთან ერთად წყდება. პროკურატურა კი არ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს ამ მხრივ დაინტერესებულ მხარედ. შეიძლება იყოს არასწორი კვალიფიკაციის ერთეული შემთხვევები.

ისმის სპეკულაციები დანაშაულის რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ესეც სიცრუეა. დაინტერესებული რომ ვიყოთ დანაშაულის მაჩვენებლის ხელოვნური შემცირებით, კიბერდანაშაულთან დაკავშირებით ამდენი კამპანია გვექნებოდა?

ყველამ იცოდა, რომ ამ კამპანიის შემდეგ მიმართვიანობა გაიზრდებოდა. ჩვენი მიზანია ყველა დანაშაულის გამოვლენა.

- ქურდობის ფაქტები გაიზარდა. გამოჩნდნენ ტრანსპორტში ჯიბის ქურდებიც. ეს რამ გამოიწვია?

- მიზეზი, სისხლის სამართლის ლიბერალური პოლიტიკით დაწყებული, სხვადასხვაა.

ქურდობა ითვლება მსუბუქ დანაშაულად და მათი დაპატიმრება იშვიათად ხდება. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელში გაზრდილია არასრულწლოვანთა ხვედრითი წილიც.

მთავარია, ეს არ არის ორგანიზებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული. სამაგიეროდ, შემცირდა ძალადობითი ხასიათის დანაშაული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის სტანდარტით, რასაც უწოდებენ სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულს და რაც არის საერთო კრიმინალური ვითარების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად მინიმალური დანაშაული - სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ასეთი საქმეებიც ძირითადად გახსნილია.

- მკვლელობებმა ხომ იმატა?

- წინა წელთან შედარებით ნაკლები დანაშაული მოხდა 2016 წელს, მაგრამ სტატისტიკაში დაფიქსირდა იმაზე მეტი მკვლელობა, ვიდრე რეალურად საქართველოში მოხდა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პოლიციასთან და არაერთი ჩვენი მოქალაქე მიეცა პასუხისგებაში საზღვარგარეთ ჩადენილი მკვლელობისთვის. 2016 წელს დავაკავეთ პირი, რომელმაც გერმანიაში მოკლა ადამიანი; რამდენიმე მკვლელობა ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში და მათ ბრალი აქ წავუყენეთ. სწორედ ამან გაზარდა მკვლელობის სტატისტიკა.

- პრობლემაა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებიც. შარშან დაიღუპა 581 ადამიანი, დაშავდა - 9951. მართალია, წელიწადზე მეტი გავიდა, რაც კანონპროექტი პარლამენტშია, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი დამტკიცება.

- ძალიან მალე განიხილავენ კომიტეტის სხდომაზე. იმედი გვაქვს, აპრილში დავასრულებთ პარლამენტთან მუშაობას და მიიღებენ კანონს. ამის შემდეგ დროა საჭირო მოქალაქეების ინფორმირებისთვის, რადგან ეს ცვლილება ყველა მოქალაქეს ეხება.

ნახევარ წელში ჩვენ გვექნება ახალი კანონი და ვფიქრობთ, მომავალ წელს დაშავებული და დაღუპული ადამიანების სტატისტიკა განახევრდება მაინც.

10 წელია, თითქმის არაფერი შეცვლილა. როგორიც იყო მაჩვენებელი 2006 წელს, თითქმის ისეთივეა 2016 წელსაც. მოგვეცემა საშუალება, უკონტაქტო პატრულირებით იქ შევძლოთ კანონის აღსრულება, სადაც პოლიციელი არ ჩანს. ამას დაემატება ვიდეოკამერები, რომლებიც ზაფხულიდან გამოჩნდება ქალაქში და ავტობანებზე. საპატრულო პოლიციას მიეცა ინსტრუქციები, იყოს უფრო აქტიური, მეტად გამოავლინოს საგზაო დარღვევების შემთხვევები. მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა და ყოველ დარღვევას დააფიქსირებს საპატრულო პოლიციელი. ამის მიხედვით შეიძლება მართვის მოწმობა მძღოლს ექვსი თვით ან ერთი წლით შეუჩერდეს - როგორც ამას პარლამენტი გადაწყვეტს.

- მიკროავტობუსების მძღოლების მიერ წესების დარღვევის საგანგაშო სტატისტიკაც გამოვლინდა. ამ კუთხით ხომ არ გეგმავთ რამეს?

- როდესაც კამერები პირველად ჩავრთეთ სატესტო რეჟიმით, მართალია, დაჯარიმება არ დაგვიწყია, მაგრამ აჩვენა, რომ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები ძალიან ხშირად არღვევენ წესებს. როდესაც კანონი ამოქმედდება, ისინიც მკაცრად დაჯარიმდებიან.

- ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე რა აზრის ხართ?

- ჩვენ თუ უცებ გამოვაცხადებთ ლიბერალიზაციას, შეგვიმცირდება დანაშაული, მაგრამ გაიზრდება ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როგორიც ახლაც ხდება.

რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც გოგონები გარდაიცვალნენ ბიოს მოხმარებით, იმიტომ, რომ არ იცოდენენ მოხმარების წესები. ეს მოხდა დღევანდელი მკაცრი პოლიტიკის პირობებში და წარმოიდგინეთ, რა იქნება ლიბერალური პოლიტიკის დროს. ეს თუ არ მოხდება გეგმაზომიერად და მიდგომა თუ არ იქნება კომპლექსური, ლიბერალიზაცია მიუღებელია.

- ბოლო დროს ხშირად ისმის ბრალდებები პოლიციის მისამართით. როგორია პოლიციელების ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა?

- ეს არ არის სისტემური პრობლემა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არის რამდენიმე ერთეული და ყველა საკითხზე დაწყებულია გამოძიება. გვაქვს მაგალითი, როდესაც ადვოკატის ცემის საქმეზე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი მიეცა პასუხისგებაში. ბორჯომშიც გამოვლინდნენ დამნაშავე პოლიციელები.

იმატა იმ ადამიანების ბრალდებებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან დანაშაულთან. მათ პოლიციაში იბარებენ დაკითხვის მიზნით, ისინი კი ბრალს სდებენ პოლიციას, თითქოს დაკითხვისას აწამეს. ამით სურთ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ.

ათასობით ადამიანი შედის და გამოდის ყოველდღე პოლიციის განყოფილებებში. ეს რომ იყოს სისტემური პრობლემა, ჩვენ გვეყოლებოდა არა ათეული, არამედ უფრო დიდი რაოდენობით დამნაშავე პოლიციელები. როცა პოლიციელი ცუდად იქცევა, მას ხელს არ ვაფარებთ, მაგრამ მთელი პოლიციისთვის ჩირქის მოცხება არ შეიძლება. ჩვენი პოზიცია გამოჩნდა ბათუმის მოვლენებშიც, როდესაც ყველამ მოისმინა პოლიციის მიმართ ბრძანება, არავინ ეცემათ და არავისთვის დაერტყათ.

- ბათუმის ფაქტზე უამრავი ვერსია გავრცელდა, გამოძიებით ხომ არ გაირკვა რამე?

- სავარაუდოდ, ბათუმის მოვლენებზე კიდევ მივცემთ რამდენიმე პირს პასუხისგებაში. დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა, როგორი იქნება თქვენი თანამშრომლობა უცხოელ სამართალდამცავებთან?

- გვაქვს ორდონიანი თანამშრომლობა. პირველი - ქვეყნების დონეზე. ყველგან გვყავს პოლიციის ატაშეები და პირდაპირი დიალოგი გვაქვს მათთან. გვაქვს შეთანხმება ფრონტექსტთან, ევროპის სპეციალურ სააგენტოსთან. ახლა უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები თანამშრომლობის ფორმებზე. 4 აპრილს გაფორმდება უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება ევროპოლთან, რომლის თანახმად, საქართველო ევროპის პოლიციის სამსახურის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გახდება. ეს არის ჩვენი სამართალდამცავი სისტემის აღიარება ევროპული სამართალდამცავი სისტემის მიერ.

- ხომ არ იყო ფაქტები, როცა უკან მოაბრუნეს ჩვენი მოქალაქეები?

- რამდენიმე შემთხვევა იყო საფრანგეთსა და გერმანიაში, როცა არ შეუშვეს ჩვენი მოქალაქე და ისიც იმიტომ, რომ არ გაითვალისწინეს მესაზღვრის რჩევა. ერთ შემთხვევაში ადამიანს არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მეორე არაბიომეტრიული პასპორტით წავიდა, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით და ისიც უკან მოაბრუნეს.

- ისრაელიდან ხშირად უკან აბრუნებენ საქართველოს მოქალაქეებს...

- ჩვენ არ გვაქვს ისრაელთან შესაბამისი შეთანხმება და ინფორმაციის ამ მიმართულებით გაცვლა არ ხდება. თუმცა მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი კოლეგები ისრაელიდან გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელში დანაშაულის ჩადენის პრობლემა არ დგას. რაც შეეხება საზღვარზე შესვლას, ისრაელის მხარე ამას წყვეტს თვითონ. ეს ისრაელის სახელმწიფოს საქმეა.

თეა ხურცილავა