"ბიჭი ასახელებს პოლიციელებს, რომლებმაც ის სცემეს" - რას პასუხობს ბრალდებებს შს მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

"ბიჭი ასახელებს პოლიციელებს, რომლებმაც ის სცემეს" - რას პასუხობს ბრალდებებს შს მინისტრის მოადგილე?

"რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ბიოს მოხმარების შედეგად გოგონები გარდაიცვალნენ"

რამდენიმე დღის წინ სამართალდაცავებმა 26 წლის შოთა პაკელიანი დააკავეს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მტკიცებით, პაკელიანს ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს და სასტიკად სცემეს. "თეთრი ხმაურის მოძრაობის" და პაკელიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ორგანიზებით, დაკავებულის მხარდასაჭერად ისან-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ორი სამართალდამცველის, გურამ კასრაძისა და ირაკლი ქიტოშვილის დაკავებას. მათი თქმით, სწორედ ისინი მოექცნენ პაკელიანს სასტიკად.

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-შენახვის ბრალდებით დაკავებულ პაკელიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ადვოკატ ზურაბ თოდუა აქვეყნებს შოთა პაკელიანის ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ბიჭს სახეზე დაზიანების კვალი ეტყობა. ამბობს, რომ ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს დაშავებულისთვის ექსპერტიზის ჩატარებას.

ზურაბ თოდუა, ადვოკატი:

- შოთა პაკელიანის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ის ისანი-სამგორის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ქუჩაში დააკავეს. შოთა პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, გასამართლებულია ე.წ. ბიოს შენახვა-შეძენისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მას თავს დაესხნენ პოლიციელები კასრაძე და ქიტოშვილი, რომელთა დანახვაზე გაიქცა და წაიქცა, რასაც შსს აცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტრავმები, რაც მას აღენიშნება, წაქცევით მიეღო. მას სწორედ პოლიციელებმა მიაყენეს ეს დაზიანებები.

- რატომ გაიქცა პოლიციელების დანახვაზე?

-  როგორც ამბობს, ქუჩაში იპოვა ნივთიერება, სამწუხაროდ, ბოლო დროს ეს ბიოს გავრცელების ერთ-ერთი მეთოდია. დაინახა პოლიციელები და გაიქცა. ვიდრე დაეცემოდა, მოახერხა გადაეყლაპა ნივთმტკიცება.

- ამბობთ, ქუჩაში რაღაც იპოვა, რა იცოდა, რომ ეს ნარკოტიკი იყო, რატომ გადაყლაპა?

- სავარაუდოდ იცოდა, რომ ეს იყო ნარკოტიკული საშუალება. სამხილი რომ არ მქონოდა, ამიტომ გადავყლაპეო, თუ გადავყრიდი, ვიცოდი მაინც ჩამიდებდნენ ჯიბეშიო... ამით სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნივთიერება სპეციალურად პოლიციელებმა დაუდეს. მოკლედ, პაკელიანი გაიქცა, გაირბინა 150-200 მეტრი, ფეხი წამოკრა რაღაც ნივთს და წაიქცა, შედეგად დაიზიანა იდაყვი და მუხლი, თუმცა ფოტოებზე ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის. ვიმეორებ, წარმოუდგენელია ასეთი დაზიანებები ადამიანმა დაცემის დროს მიიღოს.

პოლიციელებმა ის სცემეს განყოფილებაში. ამ დროს გაეხსნა კუჭშიგადაყლაპული ნივთიერება. განყოფილებაში ითხოვდა, სოდა და წაყლი მომიტანეთ, რაღაც მაქვს გადაყლაპულიო, მაგრამ მას დასცინოდნენ, ვიდრე კომაში არ ჩავარდა, არავინ დაეხმარა.

შემდეგ სასწრაფომ რეანიმაციაში გადაიყვანა და სამი დღე იყო კომაში. ამის მერე მისცა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება და ამბობს, რომ სასტიკად აწამეს. პაკელიანი აღიარებს, რომ ქუჩაში იპოვა ნივთიერება, თუმცა არ ადასტურებს, რომ მას ჯიბეში ჰქონდა ნარკოტიკი. როგორ წარმოგიდგენიათ ორი შეკვრა გადაყლაპა და მესამე სამხილად ჯიბეში შეინახავდა? მაშინ არც იმ დანარჩენს გადაყლაპავდა. პოლიციელების ჩვენებით, ისინი იქ აღმოჩნდნენ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. მისი დაკავება ნახა სამმა ახალგაზრდამ და სულ მალე მთელი სამეზობლო პოლიციის განყოფილებაში მივიდა. გაიგონეს პაკელიანი როგორ ყვიროდა, ეს ჩემი არ არისო!

- რას გულისხმობთ?

- სცემეს და მიაყენეს დაზიანებები, რაც ფოტოებზეც ჩანს. ასევე ღირსების შემლახავად მოეპყრნენ - სამი მამაკაცის თვალწინ გააშიშვლეს, დედიშობილა დააყენეს და ბუქნები აკეთებინეს. ამას ფაქტის თვითმხილველი ახალგაზრდები ადასტურებენ და ამბობს პაკელიანიც თავის ჩვენებაში.

პაკელიანი ასახელებს პოლიციელებს, რომლებმაც ის სცემეს და ითხოვდნენ დოკუმენტზე ხელის მოწერას. ეს დაზიანებები იმდენად ხილულია, ექსპერტიზაც არ სჭირდება. მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით აქვს დაზიანებები მიყენებული. გვაქვს ვიდეო, სადაც ისმის პოლიციის შენობიდან პაკელიანის ყვირილი, გარედან მამამისი იძახდა, ეს ჩემი შვილის ხმაა, რატომ ყვირის ჩემი შვილი, რატომ გამოიძახეთ სასწრაფო, მანახეთ შვილიო! ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები. აბსურდია იმის მტკიცება, რომ თურმე პაკელიანს შს სამინისტროს და გამომძიებლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.

შსს პაკელიანის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევისას, წაქცევის შედეგად მიიღო. მას პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება -  ე.წ. ბიო ამოიღო. შსს მტკიცებით, პაკელიანს პოლიციის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

პაკელიანის საქმეს პროკურატურა იძიებს და იმედია, სიმართლე მალე გაირკვევა, თუმცა ფაქტია, ბოლო ხანს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ძალოვნებს კონკრეტული პირები ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ბევრი სისტემურ დანაშაულზეც ლაპარაკობს, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და ამბობს, რომ ეს ბრალდებები აბსურდულია:

"ბოლო დროს მასიური სახე მიიღო ბრალდებებმა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან კონკრეტულ დანაშაულთან და მათი პოლიციაში დაბარება ხდება დაკითხვის მიზნით. შესაძლო პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ხშირია მათი მხრიდან  სპეკულაციის მცდელობა. ისინი ჰყვებიან ლეგენდებს, რომ სცმეს, აწამეს და ა.შ."

დავინტერესდით ასევე რას ფიქრობენ სამინისტროში  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე.

შალვა ხუციშვილი:

"ჩვენ ჩართულები ვიყავით იმ პროქტში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივ ლიბერალიზაციას. შსს სრულ ლიბერალიზაციას არ ეთანხმება! ამას სჭირდება ბევრად კომპლექსური მიდგომა. დღეისთვის ნარკოდანაშულის ხვედრითი წილი არის 14%-ზე მეტი, ჩვენ თუ უცბად გამოვაცხადებთ ლიბერალიზაციას, ჩათვალეთ რომ შეგვიმცირდება დანაშაული, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვნად გაიზრდება ნარკოტიკის მოხმარება. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ბიოს მოხმარების შედეგად გოგონები გარდაიცვალნენ. ეს მოხდა ისეთი მკაცრი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, წარმოიდგინეთ რა იქნება ლიბერალური პოლიტიკის შემთხვევაში. ვფიქრობთ, რომ ეს თუ არ მოხდა გეგმაზომიერად და არ იქნა კომპლექსური მიდგომა, მძიმე შედეგებს მივიღებთ. ამას გვთავაზობენ, მაგრამ არანაირი კონკრეტული გეგმა, თუნდაც რა საგანმანათლებლო ან რა სარეაბილიტაციო სამუშაო უნდა ჩატარდეს, არ აქვთ... პროპაგანდას ვისმენთ, მაგრამ კონკრეტული ხედვა ალტერნატივებზე არ ჩანს. არ ვართ წინააღმდეგი დიალოგის, მივმართავ თქვენი საშუალებით იმ ადამიანებს, ვინც აკრიტიკებს ნარკოპოლიტიკას, რომ კონკრეტული გეგმა შემოგვთავაზონ!"

იხილეთ ასევე: "მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო"

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)