ნებადართული სათამაშო ნარკომანია
ნებადართული სათამაშო ნარკომანია
"ჩვენი კომპანიის ყველა ონლაინპლატფორმა არის ბიზნესი, რომელიც ყოველთვიურად ზარალობს 30.000-50.000 ლარს. თუმცა ამ თანხას იმით ინაზღაურებს, რომ მოზარდებს აზარტულ თამაშებს აჩვევს!"

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ფინანსურ დირექტორს კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებისთვის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა კომპანიის კუთვნილი 81 ათასი ლარი, რომელიც თანამშრომლების ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი, ერთ ღამეში ონლაინაზარტული თამაშისას წააგო. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი გვიყვება, ფინანსურ დირექტორს,
რომლის ხელფასიც თვეში 6 ათას ლარს შეადგენდა, კომპანიის საბანკო ანგარიშის "დიჯიპასი" გადასცა, რათა მას თანხა თანამშრომლებისთვის სახელფასო ანგარიშებზე ჩაერიცხა. მეორე დღეს კი ფინანსურმა დირექტორმა სასტუმროს ხელმძღვანელს თავად დაურეკა და გამოუტყდა, რომ თანამშრომლების ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა ონლაინპოკერში არაბ მოწინააღმდეგესთან ერთ ღამეში მთლიანად წააგო. კომპანიის დირექტორის თქმით,
მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათი ფინანსური დირექტორი თამაშდამოკიდებული იყო და ამ შემთხვევამდე ონლაინაზარტულ თამაშებში მთელი ქონება წაგებული ჰქონდა. შესაბამისად, კომპანიას მხოლოდ ერთი სამართლებრივი ბერკეტი დარჩა, რომ სასამართლოსთვის მიემართა, მართლმსაჯულებამ კი 31 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელსაც პედაგოგი დედის, მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის გარდა, აღარავინ და აღარაფერი დარჩა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თამაშდამოკიდებულებამ და ერთმა საბედისწერო ღამემ მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ ამ ადამიანის, არამედ მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, კომპანიაში კი, სხვათა შორის, სინანულით ამბობენ, რომ მის ნაცვლად პროფესიონალი კადრის შოვნა ძალიან გაუჭირდათ.

"იდეალური" ჯოჯოხეთური სქემა


ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, ონლაინკაზინოების რეგულირების საკითხი კვლავ მოუგვარებელია. შესაბამისად, არ იცვლება საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც ონლაინთამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობას ასახავს. არასამთავრობოების მონაცემებით, დღეს ონლაინაზარტულ თამაშებში დაახლოებით 400 ათასი პირია ჩართული და მათ შორის ათასობით არასრულწლოვანია. არახალია, რომ თამაშდამოკიდებულება ხშირად მძიმე შედეგით მთავრდება და ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილის დეგრადირებას იწვევს. სწორედ ამ მიზეზით "პალიტრამედიამ" თავის დროზე უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე და დაიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" ცოტა ხნის წინ რედაქციაში წერილი მივიღეთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"მოგესალმებით, გწერთ, როგორც "აჭარა გრუპის" (ადჯარანეტ.ცომ) თანამშრომელი, რომელიც მომხმარებელს ონლაინ­აზარტულ თამაშებს სთავაზობს. სამწუხაროდ, არ მყოფნის გამბედაობა და საჯაროდ ვერ ვამბობ ამას, ვერც ვტოვებ სამსახურს, გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება.

ვიცი, რომ "პალიტრამედია" ყველაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ჰოლდინგია. ეს არის ერთადერთი ჰოლდინგი საქართველოში, რომელმაც უარი თქვა საკმაოდ დიდ შემოსავლებზე გემბლინგის სარეკლამო სივრცეში დაბლოკვით. მინდა, თქვენი ყურადღება მივიქციო იმ საშინელი სამუშაო პოლიტიკით, რაც აქ ხდება! ჩვენი კომპანიის ყველა ონლაინპლატფორმა არის ბიზნესი, რომელიც ყოველთვიურად, ერთი შეხედვით, თითქოს გადის მინუსში, საშუალოდ 30.000-50.000 ლარით. თუმცა კომპანია ამ თანხას იმით ანაზღაურებს, რომ 12-18 წლამდე ბავშვებს აზარტულ თამაშებს აჩვევს, რაც უწყვეტი შემოსავლის წყარო ხდება! ამ სპეცპლატფორმის ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ თინეიჯერები გემბლინგს მიაჩვიონ.

მოდელი მარტივია: თარგმნიან ფილმებს ქართულ ენაზე, რომ მოიზიდონ სწორედ ის სეგმენტი, ვინც არ იცის არც ერთი უცხო ენა, ხარჯავენ უზარმაზარ თანხას ამის რეკლამირებაში, ხოლო შემოსავალი ვითომ აქვთ ნული.
საქართველოს კანონი არ კრძალავს, ყოველ შემთხვევაში, არ არეგულირებს კანონს "მეკობრულ" ფილმებზე, არც გემბლინგზე და შეიძლება ითქვას, ეს იდეალური სქემაა!" - ნათქვამია წერილში.

"უკეთუ სიხარბე შენი გაცდუნებდეს..."

წერილში აღწერილი სქემის შემოწმება თვითონაც ვცადეთ. არაერთ ონლაინპლატფორმაზე ქართულად გახმოვანებული ფილმების ყურება მართლაც შეიძლება რეგისტრაციისა და საფასურის გარეშე, ხოლო შეთავაზება - ჩაერთო სხვადასხვა ონლაინაზარტულ თამაშში, მოიგო და გაბედნიერდე - ყველაზე თვალსაჩინო ადგილებზეა. მაგალითად, გთავაზობენ, რომ სახლიდან გაუსვლელად პოკერში ჯეკპოტის მოგების შანსი გეძლევა. ჯეკპოტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 126.100 ლარია. ერთ მაცდურ შეთავაზებას მეორე მოსდევს და გარწმუნებენ, რომ ეს არის უსწრაფესი გზა, რომ მოიგო დაუჯერებლად დიდი თანხა და ეს შენი იღბალია. საქმეს ისიც ამარტივებს, რომ ტურნირი მხოლოდ 3-4 წუთს გრძელდება და რომ შენი გადახდილი თანხა 2-დან 1000-მდე კოეფიციენტზე მრავლდება. სარეკლამო სლოგანები გიტყუებს, რომ მხოლოდ ორი მოწინააღმდეგე უნდა დაამარცხო და თანხა შენია და რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მაგიდაზე შეიძლება ჩამოვარდეს 100 ათასი ლარი ან მეტი. ფულის შოვნის მაცდური შეთავაზება ისე გითრევს, ვერც კი ხვდები, ისე აწვები იღბლის გამოსაცდელად წითელ ღილაკს, რომ ითამაშო. თუმცა მანამდე რეგისტრაცია უნდა გაიარო. რეგისტრაციის სამივე ეტაპს მარტივად გაივლის როგორც ზრდასრული, ისე არასრულწლოვანი სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით. იწყებ თამაშს და, ფაქტობრივად, ვეღარ ამთავრებ, რადგან მოგებას წაგება მოსდევს, წაგებას კი მოგება და ასე, სრულ გაკოტრებამდე. იოლი ფულის შოვნის გზა განსაკუთრებით მოზარდებს ითრევს, ვისაც საკუთარი ფული ჯერ არა აქვთ, შეიძლება არც მშობლებს აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეყოს, ან თუნდაც ყოველდღიური ჯიბის ფულით უზრუნველყონ შვილები. აქ კი ფულის შოვნის იოლ გზას გთავაზობენ, თანაც ვირტუალურ სივრცეში ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ გაფრთხილებს, რომ ამ გზას თავს რთულად დააღწევ და ბოლოს, აუცილებლად გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნი როგორც საკუთარ თავს, ისე მშობლებსა და გარშემო მყოფებს. არავინ გეუბნება, რომ შენ და შენისთანები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის ფულის შოვნის საშუალება ხართ და ეს მაცდური რეკლამაც სატყუარაა, რათა შენგან და შენნაირებისგან რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. არავინ გეუბნება, რომ თამაშდამოკიდებულება ერთ-ერთი მოწინავეა იმ მავნე ჩვევებს შორის, რომელზეც ადამიანი ადვილად ხდება დამოკიდებული და ასეთ დამოკიდებულებას ადამიანი გაკოტრებამდე ან თვითმკვლელობამდეც კი მიჰყავს.

მარკეტინგული ხრიკი


ჩვენ, რა თქმა უნდა, სურვილი და არაერთი მცდელობა გვქონდა, წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ კომენტარი თავად "აჭარა ჯგუფის" წარმომადგენლებისგან მიგვეღო, თუმცა უშედეგოდ. როგორც აგვიხსნეს, ადჯარანეტ.ცომ-ის მარკეტინგის მენეჯერს ცოტა ხნის წინ დაუტოვებია თანამდებობა, ამიტომ არკვევდნენ, ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან, თუმცა კომპანიისგან პასუხი წერილში გამოთქმულ ბრალდებებზე ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

გასაკვირია, მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანაში შეზღუდულია ალკოჰოლის და კიდევ უფრო იზღუდება თამბაქოს ნაწარმის­ რეკლამირება, როცა მსუბუქი­ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის თემა განსჯის საგნად ქცეულა, ლეგალიზებული და ფართოდ რეკლამირებულია ფსიქოლოგიური ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ზოგჯერ ფატალური შედეგითაც მთავრდება. აზარტული თამაშების რეკლამის ყურებას ვებგვერდები მომხმარებელს, ფაქტობრივად, აიძულებენ, რეკლამა ხან თავისით გამოგიხტება ინფორმაციის გაცნობისას და ფულის მოგების შანსს გთავაზობს, ხანაც ფილმის ყურებისას გახსენებს თავს. ზოგჯერ "სკიპის" (გადახტომის) ფუნქციაც კი არა აქვს, რომ გამორთო. საქართველოს კანონი "რეკლამის შესახებ" აზარტული თამაშების პროპაგანდას არ არეგულირებს. წინა მოწვევის პარლამენტში იყო მცდელობა და კანონპროექტიც არსებობდა, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამირების შეზღუდვას გულისხმობდა, მაგრამ მან დღის სინათლე ვერ იხილა, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების ბიზნესის ძლიერი ლობისტების გამო, რომლებსაც ეს კანონპროექტი დიდი შემოსავლების დაკარგვით ემუქრებოდა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ასეთი თამაშების რეკლამირება ფართოდ ხდება სხვადასხვა ტელევიზიით და საზოგადოებრივ არხზეც კი, რომელიც მოსახლეობისგან აკრეფილი გადასახადებით ფინანსდება(!).

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რომელიც აქტიურად მუშაობს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, რაც თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების უფრო შეზღუდვასაც გულისხმობს, ვკითხეთ, რატომ არ არის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი აზარტული თამაშების რეკლამირების რეგულირების საკითხი, მაშინ როცა თამაშდამოკიდებულება მწვავე სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
"გეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს პოზიციას. მყავს თანამოაზრეებიც საქართველოს პარლამენტში. ჩემი აზრით, ამ თემის დროც აუცილებლად მოვა, მთავარია, თანამიმდევრული ვიყოთ. ერთ რამესაც გულახდილად ვიტყვი - თუ ერთბაშად ბევრ ქარის წისქვილს შეეჭიდები, შესაძლოა, დონ კიხოტივით დაამთავრო. ამიტომ უნდა ავირჩიოთ, რომელ ქარის წისქვილს მოვუვლით პირველ რიგში და შემდეგზე როგორ გადავალთ. ახლა ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ თამბაქოს კანონმდებლობა და აუცილებ­ლად დავარეგულირებთ ონლაინ­აზარტული თამაშების საკითხსაც, მათ შორის, რეკლამირების თემას. ალბათ, გვეყოლება მოწინააღმდეგეები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს არის შემოსავლის უდიდესი წყარო, რომ დასაქმებული არიან ადამიანები. ასე ამბობენ თამბაქოს ინდუსტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს ადამიანები სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარჯზე იღებენ შემოსავლებს".

"სადაური აკრძალვებია და, ევროპული!"


ხელისუფლებას უყვარს სხვა ქვეყნის მაგალითების მოყვანა, ამიტომ გვინდა შევახსენოთ, როგორ რეგულირდება ონლაინ=აზარტული თამაშების რეკლამა საზღვარგარეთ. აზარტული თამაშობების რეკლამა ევროპის უმეტეს ქვეყანაში შეზღუდვებით ხორციელდება. ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს უფლება აქვთ, აზარტული თამაშების რეკლამის წესები საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრონ. მაგალითად, ლატვიის "აზარტული თამაშების შესახებ" კანონის თანახმად, აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამირება სათამაშო დაწესებულებების გარეთ.

ლიტვაში აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, გარდა უშუალოდ თამაშების ორგანიზატორი ფირმის, სამორინეს, ბინგოს სალონების და სხვა სათამაშო დაწესებულებების ტერიტორიისა. ესტონეთშიც იმავენაირად, აზარტული თამაშებისა და აზარტული თამაშების გასამართი ადგილების რეკლამა აკრძალულია. დაშვებულია რეკლამა უშუალოდ აზარტული თამაშების გასამართ ადგილებში და რეკლამა არ შეიძლება შეიცავდეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მოწოდებას.

ბულგარეთში აკრძალულია აზარტული თამაშების პირდაპირი რეკლამა, განსაკუთრებით, თუ ის მიმართულია არასრულწლოვნებისადმი.
ჰოლანდიაში "რეკლამის შე­სახებ" კანონის" თანახმად, აზარ­ტუ­ლი თამაშების რეკლამა არ არის აკრძალული. თუმცა არსებობს შეზღუდვები, მაგალითად, აზარტული თამაში უნდა იყოს განხილული როგორც გართობის ერთ-ერთი საშუალება, სადაც პირი ყოველგვარი გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე მიდის სათამაშოდ; რეკლამა არ უნდა ტოვებდეს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სამორინეში ან სლოტაპარატით თამაშს არ შეიძლება ჰქონდეს თამაშის მონაწილისთვის არასასურველი შედეგი; რეკლამის შინაარსი არ უნდა აცდუნებდეს მაყურებელს, რომ აზარტულ თამაშებში მოგების შედეგად, შესაძლებელი იქნება მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება; რეკლამა არ შეიძლება მიმართული იყოს არასრულწლოვანი პირებისადმი. აზარტული თამაშები დიდ ბრიტანეთში რეგულირდება რეკლამის შესახებ კომიტეტისა და სამაუწყებლო კომიტეტის აქტებით (CAP/BCAP ცოდეს). აზარტული თამაშების რეკლამა სამაუწყებლო მედიით აკრძალულია, გარდა ინტერაქტიული და დამატებითი სატელევიზიო მომსახურების სერვისებისა (ტელეტექსტი). სატელევიზიო რეკლამა დაშვებულია მხოლოდ ლატარიებისთვის, მათ შორის ეროვნული ლატარიისთვის.

სარეკლამო ხაფანგები მოზარდებისთვის


თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგი, პროფესორი: "ყოველი სარეკლამო ასპექტი იმგვარად არის გათვლილი, რომ პირდაპირ ადამიანის არაცნობიერზე მოახდინოს გავლენა, შექმნას მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილების შესატყვისი განწყობა. როცა ადამიანებს არა აქვთ მყარი, მტკიცე დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ, არა აქვთ ინფორმაცია, რამხელა რისკებს შეიცავს ამ თამაშებში ჩართვა, როგორ შეიძლება ეს გადაიზარდოს უკვე შემდგომში დამოკიდებულებაში, ანუ პათოლოგიურ მიჯაჭვულობაში.

ასეთი ადამიანები ილუზიაზე დამყარებული შინაგანი სიმშვიდით მშვიდად დგამენ ამ ნაბიჯს და შემდგომში აღმოჩნდება, რომ მარტივად ებმებიან ამ ხაფანგში, რომელიც უკვე მეტად სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს მათ და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ადამიანები კარგავენ ნებას, არჩევანს, მთლიანად მართული ხდებიან აზარტული თამაშებით. მატერიალური, სუფთა პრაგმატული კუთხით რომ შევხედოთ ამ პრობლემას, ეს ადამიანები აბსოლუტურ ბანკროტებად აქცევენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მათ გარემოს, ანუ ოჯახის წევრებს, უახლოეს სანათესავოს, რომლებიც ცდილობენ ამ ჭაობიდან მათ ამოყვანას. მაგრამ საბოლოო ჯამში, უდიდესი მატერიალური ზარალი კონკრეტული ადამიანისა და მისი გარემოცვის საბედისწერო შედეგია ხოლმე. შემდგომში
ერთადერთი, ვინც ამით მდიდრდება, არიან ისინი, რომლებიც ამ თამაშების რეკლამირებაში დიდძალ ფულს ხარჯავენ და ეს მათ უღირთ, რადგან დიდი სარგებელი აქვთ სხვა ადამიანების ცხოვრების ნგრევისა და გაუბედურების ხარჯზე.

ბავშვები სამუდამო ტყვეობაში...


მაია მგელიაშვილი, კოალიცია "ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" თავმჯდომარე:
"ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი შენიშნავდა, რომ ვებგვერდებზე ხშირად გვხვდება სარეკლამო ბანერები, რომლებიც ონლაინაზარტულ თამაშებში ჩართვას გვთავაზობს. გამიჭირდება თქმა, რა მიზნით თარგმნის და ახმოვანებს ქართულად ფილმებს "აჭარანეთი". შესაძლოა, ფინანსური დაინტერესება აქვს. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ონლაინთამაშებით ახალგაზრდებისა და განსაკუთრებით, არასრულწლოვნების დაინტერესება მართლაც დიდია.

ასეთი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში ყოფილა და გიდასტურებთ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მწვავე პრობლემაა.
ეს ბავშვები თამაშისთვის თანხას სხვადასხვა გზით შოულობენ - ქუჩაში მოწყალების თხოვნით, სხვადასხვა ნივთის გაყიდვით და ა.შ. ეს ბავშვები მხოლოდ ამით ცხოვრობენ, ანუ მათი ცნობიერება აზარტული თამაშებით არის ოკუპირებული, სხვა აღარაფერია მათთვის ღირებული.

კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, რათა ბავშვებს არ შეეძლოთ სხვისი საიდე­ნტიფიკაციო მონაცემებით ონლაინაზარტ­ულ თამაშებში დარეგისტრირება. უნდა ამაღლდეს მიზნობრივი ჯგუფების ცნობიერებაც, თუ რა შედეგი მოსდევს თამაშდამოკიდებულებას. უნდა ხდებოდეს ამ პრობლემის პრევენცია, რადგან თამაშდამოკიდებული ადამიანის რეაბილიტაცია ძალიან ძნელია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ შესაძლოა, თამაშდამოკიდებულებამ უბიძგოს ბავშვებს არაკანონიერი ქმედებისკენ თამაშისთვის საჭირო თანხის საშოვნელად. მძიმეა ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ფატალური შედეგებით სრულდება".

"ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა..."


ეკა ლომიძე, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი:
კანონმდებლობის თანახმად, 21 წლამდე ასაკის პირისთვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისთვის სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშებში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით შეამოწმოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკი, თუკი არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ შეესაბამება ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ვებ­გვერდებზე განთავსებულ ონლაინაზარტულ თამაშებში რეგისტრაციის პირობების სიმარტივეა. გაკვრით არის მითითებული, რომ არ შეიძლება თამაშში მონაწილეობდეს 18 წლამდე პირი, რეალურად კი რეგისტრაცია მარტივია 12-13 წლის ბავშვებისთვისაც. აუცილებელია, ასაკობრივი შეზღუდვა კანონში ჩაწერილ ფორმალობად არ დარჩეს და ონლაინთამაშების საიტების ადმინისტრაციამ დამატებითი ბარიერები დააწესოს 18 წლამდე პირებისთვის. რეკომენდაციის სახით შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ ადმინისტრაციამ რეგისტრაციის წესებში დაამატოს ვიზუალური, ვიდეოკონტროლი.

არის კანონის აღსრულების პრობლემაც. კანონში წერია, რომ არ შეიძლება თამაშებში არასრულწლოვნის მონაწილეობა და თუ ამის ნებას, თუნდაც არაპირდაპირ, იძლევა ვებგვერდის ადმინისტრაცია, ის არღვევს კანონს, ეს კანონდარღვევა კი ფულადი ჯარიმით ისჯება - პირველ ჯერზე 5.000 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 10.000 ლარით. ამაზე წაყრუება უკვე ხელისუფლების პრობლემაა.

P.S. კიდევ უფრო მეტ შეკითხვას ბადებს ხელისუფლების პასიურობა იმ ფონზე, როცა მთავრობის წევრების მხრიდან არაერთი დაპირება ყოფილა ონლაინკაზინოების რეგულირებასთან დაკავშირებით. მეტიც, სურვილების გარდა, ხელისუფლება კონკრეტულ გეგმებზეც საუბრობდა, როგორ უნდა გამკაცრებულიყო რეგისტრაციისას მოთამაშეთა კონტროლი, რათა არასრულწლოვნებსა და თამაშდამოკიდებულ ადამიანებს თამაშის შესაძლებლობა აღარ ჰქონოდათ. დღეს ხელისუფლება ამ თემაზე საეჭვოდ დუმს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სათამაშო ბიზნესისა და მისი ლობისტების გავლენის შედეგია.

ემა ტუხიაშვილი
გიორგი
11 აპრილი 2017 10:50
ყველაზე მძიმე პრობლემა ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის! ჩემი ძმა იყო ამ სენით შეპყრობილი და 23 წლის ასაკში თავი მოიკლა. ამიტო მძულს ყველა მთავრობა თუ ადამიანი ვინც ამ წყეული სენის წონააღმდეგ არაფერს აკეთებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
22-10-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა სკანდალურმა აუდიოჩანაწერებმა შეგაცვლევინათ თუ არა გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეთ ხმა საპრეზიდენტო არჩევნებში?