"იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელის მოსაკლავად იწევდა" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელის მოსაკლავად იწევდა"

"პატრული რომ მოვიდა, არ გაამხილეს ბიჭი დაჭრილი რომ იყო..."

დანაშაულის საგანგაშო სტატისტიკას ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობა შეემატა, რა დროსაც 47 წლის იური შამოევმა საკუთარი ვაჟი, 24 წლის მიშა შამოევი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. იური შამოევს სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) ედება ბრალი. მიშა შემოევს ერთი წლის შვილი დარჩა.

დანაშაულთან დაკავშირებით რთული გარემოებანი იკვეთება, რის შესახებაც დანაშაულში ბრალდებულის მეზობლები საუბრობენ, რომლებმაც გვთხოვეს, მათი ვინაობა არ გაგვემხილა.

- იური შამოევი ბოლო ხანს განსაკუთრებულად აგრესიული იყო, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ცოლთან ერთად, სამუშაოდ გერმანიაში წავიდა, თუმცა, 6 თვის წინ ორივეს დეპორტაციით მოუწიათ უკან დაბრუნება. მას შემდეგ კიდევ უფრო უცნაურად იქცეოდა, წვერი მოუშვა, დროდადრო უცნაურად ლაპარაკობდა... სავარუდოდ, პრობლემები ციხიდან დაეწყო, როცა ხულიგნობისთვის იხდიდა სასაჯელს.

იმ დღეს, როცა შვილი შემოაკვდა, რამდენიმე საათით ადრე მეზობელს უბრალო რაღაცაზე ისე ეკამათა, რომ სახლიდან რევოლვერი გამოიტანა და მის მოსაკლავად იწევდა. კაცი სახლში დაიმალა, კარი არ გაუღო. მან კი სახლი გარედან დაუცხრილა, მერე საკუთარ სახლში წავიდა და იქ ატეხა სროლა... კერძო სახლი აქვთ და კარს ესროდა, რატომ არის დაკეტილი, რატომ არ მიღებთო! ამ დროს, მისი ვაჟი, მიშა, კარს უკან მდგარა და ტყვია ფეხში მოხვდა, თუმცა პატრული რომ მოვიდა, არ გაამხილეს ბიჭი დაჭრილი რომ იყო... ამასობაში ბიჭი უკიდურესად ცუდად გახდა, საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, ვეღარაფერი უშველეს...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)