თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს

თელავში ყოფილ დეპუტატს ვასილ დავითაშვილს დაუდგენელმა პირმა საკუთარ სახლთან რვა ტყვია ესროლა. ვასილ დავითაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრი და თელავის ყოფილი მერია.

როგორც ცნობილია, ყოფილ დეპუტატს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. ამის შესახებ დაჭრილის მეზობელმა ეკატერინე სახიაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვასილ დავითაშვილს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მას ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშია არც ერთი არაა:

"სროლის ხმა გავიგე. რომ გამოვედი, აღარავინ ჩანდა. ვასო იწვა სისხლიანი საკუთარი სახლის კარებში. მეზობლები მოცვივდნენ და საავადმყოფოში წაიყვანეს. ვიცით, რომ გადარჩა. ხუთი ტყვია აქვს მოხვედრილი და აქედან ოთხი უკვე ამოღებულია", - განაცხადა ეკატერინე სახიაშვილმა.

ვასილ დავითაშვილი თელავის რაინულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით წარმოებს, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"