"ერთმა ჩემმა მეგო­ბარმა თავი მოიკლა, მეორეს ლომკა იმან დაუამა, რომ იარაღით მუხლი გაიხვრიტა" - ნარკომანი ქალის აღსარება - კვირის პალიტრა

"ერთმა ჩემმა მეგო­ბარმა თავი მოიკლა, მეორეს ლომკა იმან დაუამა, რომ იარაღით მუხლი გაიხვრიტა" - ნარკომანი ქალის აღსარება

"ლომკის დროს ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა თავი მოიკლა, მეორეს ლომკა იმან დაუამა, რომ იარაღით მუხლი გაიხვრიტა"

აქტიური მომხმარებელი 23 წლისა გავხდი... მადლობა ღმერთს, შვილები მანამდე მეყოლა. 20 წლის მანძილზე არაფერი შემიძენია, ყველაფერი დავკარგე - ახლობლების პატივისცემა, მეგობრები, ჯანმრთელობა და ლამის სიცოცხლეც...

ბოლო წლებში ღამის კლუბებში ექსტაზისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა თითქმის ლეგალურად შეიძლება, მომხმარებლის თქმით, ბიონარკოტიკი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ღამის კლუბებში გართობა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მათი გამოწერა ინტერნეტითაც შეიძლება.

38 წლის ნინო, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა, 20 წლის განმავლობაში მოიხმარდა სხვადასხვა ნარკოტიკს. დღეს მეტადონის პროგრამაშია ჩართული და ამბობს, რომ საშინელ სენთან და საკუთარ თავთან გამოცხადებულ ომში ერთი ბრძოლა მოიგო, სჯერა, რომ გამარჯვებასაც მიაღწევს.

"ისეთ ლომკაში ვიყავი, მამამ საკაცით მიმიყვანა ნარკოლოგიურში"

ნინო: - ანაშა პირველად ირაკლი ჩარკვიანის კონცერტზე მოვწიე. ქართველებს "სვეცკობა" გვევასება და ეს გვღუპავს. მოგვიანებით ჰეროინზე გადავედი და ნელ-ნელა ნარკოდამოკიდებული გავხდი. მადლობა ღმერთს, შვილები მანამდე მეყოლა. აქტიური მომხმარებელი 23 წლისა გავხდი, როცა კიევში წავედი საცხოვრებლად. კუსტარული ნარკოტიკი არ გამიკეთებია. 20 წლის მანძილზე არაფერი შემიძენია, ყველაფერი დავკარგე - ახლობლების პატივისცემა, მეგობრები, ჯანმრთელობა და ლამის სიცოცხლეც. საქართველოში ჩამოვედი და ერთი წელი მონასტერში ვიცხოვრე. ეს იყო უბედნიერესი წელი. რომ დავბრუნდი, ისევ შევჯექი წამალზე. მეუღლეც ჩემთან ერთად კაიფობდა. მარიხუანა ისეთი ნარკოტიკია, რომელსაც უფრო ძლიერ საშუალებაზე გადაჰყავხარ, მე ფსიქოტროპულებს ვამატებდი. ქალისთვის ნარკოტიკი დამღუპველია, ქალურ დაავადებებთან პირდაპირ კავშირშია. ოპერაცია დამჭირდა, ბაიკერ მეგობრებს დავურეკე და საოპერაციოდ გამზადებული საავადმყოფოდან გავიპარე.

გარეგნულადაც ძალიან შევიცვალე. ერთხელ მე და ჩემს მეუღლეს ქუჩაში მეგობარი შეგვხვდა. ვერ მიცნო და ჩემს ქმარს ჰკითხა, ცოლს დაშორდიო? ქეთი, ვერ მიცანი-მეთქი? გაოგნდა, ნინო ლამაზი იყო, შენ რას ჰგავხარო. მადლობა ღმერთს, შვილები ნარკოტიკებს არ ეკარებიან. ლომკის დროს ორჯერ ვცადე თვითმკვლელობა. ერთმა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა თავი მოიკლა, მეორეს ლომკა იმან დაუამა, რომ იარაღით მუხლი გაიხვრიტა.

სარეცხის ფხვნილისგანაც კი აკეთებენ ნარკოტიკს, ჩვენ ხომ უმაღლესი დონის ალქიმიკოსები ვართ - ჯეფი, ვინტი, კრაკადილი და ათასი უბედურების მოგონება შეგვიძლია. ბევრი ინტერნეტით იწერს, მეც გამომიწერია ექსტაზი, სხვისი ტელეფონით ვისარგებლე, ჩემით - არა. ეს ჯგუფები დახურულია, რაღაცაში უნდა იყო გაწევრებული. ამის გაკონტროლება შეუძლებელია, ევროპამ ვერ გააკონტროლა და ჩვენ რას ვიზამთ? 5 წლის წინ კიევიდან რომ ჩამოვფრინდი, ისეთ ლომკაში ვიყავი, მამამ საკაცით მიმიყვანა ნარკოლოგიურში. სანამ ჩემით არ მივხვდი, რომ ვიღუპებოდი, მანამდე არაფერმა და არავის რჩევამ არ გაჭრა.

კარგმა ადამიანებმა და მეტადონის პროგრამამ გადამარჩინა... მინდა ვუთხრა ყველას, ნუ მოაწერთ სიკვდილზე ხელს!

ნარკოდილერების ხრიკი - ლეგალური კაიფის პერიოდი

ხათუნა თოდაძე, ექიმი-ნარკოლოგი, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი: - ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალ დიდ ჯგუფზე, რომელიც მსოფლიოსთვის დიდი პრობლემაა. დიდი ნაწილი ახალსინთეზირებული ნივთიერებებია. მეთოდი, რომლითაც ისინი მზადდება, მარკეტინგულ ხრიკებთან არის დაკავშირებული.

სქემა ასეთია: თავდაპირველად შავ ბაზარზე ჩნდება ახალი ნივთიერება, რომელიც მანამდე უცნობი იყო როგორც სამედიცინო სფეროსთვის, ასევე მაკონტროლებელი სისტემებისთვის. რაღაც პერიოდის შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, იწვევს თრობას, გვერდით ეფექტებს და სახიფათოა. შემდეგ ის შედის სპეციალური, აკრძალული ნივთიერებების სიაში. ის პერიოდი კი - შავ ბაზარზე გამოჩენიდან კონტროლის სისტემაში მოხვედრამდე - ლეგალური კაიფის, ლეგალური ეიფორიის პერიოდია. ამ პერიოდში მასზე იურიდიული კონტროლი არ არსებობს და თავისუფლად მიდი-მოდის შავ ბაზარზე. მარკეტინგული ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ქიმიური ტექნოლოგიების საშუალებით ხერხდება ერთი ნარკოტიკული ნივთიერების ქიმიური სტრუქტურის ოდნავი მოდიფიცირების შედეგად მისივე მსგავსი, ახალი ქიმიური ნივთიერების წარმოქმნა, რაც სულაც არ ცვლის მის ეფექტს, მაგრამ სახელწოდების მიხედვით უკვე ახალი ნივთიერებაა. შესაბამისად, ისევ ჩნდება დროის ახალი მონაკვეთი, სანამ მას ჯერ ექიმები შეისწავლიან, მერე კი შესაბამის ორგანოებს შეატყობინებენ.

როგორც კი სასწრაფოს ექიმი ან ნარკოლოგი ნახავს გაურკვეველი ტიპის ინტოქსიკაციას, სწრაფად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცველებს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება ამ ნივთიერებების შემოსვლაზე.

- მაინც როგორ, სად და რა გზით ვრცელდება ეს ნივთიერებები?

- ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებები, ძირითადად, ისეთი ტიპიაა, რომელთაც ჩვენ საკლუბო ნარკოტიკებს ვეძახით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ბიო. ასევე ძალზე გავრცელებულია ე.წ. აბაზანის მარილები. თავიდან მის პაკეტს ჰქონდა წარწერა, რომ ეს იყო აბაზანის მარილი, მაგრამ დილერებმა კარგად იცოდნენ, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავდა. აბაზანის მარილები, ძირითადად, ფსიქოსტიმულატორებია, რომლებიც ეიფორიის ფონზე ორგანიზმის ფსიქიკური და ფიზიკური ფუნქციების სტიმულირებას იწვევს, მაგრამ მათაც ახასიათებს მძიმე მოვლენები (ზედოზირების მაღალი ალბათობა, სუნთქვისა და გულის მოქმედების დათრგუნვა, ფსიქოზური მოვლენები, გულყრა). გარდა ამისა, ბალახისა თუ მარილის შემადგენლობაში ხშირად არის არა ერთი, არამედ რამდენიმე ფსიქოაქტიური ნივთიერება და კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმისა და ფსიქიკის დაზიანების რისკი.

ამ ნივთიერებებს დილერები ავრცელებენ გადამზიდი, შუამავალი კომპანიებისა და ინტერნეტსაიტების საშუალებით. მართალია, მიდის მუშაობა, რომ საიტები დაიბლოკოს, მაგრამ ერთს დაბლოკავ, მეორე დარეგისტრირდება.

ვინაიდან ევროპის ქვეყნებშიც უჭირთ საკლუბო ნარკოტიკების აღკვეთა, ასეთ ხერხს მიმართეს: მაგალითად, შვეიცარიასა და გერმანიაში კლუბებთან დგას ლაბორატორია, სადაც პირს შეუძლია კლუბში ნაყიდი ნარკოტიკის ქიმიური ანალიზი ჩაატაროს და თავად დარწმუნდეს, რა საშინელებას მოიხმარს და როგორ ინადგურებს ჯანმრთელობას.

ასეთი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ნულოვანი უნდა იყოს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუ ამას ვერ ვახერხებთ, ახალგაზრდამ ის მაინც უნდა იცოდეს, რამდენად საზიანოა ესა თუ ის ნივთიერება.

- რამ განაპირობა ქვეყანაში ბიოს მომხმარებელთა რიცხვის გაზრდა?

- მიზეზი ბევრია, მაგრამ მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან ჭკვიანურად არის მოფიქრებული - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ახალგაზრდობა, რომელთაც უყვართ ექსპერიმენტების ჩატარება. ამასთან, გათვლილია ამ ნივთიერებების არაინიექციური მეთოდებით მოხმარება (მაგ. მოწევით, ინჰალაციით). სხვა კლუბური ნარკოტიკები ხშირად აბების საშუალებით მიიღება და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია და იაფი ღირს.

- რამდენი ნარკომომხმარებელია დღეს საქართველოში?

- ჩვენ გვაქვს მონაცემები მხოლოდ საინიექციო ნარკოტიკების მომხმარებლებზე. 2009 წელს საქართველოში იყო 40 000, 2012 წელს - 45 000, 2015 წელს კი 50 000, რაც ჩვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ამ რაოდენობაში არ იგულისხმება კლუბური ნარკოტიკებისა და მარიხუანას მომხმარებლები და საერთო რაოდენობა კვლევის ამ მაჩვენებლებს გაცილებით აღემატება.

ნანა ფიცხელაური