"განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც თურქულ ავიარეისს მგზავრი დააკლდა"
01-05-2017
"განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც თურქულ ავიარეისს მგზავრი დააკლდა"
ირანის მოქალაქეები საქართველოდან ევროკავშირის ქვეყანაში გაფრენას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ

გასულ კვირას სამართალდამცველ­ებმა ყალბი პასპორტებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების­ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. საქართველოს მოქალაქე­ებ­ისთვის ევროკავშირის ქვეყნებში­ უვიზოდ მიმოსვლის დაწყების შემდეგ ასეთი ფაქტები მოსალოდნელიც იყო.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი­ სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი­ თურქ­ეთის მოქალაქე ბერ­კანტ დ. იყო. მასთან კავშირი ჰქონდა რამდენიმე პირს (ვინა­ობა­­ დგინდება), რომლებმაც ირანელ­ებს ყალბი­ პასპორტ­ები დაუმზადეს.

ირანელებმა ორ-ორი ავიაბილეთი შეიძინეს. ერთი ნამდვილი პასპორტით,­ თითქ­ოსდა თურქეთში გასამგზავრებლად (ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქ­ალაქეები თურქეთთან
უვიზო მიმოსვ­ლით­ სარგებლობენ), მეორე კი ყალბი პასპორტით, ევროკავშირის ქვეყნის მიმართულებით...

ვიდრე ირანელები სასაზღვრო გამშვებ­ პუნქ­ტამდე მივიდოდნენ, სადაც მათთვის­ ბეჭედი უნდა ჩაერტყათ და გაფრენის უფლება მიეცათ, აეროპორტის პირველ სართულზე საპირფარეშოში შეიარეს, სადაც მათ თურქეთის მოქალაქე ბერკანტ დ. ელოდა. მან დოკუმენტებს ევროპის მიმართულებით საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი­
ყალბი თარიღ-დამღა დაასვა... ამის შემდეგ ირანელებმა მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილი, ირანუ­ლი პასპორტები წარუდგინეს, სადაც ბეჭედი ჩაურტყეს და თურქეთში გაფრენის უფლება მისცეს. ასე მოხვდნენ ირანელ­ები ნეიტრალურ დარბაზში, საიდანაც დაუბრკოლებლად შეიძლებოდა ორივე თვითმფრინავამდე მისვლა, რომელთაგან ერთი თურქეთში გაფრინდებოდა, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნის მიმართულებით.

ირანელები თურქეთის მიმართულებით თვითმფრინავში არ ჩამსხდარან, მათ ყალბი პასპორტით სცადეს ევროპაში მიმავალ თვითმფრინავში შეღწევა. სტიუარდესებს გაუჭირდებოდათ ამ დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმება... თუმცა, როდესაც შეიტყვეს, რომ თურქეთის მიმ­ართულებით ავიარეისს მგზავრებ­ი დააკლდა, ავიაკომპანიამ კი მათი მოძიება ვერ მოახერხა, ატყდა განგაში­ (ევროპის მიმართულებით მიმავა­ლი ავი­არ­ეისი თურქეთისას მცირე დრო­ით უსწ­რებდა და ირანელებმა გაფრენა ვერ მოახერხეს)­. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სავარაუდო დამნაშავეებზე ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვა, სწორედ ამიტომ სწრაფად მოხერხდა თურქეთის მოქალაქე ბერკანტ დ.-ს საპირფარეშოშივე­ აყვანა, რომელსაც ირანელებისგან სოლიდური თანხა ჰქონდა აღებული, ხოლო ერთ-ერთი ირანელი პირდაპირ ევროპული­ ავიარეისის თვითმფრინავის ტრაპიდან აიყვანეს...

განსაკუთრებით საინტერესოა იმ პირთა ვინაობა, რომელთა დახმარებით ირანელებისთვის ყალბი პასპორტები მზადდებოდა. შესაძლოა, ისინი ქართველებიც აღმოჩნდნენ.­ დაკავებული ბერკანტ დ.-ს საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველი ყალბი თარიღ-დამღა და პასპორტები.­ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ასევე გამოავლინა თბილისში მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი სქემით უნდა ესარგებლათ.

მომხდარს ექსპერტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი­ სანიკიძე ამგვარად აფასებს:
- მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენთვის სასიკეთო ცვლილებებს მსგავსი სახის არასასიამოვნო მოვლენებიც მოჰყვებოდა.­ სავარაუდოდ, ეს ერთეული შემთხვევა არ იქნება­ და საჭიროა კონტროლის გამკაცრება.

- ირანის მოქალაქეებს ამ შემთხვევაში რა მიზანი ჰქონდათ?

- ირანის მოქალაქეებს ვერანაირად ვერ დავუკავშირებ იმ ტერორისტულ ქსელს და აქტივობებს, რომელთა სამიზნეც ევროკავშირის ქვეყნებია. იმაზე, რაც წლების განმავლობაში ევროპაში ხდებოდა, პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" ან "ალ-ქაიდა" იღებდა. ეს უკანასკნელები კი ირანის პირველი მტრები არიან. ჩემი აზრით, ირანელებს ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრა სურთ, რაც მათთვის იოლი არ არის. უფრო საფრთხის შემცველი იქნებოდა, მაგალითად, სირიის ან ერაყის მოქალაქის იმგვარივე სქემით ევროკავშირის ქვეყანაში გადაყვანა. ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთ­ხილე გვმართებს. ვფიქრობ, მსგავსი სქემის გამოყენებით ევროკავშირის ქვეყანაში გადაპარვა უფრო საჰაერო გზით არის შესაძლებელი. პირადად მე სახმელეთო გზით საზღვარზე გადაპარვა წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები