"დედასთან დაურეკავს, უთქვამს, სახლში "ტრუპი" მყავსო და წასულა" - კვირის პალიტრა

"დედასთან დაურეკავს, უთქვამს, სახლში "ტრუპი" მყავსო და წასულა"

"ბრალდებული გარდაცვლილს ღალატს აბრალებდა... კომპიუტერის კაბელით მოუხრჩვია, მერე დედასთან დაურეკავს, უთქვამს, სახლში "ტრუპი" მყავსო და წასულა"

გასულ კვირას ოთხი შვილის დედა, 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულია მისი შვილის მამა, 41 წლის გიორგი ჯანაშვილი. პოლიციამ ჯანაშვილი მალევე დააკავა. როგორც ირკვევა, თათიას ყოფილ ქმართან პრობლემები ჰქონდა და არაერთხელ მიმართა სამართალდამცავებს, მაგრამ მისი სიცოცხლის დაცვა ვერავინ შეძლო.

მკვლელობა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ადვოკატ სოსო ჯოგლიძის ბინაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატის გერია, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს ჯოგლიძე, რომელიც ბრალდებულის ინტერესს იცავს.

სოსო ჯოგლიძე, ადვოკატი: - დაბადების დღეზე ვიყავი. ღამის 12 საათზე პროკურორმა მიშა ჩხეიძემ დამირეკა და მითხრა, შენს სახლში მკვლელობა მომხდარაო. გიორგის ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლავს ქალი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს. ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ჯერ საფრანგეთში ყოფნისას იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მერე - საქართველოში.

- თქვენს ბინაში როგორ აღმოჩნდნენ?

- ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. დღის 2-ის ნახევარზე ამოსულან ჩემს ბინაში და კონიაკი დაულევიათ. ბრალდებული გარდაცვლილს ღალატს აბრალებდა. მას კი უთქვამს, გღალატობ, რადგან ის ფულს მაძლევსო. კომპიუტერის კაბელით მოუხრჩვია, მერე დედასთან დაურეკავს, უთქვამს, სახლში "ტრუპი" მყავსო და წასულა. დედამისმა კი პოლიციაში დარეკა.

- ისინი დაქორწინებული არ იყვნენ, მაგრამ გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

- რადგან საერთო შვილი ჰყავთ, საქმე ოჯახურ დავად განიხილება, სხვა შემთხვევაში მას განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ბრალდებული ბევრჯერ არის ნასამართლევი ქურდობისთვის. ბოლოს საფრანგეთში დააკავეს. მისი დეპორტაცია 2013 წელს მოხდა.

- ამბობენ, რომ გიორგი თქვენი გერია. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდით?

- მე ცოლი მყავს. დედამისი ჩემი საყვარელი იყო და ისინი დროებით ცხოვრობდნენ ჩემს ბინაში.

მოკლული თათია ვაჩეიშვილის მეგობარი: - თათიას სამი შვილი ჰყავს პირველი მეუღლისგან. მისი მეუღლე წლების წინ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა, ორი თვის წინ კი აღესრულა. თათიამ მერე გაიცნო ჯანაშვილი. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქმართანაც და დედამთილთანაც. მერე ბინა იქირავეს. სამი თვის იყო პატარა, თათიას ქმარმა ცემა რომ დაუწყო. ერთ დღეს 12-ჯერ გამოიძახეს პოლიცია. ერთხელ შუათანა გოგონას ზურგში ისე ჩაარტყა, ბავშვმა გონება დაკარგა. ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ გიორგი ბავშვის ნახვას იმიზეზებდა და ოჯახს აწიოკებდა. თათია სახლში არ უშვებდა. პოლიციასაც არაერთხელ მიმართა, მაგრამ ბოლოს იმედი დაკარგა, რომ ვინმე დაიცავდა, ამიტომ სახლში აყალმაყალი რომ თავიდან აერიდებინა, როცა გიორგი ურეკავდა, თვითონ გადიოდა და სხვაგან ხვდებოდა. იმ დღეს მასთან შესახვედრად რომ გავიდა და შინ არ დაბრუნდა, ბავშვებმა დაურეკეს, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

რაც შეეხება გიორგის, ფსიქიატრიული პრობლემა გამოგონილია. ეს მაშინ დასჭირდათ, როცა თათიას ბინის კარს ცეცხლი წაუკიდა, ჩვენი მეგობარი რომ არ მისულიყო, ყველა დაიწვებოდა. ეს ამბავი რომ გაემართლებინათ და ციხეში არ წასულიყო, სიგიჟე მოიგონეს. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თათიას რამდენჯერმე სცემა. მერე შემაკავებელი ორდერიც გაიცა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ერთხელ მთვრალი დედამთილიც მიუვარდა. მაშინ სწორედ ადვოკატმა ჯოგლიძემ წაიყვანა ის ქალი. მოკლულს სხეულზე უამრავი დაზიანება ეტყობოდა. ალბათ, მკვლელობამდე აწამეს. თუ ბრალდებული არ დაისაჯა და ფსიქიატრიულში მოათავსეს, ბავშვების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

მოკლულის შვილები დღეს 86 წლის მოხუც ბაბუასთან ერთად ცხოვრობენ. სამი არასრულწლოვნიდან ყველაზე პატარა ორი წლის არის. ალბათ, და-ძმაზე ზრუნვა 19 წლის გოგონას მოუწევს.

წელს 752 შემაკავებელი ორდერი გაიცა

ელისო ამირეჯიბი, ოჯახში ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის ერთ-ერთი ხელმძღვანელი: "შემაკავებელ ორდერს გამოსცემს საპატრულო პოლიცია და გაიცემა მაქსიმუმ ერთი თვით, რასაც აკანონებს სასამართლო. დამცავი ორდერი მაქსიმუმ 6 თვით გაიცემა. სამწუხაროდ, ხშირად მოსამართლე ვერ აფასებს რისკს, პროკურატურა კი არ აღძრავს სათანადო კვალიფიკაციით საქმეს. პრობლემაა ისიც, რომ ორდერის გამოცემის შემდეგ არ მიმდინარეობს მონიტორინგი, არღვევს თუ არა მოძალადე მას. თუ დაირღვევა, მსხვერპლმა მაშინვე უნდა მიმართოს პოლიციას. პირველი დარღვევის შემთხვევაში პირს ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება, თუ კიდევ დაარღვია, მაშინ - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. კარგი იქნებოდა, მოქმედებდეს სამაჯურების სისტემა - სამაჯური უკეთდება მოძალადეს და განსაზღვრულ რადიუსზე მიახლოებისას ეცნობება პოლიციას. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ვიცი, გაეროს ქალთა დაცვის ორგანიზაცია მზად არის, სამაჯურები შეიძინოს. ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის".

თეა ხურცილავა