ჯოხაძეების საძმოს შურისძიება?
08-05-2017
ჯოხაძეების საძმოს შურისძიება?
სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეში არ ფიგურირებდა გიორგი შარაშენიძე, მაგრამ ამბობენ, რომ ჯოხაძეების საძმოსთვის მთავარი იყო, ბადუკა ნათობაძის რომელიმე მეგობარზე ეძიათ შური

3 მაისს ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის გიორგი შარაშენიძე საკუთარ ავტომანქანაში ავტომატით ჩაცხრილეს, როდესაც იგი სახლთან, სადაც ბინა ჰქონდა­ ნაქირავები, მანქანას აჩერებდა. მეზობლებმა დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა 13 მასრა და 5 ტყვიის გულას ფრაგმენტი იპოვეს. ცხელ კვალზე დანაშაულში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. სამივე
მათგანი წარსულში ნასამართლევია, ორს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო მათ მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობაში. ეს უკანასკნე­ლი სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა. გამოძიების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი­ შარ­აშენიძეს კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი
ჯოხაძის ძმის, სოსო ჯოხაძის მეგობრებთან ბადუკა ნათობაძის გამო - ამ ვერსიის მიხედვით, ეს უკანასკნელი შარაშენიძის მეგობარი იყო, დაკავებულები კი ჯოხაძეების მეგობრები არიან...

შეგახსენებთ, სოსო ჯოხაძე გასული წლის 2 სექტემბერს ვაკეში, მანქანაში ჩაცხრილეს და ბრალდებული სწორედ ბადუკა ნათობაძეა.
სოსო ჯოხაძის მკვლელობიდან მალევე დაიწყო საუბარი, რომ მოსალოდნელი იყო ნათობაძის სამეგობროზე შურისძიება. მაშინ ნათობაძის ფეხმძიმე ცოლიც წავიდა საქართველოდან, მის ოჯახს კი სამართალდამცავები იცავდნენ. თავად ბადუკა ნათობაძე სამარტოო საკანში გამოკეტეს. როგორც ამბობდა, ჯოხაძემ ცოლის თვალწინ­ შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ მოკლა. ამ საქმეში არ ფიგურირებდა გიორგი შარაშენიძე, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ჯოხაძეების საძმოსთვის მთავარი იყო, ნათობაძის რომელიმე მეგობარზე ეძიათ შური და გიორგი შარაშენიძე შეარჩიეს.

ნონა ფილაური, ადვოკატი: -
შემთხვევის ადგილის ახლოს ვცხოვრობ. იმ საღამოს ოთხი გასროლის ხმა გავიგონე­. გარეთ გავედი და დავინახე, რომ ჩემი სახლიდან 3-4 სახლის იქით ხალხი ირეოდა. დაჭრილი უკვე წაეყვანათ საავადმყ­ოფოში. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ.
გიორგი კონფლიქტში შემჩნეული არავის გვინახავს. გაიჟღერა ჯოხაძეების გვარმაც, ისინი ადრე ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, თუმცა მერე სხვაგან გადავიდნენ. იმ საქმესთან რა კავშირშია ეს მკვლელობა, ვერ გეტყვით, თუმცა, ეს ვერსიაც არსებობს.
ჩვენი ინფორმაციით, გიორგი შარაშენიძეს ადრეც დაესხნენ თავს, მაგრამ მაშინ სიკვდილს გადაურჩა. დაისაჯნენ თუ არა თავდამსხმელები, ან რა იყო თავდასხმის მოტივი, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის გიორგი შარაშენიძეს რამდენჯერმე ჰქონია პრობლემები ე.წ. ბიოს მოხმარე­ბის გამო.

სოსო ჯოხაძის მკვლელობის მომენტი


2016 წლის 2 სექტემბერს ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სოსო ჯოხაძე ჩაცხრილეს...
არსებული ინფორმაციით, მანქანაში სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგიც იჯდა. მედიის ინფორმაციით, ძმები ჯოხაძეები ე. წ. პლეხანოვის საძმოს ლიდერები იყვნენ. გიორგი ჯოხაძე წარსულში ოთხჯერ არის გასამართლებული. ნასამართლევი იყო სოსო ჯოხაძეც. ჯოხაძეების სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს

თეა ხურცილავა
erekle
17 მაისი 2017 15:18
სისულელეებს წერთ, მანქანას "ახევდა" "შარა" და ბიჭებმაც შესაბამისად უპასუხეს
ლუკა
17 მაისი 2017 09:51
როგორ ხდება, რომ ადამიანი 4 ჯერაა ნასამართლევი და ისევ გარეთ დასეირნობს. ჩემნაირმა რომ 1 დანაშაული ჩაიდინოს, ციხეში ამოალპობენ.
ქეთი
17 მაისი 2017 09:47
ესეც დაბრუნება ბნელ 90-იან წლებში. აღარავინაა ქუჩაში უსაფრთხოდ დღისით მზისით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები