"გოგო საავადმყოფოდან 120 კილომეტრის მოშორებით წაიღო და მდინარეში ისეთ ადგილას ჩააგდო, რომ დინებას ცხედარი ზღვაში ჩაეტანა" - კვირის პალიტრა

"გოგო საავადმყოფოდან 120 კილომეტრის მოშორებით წაიღო და მდინარეში ისეთ ადგილას ჩააგდო, რომ დინებას ცხედარი ზღვაში ჩაეტანა"

"ვფიქრობთ, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა, აბა, ექიმმა პაციენტი რატომ უნდა მოკლას?!"

"ერთ-ერთი ვერსიით, დიანა ორგანოებით ვაჭრობის მიზნით მოკლეს"

უკვე რამდენიმე დღეა ბერძნული და ქართული მედიასაშუალებები საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ქალის დაღუპვის ამბავზე წერენ და ვითარების გარკვევას ცდილობენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში 36 წლის ქალი, 3 შვილის დედა, დიანა ბერიძე გაუჩინარდა. მისი ცხედარი ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ, სალონიკის მახლობლად, ზღვისპირა სოფელში აღმოაჩინეს, სადაც მდინარემ გამორიყა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ქობულეთშია დაბადებული და გაზრდილი. ქობულეთელი მეზობლების თქმით, მამის გარდაცვალების შემდეგ ბერიძეებმა სახლი გაყიდეს, დიანა კი დედასთან ერთად, საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა, სადაც 6 წლის წინ ბერძენ მოქალაქეზე დაქორწინდა. ბერძნული მედიის ინფორმაცით, სამართალდამცავები ქალის გარდაცვალებას მკვლელობის მუხლით იძიებენ, აღნიშნულ საქმეში ბრალდებული კი 38 წლის ბერძენი ექიმია, რომელიც უკვე დააკავეს.

ჩვენ საბერძნეთში გარდაცვლილის ახლობლებს დავუკავშირდით. რომელთაც მომხდარი ტრაგედიის შესახებ გვიამბეს:

ნუნუ ბლიაძე:

- მომხდარით გაოგნებულები ვართ, აქამდე არც გამიგია, რომ ექიმს პაციენტი ასე ვერგულად მოეკლას. ამ ამბავზე საბერძნეთის ტელევიზიებმაც კი ატეხეს განგაში, - ბევრი ემიგრანტი იღუპება, არ მახსოვს ვინმეზე ამდენი ელაპარაკოთ. დიანამ რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო, შესაძლოა ამიტომაც აქცევენ ამხელა ყურადღებას.

დიანას ფეხებზე ვენები აწუხებდა და ანგიოლოგთან ვიზიტზე წავიდა და  ოჯახმა იცოდა, სად და რატომ მიდიოდა. ვინ იფიქრებდა, რომ ექიმი ამისთანა რამეს ჩაიდენდა...

- გავრცელებული ინფორმაციით მან ბერძენი ანგიოლოგი სოციალური ქსელით გაიცნო და შეხვედრაზეც ასე შეუთანხმდა. ეს იმ დროს, როცა ექიმის სამუშაო და გარდაცვლილის საცხოვრებელი ადგილები ათეული კილომეტრებით იყო დაშორებული ერთმანეთთან. პაციენტს კი შეეძლო ოპერაცია გაცილებით ახლოს, ქალაქ ათენში გაეკეთებინა.

- დღეს სოციალურმა ქსელებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, ყველა ასე არ ვამყარებთ პირად თუ საქმიან ურთიერთობებს? 38 წლის ექიმი, რომელიც დააკავეს, ოფიციალურად თესალონოკიის "იპოკრატიოს" საავადმყოფოში მუშაობდა. როგორც ჩანს, დიანამ მას თავისი გასაჭირი მისწერა, მანაც უპასუხა და ასე გააბეს კონტაქტი.

როგორც ახლა გაირკვა, ექიმი დიანას, ფაქტობრივად, აძალებდა, ვენებზე ოპერაციის გაკეთებას. ის ექიმს ენდო, ვიზიტზე წავიდა და სწორედ ამის შემდეგ გაქრა. ქმარმა იცოდა სადაც და რატომაც მიდიოდა ქალი, ამიტომაც დაიწყო მისი ძებნა იმავე დღესვე, - 26 აპრილს, როცა დიანა სახლიდან გავიდა და მთელი დღე არ გამოჩნდა.

ქმარმა, თესალონოკიის პოლიციას დაურეკა, - ჩემი ცოლი ამა და ამ საავადმყოფოში გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულაო. პოლიციამ საავადმყოფო და ექიმი მოძებნა. ძიება ექიმის აბდაუბდა პასუხების შემდეგ დაიწყო - ჯერ გაიძახოდა თურმე, ჩემთან მსგავსი პაციენტი არ მოსულაო. მაგრამ როცა პოლიციამ საავადმყოფოს ვიდეოთვალის ჩანაწერები და დიანასთან ტელეფონზე საუბრებიც ამოუქექა, მაშინ განაცხადა, გამახსენდა, ამ პაციენტს ოპერაცია გავუკეთე, მაგრამ შემდეგ სახლში წავიდა და მის შესახებ აღარაფერი მსმენიაო. ამის მერე 8 დღეში დააკავეს.

როგორც ჩანს, ვიდრე პოლიციამ უტყუარი სამხილი არ ნახა, ვერ დაიჭირეს.

ამბობენ იმასაც, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერებში ჩანს, რომ ექიმმა საავადმყოფოდან რაღაც მძიმე ჩანთა გაიტანა და მანქანაში ჩადო...

საწყალი გოგო საავადმყოფოდან 120 კილომეტრის მოშორებით წაიღო და იქ მდინარეში ისეთ ადგილას ჩააგდო, რომ ცხედარი  მდინარეს ზღვაში ჩაეტანა. რას იფიქრებდა, რომ მდინარე გვამს გამორიყავდა... ან დიანა მდინარემ ზღვაში კი არ წაიღო, სოფელში გამორიყა.

- ცხედრის პოვნის შემდეგ ექიმმა პაციენტის მკვლელობა აღიარა? მიზეზად რა დაასახელა?

- ჯერ არაფერიც უღიარებია. ადვოკატი აიყვანა და დუმილის უფლებას იყენებს. გვეშინია, ამ ნაძირალამ რაიმე გამამართლებელი საბუთი არ მოიფიქროს. ვფიქრობთ, რომ ფსიქიკური გადახრები ჰქონდა, აბა, ექიმმა პაციენტი რატომ უნდა მოკლას?!

- არსებობს სამედიცინო შეცდომებიც. ხომ შეიძლება ექიმს პაციენტი ოპერაციაზე დაშვებული შეცდომისას შემოაკვდა და კვალის დაფარვა სცადა.

- იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ბოლო ინფორმაციით, ამ საქმეზე კიდევ 2 ექთანი დააკავეს.

- ცხედრის ქსპერტიზით რა სამხილები გამოვლინდა?

- ჯერჯერობით ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს, ერთადერთი რაც თქვეს, ექიმს რაღაც დასაძინებელი საშუალება აქვს დიანასთვის მიცემული. ექსპერტიზის საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იქნება. ერთ-ერთი ვერსიით, დიანა ორგანოებით ვაჭრობის მიზნით მოკლეს, თუმცა ოფიციალურად ეს არავის დაუდასტურებია, მეტიც, ითქვა, რომ პირველადი დათვალიერებისას ორგანოების ამოღების კვალი არ ჩანდა.

რაც შეეხება დაკრძალვას, დიანას საბერძნეთში დაკრძალავენ, როგორც კი ექსპერტიზა დასრულდება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)