ტყიბულის ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

ტყიბულის ტრაგედიის დეტალები

ტროსის გამოცვლისას უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს. ამისთვის მონტაჟდება ორი რკინის შველერი, რომელსაც ეყრდნობა ლიფტი. გარდა ამისა, მეშახტეებს უსაფრთხოების ღვედებიც უნდა ეკეთოთ

მეშახტეებს უსაფრთხოების ღვედები არ ეკეთათ და ლიფტიც ერთ რკინის შველერზე იყო დაყრდნობილი. გამოცვლისას ტროსი მოწყდა. შვიდტონიან ლიფტს ვერც რკინის შველერმა გაუძლო და ლიფტი შახტში ჩავარდა, თან ჩაიყოლა ბიჭებიც

9 მაისს ტყიბულში, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში გეგმური სარემონტო სამუშაოების შესრულებას ოთხი მაღაროელი შეეწირა. დაღუპული მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) ძებნა 10 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე დასრულდა. ტრაგედიის მიზეზებზე ოფიციალური პირები არ საუბრობენ, არაოფიციალური ინფორმაციით კი, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების არარსებობამ განაპირობა. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო...

თვითმხილველთა და მაღაროელების მონაყოლით შევეცდებით, დაწვრილებით აღვწეროთ, რა მოხდა 9 მაისის საღამოს მინდელის სახელობის შახტში.

"შვიდტონიან ლიფტს, რომელსაც ტროსი მოხსნეს, ვერც რკინის შველერმა გაუძლო და შახტში ჩავარდა"

თვითმხილველი (ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა): - ლიფტის ძირი მომრგვალებულია, მასში იყრება ნახშირი. სტანდარტის შესაბამისად, ლიფტის ტროსი უნდა შემოწმდეს წელიწადში ორჯერ და დასკვნის საფუძველზე შეიცვალოს. ეს ოთხეული ტროსს ცვლიდა და ამისთვის ლიფტის ძირი დააყრდნეს რკინაბეტონის კონსტრუქციას, რათა მას ლიფტი დაეკავებინა. ასეთ დროს ორი რკინის შველერი მონტაჟდება, თუმცა ამჯერად ლიფტი ერთ შველერს დააყრდნეს და ისიც ცუდად იყო დამაგრებული. ჩანს, დაღუპულები შინ წასვლას ჩქარობდნენ, მათ არც უსაფრთხოების ღვედები ეკეთათ, ადგილზე მაკონტროლებელიც არავინ ჰყავდათ, რადგან ოფიციალურად დასვენების დღე იყო.

ტროსის გამოცვლისას მოხდა უბედურება... ჯერ მისი მოწყვეტის ხმა გაისმა, ამას ბიჭების განწირული ყვირილი მოჰყვა...

შვიდტონიან ლიფტს ვერც რკინის შველერმა გაუძლო და შახტში ჩავარდა, თან ჩაიყოლა ბიჭებიც...

ადამიანი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, "კვირის პალიტრასთან""კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე საუბრობს:

- შახტს ჰყავს სამაშველო სამსახური, თუმცა ძველი, საბჭოთა დროინდელი "კოლხოზნიკის" გარდა არაფერი აქვთ. ამ შემთხვევის დროს სწორედ მათ უნდა აღმოეჩინათ პირველი დახმარება, მაგრამ აღჭურვილობის უქონლობის გამო იძულებული გახდნენ, ქუთაისისა და თბილისის სამაშველო სამსახურებს დალოდებოდნენ.

"პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვინც პარლამენტში შრომის ინსპექციის იდეას ეწინააღმდეგება"

ლევან ბეშქენაძე, მეშახტე: -"უსაფრთხოების სამსახური თითქმის არ არსებობს. ჩვენი სამუშაოს ყოველი დღე სარისკოა.

- კერძოდ, რომელი უსაფრთხოების ნორმაა დარღვეული?

- რაც იაფი ჯდება კომპანიისთვის, ის უზრუნველყოფილია, მაგრამ ძვირი - ყურადღების მიღმაა. ხალხი უმუხრუჭო ან სუსტმუხრუჭებიანი ელმავლებით მოძრაობს. ხომ შეიძლება, უმტყუნოს ტექნიკამ და ტრაგედია ისევ მოხდეს?

შახტს გარეთ ერთმა ჩვენმა კოლეგამ სიცხის გამო ჩაფხუტი მოიხადა და ხელმძღვანელობამ დააჯარიმა - ჩამოაჭრეს ხელფასის 20%. რაც თვალში გხვდება, ყველაფერი დაცულია, ხოლო რაც ქვემოთ ხდება, იქ არის სწორედ გაუმართავი უსაფრთხოების სისტემა... ყველაფერს ვერ მოვყვები, რაც ირღვევა.

- გამოდის, ყოველი დღე სახიფათოა...

- ნახშირი ძალიან სუსტი ფენაა. ჩავდივართ მიწის ზედაპირიდან 400 მეტრზე, იქ არის მეთანი, ნახშირორჟანგი, ნახშირის მტვერი. ის ყველაზე სწრაფად იწვება და საშიშია.

- კომპანიის ხელმძღვანელობას ამაზე არ ელაპარაკებით?

- გვისაუბრია, მაგრამ ვის აინტერესებს? ყოველდღიურად 100-120 კაცია შახტში. ტრაგედიის დროს 25 კაცი იქნებოდა.

რემონტი ტარდება უქმე დღეებში, რათა ნახშირის ამოღების პროცესი არ შეფერხდეს. ბაგირებს ყოველ ექვს თვეში ამოწმებს ლაბორატორია. მისი დასკვნით ცვლიდნენ მას ამჯერადაც...

- ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?

- ყველამ, ვინც პარლამენტში შრომის ინსპექციის იდეას ეწინააღმდეგება, და კომპანია "ჯი-აი-ჯის" ხელმძღვანელობამ...

"სამწუხაროდ, ბიჭებს უსაფრთხოების დამატებითი ღვედებიც არ ეკეთათ..."

მირიან იმედაძე, მეშახტე: - ჩემი თანამშრომლები იმსხვერპლა სატვირთო ლიფტმა, რომელსაც 400 მ სიღრმიდან ამოაქვს ნახშირი. ამ ადამიანებს 15-20-წლიანი გამოცდილება ჰქონდათ... გეგმურ სამუშაოს ასრულებდნენ.

- ახლდათ თუ არა პასუხისმგებელი პირი ზედამხედველობის სამსახურიდან?

- წესით, იქ ცვლის ინჟინერი უნდა ყოფილიყო, იყო თუ არა, არ ვიცი... შახტში ექვსი ზეინკალი მუშაობდა.

ორი თვითმხილველი ცოცხალია. იარაღის მისაწოდებლად წავედი და რომ დავბრუნდი, აღარავინ დამხვდა, მხოლოდ ყვირილი გავიგონეო, - თქვა ერთ-ერთმა.

ეს შახტი 80-იანი წლებიდან მუშაობს. ყველაზე ახალია ტყიბულში. უამრავი ტრაგედია ხდება შახტში, 2009 და 2015 წლებში აფეთქებებიც მოხდა და მემანქანე დაიღუპა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია.

- ხომ შეიძლება, უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევა იყოს მიზეზი?

- უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, შეკეთებას სულ მცირე, 10 დღე მაინც დასჭირდებოდა. მათ კი 6 საათში გააკეთეს. ბოლო 10-მა წუთმა გადაწყვიტა მათი ბედი... ბიჭებს უსაფრთხოების დამატებითი ღვედებიც არ ეკეთათ - ეს ტროსის გაწყვეტისა და ლიფტის ჩავარდნის პრევენციისთვისაა. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ადამიანი დაშავდეს, მაგრამ არა სასიკვდილოდ...

"ეს იყო ტექნოლოგიური კატასტროფა"

ტყიბულში ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ეკონომიკის მინისტრი დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.

გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი: - კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება დავეხმარებით დაღუპულთა ოჯახებს. ეს იყო უფრო ტექნოლოგიური კატასტროფა. გამოძიება უსათუოდ დაადგენს ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს...

"აქ მნიშვნელოვანია ლიფტის დამაგრების სტანდარტი"

ოთარ კახიძე, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი: - პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს კომპანიამ, რომელსაც სტანდარტების შესაბამისად უნდა შეექმნა აქ დასაქმებული ადამიანების სიცოცხლისთვის პრევენციის ზომები. საკანონმდებლო რეგულაციები უნდა გატარდეს, ვალდებულებები აქვს ყველა დაწესებულებას, სადაც რისკებია. უნდა დაიწყოს გამოძიება...

მართალია, დაღუპულთა ოჯახებს ვერაფერი აუნაზღაურებს ამ დიდ დანაკლისს, მაგრამ ღირსეული კომპენსაცია აუცილებლად უნდა გაიღოს კომპანიამ.

- რა გზას ხედავთ პრევენციისთვის?

- პროფესიონალმა სპეციალისტებმა უნდა მოამზადონ აღწერა, დასკვნა, ჩატარდეს ექსპერტიზა და შეისწავლონ, რა უნდა გაკეთდეს მეშახტეების უსაფრთხოებისთვის. თუ დარღვევები გამოიკვეთა, ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

როცა ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, კომპანია ვალდებულია, შექმნას ისეთი პირობები, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა.

- ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მთავარი ტროსის შეცვლა ლაბორატორიული დასკვნიდან გამომდინარე...

- თუმცა აქ მნიშვნელოვანია ლიფტის დამაგრების სტანდარტი. ის რამდენიმე ტონას იწონის და ტროსის შეცვლისას სჭირდება რკინაბეტონის კონსტრუქციის საყრდენი. თუ არის მსუბუქი, ზედაპირული ბარიკადი, ცხადია, სტანდარტი დარღვეულია...

"მეშახტეები გეგმურ სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ"

კანონმდებლები უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტიანი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ... 2015 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, მთავრობამ შექმნა გარკვეული სისტემა. თუმცა, ეს მექანიზმი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ობიექტზე შესვლის თაობაზე თანახმაა...

მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" ლიდერი, პარლამენტარი: - უსაფრთხოების საკითხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა, როგორც კერძო კომპანიების, ისე ხელისუფლების მხრიდან. კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ დაღუპულები გეგმურ სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. ძალიან მალე გვექნება დადასტურებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ.

"ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო"

"კვირის პალიტრა" "ჯი-აი-ჯი ჯგუფის" წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა.

ლევან ვეფხვაძე, ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი:

- პრობლემები შახტებში არსებობს, თუმცა რამ გამოიწვია ეს შემთხვევა, გამოძიება დაადგენს. არა მგონია, სიმართლე ვინმემ დამალოს, ყველაფერი გასაჯაროვდება. გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებით მიდის.

- უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის კუთხით, კომპანიის ბრალეულობას გამორიცხავთ?

- კომპანიის ბრალეულობა რას ნიშნავს? კომპანია არის იურიდიული პირი, შესაძლოა გამოიკვეთოს კონკრეტული პირის დანაშაული, ბრალეულობა ან გადაცდომა.

- მეშახტეები ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურს აქვს ძველი ტექნიკა და ამიტომაც ვერ გაუწიეს დახმარება ბიჭებს...

- ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის პრობლემა არ არის... ყველაზე კარგად ნავარჯიშები და აღჭურვილი მაშველები თბილისში არიან. ამაზე აუცილებლად გვექნება მთავრობასთან ლაპარაკი... არ გვაქვს შესაბამისი მხარდაჭერა. ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ მაშველთა ძლიერი გუნდები. უსაფრთხოების ნორმები არ არის მხოლოდ ის, რაც გაწერილია, ადამიანებს სჭირდებათ მუდმივი გადამზადება. შრომის უსაფრთხოების ნორმების დამკვიდრება ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით არ ხდება, ამას სჭირდება კვალიფიციური კადრების მიერ პროფესიონალების მომზადება.

- მონიტორინგის სამსახური თუ ადევნებდა თვალყურს მაღაროში მიმდინარე სამუშაოს, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა?

- მონიტორინგის ვალდებულება გარკვეული ხნის წინ ავიღეთ. ამ შემთხვევაში რატომ არ იმუშავა მონიტორინგის სამსახურმა, ძნელი სათქმელია. ერთ-ერთი პირი, ვისაც ზედამხედველობის გაწევა ევალებოდა, სამწუხაროდ, დაღუპულთა შორისაა...

ჩვენ ეს სისტემა ნულიდან შევქმენით და მივყვებით გეგმას. სტანდარტები ძირეულად შეცვლილია უკეთესობისკენ... გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ გარკვეულ სამსახურებს ევალებათ კონტროლის გაწევა. წარმოუდგენლად დიდი ტრაგედია დატრიალდა...

- ამბობენ, მაღაროელები სტანდარტის შეუსაბამოდ ატარებდნენ სარემონტო სამუშაოს. ამ სამუშაოს 10 დღე სჭირდება, ისინი კი რამდენიმე საათში ასრულებდნენო...

- რამდენი დღე სჭირდება, არ ვიცი, ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. ადმინისტრაციისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა პროცედურა დაცული იყო.

- ცნობილია, რომ დაღუპულთა ოჯახები სადაზღვევო პაკეტით 10.000 ლარს მიიღებენ. კომპანია თუ აპირებს დახმარებას?..

- ამაზე საჯაროდ ლაპარაკი უხერხულია. თუმცა, ადმინისტრაცია ამწუთასაც ეხმარება მათ. ვერავინ და ვერაფერი აუნაზღაურებს ოჯახებს ამ დიდ დანაკლისს.

თორნიკე ყაჯრიშვილი