"ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა" - სროლა ინფექციურთან
თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელმა ინფექციური საავადმყოფოს პაციენტზე დაყრდნობით გაავრცელა.
პაციენტის ცნობით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა. "ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც", - განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.
ინფექციურ საავადმყოფოში გამომძიებლები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ინფექციური საავადმყოფოს ცენტრალურ კორპუსს უკანა მხრიდან, მესამე სართულის ერთ-ერთ ფანჯარაზე რამდენიმე ტყვია აქვს ნასროლი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"