"ფარცხალაძის საქმეს" პროკურატურა შეისწავლის?! - კვირის პალიტრა

"ფარცხალაძის საქმეს" პროკურატურა შეისწავლის?!

"ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული"

რა დარღვევები გამოავლინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიასა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის შეთანხმების კვლევისას? როდის გახდება საჯარო აუდიტორების დასკვნა? რატომ გადაეცა 2016 წელს ნაკვეთები "ბიესარ-სიდიჯი დეველოპმენტს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა? - სანამ ამ კითხვებს ოფიციალური პასუხი გაეცემა, "კვირის პალიტრისთვის" თბილისის ხელმძღვანელობის კონკრეტული გადაწყვეტილების კიდევ რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, "ბიესარ-სიდიჯის" ყოფილი გენერალური დირექტორი რაფიელ ელუაშვილი წლების განმავლობაში თბილისის მერიას ფულადი კომპენსაციის ან სანაცვლო მიწის ნაკვეთების გადაცემის მოთხოვნით მიმართავდა, თუმცა კომპანიას ნაკვეთები საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაეცა, ამ დროს კი "ბიესარ-სიდიჯის" 100%-იანი წილის მფლობელი უკვე ოთარ ფარცხალაძე იყო. კერძოდ, 2016 წლის 15 აპრილს თბილისის საკრებულო თანხმობას უცხადებს თბილისის მერიას, კომპანიას ნაკვეთების ჩანაცვლების მიზნით გადასცეს ნუცუბიძის ქუჩისა და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე ერთი ნაკვეთი - 1193 კვმ და ამავე ტერიტორიაზე არსებული მეორე 5 515 კვმ მიწა. აღსანიშნავია, რომ ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთის ფართობი 2302 კვმ-ს შეადგენდა. საკრებულოს დადგენილებაში ისიც ნათქვამია, რომ ჩანაცვლებული ნაკვეთების საერთო საპრივატიზებო საფასური 365.500 ლარს შეადგენს."

"აუქციონზე ფარცხალაძე უკონკურენტო შემსყიდველია"

"კვირის პალიტრასთან" დეტალებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია საუბრობს:

- აუდიტის სამსახური ამ ეტაპზეც დეტალების შესწავლის პროცესშია, შესაბამისად, სანამ მოკვლევა არ დასრულდება, დასკვნა ვერ გასაჯაროვდება. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ ორ საკითხზე. დიახ, აუდიტის სამსახურს აქვს ეჭვი - ხომ არ ხდებოდა თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სოლიდური ქონების ერთი პირის სასარგებლოდ განკარგვა? რამდენად სამართლიანად მოხდა დღეს უკვე ფარცხალაძის საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის 2012 წელს ახალი მაგისტრალის გაყვანის გამო მიღებული ზიანის კომპენსაცია მიწის ჩანაცვლებით, ადეკვატურად შეფასდა თუ არა მიწების ღირებულება? ნაკვეთების ღირებულება კითხვებს ბადებს, რადგან ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთი (რომელსაც ფარცხალაძის კომპანია ფლობდა) სამჯერ მეტად არის შეფასებული, ვიდრე იმავე პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაკვეთები გაიყიდა, ან საბაზრო ღირებულებით იყო შეფასებული.

- ანუ, ეს ნიშნავს, რომ ვერეს ხეობაში არსებული ნაკვეთის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს, რათა უფრო ძვირად ღირებული ნაკვეთით ჩაენაცვლებინათ?

- ზუსტი ციფრები, თანხა და სხვაობა აუდიტორების შესწავლილ საქმეებში ფიგურირებს, კონკრეტულ შეფასებას მოვერიდები. თუმცა, ფაქტია, რომ ფარცხალაძის კომპანიას (რომლის ჯერ 40%-იანი წილის მფლობელი იყო, მოგვიანებით კი 100%-იანი წილი შეიძინა) სამჯერ მეტი ფართობის ნაკვეთი გადაეცა, ვიდრე ვერეს ხეობაში ჰქონდა... თუმცა საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ფარცხალაძემ მიღებული ნაკვეთების მომიჯნავედ დამატებითი ფართობის შესაძენად მერიას აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკვეთის გარდა, უძრავი ქონებაც ირიცხებოდა, რაც ღირებულებას ზრდიდა. აუქციონი გამოცხადდა და ფარცხალაძის კომპანიამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე სხვა მიწის ნაკვეთები იყო შეფასებული, კომპენსაციით მიღებულს ახალი ნაკვეთი შემოუერთა.

აუდიტორების ყურადღებას აუქციონის პირობებიც იქცევს. როგორც გითხარით, ფარცხალაძის მოთხოვნილ ნაკვეთზე უძრავი ქონებაც ირიცხებოდა, თუმცა ეს მერიის მიერ გამოცხადებულ ღირებულებაში გათვალისწინებული არ იყო. აუქციონზე ფარცხალაძე უკონკურენტო შემსყიდველს წარმოადგენდა. როგორც კი მოკვლევა დასრულდება, ყველა დეტალი გასაჯაროვდება და ყველა დარწმუნდება, რომ მერიის საქმიანობის შესწავლისას დამატებითი კვლევა აუცილებელი იყო. ჩნდება ვარაუდი, რომ სახელმწიფომ ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა.

- დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დოკუმენტების პროკურატურისთვის გაგზავნას ვარაუდობთ?

- ჩვენს კომპეტენციაში არ შედის იმის მტკიცება, დანაშაული დაფიქსირდა თუ არა. სავარაუდოდ, დოკუმენტებს პროკურატურას გავუგზავნით, შეფასების ნაწილი კი მისი პრეროგატივაა...

საკრებულოსა და მერიის ვერსია "ფარცხალაძის საქმეზე"

ჯაბა სამუშია, საკრებულოს წევრი: - ფირმა, რომელმაც 2014 წელს ახალარჩეულ მერს კომპენსაციის მოთხოვნით მიმართა, დარეგისტრირებული იყო 2006 წელს და დამფუძნებლებად ისრაელის მოქალაქეებთან ერთად, ნიკა ალასანიაც (მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი) ფიგურირებდა. კომპანიის საკუთრებაზე ავტომაგისტრალმა მართლაც გაიარა, ამიტომ 2015 წელს, ანუ მაშინ, როდესაც კომპანიასთან ფარცხალაძეს კავშირი არ ჰქონდა, კომპენსაციისთვის მერიამ მართლაც შეარჩია ორი ნაკვეთი და საკრებულოს დასამტკიცებლად გადასცა, თუმცა მაშინ თვითმმართველობას მიწის ჩანაცვლების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ შერჩეული მიწები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა იმისთვის, რომ "ბიესარ-სიდიჯის" მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა...

შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ უკან, თბილისის მერიას დაუბრუნა მიწა. გადაწყვეტილების მიღება ტექნიკური შეცდომის გამო გაჭიანურდა - დოკუმენტში საკადასტრო კოდი არასწორად იყო მითითებული, რაც დაუშვებელია. სწორედ ამიტომ 2015 წლის მაისში ხელახლა ეყარა კენჭი ჩასწორებულ ვარიანტს საკრებულოში და კვლავ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. კიდევ ერთი დეტალი - თავდაპირველად საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიისთვის კომპენსაციის სახით 8 881 კვმ მიწა გადაეცა, თუმცა შემდეგ დაკორექტირდა და ნაკლები მიწის ნაკვეთის გადაცემა გადაწყდა. ამასობაში პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მიწის ჩანაცვლების საკითხი თვითმმართველობებს მიეღოთ. ამიტომაც დაბრუნდა მიწები ისევ მერიის საკუთრებაში. კანონდარღვევაზე საუბარი აბსურდია - მიწა "ბიესარ-სიდიჯის" 2015 წლის გადაწყვეტილებით გადაეცა, უბრალოდ, პროცესი გაჭიანურდა და საკრებულოში განხილვაც გაიწელა - ორჯერ დაინიშნა.

- აუდიტის სამსახური ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობაში მიწები სამჯერ მეტად შეფასდა, ვიდრე მიმდებარე ნაკვეთები და ფარცხალაძემ მომიჯნავე ნაკვეთიც აუქციონზე მასზე მორგებული პირობებით მიიღო.

- საბაზრო ღირებულებას საკრებულო არ განსაზღვრავს, ამას სამხარაულის ბიურო ადგენს...

თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილიც ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან მერია კანონის სრული დაცვით შეთანხმდა: - ფაქტია, მერიას კომპანიასთან ვალდებულება ჰქონდა, ამიტომ უწყებისთვის სულაც არ იყო მნიშვნელოვანი, ვინ იქნებოდა მფლობელი - ფარცხალაძე, პეტრიაშვილი თუ ვინმე სხვა. რა სარფიანი გარიგება დადო ნიკა ალასანიამ ოთარ ფარცხალაძესთან, ჩემთვის უცნობია, ეს მათი პირადი კომერციული საკითხია, მერიამ მხოლოდ კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იზრუნა.

მოგეხსენებათ, სააკაშვილის მმართველობისას ვერეს ხეობაში მიწები მისმა ბიძაშვილმა, ნიკა ალასანიამ შეისყიდა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი დეტალია - ნაკვეთები მაშინ არის ნაყიდი, როდესაც ახალი გზის გაყვანა უკვე გეგმაში იყო. ანუ, ეს იყო წინასწარ გათვლილი ნაბიჯი, რომ ალასანიასა და მის გარემოცვას დიდი კომპენსაცია მიეღოთ. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ უგულავას მერობის პერიოდში ნიკა ალასანიამ კომპენსაცია ვერ მიიღო, ჩვენი მმართველობის პერიოდში კი კომპანიამ ისევ სცადა კომპენსაციის მიღება. ვერავინ იტყვის, რომ მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო - სახელმწიფო პროექტმა კერძო ნაკვეთზე გაიარა, შესაბამისად, ან ფულადი კომპენსაცია უნდა გაცემულიყო, ან მიწის მონაცვლეობა მომხდარიყო. რატომ არ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა ალასანიას, უგულავას უნდა მოჰკითხოთ. ჩემი ვარაუდით, უგულავასა და სააკაშვილის გუნდებს შორის განხეთქილება უკვე არსებობდა და შეუთანხმებლობაც ამას უკავშირდება.

"არც კი ვიცი, ფარცხალაძე როგორ გამოიყურება"

ნიკა ალასანია ოთარ ფარცხალაძესთან ყოველგვარ გარიგებას გამორიცხავს: - კომპანია "სიდიჯი" 2006 წელს შეიქმნა, ანუ ოთხი წლით ადრე, სანამ ვერეს ხეობაში ახალი მაგისტრალის გაყვანის იდეა გაჩნდებოდა. ამიტომ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდება, რომ მიწები კომპენსაციის მიღების მიზნით შევისყიდეთ, სრული ბოდვაა. მაშინ კომპანიის 15%-ის მფლობელი ვიყავი და მართვის პროცესშიც ნაკლებად ვერეოდი. მოგვიანებით, კომპანია კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიასთან - "ბიესართან" გაერთიანდა, რის შემდეგაც ჩემი 15%-იანი წილი კიდევ უფრო შემცირდა. ამიტომ კომპანიის საქმიანობით ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული. ვადასტურებ, რომ როდესაც ვერეს ხეობაში გზის გაყვანა დაიწყო, ებრაელი პარტნიორები უკმაყოფილო იყვნენ - ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო უსამართლოდ მოიქცა და მერიისგან შესაბამისი კომპენსაცია უნდა მიეღოთ. მათ მთხოვეს, უგულავას შევხვედროდი და მისთვის კომპანიის პოზიცია გამეცნო. გიგის მართლაც შევხვდი, თუმცა მან მითხრა, რომ საქმე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტს შეეხებოდა, რომელიც უფრო მაღლა უნდა დაგვეყენებინა, ვიდრე კომპანიის ინტერესები. მისი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო. როდესაც გიგის პოზიცია პარტნიორებს გავაცანი, კიდევ უფრო გაცხარდნენ - ვერ დავარწმუნე მერის პოზიციის სისწორეში, ამიტომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მათთან კონტაქტის გასაწყვეტად, 2012 წელს კი საქართველოდან წავედი. ამიტომ არ მესმის, რა გარიგებაზე ლაპარაკობს ლილუაშვილი. ფარცხალაძეს არასოდეს შევხვედრივარ, არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება, მისი მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს ნანახი და ისიც ტელევიზორში. როგორც ჩანს, ახლა სურთ, მათი დანაშაული ჩემს სახელს ჩემი ოჯახის გამო დაუკავშირონ.

რას პასუხობს ბრალდებებს ფარცხალაძის ადვოკატი

მერაბ ჩიქოვანი, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: - თორდია გვიმალავს დასკვნას, რომლის გასაჯაროებასაც ერთი კვირაა აანონსებს, თუმცა საზოგადოებას მისი გამოძიებული ამ დრომდე არაფერი უხილავს. პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, თორდიამ დასკვნა გამოაქვეყნოს... უსაფუძვლო ბრალდებებისთვის მან პასუხი უნდა აგოს! ფარცხალაძეს არასოდეს ჰქონია კორუფციულ გარიგებაში შესვლის ინტერესი. მისი პოზიციაა, რომ თუ თორდია შესაბამის დასკვნას გვაღირსებს, სამართალდამცავებმა საქმე ობიექტურად შეისწავლონ.

- სავარაუდოდ, აუდიტის სამსახური დასკვნას პროკურატურას გადაუგზავნის, როგორ წარმოგიდგენიათ ობიექტური გამოძიება მაშინ, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ, უწყებას თავად ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა?

- ანუ გამოდის, ვერავისთან უნდა იმეგობრო და არც სახელმწიფო თანამდებობაზე სამსახურს დათანხმდე არასოდეს?! თორდია ყველაფრის მკადრებელი ადამიანია და სანამ ფარცხალაძის წარსულზე ილაპარაკებს, საკუთარ ბექგრაუნდს გადახედოს -როგორ აღზევდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად.

რუსუდან შელია