"ზუსტად ვიცოდი, რომ ამას ჩემს დაზე ანგარიშსწორებისთვის აკეთებდნენ" - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცოდი, რომ ამას ჩემს დაზე ანგარიშსწორებისთვის აკეთებდნენ"

"სიმართლის გარკვევის შემთხვევაში გამოძიება ხელისუფლების სადამსჯელო ინსტრუმენტს არ წარმოადგენს, როგორც ეს წინა ხელისუფლების მმართველობისას ხდებოდა"

სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს, თუმცა ზუსტად ერთ დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მის სიმამრს ეკუთვნოდა, რომელიც გარდაცვლილია... მოკლედ, პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. თავად ოთარ წოწორია ფაქტს დის საქმიანობას უკავშირებს:

- თავიდანვე ვამბობდი, რომ ყველაფერი ჩემი დის წინააღმდეგ დაგეგმეს - არასოდეს გამომიყენებია საბრძოლო ვაზნები, არც ვიცი, ის ნივთები, რაც ჩემი სახლიდან ამოიღეს, ოთახში როგორ გაჩნდა. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია და კანონიერად ვინახავ. ერთ-ერთი ბაბუაჩემმა ოცი წლის წინ მაჩუქა და ისიც გაფორმებულია. ზუსტად ვიცოდი, რომ ამას ჩემს დაზე ანგარიშსწორებისთვის აკეთებდნენ, ალბათ, მისი შეშინება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- ხომ არ გისაუბრიათ თქვენს დასთან, რა საქმეს უკავშირდება ანგარიშსწორება?

- ნონაც დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაცია მის წინააღმდეგ დაიგეგმა, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ ზეწოლა მის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: - როგორც კი გამოვლინდა, რომ სამართალდამცავების მიერ ამოღებული საბრძოლო ვაზნები არ ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას, გამოძიება მყისიერად შეწყდა. წარმოიდგინეთ, 6-7 წლის წინ მსგავსი შემთხვევა რომ მომხდარიყო, საქმე რა შედეგით დამთავრდებოდა.

- ანუ მოსამართლის ძმის სახლში სამართალდამცავები ისე შევიდნენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვის ეკუთვნოდა იარაღი? თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ქმედებით ხელისუფლებამ ნონა წოწორიაზე ზეწოლა სცადა.

- სტანდარტული პროცედურაა - გამოძიება ვალდებულია, ოპერატიული ინფორმაცია გადაამოწმოს. თუმცა გაირკვა, რომ იარაღი ოთარ წოწორიას გარდაცვლილი სიმამრის საკუთრება ყოფილა და გამოძიება მაშინვე შეწყდა. სწორედ ასეთი ფაქტები მიანიშნებს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიაზე - კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა სიმართლის გარკვევის შემთხვევაში გამოძიება ხელისუფლების სადამსჯელო ინსტრუმენტს არ წარმოადგენს, როგორც ეს წინა ხელისუფლების მმართველობისას ხდებოდა.

რუსუდან შელია