"დამიჭირეს და იზოლატორში მამაკაცთან ერთად შემაგდეს" - კვირის პალიტრა

"დამიჭირეს და იზოლატორში მამაკაცთან ერთად შემაგდეს"

"იქაური პოლიცია თავად არის შეკრული თაღლითებთან"

მართალია, ხელისუფლება უცხოეთში მიმოფანტულ ქართველობას სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ისევ ათასობით ქართველია. ისინი უცხოეთში სამშობლოდან ნებისმიერი რისკის და შეთავაზების ფასად მიდიან, რადგან სჯერათ, რომ უკეთესი მომავალი ელოდებათ. სამწუხაროდ, იმედგაცრუება დიდია, ხშირად დამღუპველიც.

მერი კულუხოვა-გაჩეჩილაძე: - ეროვნებით ოსი ვარ, ზნაურიდან. ქმარი ქართველი მყავდა, ორ შვილს ვზრდიდით და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. მეუღლე 20 წლის წინ დამეღუპა, რამდენიმე წლის წინ კი ჩემი ერთი ვაჟი ერთ-ერთმა ჩინოსანმა გაიტანა ავტომანქანით, მაგრამ ვერ ვიპოვე სამართალი. მითხრეს, მეორე შვილი რომ გყავს, ხომ არ დაგავიწყდაო? სამართალი საწყალი ხალხისთვის არ ყოფილა. ერთადერთი შვილი დამრჩა, სასწავლებელში ჩააბარა, სწავლის ფული მქონდა გადასახდელი, წელიწადში 800 დოლარი, მაგრამ ვერც ამას ვუხდიდი და როგორც ქართველების უმეტესობამ, მეც უცხოეთში, კერძოდ კი საბერძნეთში გადავწყვიტე სამუშაოდ წასვლა. იქ მეგობარი მყავს, მითხრა, აქამდე როგორმე ჩამოაღწიე და დაგეხმარებიო. გამომიგზავნა მოწვევა, მაგრამ საკონსულომ უარით გამომისტუმრა.

2007 წლის სექტემბერში არამიანცის საავადმყოფოს წინ მდებარე "ოქტავი-ტრაველის" ოფისიდან (ამჟამად "გრანდ ტურსი") საბერძნეთში მეგობარს პირადი მოხმარების ნივთები გავუგზავნე. ოფისში გავიცანი იქაური თანამშრომლები - მარინა შახბაზოვა და ერთი მამაკაცი. ვუთხარი, რომ საბერძნეთში მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. წასასვლელად სხვა გზებსაც ვეძებდი, მაგრამ ლეგალური არავინ არაფერი შემომთავაზა, ზოგი ავტობუსის საბარგულით, ზოგი კი ყუთით საზღვარზე გადაყვანას მთავაზობდა. უარს ვამბობდი, რადგან დიაბეტით ვარ დაავადებული.

ერთი სიტყვით, მარინამ და მისმა მეუღლემ (ასე გამეცნო იქ მომუშავე მამაკაცი) მითხრეს, რომ შეეძლოთ ჩემი საბერძნეთში გამგზავრება. საბუთებისთვის ჯერ 4.200 ევრო მომთხოვეს, საბოლოოდ კი 3.700 ევროზე შევთანხმდით. ოქტომბრის დასაწყისში მარინა დამიკავშირდა ჩემს მეზობლად მცხოვრები ალა მირუაშვილის მეშვეობით და მომთხოვა, საბუთები მიმეტანა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრა, საბუთები მზად არისო და ოფისში დამიბარა, სადაც მან და მისმა მეუღლემ 3.700 ევრო მომთხოვეს. თურქეთში უკვე არის საბერძნეთში გასამგზავრებელი ჯგუფი, რომელიც თურქეთში შენს ჩასვლას ელოდება და არ უნდა შეაფერხოო. გადავწყვიტე, პროცენტიანი სესხი ამეღო კერძო იპოთეკარისაგან ბინის გარანტიით.

ეს ამბავი სასწრაფოდ ვაცნობე მარინას. მითხრა, ხვალვე წახვალ საბერძნეთშიო. ორთაჭალის ავტოსადგურში დამიბარეს, იქ ვინმე ლუდა თაყნიაშვილი და დათო (რომლებიც თურქეთში მიმავალი ავტობუსების ოფისში მუშაობდნენ) უნდა მომეძებნა და მათთვის 3.700 ევრო გადამეცა. დათო თურქეთის ავტობუსით გამისტუმრებდა, იქ კი დამხვდებოდა ხალხი, გადმომცემდნენ საჭირო საბუთებს და საბერძნეთში გამამგზავრებდნენ. შეთანხმებისამებრ 3.700 ევროს ეკვივალენტი - 5.300 დოლარი ჩემმა შვილმა ოფისში პირადად გადასცა დათოს ჩემი და ჩემი ახლობლების თანდასწრებით. როგორც ლუდა თაყნიაშვილმა მითხრა, თურქეთში ჩემი პასპორტით უნდა გავმგზავრებულიყავი, იქ კი დამხვდებოდნენ ვინმე რომა და სავასი და საბერძნეთში გასამგზავრებელ პასპორტს გადმომცემდნენ. ლუდამ ფურცელზე დამიწერა სავას კურტიდისისა და რომას ტელეფონის ნომრები იმ შემთხვევისათვის, თუ თურქეთში ჩასულს არ დამხვდებოდნენ.

თურქეთში დამხვდნენ რომა და კიდევ ერთი ქალი, რომელიც ჩემსავით საბერძნეთში მიდიოდა. მოგვიანებით სავას კურტიდისიც შემოგვიერთდა. რომამ და სავასმა მე და ნატალიას (ასე ერქვა იმ ქალს) საბერძნეთში გასამგზავრებელი ეგრეთ წოდებული პასპორტები, ფარატინა ქაღალდი გადმოგვცეს. მაშინვე ვიკითხე, ეს რა საბუთია-მეთქი? ეს ის საბუთია, რასაც შეგპირდნენ, ბევრს ნუ ლაპარაკობ და გადახვალ საზღვარზეო. იმ საბუთში მერი კულუხოვანიდად ვიყავი მოხსენიებული.

მე და ის ქალი მანქანაში ჩაგვსხეს. იმდენი გვატარეს, რომ ჩამეძინა. რომ გამოვიღვიძე, თურქეთის ვაგზალზე ვიყავი. ბილეთები ავიღეთ და ბულგარეთში მიმავალ მატარებელში ჩავსხედით. რომა თურქეთში დარჩა, სავასიც აპირებდა დარჩენას, მაგრამ გავაპროტესტეთ. უცბად კურტიდისი მეუბნება, თავი ისე დაიჭირე, არავინ არაფერი შეგატყოსო. რა უნდა შემატყონ-მეთქი? ისევ დამიცაცხანა, ბევრს ლაპარაკობო. სხვა რა გზა მქონდა, იმათ ხელში ვიყავი. მატარებელი გავიდა თუ არა თურქეთიდან, მესაზღვრეები ამოვიდნენ და საბუთები მოითხოვეს.

როგორც კი ჩემი "საბუთი" ვაჩვენე, იმავე წუთს მითხრეს, ყალბიაო. მატარებელი სვილენგრადში გაჩერდა თუ არა, მატარებლიდან ჩამოგვსხეს და სასაზღვრო პოლიციის პუნქტში შეგვყარეს. ჯერ დაგვკითხეს, მერე წიხლებით შეგვყარეს მანქანაში მე, ის ქალი და კურტიდისი. წინასწარი დაკავების იზოლატორში გამაშიშვლეს, გამჩხრიკეს და ჩამკეტეს. ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, საქართველოს საელჩო აქ არ არისო. თარჯიმანი გამოიძახეს, მერე ადვოკატიც მოიყვანეს. ძალიან უხეშად გვეპყრობოდნენ, პოლიციელი იძახდა, შეგაგდებთ ახლა თურქებთან და მერე ნახავთ სეირსო.

ნერვიულობისაგან შაქარმა ამიწია, ცუდად გავხდი და ეტყობა, შეეშინდათ, ხელში არ ჩაგვაკვდესო და სამი დღის შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში გადამიყვანეს. იქიდან სადმე გასვლა მეკრძალებოდა. ჩემი თანამგზავრი თბილისში ჩვენს "ოფისს" დაუკავშირდა, იქიდან კი მიგვითითეს, გამოდით სასტუმროდან, აქა და აქ ჩვენი ხალხი დაგხვდებათ და გაგაპარებთო. ისე ვიყავი დასუსტებული და შეშინებული, სადღა გავიპარებოდი.

მეორე დღეს პროკურატურაში მიგვიყვანეს. აქაური ოფისის თანამშრომლები კატეგორიულად მოითხოვდნენ, შეგვეცვალა პირველი ჩვენება, რომელიც დაკავებისას მივეცით და არც კურტიდისი გვეხსენებინა. უნდა გვეთქვა, ვითომ ყალბი საბუთები მატარებელში შემოგვაჩეჩეს. იძულებული გავხდით, ჩვენება შეგვეცვალა. მეორე დღეს ის ქალი გააპარეს. როგორც ჩანს, იქაც ჰყავთ თავიანთი ხალხი. მე კი მირეკავდნენ, მლანძღავდნენ, შენ რატომ არ გამოიპარეო. სავას კურტიდისს სასამართლო პროცესი უნდა ჰქონოდა და ჩვენ მოწმეებად ვიყავით გამოძახებული, მაგრამ მოულოდნელად კურტიდისი გაათავისუფლეს, მე კი დავრჩი ასე შინაპატიმრობაში სასტუმროში. მალე პოლიცია ისევ მომადგა იზოლატორში გადასაყვანად. ღმერთმა მიშველა და სასტუმროს მეპატრონემ კარგ თვალზე შემომხედა.

ტონკა ერქვა. ჩემი უბედურება რომ დაინახა, როგორღაც მოახერხა და პოლიციელებს ჩემი თავი შინაპატიმრობაში დაატოვებინა. ტონკა რომ არა, ვინ იცის, რა დღე დამადგებოდა. ეს ქალი დარაჯად დამიდგა, ხშირად აკითხავდნენ, განსაკუთრებით, თურქები და გურჯებს კითხულობდნენ. ტონკა ეუბნებოდა, თქვენ ჩემს ქართველს ვერ გაეკარებითო!

მთელი ხუთი თვე სასამართლოში, სასამართლოდან პროკურატურაში, პროკურატურიდან პოლიციაში დამატარებდნენ. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ვითხოვდი, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. ისევ ტონკამ ივაჟკაცა და ინტერნეტში რუსეთის საელჩოს ტელეფონი იპოვა. დავრეკეთ და იქ მოგვცეს საქართველოს საელჩოს ტელეფონი და მაშინვე ჩემი ამბავი შევატყობინე, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ტონკამ ფული მომცა და დილის 5 საათზე სოფიაში გამამგზავრა. როგორც იქნა, საელჩომდე მივაღწიე. იქ საბუთი მომცეს, ამით საქართველოში დაბრუნდები, "ბულგარპორტში" მიდი და ხუთშაბათობით საქართველოში მიმავალ სატვირთო გემს გაჰყევი ფოთამდეო.

როგორც იქნა, "ბულგარპორტამდე" ჩავაღწიე. გემი უკვე ჩამომდგარი იყო. ქართული ლაპარაკი რომ გავიგე, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ ბულგარელებმა პორტში არ შემიშვეს. მითხრეს, ცოტა მოიცადეთ, სანამ რამეს გავარკვევთო. დავრჩი ასე "რამეს" მოლოდინში ქუჩაში. ამასობაში დაღამდა, საშინელი თქეში წამოვიდა. საქართველოში დაბრუნების იმედით ის ღამე ქუჩაში გავათენე. ნაგვის ყუთში ჩავძვერი და თავზე მუყაოს ნაგლეჯი გადავიფარე. მეორე დილით გამომძიებელი გამოიძახეს. მან წვრილად გამომკითხა ყველაფერი, აინტერესებდა, საროსკიპოში ხომ არ ვყავდი გამომწყვდეული და კიდევ ერთხელ დამაწერინა ჩვენება.

ერთი სიტყვით, გამომძიებელი დამპირდა, როგორც კი სასამართლო პროცესი გაიმართება, შენს ქვეყანაში დაგაბრუნებთო. ისე ქუჩაში როდემდე დავრჩენილიყავი იძულებული გავხდი, ისევ სვილენგრადში, ტონკასთან დავბრუნებულიყავი. რომ დავბრუნდი, ისევ დამიჭირეს და იზოლატორში მამაკაცებთან ერთად შემაგდეს. ცალკე ქალებისა და კაცებისათვის იზოლატორი არა აქვთ. სამი კვირა იმ საშინელებაში გამატარებინეს. სამი კვირა ცალკე ჩემი მასპინძელი ტონკა მეძებდა, ცალკე - ჩემი ადვოკატი, ცალკე - ჩემი შვილი. არავინ იცოდა, სად ვიყავი. სვილენგრადელმა პოლიციელებმა მირჩიეს, პროცესზე არ მეხსენებინა კურტიდისი. კი გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იქაური პოლიცია თავად არის შეკრული თაღლითებთან. პოლიციელები თავად მფარველობენ საროსკიპოებს. რასაც იქ ვუყურე, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა რომ დამინახა, გარეთ გავარდა. ტონკას ეძახდა, ცოცხალი ყოფილა, ნუ გეშინიაო. სასამართლო პროცესი რომ დამთავრდა, მინდოდა, ჩემს კეთილისმყოფელს გამოვმშვიდობებოდი, მადლობა მაინც მეთქვა, მაგრამ არაფრით არ მიმიშვა პოლიციამ ტონკასთან. მაინც მოახერხა და სამგზავრო ფული მომცა. პოლიციელებმა ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე მიმათრიეს, ტრასაზე გადმომაგდეს და მითხრეს, სულ პირდაპირ იარე და საქართველოში ჩახვალო(!).

ფეხით გადმოვკვეთე ბულგარეთ-თურქეთის საზღვარი. თურქი მესაზღვრეები რომ დავინახე, კიდევ ერთხელ გამეპარა გული, ვიფიქრე, ისევ ციხეში ამომაყოფინებენ თავს-მეთქი. თურქმა მესაზღვრემ შემომხედა და გურჯისტანო, მკითხა. სახეზე ეწერა, ვაი, თქვენს პატრონსო. თავი დავუქნიე. იმ მესაზღვრემ მიმიყვანა სტამბოლამდე მიმავალ ავტობუსამდე. ის გზა ტირილ-ტირილში გავატარე. ეტყობა, ისე ვიყავი შეშინებული, თურქი მძღოლი მოვიდა, ნუ გეშინია, ჩვენ მგლები კი არა ვართ, სტამბოლიდან როგორმე საქართველოში გაგგზავნითო. სტამბოლში მოსაცდელში შემიყვანეს, ყავაც შემომთავაზეს და მეორე დღეს ბათუმში მომავალ ავტობუსზე დამსვეს. ასე წვალებ-წვალებით ჩამოვაღწიე სარფამდე, მაგრამ ახლა იქ დამაკავეს.

საქართველოშიც აღარ მიშვებდნენ(!). მერე ისევ ჩემმა თანამგზავრებმა და თურქმა მძღოლებმა ატეხეს ერთი ამბავი, ქალმა ჯოჯოხეთი გამოიარა და სამშობლოშიც აღარ უშვებთო?! მერე უფროსი მოიყვანეს და რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, საზღვარი გადმოვკვეთე და თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა იმ წუთში. საქართველოში რომ შემოვდგი ფეხი, პირველად ტონკას დავურეკე. მე აქედან ვტიროდი, ის - იქიდან!

ორი კაპიკის საშოვნელად მივდიოდი და ამის ნაცვლად სახლ-კარიც დავკარგე. ახლა სამადლოდ სხვის ბინაში ვარ შეკედლებული. მას მერე პროკურატურაში დავდივარ, მაგრამ სამართალი ვერ ვიპოვე, ვასახელებ გვარ-სახელებს, მისამართებს, ტელეფონებს, მაგრამ არავითარი რეაქცია. ეს ხალხი გაიძახის, არ ვიცნობთ, ვინ არის ეგ ქალი და რა უნდაო.

პროკურატურისგან უკვე ორი წელია პასუხს ვითხოვ, ხან ერთ უწყებას მივმართავ, ხან მეორეს და ყველგან მპასუხობენ, ბულგარეთში გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა თქვენს საქმეზე და პასუხი ჯერ არ მიგვიღიაო. მატყუებენ, ჩემი საქმე მე, უბრალო მოქალაქეს, გადმომიგზავნეს ბულგარეთიდან და პროკურატურამ ორი წელია პასუხი ვერ მიიღო? იცით, უცნაური რა არის? ბულგარელების გამოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეს სამი გვერდი აკლია. სწორედ ის სამი გვერდი, სადაც სავას კურტიდისი ფიგურირებდა. ისევ ტონკას დავურეკე და მან ჩემი მაშინდელი ადვოკატი მოძებნა.

რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, ის სამი ფურცელი აღარ არსებობს, პოლიციაში დაწვესო. როგორც ჩანს, კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი აქვთ ჩამოყალიბებული და გავლენიანი მფარველებიც ჰყავთ".

ქალბატონი მერის ნაამბობმა შეგვძრა და გადავწყვიტეთ, მარინა შახბაზოვასაც გავსაუბრებოდით. მისი ვერსიაც მოგვესმინა ამ საქმეზე. როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, ამ საქმეში უბრალოა და "მერი კულუხოვი აშანტაჟებს."

- რას გადამეკიდა ეს ქალი, რა უნდა? ხომ იძიებს საქმეს პროკურატურა? 15 წელია ეს ოფისი გვაქვს და პრობლემა არ შეგვქმნია. მე ხალხის გადაყვანასთან საქმე არა მაქვს, საბერძნეთიდან წერილებს, ამანათებსა და ფულად გზავნილებს ვიღებთ და აქედანაც ვგზავნით. "კვირის პალიტრას" საბერძნეთშიც კითხულობენ, ხალხი მიცნობს და ნამდვილად არ მსიამოვნებს, ასეთ უაზრო ბრალდებებზე საუბარი.

- მერი კულუხოვა რომ ყალბი საბუთით დააკავეს ბულგარეთში, დადასტურებულია. თავად გავეცანი ბულგარეთში მისი დაკავების პროტოკოლს. მაინცდამაინც თქვენ რატომ გადებთ ხელს და არა სხვა რომელიმე "ოფისს"?

- მეც ეგ მიკვირს. მე მაგის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის.