"თურქეთში ქართველი გოგონას მკვლელმა ყრუ-მუნჯებმა შესაძლოა მალე გარეთ ისეირნონ" - კვირის პალიტრა

"თურქეთში ქართველი გოგონას მკვლელმა ყრუ-მუნჯებმა შესაძლოა მალე გარეთ ისეირნონ"

"ელენეს ერთადერთი ძმა ჰყავს ზესტაფონში, სულ მისი შვილებისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ნაგროვები ფულით ზესტაფონში ბინა და მანქანაც იყიდა, უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს, საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო"

ამ დღეებში თურქეთში ქართველი ემიგრანტი, 34 წლის ელენე გოკაძე წამებით მოკლეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ ფაცაში მცხოვრებმა 30-მდე წლის ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მკვლელობაში მეორე, ასევე ყრუ-მუნჯი მამაკაცი მონაწილეობდა. ჩვენ ქალაქ ფაცაში ელენე გოკაძის ახლობელს დავუკავშირდით:

ნანა ტუღუში: - ელენე 20 წლისაც არ იქნებოდა, თურქეთში რომ ჩამოვიდა, ობოლი იყო, საკუთარი თავისთვის მარტოს უნდა ეპატრონა. ერთადერთი ძმა ჰყავს ზესტაფონში, სულ მისი შვილებისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ნაგროვები ფულით ზესტაფონში ბინა და მანქანაც იყიდა, უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს, საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო. ფაცაში ორ ქართველ გოგონასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იმ დილით მეც შემხვდა, აქ პატარა ბაზარია, სადაც ქართველებისაგან ყავას ვყიდულობთ და იქ მივდიოდი. ძალიან ფერმკრთალი მომეჩვენა. მოვიწამლე და ფეხზე ვეღარ დავდექი, ექიმთან უნდა მივიდეო... რას ვიფიქრებდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი.

- გავრცელებული ინფორმაციით, ელენე მეზობელმა, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა. თუმცა, როგორც ირკვევა, მკვლელს თანამზრახველიც ჰყავდა.

- ელენე სამუშაოდან შინ 8-დან 9 საათამდე ბრუნდებოდა. რომ დაიგვიანა, გოგონებმა დაურეკეს, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. მერე ნაცნობებთან დაუწყეს ძებნა, თუმცა ამაოდ. დილით ერთ-ერთმა მათგანმა მეზობელ სახლთან, ქუჩაში ჯერ ელენეს ფეხსაცმელი დაინახა, მერე კი ჩანთაც. მიხვდნენ, რომ რაღაც უბედურება მოხდა და პოლიციაში დარეკეს... ელენე იქვე, ერთ-ერთი ბინის პირველ სართულზე იპოვეს, იმ სახლში მკვლელი ცხოვრობდა. მისი კარიდან სისხლის ისეთი სუნი გამოდიოდა, ამით მიხვდნენ, რომ მიცვალებული იყო. ყრუ-მუნჯი უკვე გაქცეული დახვდათ, ბინაც ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი, დასკოჩილი და დასერილი ელენე სისხლის გუბეში იწვა.

- გარდაცვლილი მკვლელს იცნობდა?

- ფაცა პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს ცნობს. მკვლელს მეც ვიცნობდი, სულ თავისი ბინის წინ იდგა სხვა ყრუ-მუნჯებთან ერთად. ელენეს სამსახურში წასვლისას ან დაბრუნებისას მისი სახლის წინ უნდა გაევლო. ირკვევა, რომ დანაშაული მარტოს არ ჩაუდენია, მეორე ყრუ-მუნჯიც დაიხმარა, თანაც ორივე ორჯერ ყოფილა ნასამართლები ყაჩაღობისთვის. ცხადია, ელენეს სახლში შეთრევა ორ კაცს არ გაუჭირდებოდა. საწყალი, როგორც ჩანს, მაინც უწევდა წინააღმდეგობას, მკვლელს სახეც დაკაწრული აქვს.

რომ წარმოვიდგენ, როგორი ენით აუწერელი წამებით მოკლეს ელენე, ბოღმა მახრჩობს. აქ ისედაც სულ შიშში ვართ, ქუჩაში ქართულად ლაპარაკსაც ვერიდებით, რომ ვინმე არ აგვედევნოს.

- ქართულად ლაპარაკს რატომ ერიდებით?

- რამდენჯერმე აგვედევნენ და ტელეფონის ნომერს გვთხოვდნენ. ეტყობა, ფიქრობენ, ეს ქალები ხომ მოსამსახურეები არიან, გროშებზე მუშაობენ, უარი რატომ უნდა გვითხრანო. ზოგჯერ ნაცნობი თურქების ბინებშიც შევსულვართ თავის შესაფარებლად. დამნაშავეთაგან ბევრი ბათუმს აფარებს თავს. ელენეს მკვლელიც ტრაპიზონში დაიჭირეს. ბათუმში უნდოდა გადასვლა.

- აღიარა დანაშაული?

- როგორც გავიგე, უცნაურად იქცევა, ყმუის და თავს კედელს ურტყამს. ალბათ უნდა, რომ გიჟად შერაცხონ, მაგრამ მან ყველაფერი წინასწარ განიზრახა. აქ ამბობენ, რომ შესაძლოა, მკვლელიც და თანამზრახველიც მცირე სასჯელს დააჯერონ, რადგან კანონი უნარშეზღუდულებისთვის მძიმე პატიმრობას არ ითვალისწინებს. ასე რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ თვალი არ მიადევნა, შეიძლება მალე მკვლელებმა გარეთ ისეირნონ.

ელენეს ახლობლებს ზესტაფონში, სოფელ კვალითშიც დავუკავშირდით.

ოთარ ლობჟანიძე: - ამ გოგოს უბედურება თავიდანვე დაეწერა - პატარა იყო, მამა რომ მოუკვდა, მერე დედაც გარდაეცვალა. პატრონი არ ჰყავდა და გადაიხვეწა... ხშირად ჩამოდიოდა, ძმის ოჯახს არაფერს აკლებდა. გული მტკივა, რომ ვერაფერი მოასწრო...

ეთერ ერაძე