"ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს!"
29-05-2017
"ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს!"
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: "ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ"

გასულ კვირას სამართალდამცავებმა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს და მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიების ცნობით, თურქული მხარის მოწოდებული მასალებით, მას ბრალად ედება შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

"15 წელია, საქართველოში ვარ. ბინადრობის უვადო უფლება მაქვს, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ.
ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი, ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს
," - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

სოსო ბარათაშვილი, დაკავებულის ადვოკატი:
- ემრე ჩაბუქის ბრალს სდებენ ტერორისტული ორგანიზაციისთვის
ხელის შეწყობაში. საქმე ეხება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ბატონ მუსტაფას ედავებ­იან, რომ, როგორც მინდობილი პირი, ხელს უწყობდა დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორის წილის გასხვისებას ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე. ეს კომპანია ამერიკაშია რეგისტრირებული და არ არის მიჩნეული ტერორისტულ ორგანიზაციად, არც ხელის შემწყობად. ამიტომ ბრალი გაუგებარია. ჩვენი კანონმდებლობით, ეს პატიმრობა, შესაძლებელია, გაგრძელდეს არა უმეტეს ცხრა თვისა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრს შეუძლია, მიიღოს მისი ექსტრადიციის ან ამაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ნათელია ისიც, რომ უნდა გადაიდგას ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანები გადასცეს იმ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ეს დაკავება საეჭვოდ დაემთხვა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტს. ჩვენი ინფორმაციით, სხვა პირებიც არიან დაკავებული ანალოგიური ბრალდებით, მაგრამ ეს არ ხმაურდება.

ამ ადამიანს დაუსაბუთებლად თუ გადასცემენ თურქეთს, მას იქ მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ეს კი უკიდურესად შელახავს ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯს.

- მას გადასცემენ თურქეთს?

- ეს საშიშროება აშკარაა და ეს პრო­ცესი­ დღეს არ დაწყებულა. ალბათ, გახსოვთ, ბათუმში ავტორიზაცია გაუუქმდა შახინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს. ბატონი მუსტაფა კატეგორიულად უარყოფს გიულენთან კავშირს. ამ კოლეჯის დამფუძნებლები არიან გერმანიის მოქალაქეები და მათ არანაირი ბრალდება არ აქვთ წარდგენილი. ალბათ, გახსოვთ განათლების მინისტრის განცხადება - მან თქვა, რომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტის დროს თურქეთის ხელმძღვანელობასთან სკოლების თემაზეც ისაუბრა. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის მიზანია, საქართველოში დახურონ ეს სკოლები და ზოგიერთი პირის თურქეთში ექსტრადიციას შეუწყონ ხელი.

საფფეთ ბაირაქ თუთანი, დემირელის კოლეჯის პედაგოგი: -
15 წელია, ვიცნობ მუსტაფას, ჩვენ მეგობრები ვართ. ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩვენს სასწავლებელში ქართველი დირექტორები არიან, მართვა მათ ხელშია, სკოლა ავტორიზებულია, განათლების სამინისტრო რეგულარულად ატარებს მონიტორინგს. ბატონი მუსტაფა არის დამფუძნებლების წარმომადგენელი საქართველოში, ის დაქირავებული თანამშრომელია, დამფუძნებლები კი არიან გერმანელი რეზიდენტები. 15 წელია, გიულენი ამერიკაში ცხოვრობს და როგორ გგონიათ, ტერორისტი რომ იყოს, იქ გააჩერებდნენ? 25 წელია, საქართველოში ეს სკოლები ფუნქციონირებს, უამრავი კურსდამთავრებული გვყავს, ისინი მუშაობენ და არც ერთ მათგანს არ უღალატია ქვეყნისთვის. ამერიკული ორგანიზაცია "მეტროპოლიტენ ედუქეიშენი" არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია. დემირელის სკოლის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილის ნაწილი მიეყიდათ ამერიკული ფირმისთვის, რადგან უნდოდათ, ამერიკიდან მეტი სიახლე შემოეტანათ საქართველოს განათლების სისტემაში. ეს გასხვისებაც კი არ არის და რომც იყოს, ეს ხომ არ იყო მუსტაფას გადაწყვეტილება? მისი უფლებები უნდა იყოს დაცული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს თურქეთს.

ჩვენ დავუკავშირდით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს, რათა შეგვემოწმებინა, ტერორიზმის ბრალდებით არიან თუ არა დაკავებული სხვა პირებიც.

- ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით.ჩვენ არც ჩაბუქის დაკავება გაგვიხმაურებია, ჟურნალისტებმა თვითონ გაიგეს და მოვიდნენ სასამართლოში, - მითხრა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში:
"ეს ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებაა".

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით