"ნინო კუზანოვამაც უნდა აგოს პასუხი" - "ექიმების საქმე"
29-05-2017
"ნინო კუზანოვამაც უნდა აგოს პასუხი" - "ექიმების საქმე"
ნინო კუზანოვა: "მე და ფარმან ჯეირანოვს მუდმივი კონფლიქტი გვქონდა, რაც ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდგომ გამწვავდა, რადგან მე სხვა მიმართულებით ვხედავდი ამ დარგის განვითარებას. ფარმან ჯეირანლიმ ამიკრძალა ტრანსპლანტაციის თემებთან მიკარება"

გასული წლის მარტში კლინიკა "ლანცეტში" ჩატარებული ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად ორი პაციენტი - კარლო­ კეკელიძე და გიორგი ჩუბინიძე - გარდაი­ცვალა. პროკურატურამ პაციენტების­გან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ინფორმაციის დამალვის ბრალდებით შპს ""ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა და წინასწარი პატიმრობა
შეუფარდა.

აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ ფარმან ჯეირანლი 2013 წლამდე­ აზერბაიჯანის მოქალაქე, ფარმან ჯეირანო­ვი იყო, თუმცა ის საქართველოში გადმოსახლდა და ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. 2014 წლის 12 მაისს ჯეირანოვმა თბილისში­ სამედიცინო ცენტრი "ლანცეტი" გახსნა.

"ნინო კუზანოვამაც უნდა აგოს პასუხი"


ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: -
პროკურ­ა­ტურამ გასულ წელს ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება - სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ კლინიკის­ არც ერთ ექიმს არ ჰქონდა ლიცენზია. უნდა დადგეს კლინიკის იმჟამინდელი ადმ­ინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც.­ მას უნდა შეესწავლა, ვის იწვევდნენ, ჰქონდათ თუ არა ლიცენზია და მოეპოვებინა ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარების ნებართვები. პაციენტებს ეუბნებოდნენ, თითქოს თურქი სპეციალისტები იყვნენ მოწვეული და მხოლოდ ოპერაციის დაგეგმვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ისინი აზერბაიჯანელები ყოფილან.

მანამდე რეკლამაც მიდიოდა, კლინიკის მეპატრონე ფარმან ჯეირანლი­ და იმჟამინდელი მთავარი ექიმი ნინო კუზანოვა პირდაპირ ეთერში­ აცხადებდნენ, რომ კვალიფიციური­ ქირურგის მირჯელალ ქაზიმის მო­წვევა საქართველოსთვის დიდი მიღწევა იყო. როდესაც კლინიკის ხელმძღვანელობა ასეთ რეკლამას უკეთებს ექიმს, ლიცენზიის ასლები მაინც უნდა ჰქონოდა ნანახი.
გიორგი ჩუბინიძეს 2014 წელს ესპანეთში­ ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა ღვიძლის ციროზი, მომდევნო წელს კვლავ ჩავიდა ესპანეთში, სადაც იმკურნალა და უთხრეს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია აღარ სჭირდებოდა, მხოლოდ ყოველ 6 თვეში­ ერთხელ უნდა ჩასულიყო გამოკვლ­ე­ვისთვის. ჩუბინიძე "ლანცეტში" მდგომარეობის გადასამოწმებლად მივიდა, თუმცა­ უთხრეს, რომ იმის დროც არ ჰქონდა,­ ესპანეთში გადაფრენილიყო. ოპერაციაზე სასწრაფოდ დაითანხმეს. ოჯახს არ ჰქონდა 40.000 დოლარი და დრო ითხოვა მოსაგროვებლად. ჩუბინიძე ღამის საათებში გაიყვანეს და სანოტარო წესით გააფო­რ­მებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება კლინიკის იურისტ, გიორგი არჩვაძესთან. კარლო კეკელიძის ოჯახმა კი ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა 99.204 ლარი და მათ გადახდის ქვითარსაც კი არ აძლევ­დ­ნენ. ორივე პაციენტი ოპერაციიდან 5-6 დღეში დაიღუპა. ჩუბინიძეს თირკმელები­ გაეთიშა. არადა, ოპერაციამდე ორივეს განუმარტეს, რომ ძლიერი ორგანიზმი ჰქონდათ და ადვილად გადაიტანდნენ. მხოლოდ ჯეირანლის რატომ ედავება სასამართლო? ნინო კუზანოვა იმხანად კლინიკის მთავარი ექიმი იყო, თუ გამოძიებამ გამოკვეთა მისი როლი ამ საქმეში, მანაც უნდა აგოს პასუხი. მოვითხოვთ, შეისწავლონ საქმე და დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდა.


"ყველა ჯერზე დარღვევები აღმოჩნდა"


ლია მელიქიძე, ჯანდაცვის სამინისტრ­ოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

- შპს "ლანცეტს" 2015 წელს აქვს მიღ­ებული სანებართვო მოწმობის დანართი ქსოვილებისა და ორგანოების აღება-შენახვა­გადანერგვასთან დაკავშირებით. რეგულირების სააგენტომ 2014 წლიდან 4-ჯერ შეამოწმა კლინიკაში სანებართვო და სალიც­ენზიო პირობები და ყველა ჯერზე აღმოჩნდა დარღვევები - გადანერგვის ოპერაციებს ატარებდნენ ექიმები, რომელთაც არ გააჩნდათ სერტიფიკატი. ამიტომ იწერებოდა სამართალდარღვევის ოქმი და ბარდებოდა სასამართლოს,­ რომელმაც კლინიკას ჯარიმები დააკისრა. ვინაიდან განსაზღვრულ ვადაში სამედიცინო დაწესებულებაში პირობები არ გამო­სწორდა, 2016 წლის 9 ნოემბერს რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ლანცეტს" ორგანოებისა და ქსოვილების აღება, შენახვა და გადანერგვა აუკრძალა...


"მოწვეული იყო აზერბაიჯანელი, მაგრამ თურქეთში მოღვაწე ექიმი"


გელა ნიკოლაიშვილი, ფარმან ჯეირანლის ადვოკატი: -
იყო თუ არა პაციენტი საოპერაციო, ამას ექსპერტები დაადგენენ, ან რას ნიშნავს 16-საათიან ურთულეს ოპერაციაზე იძულებით დათანხმება მაშინ, როდესაც პაციენტი ამბობს, ფული არა მაქ­ვსო და მას შემდგომ გადახდაზე თანხმდებ­იან, ექიმები მოხალისეები იყვნენ, პაციენტ­ები არ ჰყავდათ? აპენდიციტის ოპერაციის დროსაც კი აწერინებენ ხელს, რომ მზად უნდა იყვნენ ფატალური შედეგისთვის. ყველამ იცის, ღვიძლის გადანერგვისას­ რა რისკების წინაშე შეიძლება დადგე. ოპერაცია მათთვის უკანასკნელი შანსი იყო და ვინმესთვის ასახსნელია, რომ შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო? რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ჯეირანლის, ასეთ რისკზე რომ წავიდა, როცა ამით საკუთარ ბიზნესსა და რეპუტაციას ღუპავდა? როცა მეპატრონეს 30 მილიონი აქვს ჩადებული, 40 ათასისთვის ასე გარისკავდა? მართალია­ ისიც, რომ მოწვეული იყო აზერბაიჯანელი, მაგრამ თურქეთში მოღვაწე ექიმი. ის, რომ ქირურგს ლიცენზია არ ჰქონდა, ტყუილია, ვადა ჰქონდა გასული და ელოდა, რომ გაუგრძელე­ბდნენ. მას ათეულობით ოპერაცია აქვს გაკეთებული.­ ოპერაცია წარმატებით რომ დასრულებულიყო­, მის ლიცენზიაზე ვინმე ილაპარაკებდა? მითხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დონორის ღვიძლის ორგანიზმთან შეუთავსებლობა გახდა. დაწესებულებაში­ იყო დარღვევები, მაგრამ სისხლის სამართლის­ დანაშაული არ ყოფილა, ეს სამოქალაქო საქმეა.
იმის მტკიცება, რომ ფულადი ინტერესის გამო მოტყუებით გაუკე­თდათ ოპერაცია, აბსურდია.

"აბსოლუტურად არ ვგრძნობ პასუხისმგებ­ლობას"


ნინო ნადირაძე-კუზანოვა, კლინიკა "ლანცეტის" ყოფილი მთავარი ექიმი:­
- არც კადრების განყოფილება, არც იურიდი­ული და ხარისხის მართვის სამსახური ჩემს დაქვემდებარებაში არ ყოფილა. მოწვეულ ქირურგს ჰქონდა ერთწლიანი ლიცენზია, რომელსაც ვადა გასვლია, რაც მე არ ვიცო­დი. ამ ამბების შემდეგ ქირურგს კვლავ მისცეს ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროში (გაიცა ტრანსპლანტოლოგიის საბჭოს რეკომენდაციით). მირჯელალ ქაზიმი (მოწვეული ქირურგი) კვალიფიციური ექიმია.
პაციენტებს ექიმებთან ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ ყოველდღ­იური კონტაქტი, ისინი არ მოსულან ჩვენთან კლინიკაში, ამ ექიმს მოჰყვნენ უკან და იცოდნენ, რომ ექიმი ბაქოდან იყო. არც ის მჯერა, რომ ქაზიმი მათ ოპერაციის რისკებზე არ დაელაპარაკებოდა.

- კლინიკიდან რატომ წამოხვედით?

- მე და ფარმანს მუდმივი კონფლიქტი გვქონდა, რაც ტრანსპლანტაციის ოპერაციების შემდგომ გამწვავდა, რადგან მე სხვა მიმართულებით ვხედავდი ამ დარგის განვითარებას. ფარმან ჯეირანლიმ ამიკრძალა ტრანსპლანტაციის თემებთან მიკარება. ქალბატონი კეკელიძის კომენტარებმა გამაოცა, თითქოს მე დავაძალე­ მათ ოპერაციის გაკეთება. ეს ცილისწამებაა.­ ისინი ჩემთან კარდიოლოგიურ გამოკვლევაზე მოვიდნენ და მე დასკვნა გავეცი. როდესაც მკითხეს, როგორი ქირურგიაო, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვუპას­უხე, კარგი და კომპეტენტური-მეთქი. ისინი ბევრ ექიმთან იყვნენ,­ ხელთ ჰქონდათ სხვა კლინიკებში ჩატარებული კვლევების დასტა. აბსოლუტურად არ ვგრძნობ პასუხისმგებ­ლობას. პაციენტმა კეკელიძემ ოპერაციის თანხა გადაიხადა და ცოლი ამბ­ობს, კლინიკის იურისტ გიორგი­ არჩვაძეს გადავეციო, რაც სიცრუეა. ვისაც მათ თანხა გადასცეს, სწორედ ის ზის ციხეში. მანამდე "ლანცეტში" 16 ოპერაცია ჩატარდა და ყველა წარმატებით, ამ ორის გარდა ფატალური შედეგით არც ერთი არ დასრულებულა...


"ექიმი ვერ აიძულებს პაციენტს, ჩაიტაროს ესა თუ ის მანიპულაცია"


გია თვალავაძე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი:­
- ექიმი უფლებამოსილია, პაციენტს უმკურნალოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათ­ვლის, მაგრამ თუ პაციენტს გაუჩნდა პრეტენზია, შეფასება რამდენიმე მეთოდით ხდება. უმთავრესია ე.წ. მტკიცებითი მედიცინის მეთოდი, მათ შორის გაიდლაინი - კლინიკური პროტოკოლი, რომელშიც მოყვანილია მკურნალობისა და გამოკვლევის მეთოდებიც. თუ ექიმმა გადაუხვია გაიდლაინის პროტოკოლურ ნაწილს და დადგა არასახარბიელო შედეგი, მაშინ უნდა დაასაბუთოს, რატომ აირჩია ესა თუ ის მეთოდი. ექიმი ვერ აიძულებს პაციენტს, ჩაიტაროს ესა თუ ის მანიპულაცია. მნიშვნელოვანია ე.წ. ინფორმირებული თანხმობაც - ექიმი ვალდებულია, პაციენტს აუხსნას, რა კეთდება, რისთვის და რა შედეგებია მოსალოდნელი. მას აქვს ერთი აუცილებელი პირობა - პაციენტი უნდა იყოს თანახმა. თუ პაციენტს არ სჭირდებოდა ოპერაცია და მაინც გაუკეთეს, ეს უნდა დასაბუთდეს.

თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვი, რომ მას ზედმეტი მანიპულაციები მოსთხოვეს, არსებობს უფლებამოსილი­ ორგანო, მათ შორის რეგულირების­ სააგენტო, რომელიც შეაფასებს, სწორად იყო თუ არა შერჩეული მკურნალობის მეთოდი, ხომ არ იყო გადაჭარბებული ჰიპერდიაგნოსტიკით, ჰიპერმკურნალობით და სხვა. გარდა ამისა, არსებობს მორალი, ეთიკა და პროფესიონალიზმი, რომელიც ექიმს უნდა ავალდებულებდეს, არ გააკეთოს ის, რასაც არ თვლის საჭიროდ.

ნანა ფიცხელაური
ჩაპა
06 ივნისი 2017 17:35
ძალიაყ არასერიოზულია ეს ქალბატონი
ტოტო
04 ივნისი 2017 15:26
კუზანოვას თანამდებობრივად ,თუ ევალებოდა როგორც მთავარ ექიმს ,ყველა საკითხის ცოდნა კლინიკაში მაშინ პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.კლინიკებში ზუსტად არის გაწერილი ვის რა ევალება და იქიდან გამომდინარე განაწილდება პასუხისმგებლობა.
ლაპარაკი იმაზე,რომ არ ვიცოდი, არ დამინახია,არ მაკარებდნენ... ძალიან სასაცილოდ ჟღერს.ხელფასს ხომ იღებდა,ან რაიმეს ,თუ არ ეთანხმებოდა,რატომ არ განაცხადა.ლიცენზიის შესახებ მთავარმა ექიმმა,თუ არ იცის აბა ვინ იცის ?
ორი ადამიანი სამწუხაროდ დაიღუპა და ახლა დამნაშავეს ეძებენ.ვისაც თანამდებობრივად, რაც ევალებოდა იმაზე უნდა აგოს პასუხი.მარტო დირექტორი მაგ საქმეს არ ეყოფა.

რედაქტორის რჩევით