"თუ ქართული მხარე დისიდენტი ჟურნალისტის გაუჩინარებაში დამნაშავე არ არის, მაშინ აზერბაიჯანს უნდა მოეთხოვოს პასუხი" - ვინ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?
"თუ ქართული მხარე დისიდენტი ჟურნალისტის გაუჩინარებაში დამნაშავე არ არის, მაშინ აზერბაიჯანს უნდა მოეთხოვოს პასუხი" - ვინ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?
"აფგანი საღამოს 7 საათზე თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მის დაჭერაში ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ"

29 მაისს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. მისი ადვოკატის ელჩინ სადიყოვის განცხადებით, ჟურნალისტი ამჟამად ბაქოში იმყოფება. როგორც ადვოკატმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მისი კლიენტი ორშაბათს საკუთარ სახლთან დააკავეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. აფჰან მუხტარლის აზრით, ეს ადამიანები ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. როგორც მან ადვოკატს უთხრა, როდესაც ტომარა
მოხსნეს, ის უკვე აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი ნაცემია და შესაძლოა, ნეკნიც ქონდეს მოტეხილი. სადიყოვი ყვება, რომ მუხტარლის მტკიცებით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, ახლა კი აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აზერბაიჯანული სასამართლო დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს (წყარო).

აფგან მუხტარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მისი ქმრის მოტაცებაში ორივე ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის, სპეცსამსახურების წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე მუსტაფაევამ აღნიშნა, მუხთარლის, სავარაუდოდ, "სოკარის" უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა". ლეილა მუსტაფაევას თქმით, მუხტარლის პასპორტი სახლშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს.

"აფგანი საღამოს 7 საათზე თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მის დაჭერაში ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქართველ პოლიციელებს საკითხის გამოძიება არ სურთ, თითქოს, კამერების ჩანაწერები ვერ ამოიღეს. აქამდე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ აფგანი არც მორგშია და არც საავადმყოფოებში - პროცესს განგებ აჭიანურებენ", - დაწერა სოციალურ ქსელში მუსტაფაევამ.

ჟურნალისტის ერთ-ერთმა მეგობარმა, დაშგინ აღალარლიმ კი განაცხადა, აფგან მუხტარლი საქართველოში მუშაობდა საგამოძიებო მასალაზე, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქონებას ეხებოდა, როგორც საქართველოში, ასევე ოფშორულ ზონებში და შესაძლოა, აზერბაიჯანის მთავრობამ მასში საფრთხე დაინახა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა აცხადებს, რომ თუ მუხტარლის მოტაცებაში საქართველო არაა ჩარეული, მაშინ აზერბაიჯანულ მხარეს მყისიერი პასუხი უნდა გაეცეს.

"თუ კი ქართული მხარე დისიდენტი ჟურნალისტის გაუჩინარებაში არაა დამნაშავე, მაშინ აზერბაიჯანს უნდა მოეთხოვოს პასუხი, იქნება ეს დიპლომატიური რეაგირება თუ საქმის მყისიერი გამოძიება. მუხტარლი ამჟამად სახელმწიფო საზღვრის საგამოძიებო დეპარტამენტში იმყოფება და ახლა ოფიციალურ განმარტებებს უნდა დაველოდოთ. ", - წერს საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე ისმაილოვა.
მისი თქმით, სახელმწიფომ პასუხი ნავთობკომპანია "სოკარსაც" უნდა მოთხოვოს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს გულისხმობს. სამინისტროში ამბობენ, მათ ჟურნალისტის ოჯახმა ოფიციალური წერილით მიმართა, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე.

"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ - ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. საქართველოში მცხოვრებ უკლებლივ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და კანონიერი, სამართლიანი მოპყრობის განცდა. არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხტარლის გაუჩინარებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პროკურატურას მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საჯარო განცხადების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცემს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობას.

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცახდებიდან:

"აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ. მათ მიმართ განხორციელებული დევნის და მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების გამო, ოჯახმა საქართველოში ცხოვრება და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს ინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკების თაობაზე. მათი თქმით, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი მათ მიმართ ამ დრომდე მაღალი იყო, რაც მუქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე თვალთვალის ფაქტებში გამოიხატება.
სამწუხაროდ, ლეილა მუსტაფაევას, ისევე როგორც სხვა რამდენიმე აზერნაიჯანის მოქალაქე აქტივისტსა და ჟურნალისტს, საქართველომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აბსტრაქტული ინტრესით უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და ჟურნალისტურ, აქტივისტურ ან პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებენ საქართვეოლოში, საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

იხილეთ ასევე: რას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზრებაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან, სავარაუდო, გატაცებაზე?!


ბესო კუნელაური (სპეციალურად საიტისთვის)


nikia
02 ივნისი 2017 23:22
მოდით რა ყველამ თავის ტავს მიხედოს!!!! გამოვუცხადოთ ომი ეხლა აზერბაიჯანს, მიწები აგვაგლიჯეს და იმაზე არ მოუკლავს თავი არავის და არ გადაგვაყოლეს ამ ერთ ჟურნალისტს
Tu es marTalia, masin ........
01 ივნისი 2017 11:48
"აფგანი საღამოს 7 საათზე თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მის დაჭერაში ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
qeti
01 ივნისი 2017 09:41
აქ, უფრო სხვა, მაღალი ეშელონების ბინძური გარიგებებია - დიდ დიქტატორ ალიევსა და ჩვენს უთავმოყვარეო, ფულისტ ხელისუფლებას შორის! ფუი თქვენი, საკუთარ ხალხში მხოლოდ ზიზღის გამოწვევა შეგიძლიათ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები