ვინ უმუხთლა მუჰთარლის?! - გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე - კვირის პალიტრა

ვინ უმუხთლა მუჰთარლის?! - გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე

ლეილა მუსტაფაევა: "ჩემი მეუღლის პასპორტი მე მაქვს და დოკუმენტის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა"

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი გააპროტესტეს და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

აზერბაიჯანის პოლიციის მტკიცებით: "მუჰთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქნის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს 22:40 საათზე დააკავეს მაშინ, როცა საქართველოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე, აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა".

მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - კონტრაბანდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა.

აფგან მუჰთარლი გაუჩინარებამდე მეგობარს ბარათაშვილის ქუჩაზე კაფეში შეხვდა, მერე მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ რამდენიმე წუთში სახლში იქნებოდა. რომ აღარ გამოჩნდა, მეუღლემ მოიკითხა, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. შემდეგ ქმრის ძებნა დაიწყო და პოლიციასაცA მიმართა. მოგვიანებით, აზერბაიჯანული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუჰთარლი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

ლეილა მუსტაფაევა, მეუღლე: - აფგანი საგამოძიებო საქმიანობას ეწეოდა, ალიევების ოჯახის ქონების შესახებ, მათ ბიზნესებზე ინფორმაციას აგროვებდა.

თავის სტატიებში ხშირად აკრიტიკებდა ალიევების ოჯახს და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენზე ზეწოლა დაიწყო, გაჩნდა აფგანის დაპატიმრების საფრთხე, ამიტომაც დავტოვეთ ქვეყანა და საქართველოში წამოვედით. ჩემი მეუღლე კვლავ აგროვებდა ალიევების ქონების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, საქართველოში არსებულ ბიზნესებზე. ახლაც ამ მასალაზე ვმუშაობდით, ამის გამო ემუქრებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისი პასპორტი მე მაქვს და დოკუმენტის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

ქართული მხარის დახმარების იმედი არ მაქვს, რადგან მან გადასცა აფგანი აზერბაიჯანს. ადვოკატი ესაუბრა აფგანს, ის ამბობს, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ, ეცვათ უნიფორმა. მერე ძალით ჩასვეს მანქანაში და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს.

ჩვენ შევისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც აფგანი შინ ბრუნდებოდა. ყველგან კამერებია და დეტალების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, დამალოს სიმართლე, რადგან შეთანხმებულია აზერბაიჯანის მთავრობასთან. აფგანი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ეკისრებათ...

აზერბაიჯანელი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის მტკიცებით, მუჰთარლი ძალით ჩასვეს "ოპელის" მარკის მანქანაში კრიმინალური პოლიციის უნიფორმიანმა პირებმა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, სცემეს და ლაგოდეხის გამშვები პუნქტის გავლით ბაქოში წაიყვანეს. გზაში თანხაც ჩაუდეს, რომელიც შემდეგ კონტრაბანდად ჩაუთვალეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტს ცხვირი და ნეკნები გატეხილი აქვს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აზერბაიჯანის პროკურატურა კი ირწმუნება, რომ ბრალდებული ექიმებმა შეამოწმეს და ძალადობის კვალი არ ეტყობა.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მტკიცებით, ჟურნალისტი საზღვრის უკანონოდ გადალახვას ცდილობდა და უკანონოდ გადაჰქონდა უცხო ქვეყნის ვალუტა:

"აფგან მუჰთარლი აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო... მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა.

სასაზღვრო პოლიცია საქართველოს, სახელმწიფო საზღვარს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აკონტროლებს. ეს გულისხმობს, გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ გაკონტროლებას. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი პირმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს"."

მინისტრის პოზიციას არ იზიარებს ბრალდებულის მხარე და დარწმუნებულია, რომ აფგანი ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან გაიყვანეს. ჟურნალისტის მეუღლე კი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ რამდენიმე აზერბაიჯანელ აქტივისტს ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი აღარ გაუგრძელა. ამის მაგალითად კიდევ ერთი ჟურნალისტი, გუნელ მოვლუდი სახელდება. მან უკვე დატოვა საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ევროპაში გაემგზავრა.

მუჰთარლის მეგობარი, ოპოზიციონერი დაშგინ აღალარლიც ამბობს, რომ მასაც მოუწევს საქართველოს დატოვება, რადგან უარი უთხრეს ბინადრობის მოწმობაზე. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოშიც გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო.

აზერბაიჯანულ გამოცემებში ბოლო დროს ქვეყნდება სტატიები, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები "მიწისქვეშეთიდან აზერბაიჯანში რევოლუციას ამზადებენ". ჩამოთვლილ პირთა შორის აფგან მუჰთარლიც არის. კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანული პარტია "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა 26 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ფულის უკანონოდ გადატანის ბრალდებით დააკავეს...

დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების უამრავი წარმომადგენელი ელოდება გამოძიების შედეგებს. იმედია, ყველა დეტალი გაირკვევა და ქართულ მხარესთან არსებული კითხვები უპასუხოდ არ დარჩება.

"გვჯერა, მთავრობა პრინციპების ერთგული დარჩება"

იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: "ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიღებთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. ვიმედოვნებთ, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა... ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება".

"სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟი"

გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი: "საქართველოს ტერიტორიიდან - ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეებიც. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ რეგიონში საქართველოს აქვს ლიდერის როლი როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვაში. ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია"."

"შუა ქალაქიდან ადამიანი იკარგება..."

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: "საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფაქტი, როდესაც შუა ქალაქიდან დღისით, მზისით, ადამიანი იკარგება და აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში".

"გამოვრიცხავ ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას"

ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: "აქვთ სურვილი, სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის".

აფგან მუჰთარლი:"ზოგჯერ დაუფარავად გითვალთვალებენ..."

ამ მოვლენებამდე ერთი კვირით ადრე აფგან მუჰთარლიმ სტატუსი გამოაქვეყნა: "ზოგჯერ დაუფარავად გითვალთვალებენ მთელი დღის მანძილზე და შემდეგ ბინის კართან გიდებენ ფოტოებს, სადაც შენ ხარ გამოსახული იმ ადგილებში, რომლებსაც იმ დღეს ესტუმრე... აქამდე უპრობლემოდ ვცხოვრობდით, ვმუშაობდით და კოლეგებს ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო დროს ბინადრობის ნებართვას აღარ გვაძლევენ. ასეთ პრობლემებს ვაწყდებით მე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, პოლიტაქტივისტები - გიუნელ მოვლუდი და გაჯი გაჯიევი". ამ პრობლემებზე მან გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე "ამერიკის ხმასაც" მისცა ინტერვიუ.

თეა ხურცილავა