ვინ უმუხთლა მუჰთარლის?! - გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე
05-06-2017
ვინ უმუხთლა მუჰთარლის?! - გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმე
ლეილა მუსტაფაევა: "ჩემი მეუღლის პასპორტი მე მაქვს და დოკუმენტის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა"

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი გააპრ­ოტესტეს და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

აზერბაიჯანის პოლიციის მტკიცებით:­
"მუჰთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსა­ხურის თანამშრომლებმა ბელაქნის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს 22:40 საათზე­ დააკავეს მაშინ, როცა საქართველოს საკ­ო­ნტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, პირადობის მოწმობის გარეშე,­ აზერ­ბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა".

მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამ­თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფა­რდა. ბრალი
სამი მუხლით წაუყენეს - კონტ­რაბანდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და პოლიციის დაუმორჩილებლობა.

აფგან მუჰთარლი გაუჩინარებამდე მეგობარს ბარათაშვილის ქუჩაზე კაფეში შეხ­ვდა, მერე მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ რამდენიმე წუთში სახლში იქნებოდა. რომ აღარ გამოჩნდა, მეუღლემ მოიკითხა, მაგრამ მისი ტელეფონი გათიშული იყო. შემდეგ ქმრის ძებნა დაიწყო და პოლიციასაცA
მიმართა. მოგვიანებით, აზერბაიჯანული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუჰთარლი აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

ლეილა მუსტაფაევა, მეუღლე: -
აფგანი საგამოძიებო საქმიანობას ეწეოდა­, ალიევების ოჯახის ქონების შესახებ, მათ ბიზნესებზე ინფორმაციას აგროვებდა.
თავის სტატიებში ხშირად აკრიტ­იკებდა ალიევების ოჯახს და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენზე ზეწოლა დაიწყო, გაჩნდა აფგანის დაპატიმრების საფრთხე, ამიტომაც დავტოვეთ ქვეყანა და საქართველოში წამოვედით. ჩემი მეუღლე კვლავ აგროვებდა ალიევების­ ქონების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, საქართველოში არსებულ ბიზნესებზე. ახლაც ამ მასალაზე ვმუშაობდით, ამის გამო ემუქრებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისი პასპორტი მე მაქვს­ და დოკუმ­ენტის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთდა.

ქართული მხარის დახმარების­ იმე­დი­ არ მაქვს, რადგან მან გადასცა აფგანი აზერბაიჯანს. ადვოკატი­ ესაუბრა აფგანს, ის ამბობს,­ რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ,­ ეცვათ უნიფორმა. მერე ძალით ჩასვეს­ მანქანაში და მხოლოდ მანქ­ანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზე­რბაიჯანულად მოსაუბრე პირებს.

ჩვენ შევისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც აფგანი შინ ბრუნდებოდა. ყველგან კამერებია და დეტალების მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება­ ცდილობს, დამალოს სიმართლე, რადგან შეთანხმებულია აზერბაიჯანის მთავრობასთან. აფგანი საქართველოდან გაიტაცეს და პასუხისმგებლობა ქართულ ძალოვან სტრუქტურებს­ ეკისრებათ...
აზერბაიჯანელი ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის­ მტკიცებით, მუჰთარლი ძალით­ ჩა­სვეს "ოპელის" მარკის მანქანაში­ კრიმინალური პოლიციის უნიფორმიანმა­ პირებმა, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, სცემეს­ და ლაგოდეხის გამშვები პუნქტის გავლით ბაქოში წაიყვანეს. გზაში თანხაც ჩაუდეს, რო­მელიც შემდეგ კონტრაბანდად ჩაუთვალეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტს ცხვირი და ნეკნები გატეხილი აქვს და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. აზერბაიჯ­ანის პროკურატურა კი ირწმუნება, რომ ბრალდებული ექიმებმა შეამოწმეს და ძალადობის კვალი არ ეტყობა.

შს მინისტრის, გიორგი მღებრი­შვილის­ მტკიცებით, ჟურნალისტი საზღვრის უკან­­ონოდ გადალახვას ცდილობდა და უკა­ნონოდ­ გადაჰქონდა უცხო ქვეყნის ვალუტა:

"აფგან მუჰთარლი აზერბაიჯანის სახე­ლმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და დიდი ოდენობით არადეკლარირებული უცხოური ვალუტის აზერბაიჯანში კონტრაბანდის სახით გადატანის გამო... მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცე­ლებულ ვერსიებზე დაყრდნობით საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი­ უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა.

სასაზღვრო პოლიცია საქართველოს,­ სახელმწიფო საზღვარს თანამ­ედროვე სტანდარტების შესაბამისად აკონტროლებს.­ ეს გულისხმობს, გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე­ ჯგუფების მიერ გაკონტროლებას. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი პირმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს"."
მინისტრის პოზიციას არ იზიარებს­ ბრა­ლდებულის მხარე და დარწმუნებულია,­ რომ აფგანი ლაგოდეხის გამშვები პუნქტიდან გაიყვანეს. ჟურნალისტის მეუღლე კი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ რამდენიმე აზერბაიჯანელ აქტივისტს ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი­ აღარ გაუგრძელა. ამის მაგალითად კიდევ­ ერთი ჟურნალისტი, გუნელ მოვლუდი სახელდება. მან უკვე დატოვა საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ევროპაში გაემგზავრა.

მუჰთარლის მეგობარი, ოპოზიციონე­რი დაშგინ აღალარლიც ამბობს, რომ მასაც მოუწევს საქართველოს დატოვება, რადგან უარი უთხრეს ბინადრობის მოწმ­ობაზე. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოშიც გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო.

აზერბაიჯანულ გამოცემებში ბოლო დროს ქვეყნდება სტატ­იები, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი­ ოპოზი­ციონერები "მიწისქვეშეთიდან აზერ­ბაიჯანში­ რევოლუციას ამზადებენ". ჩამო­თვლილ პირთა შორის აფგან მუჰთარლიც არის. კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანული პარტია "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა 26 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვ­რის გად­აკვეთისას აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა­ ფულის უკანონოდ გადატანის ბრალდებით­ დააკავეს...
დიპლომატიური კორპუსის, საერთაშო­რისო და არასამთავრობო ორგანიზაციების უამრავი წარმომადგენელი ელოდება გამოძიების შედეგებს. იმედია, ყველა დეტალი გაირკვევა და ქართულ მხარესთან არსებული კითხვები უპასუხოდ არ დარჩება.

"გვჯერა, მთავრობა პრინციპების ერთგული დარჩება"


იანოშ ჰერმანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: "ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიღებთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. ვიმედოვნებთ, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა... ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება".

"სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟი"


გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი:
"საქართველოს ტერიტორიიდან - ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომლის კონტექსტშიც, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი პრესტიჟიც და მოქალაქეებიც. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ რეგიონში საქართველოს აქვს ლიდერის როლი როგორც მედიის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვაში. ეს არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის საკითხია"."

"შუა ქალაქიდან ადამიანი იკარგება..."


უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი:
"საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო ფაქტი, როდესაც შუა ქალაქიდან დღისით, მზისით, ადამიანი იკარგება და აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში".

"გამოვრიცხავ ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას"


ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:
"აქვთ­ სურვილი, სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის".

აფგან მუჰთარლი:"ზოგჯერ დაუფარავად გითვალთვალებენ..."


ამ მოვლენებამდე ერთი კვირით ადრე­ აფგან მუჰ­თარლიმ სტატუსი გამოაქვეყნა:
"ზოგჯერ დაუფარავად გითვალთვალებენ მთელი დღის მანძილზე და შემდეგ ბინის კართან­ გიდებენ ფოტოებს, სადაც შენ ხარ გამო­სახული იმ ადგილებში, რომლებსაც­ იმ დღეს ესტუმრე... აქამდე უპრობლემოდ ვცხოვრობდით, ვმუშაობდით და კოლეგებს­ ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო დროს ბინადრობის ნებართვას აღარ გვაძლევენ. ასეთ პრობლემებს ვაწყდებით მე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, პოლიტაქტივისტები - გიუნელ მოვლუდი და გაჯი გაჯიევი".­ ამ პრობლემებზე მან გაუჩინარებამდე რამდენიმე­ დღით ადრე "ამერიკის ხმასაც" მისცა ინტერვიუ.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები