"კაცი ცოლს დაქალთან, მეზობელთან და ცოლის დასთან ღალატობდა" - ფრთხილად, "კაბიანი ბონდები", ანუ კერძო დეტექტივ ქალთა ორგანიზაცია - კვირის პალიტრა

"კაცი ცოლს დაქალთან, მეზობელთან და ცოლის დასთან ღალატობდა" - ფრთხილად, "კაბიანი ბონდები", ანუ კერძო დეტექტივ ქალთა ორგანიზაცია

"არაერთ ცნობილ ადამიანს მოუმართავს, ან ის გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი..."

"ბოლო დროს ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, სიმართლე დავადგინოთ. ამჟამად რამდენიმე მსხვილი ფირმის თანამშრომლებს ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დახმარებით კომპანიებისზარალი შემცირდა..."

სიმართლე გითხრათ, სანამ ორგანიზაცია "კერძო დეტექტივი ქალების" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ნინო ბერელაშვილს გავიცნობდი, მანამდე დეტექტივი ქალები მხოლოდ ფილმებში მენახა. მასთან საუბრისას დაუჯერებელი ამბები მოვისმინე. თქვენ ყოფილხართ კაბიანი ბონდებიო, უთქვამს მათთვის ერთ კლიენტს და ეს შედარება გადაჭარბებული არ არის.

- ქვეყანაში, სადაც ქალთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა,"დეტექტივი ქალის არსებობა სუსტი სქესის ძალას ადასტურებს. მესამე წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა. კერძო დეტექტივი იღებს კერძო შეკვეთებს ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან, კონფიდენციალურობის სრული დაცვით. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

- რა დავალებებით მოგმართავენ?

- უმეტესად ღალატის ფაქტის დადგენას გვთხოვენ, ძირითადად, ქალები. მოგვმართავენ შვილების გაკონტროლების თხოვნითაც - ჩვენ ვადგენთ, ვისთან აქვს ობიექტს ურთიერთობა, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს, ჩართულია თუ არა აზარტულ თამაშებში. ამ სერვისს იყენებენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი შვილების მშობლები.

მართალია, ე.წ. სექტების თემა თითქოს დაივიწყა საზოგადოებამ, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე ასეთი საქმე გავხსენით. სპეციალური ჯგუფი გვყავს, რომლის წევრებსაც ვნერგავთ სექტაში და ობიექტი სახიფათო გარემოდან გამოგვყავს.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გოგონას მშობლებმა მოგვმართეს. ეჭვობდნენ, რომ მათ შვილს შეყვარებული ჰყავდა. ბოლო დროს აგრესიული გახდა და ჩაცმის სტილიც შეიცვალაო, ჩიოდნენ... თვალთვალის შედეგად დავადგინეთ, რომ მათი გოგონა სექტის წევრი იყო. მშობლებს ძალიან გაუჭირდათ სიტუაციის აღქმა, ძნელია საკუთარ შვილზე ასეთი რამის დაჯერება. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - გოგონა სექტას ჩამოშორდა.

- რა ხერხებს მიმართავთ საქმის გასახსნელად?

- ყველას უჩნდება კითხვა: რამდენად კანონიერია ჩვენი საქმიანობა? ვიყენებთ ყველა ხერხს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. ჩვენს თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, მათ ამოწმებენ პოლიგრაფზეც (სიცრუის დეტექტორზე), სანდოობის დასადგენად.

დღემდე არ მიუღიათ კანონი "კერძო დეტექტივის საქმიანობის შესახებ", თუმცა, არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ჩვენს საქმიანობას არეგულირებს.

- თავდაპირველად ჩვენი შეხვედრა გადაიდო, რადგან ბრძანეთ, სიცრუის დეტექტორი მაქვს დანიშნულიო. ეს რა შემთხვევაში გჭირდებათ?

- ბოლო დროს ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, სიმართლე დავადგინოთ. ამჟამად რამდენიმე მსხვილი ფირმის თანამშრომლებს ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დახმარებით, კომპანიების ზარალი შემცირდა...

არის შემთხვევები, როცა დედამთილს რძალი მოჰყავს სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად. მაგალითად, დედამთილს აინტერესებს, ჰყოლია თუ არა რძალს სხვა პარტნიორი...

- ალბათ, უცნაური შემთხვევაც ბევრი გქონიათ...

- ერთხელ დედამ და დამ დაგვიკვეთეს ბიჭის თვალთვალი. უცოლო, 30 წლის მამაკაცი იყო. ფიქრობდნენ, რომ საყვარელი ჰყავდა და ეს ეჭვი იმიტომ გაუჩნდათ, რომ გვითხრეს, სახლში რომ მოდის, ყოველთვის ბანაობსო...

მინდა, გავიხსენო ერთი მამაკაცის საქმეც. ალფონსი იყო. ჩვენთან მისი ერთ-ერთ მსხვერპლი, შუახნის მდიდარი ქალბატონი მოვიდა. ჩემი მეგობარი მამაკაცი არ მუშაობს და მაინტერესებს, დროს სად და როგორ ატარებსო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დამკვეთის გარდა, მას კიდევ ორი"ქალი ჰყავდა. მაგრამ ფინალი იყო კურიოზული - გავიგეთ, რომ ამ გზით ნაშოვნი მთელი თანხა მამაკაცს თავის შეყვარებულთან მიჰქონდა...

ერთხელ დედამთილმა რძლის თვალთვალი გვთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ რძალი მოვიდა და დედამთილის თვალთვალი დაგვიკვეთა. როგორც მივხვდით, ორივე მსუბუქი ყოფაქცევის იყო. ეს საქმე არ ავიღეთ, რადგან დამკვეთებს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვერ მივაწვდიდით...

ერთხელ რაიონში მცხოვრები ქალბატონის შესახებ მოგვმართეს, თითქოს ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად ჩამოდიოდა თბილისში და რამდენიმე დღე რჩებოდა. დამკვეთი ნათესავი ეჭვობდა, რომ ქალი ჯანმრთელი იყო და საყვარელი ჰყავდა. მისი ეჭვი გამართლდა. ქალი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა და ღალატთან ერთად, ოჯახს სამკურნალოდ ფულსაც სძალავდა...

ერთხელ ქალბატონი მობრძანდა მეგობართან ერთად - მეუღლის ერთგულებაში ეპარებოდა ეჭვი. შინ კამერები დაგვამონტაჟებინა, თვითონ კი ევროპაში გაემგზავრა. ჩვენც საქმეს შევუდექით, მაგრამ კარგა ხნის თვალთვალის მიუხედავად, მეუღლეს ვერაფერი შევნიშნეთ. ვიეჭვეთ, რომ ხვდებოდა, ვუთვალთვალებდით. გამოსავლის ძიებაში ისევ დამკვეთს დავუკავშირდით, ვუთხარით, რომ ყველა დაერწმუნებინა, მათ შორის თავისი მეგობარიც, რომ საქმე დასრულებულია, თვალთვალი შეწყდა და მეუღლეში ტყუილად ეპარებოდა ეჭვი. ასეც მოიქცა... მეორე დღესვე გაირკვა, რომ დამკვეთის მეგობარი და ქმარი საყვარლები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი - მამაკაცს პარალელურად კავშირი ჰქონდა მეზობელთან და ცოლის დასთანაც...

- გამოცდილებით რა შეგიძლიათ გვითხრათ - ეჭვი მეტია თუ ღალატი?

- სტატისტიკურად, მამაკაცების ეჭვიანობა უფრო ხშირად უსაფუძვლოა. 99% ქალების ეჭვი კი მართლდება.

- მოღალატე ქმარს თუ მოუმართავს დახმარებისთვის, რომ თავი დაეძვრინა და ცოლს ტყუილში არ გამოეჭირა?

- ჩვენ გვაქვს ასეთი ტიპის მომსახურებაც: "რკინის ალიბი". თუკი არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი შეხვედრები კონფიდენციალურად ჩაივლის, შეგიძლიათ, მოგვმართოთ და აღარ ინერვიულოთ... მაგალითად, ერთხელ მოგვმართა მამაკაცმა, რომელსაც ეჭვიანი ცოლი ჰყავდა, მუდმივად ურეკავდა და მხოლოდ ინფორმაციას არ სჯერდებოდა, ფოტოებსა და სხვა დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვდა. ქალის ეჭვი არ იყო უსაფუძვლო - ამ კაცს მართლაც ჰყავდა საყვარელი, მასთან ერთად აგარაკზეც რამდენიმე დღით მიდიოდა, ცოლს კი არწმუნებდა, რომ საზღვარგარეთ იყო მივლინებით. ზარებით, ფოტოებით, სასტუმროდან ვიდეოჩართვით ჩვენ ამ მამაკაცს "რკინის ალიბი" შევუქმენით.

- გარდა ღალატისა, კიდევ რა თემებია აქტუალური?

- ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხმა ქალბატონმა მოგვმართა. მათ უკავშირდებოდნენ ინტერნეტით, ტელეფონით, აშანტაჟებდნენ და ფულს სძალავდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ ოთხივე საქმის სათავეში ერთი ადამიანი იდგა, სხვათა შორის, ქალი!

- "კაბიანი ბონდები" რომ გიწოდეს, გასაგებია, მაგრამ "შეითან ქადინ კასუსი" რას ნიშნავს?

- ჩვენთან თანამშრომლობს თურქეთის მუსლიმ ქალთა საზოგადოება და მუდმივად ვიღებთ შეკვეთებს, თვალი ვადევნოთ ამ საზოგადოების წევრი ქალების მეუღლეებს. მოგეხსენებათ, თურქი მამაკაცები ერთგულებით არ გამოირჩევიან. როგორც შეგვატყობინეს, ჩვენი სახელი მათი ქმრებისთვისაც ცნობილი გამხდარა და ჩვენთვის "შეითან ქადინ კასუსი" შეურქმევიათ, რაც საშიშ მზვერავ ქალს ნიშნავს...

- უცხოეთიდან ხშირად მოგმართავენ?

- ემიგრანტი ქალები გვიკავშირდებიან და ქმრების შემოწმებას გვთხოვენ, ან პირიქით - ქმრები გვთხოვენ ემიგრანტი ცოლების თვალთვალს.

- ცნობილი ადამიანებიც გაკითხავენ?

- არაერთ ცნობილ ადამიანს მოუმართავს, ან ის გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი...

- საიდან გაგიჩნდათ იდეა ამგვარი მომსახურებისა?

- არაერთი მეგობრისგან მსმენია, რომ ხშირად გამხდარან ტყუილის მსხვერპლი და რას არ გასცემდნენ, რომ ასეთი მომსახურება მიეღოთ. დასავლეთში ეს აპრობირებული პრაქტიკაა. დავუკავშირდი კერძო დეტექტიურ ორგანიზაციებს, მივიღე მათგან რჩევები, მერე შევისწავლე ჩვენი ბაზარი და აღმოჩნდა, რომ თითქმის თავისუფალი სეგმენტი იყო. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად კარგა ხანს ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო საგამოძიებო კომპანიაში. როდესაც გადავწყვიტე, დამოუკიდებლად წამომეწყო საქმიანობა, პირველივე თვეს მომსახურების მოთხოვნამ მიწოდების შესაძლებლობებს გადააჭარბა...

ეკა სალაღაია