"ბიჭები გაუგებრობაში მოხვდნენ და აუცილებლად გამართლდებიან" - კვირის პალიტრა

"ბიჭები გაუგებრობაში მოხვდნენ და აუცილებლად გამართლდებიან"

ნიუ-იორკში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს დანაშაულებრივი ჯგუფის 33 წევრი, რომელთა შორის 15 ქართველია

9 ივნისს ნიუ-იორკში გამართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენებიდან ლევან მაყაშვილს გაათავისუფლებენ, ავთანდილ ხურციძე კი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დარჩება - მოტივად პროკურორმა ის გარემოება დაასახელა, რომ ხურციძეს ამერიკაში ოჯახი არ ჰყავს, უძრავი ქონება არ გააჩნია და შესაძლებელია, ქვეყანა დატოვოს. სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში გადახედავენ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანა დანაშაულებრივი ჯგუფის 33 წევრი, რომელთა შორის 15 ქართველია. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედ ქართულ დაჯგუფებას ბრალი ედება რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. კერძოდ, მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონოდ ტარებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ქურდობაში, საბუთებისა და საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერულ მანიპულირებაში.

დაკავებულთა შორის იყო ბრუკლინელი ანა (ნაზო) გაფრინდაშვილი (კრიმინალურ ავტორიტეტ რაჟდენ შულაიას მეგობარი), რომელსაც სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უნდა ეცდუნებინა, შემდეგ კი მოეწამლა ერთი პირი. ამჟამად ანა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია.

ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის აღმოჩნდა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე და ლევან მაყაშვილი. 37 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სამი წელია ბრუკლინში ცხოვრობს, მსოფლიო ჩემპიონია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტ აკაკი უბილავას მეგობარია. ხურციძე 8 ივლისს გასამართი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა, სადაც ის ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსს უნდა დაჰპირისპირებოდა. ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების (ბრძოლა წესების გარეშე) მებრძოლია. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოქმში ხურციძის მეტსახელად "კიკბოქსიორია" მითითებული. მას ბრალი 2 მუხლით წაუყენეს - რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობასა და თაღლითობაში. ორივე მუხლი თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთას ითვალისწინებს...

დაკავებულ ქართველებს შორის ე.წ. "კანონიერი ქურდები" - რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა (ჯვარსკი), გიორგი ლომიშვილი (ლევსკი) და მამუკა ჩაგანავა არიან. იძებნება დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ხუთი წევრი.

შულაიას ამერიკული გავლენები

ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ ჯგუფი მოქმედებდა რაჟდენ შულაიას (რომა პიტერსკის) მითითებით."კანონიერი ქურდი" თავის სტატუსს იყენებდა დაბალი რგოლის კრიმინალებს შორის დავების გადასაჭრელად. გაზეთ "ლას-ვეგას რევიუს" ცნობით, შულაია რუსეთის მოქალაქეა.

ამერიკული მედია წერს, რომ ეს ყველაზე დიდი რუსული კრიმინალური სინდიკატია, რომელიც აშშ-ის პოლიციას ოდესმე გამოუმჟღავნებია. მასში ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების მოქალაქეები შედიან, თუმცა, უმრავლესობა ქართველია.

შულაიას დაჯგუფება, ძირითადად, ნიუ-იორკში მუშაობდა, ასევე მოქმედებდა ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ფლორიდასა და ნევადაში. დაჯგუფება მჭიდრო კავშირში იყო რუს, ქართველ და უკრაინელ "კოლეგებთან" და ხშირად დიდი ოდენობით თანხებსაც ურიცხავდა მათ.

"კრიმინალი რომ ყოფილიყო, ამდენს ვერ მიაღწევდა"

სპეცოპერაციის მეორე დღეს ავთანდილ ხურციძის "ფეისბუკის" გვერდზე სპორტსმენმა დაწერა: "გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს, უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, განვაგრძო მომზადება სონდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!"

9 ივნისს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ფეისბუკში" კვლავ გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც სპორტსმენმა საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციაში გარკვევა სთხოვა.

დავით წიკლაური, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი: - მე და ავთო ვმეგობრობთ და მისი კრიმინალობის ან კრიმინალების თანამზრახველობის შესახებ არასოდეს მსმენია. ის, რომ კრიმინალური დაჯგუფების რომელიმე წევრს იცნობდა, სხვაა, დანაშაულსა და გარჩევებში მონაწილეობა - სხვა. ჩვენც რომ ჩავსულვართ შეჯიბრებაზე რომელიმე ქვეყანაში, როცა შეუტყვიათ, ქართველები ვართ, ყველა გვგულშემატკივრობდა. ნაკრები რესტორანშიც დავუპატიჟებივართ, ვიღაცებს ფული გადაუხდიათ და აღმოჩენილა, რომ "ავტორიტეტებს" უციათ პატივი. ამერიკა არ არის ის ქვეყანა, ადამიანს ტყუილად დააბრალონ რაღაც. ნეტავ არანაირ დანაშაულში არ იყვნენ გახვეული. თუ გაურკვევლობაა, გამოჩნდება. ავთო სამი წელია ამერიკაშია, კარიერას გადააკლა თავი, კრიმინალი რომ ყოფილიყო, ამდენს ვერ მიაღწევდა.

"დარწმუნებული ვარ, ლევანს გაამართლებენ"

თათა შავლაყაძე, ლევან მაყაშვილის მეუღლე: - ლევანი 2013 წლიდან ცხოვრობს ბრუკლინში. ორგზის CFFC-ს მსოფლიო ჩემპიონია, პირველი ქართველია, რომელიც UFჩ-ს მებრძოლი იყო. დღეს FIGHT NIGHT-ის მებრძოლია, ეს ორგანიზაცია რუსეთშია. ზუსტად არც ვიცი, რას ედავებიან. მას დაკავების დღესვე შეეძლო შუამდგომლობით გამოსვლა, მაგრამ უარი განაცხადა. ავთო ხურციძე ჩვენი შვილის ნათლიაა. ბიჭები გაუგებრობაში მოხვდნენ და აუცილებლად გამართლდებიან. პირველად მესმის იმ კრიმინალური ავტორიტეტების სახელები, მე ლევანის ყველა მეგობარსა და უბრალო ნაცნობსაც კი ვიცნობ...

"შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის"

ჩვენ ინტერვიუზე დავითანხმეთ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაახლოებული პირი, რომელიც მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან დეტალებს გვიმხელს.

თამაზი (პირობითი სახელია): -"რაჟდენ შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის. შულაიას ნიუ-იორკში სამი კონსპირაციული ბინა აქვს. მის დაჯგუფებას ევალებოდა დაკვეთილი მკვლელობის შესრულება, სამიზნე კი იყო ამერიკის საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ინფორმაციის მოძიების საკითხებს კურირებს. როგორც ჩანს, მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა მოპოვებული. ამ მაღალჩIნოსანს ნიუ-იორკში ჰყავს ოჯახი და იქ უნდა მისულიყო, ბანდის წევრები კი ჩასაფრებული იყვნენ. ვიცი, რომ ჯგუფი, რომელიც აიყვანეს, კონკრეტულ დავალებაზე იყო წასული და მას შემდეგ, რაც ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, ავტორიტეტები შაქრო კალაშოვის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასე იყვნენ გარიგებული დამკვეთებთან. მკვლელობა ვინ დაუკვეთა, ვერ ვიტყვი, სხვა არაფერი ვიცი.

არ დაიჯეროთ, რომ ეს სპეცოპერაცია თაღლითობა-რეკეტს, ნარკოტიკებსა და სხვა დანაშაულების გამოვლენას უკავშირდება. უბრალოდ, არ მოინდომეს, ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა მისცემოდა.

შულაიას მარჯვენა ხელია ზურა ჯანაშვილი, დაჯგუფებას ეს ორი "ავტორიტეტი" ხელმძღვანელობს.

რაჟდენ შულაია 7 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და 4 პასპორტი აქვს სხვადასხვა გვარ-სახელით. 15 წელია, რაც საქართველოში არ ჩამოსულა, აქ არავის ეკონტაქტება. ვერ გეტყვით, არიან თუ არა ამ საქმეში ქართველი სპორტსმენები გარეული. როდესაც კრიმინალური დაჯგუფება იქმნება, მისი ლიდერები ფიზიკურად მომზადებულ, ძლიერ ადამიანებს, სპორტსმენებს იყენებენ გვერდით. როგორც ვიცი, ხურციძე რაჟდენ შულაიასთან და აკაკი უბილავასთან მეგობრობდა, მიმოწერაც ჰქონდათ და შესაძლოა, ამის საფუძველზე დააკავეს, თუმცა, ნაცნობ-მეგობრობა და მიმოწერა არ ნიშნავს დანაშაულში თანამონაწილეობას.

ნანა ფიცხელაური