რატომ იმატა არასრულწლოვანთა დანაშაულმა - კვირის პალიტრა

რატომ იმატა არასრულწლოვანთა დანაშაულმა

ბოლო დროს იმატა არასრულწლოვანთა ქურდობისა და ხულიგნობის ფაქტებმა. ამას ბევრი ლიბერალური სისხლის სამართლის კოდექსით ხსნის, თუმცა იმაზეც თანხმდებიან, რომ ამ მოწყვლადი ჯგუფის მკაცრად დასჯით პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. რატომ ხდებიან არასრულწლოვნები დამნაშავეთა სამყაროს წევრები? ამ საკითხზე სამართლის დამოუკიდებელი სპეციალისტი ბავშვთა მართლმსაჯულებაში, გიორგი ტურაზაშვილი გვესაუბრა:

- არასრულწლოვანთა წვრილმანი დანაშაულის მიზეზი შეიძლება იყოს არაჯანსაღი გარემო ოჯახში, რაც ბავშვს მცდარი ქცევისკენ უბიძგებს. ჩვენ დანაშაულის მოტივაცია უნდა გვაინტერესებდეს და არა - მოზარდის ციხეში გაშვება და დასჯა. მოზარდი უნდა წავახალისოთ, დავასაქმოთ...

- ახალი კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება და უპირატესობა განრიდების ინსტიტუტს ენიჭება. ეფექტურია თუ არა ეს მეთოდი?

- ჩვენ კვლევა ჩავატარეთ. გამოიკვეთა, რომ პროკურატურა შეძლებისდაგვარად ცდილობს, არ მიმართოს სასამართლოს პატიმრობის მოთხოვნით. უფრო ხშირად გამოიყენება განრიდება. მოზარდი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, ეს არ არის გამოსწორების საშუალება. საერთაშორისო სამართალი გვავალდებულებს, რომ განრიდების შემდეგაც ვიზრუნოთ მოზარდებზე. იშვიათია პატიმრობის შემთხვევები, მაგრამ თუ მოზარდი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს და მისი ქმედება სახიფათოა, მას პატიმრობას უსჯიან... მე მხოლოდ ერთი შემთხვევა ვიცი, როცა მოზარდის სასჯელად თავისუფლების აღკვეთა გამოიყენეს.

არის შემთხვევები, როცა მოზარდს ჩასვამენ პოლიციის მანქანაში და სანამ შენობამდე მივლენ, "ამუშავებენ" - ჯობია, თქვა, რომ მოიპარე, დააშავე... ანუ ცდილობენ, დანაშაული აღიარებინონ. არადა, ამ დროს შეიძლება სულაც არ იყოს ქურდი. ჩვენ პოლიციელისგან კი არ უნდა დავიცვათ ბავშვი, პოლიციელმა უნდა იფიქროს კანონიერი პროცედურის დაცვაზე.

- მაღაზიების მეპატრონეები ჩივიან, უკვე ვცნობთ ქურდ მოზარდებს, ბევრჯერ დავზარალდით, მაგრამ ვერაფერს გავხდითო. იქნებ ამ ფაქტების სიხშირეს სწორედ ლიბერალური მიდგომა განაპირობებს...

- ყველამ ამ მოზარდების ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი - რა დღეში არიან... აქ სახელმწიფოსა და პოლიციის როლია მნიშვნელოვანი - პრობლემა მათთან მუშაობით უნდა გადავჭრათ. მნიშვნელოვანი ის არის, რატომ ქურდობს ბავშვი...

ახალი კოდექსის თანახმად

18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, მართლმსაჯულების კოდექსით, რომელიც 2016 წლის იანვარში ამოქმედდა, უცვლელი რჩება სს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის გამოყენება მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაშია შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვანთათვის უფრო ხანგრძლივი პატიმრობის მისჯა ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.

ახალი კოდექსით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე შემცირდა, ნასამართლობა კი სასჯელის მოხდისთანავე ეხსნება. თუმცა, თუ უკვე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს ხელახლა ჩაიდენს, განაჩენის დროს მის ნასამართლობას გაითვალისწინებენ.

რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს - არასრულწლოვანი არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.

ნანა ფიცხელაური