მუჰთარლის სკანდალური საქმე და ევროპარლამენტის რეზოლუცია - რას მოუწოდებს ევროსტრუქტურა აზერბაიჯანს და რას - საქართველოს? - კვირის პალიტრა

მუჰთარლის სკანდალური საქმე და ევროპარლამენტის რეზოლუცია - რას მოუწოდებს ევროსტრუქტურა აზერბაიჯანს და რას - საქართველოს?

ევროპარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის კენჭისყრამდე ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. აღნიშნულ საქმეზე სიტყვით 20-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა, სადაც ისინი ერთხმად აღნიშნავნდნენ, რომ აფგან მუჰთარლი დაუყონებლივ გათავისუფლებული იქნას პატიმრობიდან და ამ საკითხთან დაკავშრებით გამოძიება არა მარტო აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც უნდა ჩატარდეს.

"შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუჰთარლის. ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება. ასევე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც", -განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსმა.

განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა სორაია პოსტმა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ არა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის ფონზე.

"საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუჰთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია. მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუჰთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ", - განაცხადა პოსტმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, უკვე მიმართეს აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუჰთარლის დაკითხვის მოთხოვნით.

"ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე, რომელზეც არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ჩატარდეს სწორი, ეფექტური და დროული გამოძიება. გამოძიება არის დაწყებული და რამდენადაც ჩვემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქმეზე რეალური სურათი გაირკვეს.

როგორც მე ვიცი, სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა არსებობს. საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, მიმართული აქვთ აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურისათვის, რათა მოხდეს აფგან მუჰთარლის დაკითხვა ჩვენი საგამოძიებო უწყების მიერ. მე მგონია, რომ ეს კარგი და სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ მისი დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე აფგან მუჰთარლის გატაცებაში. ამის შეუსრულებლობა კი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა იქნება და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე.

აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუჰთარლი.

მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება", - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით