"თავზე ტომარა ჩამომაცვეს და..." - კვირის პალიტრა

"თავზე ტომარა ჩამომაცვეს და..."

მოულოდნელად მიკროავტობუსის კარი გაიღო, რამდენიმე პირი გადმოხტა, ტომარა ჩამომაცვეს თავზე და წამიყვანეს ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში. ტომარა რომ მომხსნეს, ჩემ წინ იდგა ის ოთხეული. სანამ ადგილამდე არ მივედით, არაფერს მეუბნებოდნენ, ხელებიც შებოჭილი მქონდა, იარაღს მიმიზნებდნენ და მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო

ბიზნესმენის გატაცების საქმის ოთხ ფიგურანტს - ნიკოლოზ ბახტაძეს, ლევან ჩქარეულს, ნიკიფორე კუტალაძესა და დავით ბერეჟიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. როგორც სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გია ჯიბლაძე ამბობს, 26 მაისის საღამოს 9 საათზე ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ლევან ჩქარეული, "სვეტის" პარტნიორი კომპანია "მშენებელი 3"-ის დირექტორია. "მშენებელი 3", რომელიც ბაკურიანში მიწებს ფლობს, ოფიციალურად ცნობილი მოქანდაკის, ზურაბ წერეთლის შვილიშვილს, ვასილ წერეთელს ეკუთვნის, თუმცა, როგორც ამბობს, კომპანიის მართვაში არ მონაწილეობს.

გია ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბიზნესმენის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. კერძოდ, გასული წლის 21 მაისს კომპანია "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელი ნიკოლოზ შავიშვილი გაიტაცეს. ახლო წარსულში შავიშვილიც ზურაბ წერეთლის ბიზნესპარტნიორი ყოფილა და მასთან ერთად ბაკურიანში დეველოპერულ პროექტს ახორციელებდა. შავიშვილი ახლა ხელახლა დაჰკითხეს და არსებული ინფორმაციით, ჯიბლაძის საქმეზე დაკავებული ოთხეულიდან დაასახელა ორი პირი, რომლებიც მის გამტაცებელთა შორის იყვნენ.

გია ჯიბლაძე, კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი: - 26 მაისს სამსახურიდან დაბრუნებულს ყიფშიძის ქუჩაზე, ჩემი სახლის სადარბაზოსთან, ვერცხლისფერი მიკროავტობუსი დამხვდა. მოულოდნელად კარი გაიღო, რამდენიმე პირი გადმოხტა, ტომარა ჩამომაცვეს თავზე და წამიყვანეს, როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში. ტომარა რომ მომხსნეს, ჩემ წინ იდგა ის ოთხეული, რომელიც დღეს დაკავებულია. სანამ ადგილამდე არ მივედით, არაფერს მეუბნებოდნენ, ხელებიც შებოჭილი მქონდა, იარაღს მიმიზნებდნენ და მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო.

- ადვოკატის თქმით, გზაში მეუღლეს ელაპარაკეთ, დამშვიდობებისას კი, როგორც ვიდეოფირზე ჩანს, თქვენ და გამტაცებლები პირზე კოცნით დაშორდით ერთმანეთს.

- მანქანაში არა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, პარკირების ადგილზე მეუღლემ დამირეკა და მშვიდად ვესაუბრე იმიტომ, რომ მომკლავდა ის ოთხი ბანდიტი.

- რას მოითხოვდნენ?

- საბურთალოზე, ნუცუბიძის 125 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში 200 კვმ საცხოვრებელი ფართობის გადაფორმებასა და 150.000 დოლარს მთხოვდნენ. დავთანხმდი თუ არა, თვითონვე მომაბრუნეს უკან - ისევ ჩამომაცვეს ტომარა, ჩამსვეს მანქანაში და ჩემს სახლთან დამტოვეს. ამასობაში იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც კი ჩამომსვეს, მაშინვე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს დავუკავშირდი, ექსპერტიზის ბიუროშიც მივედი, სადაც ექსპერტიზა ჩამიტარდა, დაფიქსირებულია ყველა სისხლჩაქცევა, რაც კი მქონდა სახესა და ხელებზე.

"მშენებელი 3"-თან არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია. კონტრაქტში ადრე რაღაც ფინანსურ ვალდებულებაზე არსებობდა ასეთი ჩანაწერი: "მშენებლობის ნებართვის აღებიდან 3 თვის შემდგომ", მაგრამ დღესაც კი არა მაქვს ნებართვა აღებული, მით უმეტეს, არ მქონდა 26 მაისს. ადრე არსებული ჩანაწერი მხარეთა შეთანხმებით დღეს გაუქმებულია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ამოიღო პროკურატურამ გამოძალვის ბრალდება და დატოვა მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთა? ამბობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

- როდესაც მათ დაუმტკიცდებათ ეს დანაშაული, ამის მერე დადგინდება მოტივიც, ანუ გამოძალვა. მოვა დრო, ფირებიც გასაჯაროვდება. ამ ოთხმა ბანდიტმა ფიზიკური, მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. დირექტორად თუ დაინიშნე, მოდი და ოფისში გამეცანი! მერე გავიგე, ჩქარეული ვინ იყო...

- მანამდე არ იცოდით, რომ კომპანიის დირექტორი ლევან ჩქარეული იყო? დანარჩენები ვინ არიან?

- არ ვიცოდი, ჩქარეული რომ დაუნიშნავთ, ახლახან გავიგე ფოსტით გამოგზავნილი წერილით. მანამდე არ ვიცნობდი. გამტაცებლები დამემუქრნენ, ფულს თუ არ მოგვიტან, მეორედ შენს წასაყვანად ასე კი არ მოვალთ, დისტანციურად ვიმოქმედებთ, ერთს გამოვკრავთ და მკვდარს დაგტოვებთ ადგილზეო. დანარჩენი სამი კომპანიასთან დაკავშირებული პირები არიან. ჩქარეული სოდ-ის ყოფილი თანამშრომელია. მანქანაში ჰქონდა დურბინდი, სათვალთვალო მოწყობილობა, კასტეტი. ახლა გამოიკვეთა ბიზნესმენ ნიკოლოზ შავიშვილის ანალოგიური ამბავიც, რომელშიც იმ ოთხეულიდან ორი გამტაცებელი ფიგურირებს.

- შავიშვილმა აქამდე რატომ არ გაახმაურა თავისი გატაცების ამბავი?

- არ ვიცი. ბატონი ნიკაც იმავე ავტომანქანით, ვერცხლისფერი მიკროავტობუსით გაიტაცეს და ამ ოთხი პირიდან იყო ორი - ჩქარეული და ბახტაძე, რომელსაც მანამდე გიორგი ნიჟარაძედ ვიცნობდი, ტყუილით დაიწყო ჩემთან ურთიერთობა. ნიკოლოზ ბახტაძე კომპანია "მშენებელი 3"-ის წარმომადგენლის ახლობელი იყო და მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

- მისი ოჯახის ხსენებისთვის მოქანდაკის შვილიშვილი ვასილ წერეთელი აპირებს, სასამართლოში გიჩივლოთ ღირსების შელახვისთვის.

- წერეთლის ოჯახს ამ ბანდიტებთან შეხება არა აქვს. მე ხელი დავადე და ვახსენებდი ბახტაძეს, რომელიც წერეთლის წარმომადგენლის აღმსრულებელი იყო...

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გია ჯიბლაძის გატაცების ამბავი აბსურდია და ეს ბიზნესმენმა "მშენებელი 3"-თან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად გამოიგონა.

ფრიდონ ყუფარაძე, დავით ბერეჟიანისა და ნიკიფორე კუტალაძის ადვოკატი:

- ხელშეკრულების თანახმად, ჯიბლაძეს ჰქონდა ვალდებულება, შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, რის შემდეგაც "მშენებელ 3"-ს მისცემდა 300 კვმ მიწის ფართობს ბაკურიანში და მოგების 18%-ს. შემდეგ პარტნიორებს შორის თანხაზე წავიდა საუბარი და საბოლოოდ, შეთანხმდნენ, რომ ჯიბლაძეს კომპანიისთვის უნდა მიეცა მოგების 17% და 150. 000 დოლარი. 2-3 წლის განმავლობაში ამ ადამიანს ხელი არ გაუნძრევია და ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. ოთხეული მასთან ამაზე სასაუბროდ მივიდა. ბიჭები არ უარყოფენ, რომ მათ შორის ხმამაღალი საუბარი წავიდა, მაგრამ გატაცება არის აბსურდი.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ჯიბლაძე დაცვასთან ერთად გამოდის სახლიდან, შემდეგ ჯდება მათ მანქანაში და მიდიან. ისინი კაფეში აპირებდნენ დასხდომას და საუბარს, მაგრამ ჯიბლაძემ ბიჭებს უთხრა, ცოლმა დამირეკაო, ამიტომ მოატრიალეს მანქანა და უკან, სახლში მიიყვანეს. ეს არის გატაცების მთელი ინსცენირება. არანაირი მუქარა და იარაღი არ ყოფილა. მეტიც, ერთმანეთს კმაყოფილი სახით და გადაკოცნით ემშვიდობებიან. როგორც გავიგე, ე.წ. დაზარალებულს ზურაბ წერეთლის შვილიშვილი უჩივის ღირსებისა და პატივის შელახვისთვის. ჩვენი ვარაუდით, გია ჯიბლაძემ გატაცებაზე საუბარი იმის გამო დაიწყო, რომ სურს ფინანსური ვალდებულებები აირიდოს თავიდან, რომელიც პარტნიორ კომპანიასთან აქვს. მოვითხოვთ ბრალდებულების გამართლებას, მტკიცებულებების მოპოვებას. მთელი ეს ამბავი სიყალბეა და პასუხისგებაში თავად ჯიბლაძე მიეცემა.

იოსებ ჩხარტიშვილი, ლევან ჩქარეულისა და ნიკოლოზ ბახტაძის ადვოკატი:

- საქმეში შავიშვილის ჩვენების გარდა არაფერი - არც დანაშაულის ნიშნები და არც მტკიცებულებებია, არც არავინ დაკითხულა. ფაქტია, ეს ადამიანიც ჯიბლაძის ანალოგიურ ჩვენებას იძლევა. შავიშვილთანაც იგივე სიტუაციაა - მასაც ჰქონდა ვალდებულება ნაკისრი, რომელიც არ შეასრულა, მერე ჯიბლაძემ გადაიბარა მისი გაფუჭებული საქმე (სამშენებლო პროექტი ბაკურიანში თავიდან შავიშვილმა დაიწყო, მაგრამ "მშენებელ 3"-ს გადასცა გაუმართავი და დეფექტიანი კოტეჯები, ჯიბლაძემ აიღო ვალდებულება, გამოესწორებინა ეს საქმე, რაც არ შეუსრულებია).

აქამდე სად იყო შავიშვილი? როგორც კი გაირკვა, რომ გამოძიებას არც ჯიბლაძის საქმეში ჰქონდა მტკიცებულებები, მაშინვე გამოჩნდა შავიშვილი, რათა საქმე დაემძიმებინათ.

აბსურდულია ჯიბლაძის განცხადებები, დღეს გავიცანი, გუშინ არ ვიცნობდიო. ადამიანს არ იცნობდი და ხელშეკრულებას აწერდი ხელს? პირველ ჩვენებაში შავიშვილი ჩქარეულსა და ბახტაძეს არ ახსენებს, ამბობს, გამტაცებლებს არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინ იყვნენო. 3-მა თუ 4-მა კაცმა წამიყვანა, სახეში მირტყამდნენ, რაღაც თანხებსა და ვალებზე იყო ლაპარაკიო. თუ გალახეს, საქმეში რატომ არ დევს სამედიცინო დასკვნა? ახალ ჩვენებაში კი მიუთითებს, ეგენი უნდა ყოფილიყვნენო. გატაცების ორივე ამბავი ბლეფია.

P.S. ჩვენ ვეცადეთ, კომპანია "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელ ნიკოლოზ შავიშვილსაც დავკავშირებოდით, თუმცა ბიზნესმენი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოვიდა.

ნანა ფიცხელაური