"შეიძ­ლ­ება­ იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკ­ლეს" - კვირის პალიტრა

"შეიძ­ლ­ება­ იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკ­ლეს"

მეზობლები დედა-შვილის მკვლელობაში ყაჩაღობას გამორიცხავენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში შემზარავი მკვლელობა მოხდა - სადისტურად დახოცეს დედა-შვილი. ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, 65 წლის მანანა ჯალაბაძისა და მისი ქალიშვილის, 31 წლის მერი ჯაფიაშვილის ცხედრები მეზობლებმა საკუთარ სახლში იპოვეს.

ბოლოს მერი ჯაფიაშვილი 11 ივნისს კარის მეზობელმა საღამოს 10 საათზე ნახა. სავარაუდოდ, მკვლელობაც იმ ღამით მოხდა.

"12 ივნისს ძებნა არ დამიწყია, რადგან ვიცოდი, დაბადების დღეზე მიდიოდნენ, მაგრამ მომდევნო დღესაც რომ არ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოვიკითხეთ. თანაც სახლის კარი ღია იყო და შუქიც ენთო. ეზოში შევედით და დავუძახეთ, პასუხი რომ არავინ გაგვცა, მეზობელი სახლში შევიდა და ყვირილით გამოვარდა... გასროლა არ გამიგონია, ზოგიერთი ამბობს, გავიგონეთო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ - საზღვრისპირა სოფელია, 9 კილომეტრში ოსეთის საზღვარია და სროლის ხმა ხშირად ისმის. არც მათი ძაღლის ყეფა გაგვიგონია, თორემ ამას მაინც მივაქცევდით ყურადღებას", - ამბობს ჯაფიაშვილების მეზობელი.

მეზობელი, რომელმაც დედა-შვილის ცხედრები პირველმა ნახა, ამბობს, რომ მერის სასიკვდილო ჭრილობა კისერში ჰქონდა მიყენებული. ოთახში კი ტელევიზორი იყო ჩართული.

მეზობლები ყაჩაღობას გამორიცხავენ - დედა-შვილს ფული არ ჰქონდა და სახლიც არეული არ ყოფილაო, ამბობენ. მათ არც სექსუალური ძალადობის კვალი ეტყობოდათ.

სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან სამხილები ამოიღეს, ნაპოვნია გასროლილი ტყვიის მასრები.

მარინა ჯაფიაშვილი, ნათესავი: - მერი ჩემი ძმისშვილია, მანანა - რძალი. ცუდი არავისთვის გაუკეთებიათ. ჩემი ძმა 90-იან წლებში სავაჭროდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ დღემდე არაფერი ვიცით. მანანამ სამი ქალიშვილი მარტომ გაზარდა, ორი თბილისშია, მერი კი დედასთან ცხოვრობდა. ახლახან ქალიშვილი გაათხოვა, ახალდაქორწინებულები ანტალიაში ისვენებდნენ და იქ შეიტყვეს ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ.

მანანა საშინლად ნაწამებია. სახე ჩალურჯებული აქვს. ხატების კუთხესთან ლოცვების წიგნი იყო გადაშლილი, ეტყობა, მერი ფსალმუნს კითხულობდა და ამ დროს მოესმა ქვედა სართულიდან დედის ხმა. ჩავიდა და მერე რა მოხდა, არავინ იცის. მანანა ისეთი მებრძოლი ქალი იყო, თავს არავის დააჩაგვრინებდა. შეიძლება იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკლეს. ალბათ, იატაკზე ათრიეს, მაისური სულ დასვრილი ჰქონდა... ჩანს, დედის საშველად ჩასულ მერის გაზქურაზე მიახეთქებინეს თავი. სადისტმა ალბათ, გულმკერდზეც დააბიჯა ფეხი, კვალი ეტყობა გოგოს სხეულზე. თმაც დაგლეჯილი აქვს.

- ითქვა, შესაძლოა, კონფლიქტური ზონიდან გადმოვიდნენ მათ დასაყაჩაღებლადო.

- მე დვანში ვცხოვრობ და ჩემი სოფელი უფრო ახლოს არის საზღვართან. ტახტისძირში ვინ ჩამოვიდოდა, ჩვენი პოლიცია ყველგან დგას, ოსი რომ გადმოსულიყო, გამორიცხულია. ეტყობა, მკვლელები ღობიდან გადმოვიდნენ. ეზოში ქვიშა ეყარა, ერთი შიგ ჩამხტარა - ფეხის ანაბეჭდი ნათლად ჩანდა.

თეა ხურცილავა