როგორ ყალბდება ფული
19-06-2017
როგორ ყალბდება ფული
"დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება"

რა რაოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა მიმ­ოქცევიდან და როგორ ყალბდება კუპიურები, "კვირის პალიტრას" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მამუკა ხუციშვილი ესაუბრა:

- ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტო ერთ კვარტალში, მიმოქცევიდან 57.000 ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. გაყალბებული იყო 10, 20, 50, 100 და 200-ლარიანი კუპიურები. დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც
და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება. უცხოეთში ხალხი ფულის ამო­მცნობ ნიშნებს უკეთ იცნობს, კუპი­ურებს გულდასმით ათვალიერებენ, ჩვენთან კი ასე არ ხდება და მავნებლური შედეგიც სახეზეა. ჩემი გამოთვლით, დღეს ქვეყანაში 50 მლნ ღირებულების ყალბი ფული მაინც ტრიალებს.

- ეს როგორ გამოთვალეთ?

- მარტივად, პირადად მე, ერთი წლის განმავლობაში ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 ლარი"აღმომაჩნდა, ხურდაში­ მო­მცეს. მივხვდი, ყალბი იყო, მაგ­რამ უკან არ დავაბრ­უნე - მოწაფეებისთვის საჩვენებლად ვიყენებ­. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მინიმუმ 3 მილიონ მოქალ­აქეს გაყალბებული კუპიურები და მონეტები წლის განმავლობაში ჩემსავით დაუგროვდა, თითოს - 20 ლარის ოდენობით მაინც. 20 რომ 3 მილიონზე გავამრავლოთ, 60 მლნ-ია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ბრუნვაში, სულ მცირე, 50 მლნ ყალბი ფული ტრიალებს. გაყალბებულია დოლარიც, ევროც და სხვა კუპიურებიც.

ცოტა ხნის წინ ლაგოდეხში დიდი რაოდენ­ობით ყალბი აზერბაიჯანული მანათი აღმოაჩინეს, ბათუმში - დოლარი, თბილისში - ევრო. ბათუმში თურქეთის მოქალაქემ ყალბი 100.000 დოლარის გასაღება სცადა. საბანკო გადარიცხვა კიდეც განახორციელა­, თუმცა ერთ-ერთი ოპერატორი, რომელმაც მას ყავა მიართვა, დააეჭვა კუპიურის ნამდვილობამ. დარეკა თბილისში, სადაც დაუზუსტეს, რომ დოლარს ერთი დამცავი ნიშანი აკლდა. თურქი დააკავეს. თბილისში დააკავეს ორი ჩინელი - ყალბ ფულს ასაღებდნენ.

- რატომ ვერ ტარდება პრევენციული ღონისძიებები?

- მსოფლიოში ჯერ არავის­ მოუფიქრებია მანქანა, რომელ­იც სრულყოფილად ამოიცნობს, ფული ყალბია თუ არა. ულტრაი­ისფერ დეტექტორს მხოლოდ 2% აქვს ცნობადობა.
ადრე არსებობდა მოლარე-ოპერატორების გადამზადების სისტემა, რომელთაც ფულის დამცავ ნიშნებსა და მათ ამოცნობას ასწავლიდნენ. ეს სისტემა თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გააუქმა - სახელმწიფო კერძო­ სექტორს (ბანკებს) არ უნდა ემს­ახურებოდეს და ამაში ფულს არ უნდა ხარჯავდესო. ჩემმა მოსწავლემ ექსპე­რიმენტი­ ჩაატარა - შევი­და ორ სახელგანთქმულ ბა­ნკში, მოლარე-ოპერატორს წარუდგინა ეროვნული ვალ­უტის ერთ-ერთი დამცავი ნიშანი­ და ჰკითხა, რა ნი­შან­იაო. ასეთ ნიშანს არ ვიცნობთ და ფულს ის საერთოდ არ აქვსო(?!).

ჩვენთან ჯერჯერობით ყალბ ფულს ფოტოკოპირების მეთოდ­ით ამზადებენ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ სტამბურად დაამზადოს და შემოიტანოს. 300-400 მლნ ყალბი ფული რომ დატრიალდეს, ეს ეკონომიკის სრული კოლაფსის ტოლფასი იქნება. მოხდება საქონლის გადინება და ხელში ფარატინა ქაღ­ალდი შეგვრჩება. ამას მოჰყვება ინფლაციისა და უმუშევრობის დონის გაზრდა, ბიზნესობიექტების დახურვა, მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება.
მსოფლიოში 20 მიწისქვეშა­ სტამბა არსებობდა, რომელიც ყალბ ფულს მაღალ პოლიგრაფი­ულ­ დონეზე ბეჭდავდა. ვინ უწყო­ბდა ამ საერთაშორისო დანაშა­ულს ხელს, ეს ცალკე საკითხია. ამერიკამ დიდი ძალისხმევით მოახერხა მისი 8-მდე შემცირება, თუმცა ესეც დიდი უბედურებაა...

ერთ ამბავს გავიხსენებ: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდ­ენტი ნოდარ ჯავახიშვილი შევარ­დნაძესთან ერთად იყო ავსტრიაში. ერთ დღეს მაღაზიაში ჰალსტუხის საყიდლად შევიდა, ასდოლარიანი ამოიღო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი... დააკავეს ბატონი ნოდარი,­ გაჩხრიკეს მისი სასტუმროს ნომერი. იქიდან დაბრუნებულმა დამავალა, რომ უცხოეთის ბანკებში სასწავლებლად წავსულიყავი და დაბრუნებისთანავე ბანკების მოლარე-ოპერატორების გადამზადება დამეწყო (14 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი).

- იქნებ მოგვი­თხროთ, როგორ აწარმოებენ ქვეყნები ერთმანეთის წინააღმდეგ ომს ყალბი ფულით?

- დიდ ბრიტანეთში რომ ვსწა­ვ­ლობდი, ერთი საინტერესო­ შემთხვევა გადამხდა. იქაურმა სპეციალისტებმა მითხრეს, რადგან­ ქართველი ხარ, შენ არაფერს გა­სწავლითო. ვერაფერს მივხვდი. მითხრეს, ორმა ქართველმა - ქარუმიძემ და ჯანდიერმა ჩვენი ეკონომიკა დასცესო. ორივე ოფს­ეტური ბეჭდვის პროფესორი ყოფილა. ომის დროს გერმანელებს უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ ქართველები დაჰპირებიან, თუ ხელს არ გვახლებთ, ისეთ ყალბ ინგლისურ სტერლინგს დავამზადებთ, ნამდვილისგან ვერაფრით გაარჩევენო. 137 დამცავი ნიშნიდან 136 ზუსტად დასვეს. შედეგად - ერთ კვირაში მილიარდამდე სტერლინგის ქონება გაედინა ინგ­ლისიდან... ბანკები გვიან მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა. დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ ამ შემთხვევამ მათი ეკონომიკა ისე დახია უკან, მის ამოსაქაჩად 10-15 წელი დასჭირდათ. ქარუმიძე და ჯანდიერი მერე საფრანგეთის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ამუშავებდნენ. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ჩეჩნებმა დაბეჭდეს 4 მილიარდი ყალბი დოლარი და რუსეთში გაავრცელეს. რუბლის პირველი ინფლაცია რუსეთში სწორედ ამან გამოიწვია. კიდევ მრავალი მაგალითის მოყ­ვანა შეიძლება... ფაქტია, ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება.

ეკა ასათიანი
გოჩა
23 ივნისი 2017 10:31
ფოტოკოპირებით დამზადებული ყალბი ფულის ვერ ამოცნობა ბანკების მიერ სასაცილოა. საკმარისია ქაღალდი დაიჭირო ხელში და თუ ამ საქმეში მიამიტი არ ხარ, უნდა ამოიცნო ყალბი კუპიურა. თუმცა არ მიკვირს, რამოდენიმე წლის წინ, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მუშაობისას, მივიღე 10 და 20 ევროიანი კუპიურა, რომელიც იყო გარეცხილი სარეცხ მანქანაში, კუპიურა გაცრეცილ-დასუსტებული იყო, თუმცა ნადვილ კუპიურას აქვს ნიშნები, რომელბიც გაყალბებულს არა აქვს...პროკრედიტ ბანკში კი აღნიშნული კუპიურა შერაცხეს ყალბ კპიურად...ჩამომართვეს და გააგზავნეს ექსპერტზე, 1 თვის მერე კი მოვიდა პასუხი რომ ნამდვილი იყო, ბოდიშიც მომიხადეს და ახალი კუპიურაც მომცეს.

რედაქტორის რჩევით