"მათ სახეზე სიკვდილის შიში ეწერათ" - კვირის პალიტრა

"მათ სახეზე სიკვდილის შიში ეწერათ"

"ადამიანები ფანჯრებიდან ბავშვებს ისროდნენ და განწირული ყვიროდნენ, "გადაარჩინეთ ჩვენი შვილები!" მათ ბინებს ელვის სისწრაფით ედებოდა ცეცხლი"

14 ივნისს, გვიან ღამით, ლონდონში, ჩრდილოეთ კენსინგტონის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას, გრენფელ-თაუერს, ცეცხლი გაუჩნდა. 200-ბინიან შენობაში იმ დროისთვის, სავარაუდოდ, 600-მდე კაცი იმყოფებოდა. ხელოვნური ფილებით (ალუმინისა და თუთიის შემცველი მასალებით) მოპირკეთებულ შენობას ხანძარი არნახული სისწრაფით მოედო. სახლი თითქმის მთლიანად დაიწვა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 30 კაცი. პოლიციის ვარაუდით, მსხვერპლი გაცილებით მეტია და შეიძლება 100-ს გადააჭარბოს - უგზო-უკვლოდ დაკარგულია 70-მდე ადამიანი. მაშველები წუხან, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსი აღარ არსებობს. საავადმყოფოებში დარჩენილია 24 ადამიანი, მათგან 12 მძიმე მდგომარეობაშია.

მაშველები წუხან, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსი აღარ არსებობს.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში 00:54 საათზე შევიდა. ხანძრის ჩასაქრობად 40 სახანძრო მანქანა და 200 მეხანძრე გაეშურა. თუმცა სივიწროვის გამო მანქანებმა შენობასთან მიახლოება ვერ მოახერხეს. მეხანძრეების თქმით, ინგლისში ამაზე დიდი შენობებიც დამწვარა, მაგრამ ხანძრის ასეთი სისწრაფით გავრცელება ბრიტანეთის ისტორიას არ ახსოვს! აალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. ხანძარი მე-4 სართულზე დაიწყო და ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მაცივრის, გაზმომარაგების სისტემის ან ელექტროსადენის გაუმართაობის გამო გაჩნდა. გადარჩენილების თქმით, შენობაში, რომელიც 1974 წელს აშენდა, არ მუშაობდა სახანძრო სიგნალიზაცია და არც ცეცხლის საქრობი სისტემები იყო დამონტაჟებული. კომპანიები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ამ შენობაში სარემონტო სამუშაო ჩაატარეს, აცხადებენ, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა და მობინადრეებს ჩივილის საფუძველი არა აქვთ, მოსახლეობა კი მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს მკვლელობის ბრალდებით. როგორც ლეიბორისტებმა პარლამენტში განაცხადეს, ეს კორპორაციული მკვლელობაა წინასწარი განზრახვის გარეშე და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

გრენფელ-თაუერის მცხოვრები: "სახლი ახალი გარემონტებულია, მილიონები დაიხარჯა, მაგრამ შენობა პლასტმასით მოაპირკეთეს და გარედან ხის თამასებზე დაამაგრეს. ამის გამო ყველა მობინადრე შეშფოთებული იყო. კრებაც კი ჩავატარეთ, გვეშინოდა, რომ ამგვარი რამ მოხდებოდა!" - ამბობს ზეინაბი, რომელიც მაშველებმა ალმოდებული შენობიდან გამოიყვანეს, მაგრამ თაუერში დარჩნენ მისი რძალი და დედამთილი...

სამირა და თამარა ენით აუწერელი ამბის თვითმხილველი გახდნენ:

"სახლთან მაშინ მივირბინეთ, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მიახლოება, ცოტა ხანში წარმოუდგენელი სურათის მოწმენი გავხდით - ადამიანები ფანჯრებიდან ბავშვებს ისროდნენ და განწირული ყვიროდნენ, "გადაარჩინეთ ჩვენი შვილები!"

ყველას გვიკვირდა, რა სწრაფად გავრცელდა ხანძარი, ცეცხლი ჯერ მე-4 სართულს ეკიდა და თითქოს არ იყო საშიში - სახლი ხომ 24-სართულიანია! ყველაფერი უეცრად მოხდა... ვხედავდი, როგორ ხტებოდნენ აივნებიდან და ფანჯრებიდან... მეცხრე სართულიდან ქალმა გვანიშნა, რომ ჩვილის გადმოგდებას აპირებდა, ერთი მამაკაცი გაიქცა და ბავშვი დაიჭირა. საოცრებაა, მაგრამ ჩვილი გადარჩა.

ქვემოდან ვამხნევებდით მათ, ვაიმედებდით, რომ მაშველები მალე მოვიდოდნენ, მაგრამ მათ სახეზე სიკვდილის შიში ეწერათ... ეს არასოდეს დაგვავიწყდება".

ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება, როგორ დაიჭირა რაგბის ბურთივით ფანჯრიდან გადმოგდებული 4 წლის გოგონა მამაკაცმა...

მეზობელ ქუჩაზე მცხოვრები დერი გლოვერის აღწერით, ფილები, რომლითაც გრენფელ-თაუერი იყო მოპირკეთებული, ქაღალდივით იწვოდა: "ხანძარი უცებ გავრცელდა. ვხედავდით, როგორ ცვიოდა მინები და საზარლად ჭრაჭუნებდა მთელი შენობა... სიბნელეში მყოფი ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა... მალე ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო - ცეცხლმა ეს უზარმაზარი შენობა სულ რაღაც 15 წუთში მოიცვა და ყველაფერი შთანთქა. განწირულები ამაოდ ცდილობდნენ გადაბმული ზეწრებით მიწაზე დაშვებას".

მაიკლ პარამასივანმა ბავშვისა და მეუღლის გადარჩენა მოასწრო: "ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავდა. მთელ სახლში ერთი კიბე იყო - ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი?!"