"ვიდეოფირზეც ჩანს, რომ "ბიო" ჩაუდეს" - კვირის პალიტრა

"ვიდეოფირზეც ჩანს, რომ "ბიო" ჩაუდეს"

"რამდენჯერმე გონება დავკარგე. სასწრაფო დახმარებამ კომატოზურ მდგომარეობაში გადამიყვანა არამიანცის საავადმყოფოში"

23 მარტს თბილისში, გუმათჰესის ქუჩაზე, პოლიციელებმა 26 წლის შოთა პაკელიანს ჩხრეკისას ფსიქოაქტიური ნივთიერება "ბიო" უპოვეს. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-მოხმარების ბრალდებით დაკავებულ პაკელიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინ "ლიბერალმა" გაავრცელა ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულს გარეშე პირების თანდასწრებით აშიშვლებენ და ჩხრეკენ. შსს-ს ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია მე-7 განყოფილების უფროსი თამაზ თამაზაშვილი, მიზეზი კი სწორედ ვიდეომასალა გახდა. პროკურატურამ ამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს ვიდეოკადრების ავთენტურობა.

შოთა პაკელიანი: - იმ დღეს მეგობართან ვიყავი, სადარბაზოდან გამოსულმა სამოქალაქო ფორმაში ორი პირი დავინახე, ვიცანი პოლიციელები და გავიქეცი, სასწრაფოდ გადავყლაპე "ბიო", რომელიც ხელში მეჭირა. მერე წავიქეცი და დამაკავეს... წამიყვანეს მე-7 განყოფილებაში. ფირზეც ჩანს, რომ 4 პირი მამოწმებს, მთხოვენ გახდას, სინჯავენ ტანსაცმელს... ვერაფერი იპოვეს და 15 წუთის შემდეგ მეკითხებიან, რა უნდა ქნაო? რაზე-მეთქი და, მიჩვენებენ ნარკოტიკს, აბს, რომელიც არ მქონია. შემდეგ წავიდა ზეწოლა, მეღიარებინა დანაშაული და გამოძიებასთან მეთანამშრომლა. ჩემს ჩხრეკა-გაშიშვლებას სამი მოქალაქე ესწრებოდა, მთლად გამაშიშვლეს, ბუქნიც გამაკეთებინეს, შემდეგ სხვა ოთახში შემიყვანეს, სადაც არ იყო კამერა. წაქცევის გამო მუხლი დამიზიანდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და ექიმებმა გადამიხვიეს. რამდენიმე წუთში ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ ზემოქმედება რომ დაიწყო, პოლიციელებს ვუთხარი, რომ "ბიო" გადავყლაპე და დახმარება მჭირდებოდა, ეგონათ, ვატყუებდი, პანიკას ნუ ქმნიო. რამდენჯერაც ხმამაღლა დავიყვირებდი, სახესა და კისრის არეში მირტყამდნენ. გარეთ ჩემი ახლობლები იდგნენ და ყვირილის ხმა რომ ესმოდათ, პანიკა ეწყებოდათ. პოლიციელები ფიქრობდნენ, სპეციალურად ვიქცეოდი ასე და ცემით გამაჩუმებდნენ. რამდენჯერმე გონება დავკარგე. ამ პროცესში გურამ კასრაძე და ირაკლი ქიტოშვილი მონაწილეობდნენ, თუმცა იყვნენ სხვა პოლიციელებიც, რომლებიც ოთახში შემოდიოდნენ და გადიოდნენ, მათ შორის, განყოფილების უფროსი თამაზაშვილიც.

სასწრაფო დახმარებამ კომატოზურ მდგომარეობაში გადამიყვანა არამიანცის საავადმყოფოში.

როცა ეს ამბავი შემემთხვა, პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიმყოფებოდი - ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებაზე შემიფარდეს სამწლიანი პირობითი და ერთი წელი უკვე მოხდილი მქონდა. საქართველოში ხომ ასეა, პირობითიანებს დევნიან, მათი დაჭერა და გასამართლება უფრო იოლია.

გიორგი მახარაძე, ადვოკატი: - პაკელიანი დაკავებისას არ გაუჩხრეკიათ, ფირზეც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში აწყობს ნივთებს მაგიდაზე, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში კი წერია, რომ ეს გუმათჰესის ქუჩაზე მოხდა. შემდეგ დაკავებულს სხვების თანდასწრებით აშიშვლებენ, რაც დამამცირებელი მოპყრობაა.

ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ პაკელიანის დამკავებელი პირები, რომლებმაც გააყალბეს ჩხრეკისა თუ დაკავების ოქმი და დაარღვიეს დაკავებულის უფლებები. ვიდეოფირზეც ჩანს, რომ მას "ბიო" ჩაუდეს.

ნანა ფიცხელაური