"მაშანტაჟებდა, "ოცნებას" თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო" - კვირის პალიტრა

"მაშანტაჟებდა, "ოცნებას" თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო"

"იმის გამო გამაგდეს სამსახურიდან, რომ ბევრის თქმა გავბედე, არ მაპატიეს, რომ არ ვეგუებოდი დიქტატურას, უკანონობას და მუდმივად ვაპროტესტებდი იმას, რაც არ მომწონდა","- ამბობს ცხინვალელი ირინა თედეევაა, რომელმაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურში 10 წელი იმსახურა. ირინა დიმიტრი სანაკოევის ბრძანების საფუძველზე 6 თვის წინ გაათავისუფლეს. მან ხელმძღვანელის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართა და უფლებების აღდგენა მოითხოვა.

ირინა თედეევა: - დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია "ნაციონალების" ბუდეა, სადაც ხელმძღვანელის სამი მრჩეველი უშიშროების ყოფილი თანამშრომელია. როცა რესურსცენტრები გააუქმეს, 2012 წელს ადმინისტრაციაში შეიქმნა განათლების სამმართველო, სადაც დაასაქმეს თეა ტაბიძე, რომლის ქმარიც, ლევან ტაბიძე, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კოორდინატორი და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი იყო. თეა ტაბიძის ოჯახის მეგობარი ნანული სეფაშვილი კი კადრების უფროსს მიუსვეს მოადგილედ. გასული წლის ნოემბრამდე მეც განათლების სამსახურში ვმუშაობდი და დევნილი ბავშვებისთვის ვატარებდით ღონისძიებებს. ხელმძღვანელობას შევთავაზე, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა ინგლისური ენა. იმხანად ტაბიძის ქუჩაზე იყო ადმინისტრაცია და სანაკოევმა საკმარისი ფართის უქონლობა მოიმიზეზა, მითხრა, ჯერ ოფისი შევიცვალოთ და მერეო. ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ პირები, რომელთაც არა აქვთ უმაღლესი განათლება და იღებენ მაღალ ანაზღაურებას. 2013 წელს ე.წ. ატესტაცია ჩატარდა და იმ პირებმა, რომელთაც არა აქვთ დიპლომები, მშვენივრად გადალახეს ბარიერი.

დამოუკიდებელი საჯარო სამსახური კი არა, წმინდა შპს-ა, სადაც გაქანებული ნეპოტიზმი და კორუფციაა.

2016 წლის რეორგანიზაციის შემდეგ მოვითხოვე საშტატო განრიგი, სადაც ჩავწერე, გთხოვთ, გადახედეთ დიპლომების ნამდვილობას, ასევე აგვიხსენით, რა პრინციპით ირჩევთ ადამიანებს ამ თანამდებობებზე-მეთქი. მოთხოვნა ჩავაბარე აპარატის უფროს ზურაბ ანთაძეს, რომელმაც სანაკოევთან გადამამისამართა, მან კი გამლანძღა, რაც შენ არ გესაქმება, იქ ცხვირს რატომ ყოფო?! შემითითხნეს გაფრთხილება, სადაც ჩამიწერეს, რომ ვარ კონფლიქტური, ვავრცელებ ცრუ ინფორმაციას, ხალხს შეურაცხყოფას ვაყენებ... დახასიათება განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მარლენ სისვაძემ დამიწერეს. ცოტნიაშვილმა 2012 წლის არჩევნების პერიოდში იცოდა, რომ "ნაციონალებს" ხმას არ მივცემდი და მაშანტაჟებდა, "ოცნებას" თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო. ჰყავთ მკვდარი სულებიც, მაგალითად, ოლეგ კოზაევი, რომელიც ხელფასს იმაში იღებს, რომ მისი შვილი სანაკოევის ნათლულია.

ჩვენს ბიუჯეტზეა ცხინვალის საფეხბურთო კლუბი, რომელშიც სანაკოევმა თავისი ვაჟი დაასაქმა. 2015 წელს აუდიტორული შემოწმება ჩატარდა და დაიწერა არასახარბიელო დასკვნა. პრეზიდენტსაც არა ჰყავს იმდენი მრჩეველი, რამდენიც სანაკოევს. შვიდი მრჩევლისგან სამმა, ეთნიკურად ოსმა, სახელმწიფო ენა - ქართული არ იცის. სანაკოევს უმაღლესი განათლებაც არა აქვს. უბედურება ის არის, რომ ის შვიდი მრჩეველიც ვერ ეხმარება, მხოლოდ ხელფასებს იღებენ.

2016 წელს შეიქმნა დევნილების საკითხთა დეპარტამენტი, უფროსად ალან პარასტაევი დასვეს. არც მან იცის ქართული. არცთუ შორეულ წარსულში ცხინვალის შს მინისტრ პარასტაევს კოკოითის წინააღმდეგ ტერაქტი უნდა მოეწყო (პარასტაევისა და ვანო მერაბიშვილის საუბრის აუდიომასალა იდო კიდეც ინტერნეტში), კოკოითმა გაიგო ეს ამბავი და პარასტაევიც და მისი შვილიც დააპატიმრეს. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ქართველები შევიდნენ ცხინვალში, სააკაშვილის ხელისუფლებამ ორივე დაიხსნა და თბილისში ბინაც აჩუქა. პარასტაევი ჯერ სანაკოევის მრჩეველი იყო, 2016 წლის რეორგანიზაციის შემდეგ კი დევნილების საკითხთა დეპარტამენტის უფროსია.

2013 წლის ატესტაციის დროს კონკურსი გამოცხადდა, რის საფუძველზეც უფრო მაღალ თანამდებობაზე გამოვთქვი პრეტენზია. სანაკოევმა კადრების უფროსი მომიგზავნა, როგორ გაბედე, რა პრეტენზია გაქვს, გაგაგდებ სამსახურიდანო.

სამსახურიდან მართლაც დამითხოვეს გასული წლის ნოემბერში. საჩივარი შევიტანე სასამართლოში და 16 ივლისს გაიმართება მორიგი სასამართლო სხდომა. მოვითხოვ, სანაკოევმა ბათილად ცნოს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების აქტი და ამინაზღაუროს ნახევარი წლის ხელფასი. რაც ადმინისტრაციაში ვმუშაობ, არაფრით მისარგებლია - კომპენსაცია არ ამიღია, როგორც დევნილს, ფართობი ჩემთვის არ მოუციათ, ნახევარი წელია უმუშევარი ვარ და ოჯახთან ერთად (მყავს მცირეწლოვანი შვილი) ნათესავების სახლში ვცხოვრობ. სანაკოევს 5000-ლარიანი ხელფასის გარდა, აქვს ბიზნესიც, ერთი სასახლე სააკაშვილმა აჩუქა დიღომში, მეორე კი თვითონ იყიდა ავლაბარში. იმის გამო გამაგდეს სამსახურიდან, რომ ბევრის თქმა გავბედე, არ ვეგუებოდი უკანონობას, არ ვემხრობოდი "ნაციონალებს" და ამითვალწუნეს.

დიმიტრი სანაკოევი, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი: - ირინა თედეევა რას ამბობს, არ მაინტერესებს, სასამართლო დაადგენს მტყუან-მართალს. ის მუდმივად ამეტებდა სამსახურებრივ უფლებებს, უარყოფდა ჩვენი სამსახურის შიდაგანაწესს, საჯარო მოხელემ თუ არ იცის, რა შედის მის უფლება-მოვალეობაში, რა აზრი აქვს მასთან მუშაობას? რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ეს გამორიცხულია.