"მოზარდები, რომლებიც 12-13 წლიდან პროსტიტუციაში არიან ჩაბმული, ჩვენთან საშინელ ამბებს ჰყვებიან" - კვირის პალიტრა

"მოზარდები, რომლებიც 12-13 წლიდან პროსტიტუციაში არიან ჩაბმული, ჩვენთან საშინელ ამბებს ჰყვებიან"

"კიდევ ერთ მახედ ქართველებისთვის იქცა პოლონეთი, სადაც ქართველი მამაკაცები გადაჰყავთ, ჰპირდებიან მაღალანაზღაურებად სამსახურებს და უმეტეს შემთხვევაში იქ ჩასულებს ქუჩაში ძილი და მონური ცხოვრება უწევთ"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ 2017 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, აქვე გამახვილებულია ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ისევ არსებობს და ხელისუფლებას მის აღმოფხვრას ურჩევენ. "მთავრობამ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა 2017-2018 წლებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხელისუფლებამ არ გაზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და ტრეფიკინგის ნაკლები რაოდენობის მსხვერპლი გამოავლინა. შრომითი ინსპექტორები გაურკვეველი მანდატით მოქმედებენ და შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ დამსაქმებლები. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონებისა და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყანაში, ასევე თურქეთში... ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა უცხოელი ქალები არიან, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებით სამუშაოს ექვემდებარებიან ქვეყანაში ან მის გარეთ, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში. ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვებიც იძულებით მათხოვრობას ექვემდებარებიან".

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ამ დასკვნაში მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობის ძალისხმევა სწორი და ეფექტიანია...

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე: - ანგარიშში სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად ფასდება, თუმცა ბევრი პრობლემაა ხაზგასმული. ერთ-ერთი შრომითი ურთიერთობებია. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სამთავრობო პროგრამა, რომელიც შრომითი პირობების შემოწმებას ახდენს, შეზღუდულია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეფექტიანი შრომის პირობების ინსპექცია არ გააჩნია. ანგარიშში ხაზგასმულია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი საკითხიც.

- ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლები ხშირად ხდებიან? ამის სტატისტიკა გაქვთ?

- ჩვენ არ ვიცით პრობლემის მასშტაბები, რადგან სიღრმისეული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ფაქტია, არსებული ღონისძიებები არ არის საკმარისი, რათა სამართალდამცავებმა სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევები გამოავლინონ. ეს ბავშვები რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა შრომის, არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციაში ჩაბმის, პორნოგრაფიული ნაწარმის უკანონო დამზადებასა და გასაღების საქმეებზე დაწყებული გამოძიების ნაკლებეფექტიანობა.

ხშირია შრომის გამო სკოლის მიტოვების შემთხვევა. მხოლოდ 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241-მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ - 924-მა. 2015-16 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. ბავშვებს უხდებოდათ თავიანთ ასაკთან შეუსაბამო შრომა სხვადასხვა სამუშაოზე. წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ბავშვებს უხდებათ თავიანთ ასაკთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, სიღარიბეა.

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" კვლევა ჩაატარა გურიასა და აჭარის რეგიონში და გაირკვა, რომ არასრულწლოვნებს ქვეყნის გარეთაც უხდებათ არანორმირებულ პირობებში მუშაობა. კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები არასრულწლოვნები სეზონურად საშუალოდ 9 საათს მუშაობენ მძიმე სამუშაოზე თურქეთში. განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით კი, გასულ წელს მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე არასრულწლოვანთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის მხოლოდ 2 ფაქტზე იყვნენ გამოძახებული.

- ანგარიშში საუბარია, რომ პროსტიტუციის პრობლემა ისევ არის გონიოსა და ბათუმში.

- არა გვაქვს სტატისტიკა, მაგრამ ვიცით, რომ არსებობს რისკი, ასეთ ადგილებში იყოს ქალების ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი. ამაში ჩართული არიან არა მხოლოდ ადგილობრივი ქალები და გოგონები, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებიც.

თიკო აბაშიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი:

- არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტები რომ მრავლადაა აჭარის რეგიონში, ხელისუფლებისთვის ცნობილია. სამწუხაროდ, სამართალდამცავები იშვიათად რეაგირებენ. ფაქტია, ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, რეგიონში იზრდება იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებიც სახლებიდან გარბიან. ხვდებიან იმ პირების ხელში, რომლებიც მათ სექსმუშაკებად ამუშავებენ და ამაში სოლიდურ თანხას იღებენ კლიენტებისგან, რომელსაც, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეები შეადგენენ. მე თვითონ რამდენიმე მოზარდი მყავს დახსნილი ამ სიტუაციიდან.

რამდენიმე სასტუმრო და კაფე-ბარია, რომლებშიც არალეგალური ბორდელებია მოწყობილი. ვერ დავასახელებ სახელწოდებებს, რადგან თუ ფაქტზე არ წაასწარი, აქეთ გიჩივლებს, ფაქტზე წასწრება კი სამართალდამცავების პრეროგატივაა. ეს მოზარდები, რომლებიც 12-13 წლიდან პროსტიტუციაში არიან ჩაბმული, ჩვენთან საშინელ ამბებს ჰყვებიან, ზოგიერთისთვის არც ნარკოტიკებია უცხო. არის შემთხვევები, როცა გოგონები ამბობენ, რომ კლიენტი მათ უხეშად მოექცა. ამის შესახებ საუბარი არც სოციალურ მუშაკთან სურთ და არც სამართალდამცავებთან. ეშინიათ, რომ იქ დაბრუნება მოუწევთ, საიდანაც გამოიქცნენ. ჩვენს ორგანიზაციაში მოგვყავს მოზარდები და ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობას, რათა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება მივცეთ. მოზარდების უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ იცის.

არასრულწლოვნები ხშირად სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლიც ხდებიან. ტურისტულ სეზონზე ისინი დასაქმებას ცდილობენ, თითქმის ყოველთვის, დამსაქმებელი არღვევს კანონით გათვალისწინებულ პირობებს - არ იცავს სამუშაო საათების რაოდენობას, არ უხდის სათანადო ანაზღაურებას, ზოგჯერ სულაც არ უხდის და არც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. დოკუმენტი, რომლითაც მოზარდის მიმართ დამსაქმებლის ვალდებულებები იქნება განსაზღვრული, არ არსებობს, თავის მართლებას კი ყოველთვის ახერხებენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღრიცხული მოზარდთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების, მაგრამ ეს მონაცემები რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია მოზარდთა მიმართ დანაშაულების სტატისტიკით შეფასება. ადამიანი ციფრი არ არის და თითოეული შემთხვევის უკან დანგრეული ცხოვრება და გამოუსწორებელი შეცდომა იმალება.

არანაკლებ დღეში არიან ზრდასრული ადამიანებიც. გახშირდა შემთხვევები, როცა უცხოელი დამქირავებელი ძალადობს ქართველ მუშახელზე და არ უხდის ხელფასს, აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. იჩაგრებიან ქალებიც, რომლებიც უზბეკეთიდან შემოდიან. მათი მონაყოლიდან ჩანს, როგორ ექცევიან სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები. კიდევ ერთ მახედ ქართველებისთვის იქცა პოლონეთი, სადაც ქართველი მამაკაცები გადაჰყავთ, ჰპირდებიან მაღალანაზღაურებად სამსახურებს და უმეტეს შემთხვევაში იქ ჩასულებს ქუჩაში ძილი და მონური ცხოვრება უწევთ.

"აჭარაში პროსტიტუცია გადაულახავ პრობლემად რჩება"

გონიოელი ნ. გოგიტიძე: "იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა შარშან რამდენიმე პირი პროსტიტუციისთვის ფაქტზე დააკავეს, პრობლემა ისევ გადაუჭრელია. მაშინ დაკავებულთა ნაწილი მალე გამოუშვეს. აქაურები სახლებს ისევ აქირავებენ, ძირითადად, თურქებზე, ისინი კი ამ სახლებს პროსტიტუციისთვის იყენებენ. ისევ შემოჰყავთ ქალები უცხოეთიდან, ძირითადად, უზბეკეთიდან, თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა. პოლიციამ კარგად იცის, სად არის მათი ბუნაგები, მაგრამ აჭარაში პროსტიტუცია ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში".

თეა ხურცილავა