"სულ მჯეროდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი" - 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის დაკავებული თეა სირაძე პრეზიდენტმა შეიწყალა - კვირის პალიტრა

"სულ მჯეროდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი" - 5 ინდოელი მამაკაცის ცემისთვის დაკავებული თეა სირაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

"5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ბრალდებული, 4 შვილის დედა თეა სირაძე შეიწყალა.

"ინტერპრესნიუსს" ინფორმაციით, თეა სირაძემ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულება უკვე დატოვა.

37 წლის თეა სირაძეს ბრალად ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა ედება, თუმცა იგი ამ ბრალდებებს არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ ის 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა, რის გამოც მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

ერთ-ერთი პირველი მედიასაშულება, რომელმაც თეა სირაძის ამბავი გაახმაურა და მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა ჟურნალი "გზა" გახლდათ. გთავაზობთ ამ ინტერიუს.

ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე  2010 წელს თბილისში დააკავეს. თეასთვის წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო: ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ახალგაზრდა ქალი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას დღემდე არ ეთანხმება. ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან ის თავს იცავდა.

თეა სირაძე:

- 5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა. ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, სასჯელთა შეკრებითობაც გაუქმდა და საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები. ინდოელებს ჩემი მეგობრის ვალი ჰქონდათ, მე მათ ამ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. 4. 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო. ამის შემდეგ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ კუთვნილ თანხას. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?

- არ გაგიჭირდათ მამაკაცებთან გამკლავება? მათთან შესახვედრად მარტო წახვედით?

- აბა, რატომ ვარ საქართველოს ჩემპიონი? საკმაოდ კარგად ნაცემები იყვნენ ყველანი, ჩემი ფულიც ავიღე და მათგან წამოვედი. მათ თურმე პოლიციაში მიჩივლეს. მეორე დღეს ქალაქში მანქანით ვმოძრაობდი, როცა მთაწმინდა-კრწანისის პოლიციელებმა გამაჩერეს და დამაკავეს. ბრალიც წამიყენეს. ცხოვრებაში არასოდეს არაფრის შემშინებია. მხოლოდ უფლის შიში მაქვს და ერთადერთი, რასაც შევთხოვ უფალს, ისაა, რომ კარგად მიმყოფოს ჩემი შვილები, მშობლები და მეუღლე. იმის მიუხედავად, რომ 28 წელი მომისაჯეს, არ დავცემულვარ. დამიჯერეთ, არ შემშინებია არასოდეს და მომავლის იმედი არ დამიკარგავს. რატომღაც სულ მჯეროდა და მწამდა, რომ 28 წელიწადს ციხეში არ გავატარებდი.

(გაგრძელება)

იხილეთ თეას სირაძის პირველი ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ: "შვილები მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ"