ხასან ართმელაძე: "როგორც თბილისში დაწვეს ბაზრობები, ისე გაუჩინეს ცეცხლი ჩემს სასტუმროსაც"
29-07-2017
ხასან ართმელაძე: "როგორც თბილისში დაწვეს ბაზრობები, ისე გაუჩინეს ცეცხლი ჩემს სასტუმროსაც"
"ამ ადგილას ათსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ და ამიტომ დამწვეს"

"სანამ ჩემი შვილის გვერდით არ დამასაფლავებენ, არ გავჩუმდები"

"ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე იმიტომ მივიდა, რომ დაუდევრობას და გულგრილობას აბრალებდნენ, ეს ვერ აიტანა. ვინ აგებს პასუხს ჩემი შვილის სიკვდილის გამო?"

"იმ ავბედით დღეს, სამი ბავშვი რომ დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალება არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი. ორი წელია მთელი ჩემი არსებით ამას განვიცდი, სამწუხაროდ, მათ თავიდან ვეძებდით ეზოში, ქუჩაში... საქმის ვითარება ისე მიდის,
რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა, სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, სიმართლე დადგინდება! სასამართლოზე გულგრილობასა და დაუდევრობაშიც მდებენ ბრალს... რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი,
რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ. ამასთან ერთად, მეორე ბანკის სასამართლოზე მოსამართლე ვერ ხედავს ფორსმაჟორის დაურღვეველ ძალას და ყველაფერი, თუკი რამ დარჩა ოჯახს, უნდა წაერთვას მისი გადაწყვეტილებით. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები, შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე, დიდება მის სახელს. გეფერებით, დედა, მამა, ირმა, ჩემო დებო და შვილებო, შვილიშვილებო. მადლობა ყველას თანადგომისთვის. ილოცეთ ჩემთვის", - ეს წერილი ზაზა ართმელაძემ 29 მაისს ორ ეგზემპლარად დაწერა, ერთი ბიბლიაში ჩადო, მეორე კი იმ ოთახში დატოვა, სადაც მას და მეუღლეს ეძინათ, ამის შემდეგ დამწვარ სასტუმროში მივიდა, სადაც 2015 წელს ხანძარს სამი ბავშვის: თორნიკე ხვიჩიას, დათო ზაქრაძისა და რეზი დემეტრაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა და თავისი გადაბუგული სასტუმროს კედლებში თავი ჩამოიხრჩო.

ჯერაც უცნობია, რა იყო ხანძრის მიზეზი. მაშინ ითქვა, რომ ხანძარი კონდიციონერს გაუჩნდა, თუმცა, ექსპერტიზამ ეს არ დაადასტურა. აღმაშენებლის გამზირზე ართმელაძეების დამწვარი სასტუმროს კედლებია შემორჩენილი. როგორც ოჯახი ამბობს, მათ შენობის დაშლის საშუალებასაც არ აძლევენ. იმ სასტუმროში ართმელაძეების ათსულიანი ოჯახი ცხოვრობდა და ამ ტრაგედიის შემდეგ უსახლკაროდ დარჩნენ. ორი წელია, მათ ზღვის სანაპიროზე მდებარე თავიანთ კაფეში სძინავთ. ამბობენ, რომ ახლა ამ კაფესაც ართმევენ, რადგან მიმდებარე ტერიტორია ხელისუფლებამ მიჰყიდა ინვესტორს, რომელიც მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. სასტუმრო "არმაზის" მეპატრონე ხასან ართმელაძე დარწმუნებულია, რომ ცეცხლი მის სასტუმროში ხელოვნურად გაჩნდა.

ხასან ართმელაძე:
- პირველი სასტუმრო ქობულეთში მე გავაკეთე. 30 წლის წინ ასევე პირველმა გავაკეთე სანაპიროზე კაფე-ბარი, ყველაფერი ჩვენი ხელით ავაშენეთ. 20 ტონა მანდარინსა და ფორთოხალს ვკრეფდი მანამდე, შემოსავალი გვქონდა. ყველა ჩემს სასტუმროში ისვენებდა, ირაკლი ღარიბაშვილის შვილები, სანდრა რულოვსი, ზაზა გოროზია, გოგი მარღანიასაც (ბავშვთა ანსამბლ "სიხარული-2"-ის ქორეოგრაფი) სულ აქ დაჰყავდა ბავშვები. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.
როგორ გგონიათ, აქ პირობები რომ არ ყოფილიყო, ვინ მოვიდოდა? ახლა არ ვარგა ჰასანას სასტუმრო? ორი წელი გავიდა და ვერ დავადგინე, ვინ დამწვა და გადამბუგა? ამ ადგილას ათსართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებენ და ამიტომ დამწვეს. ასევე უნდათ, პირველ ზოლში კაფეს ტერიტორია წამართვან. ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან ყველას უნდოდა, ეს ადგილი ჩაეგდო ხელში. ასლანის დროს გამიფორმეს კაფეს ტერიტორია, მაგრამ ასლანმა ის კაცი, ვინც გამიფორმა, დააჭერინა. დღემდე მიჩივის ახალი ხელისუფლება სასამართლოში. ვინ იცის, რამდენჯერ მოვიგე საქმე, მაგრამ რეესტრით ამ ქონების დარეგისტრირება ვერ მოვახერხე. მერე სააკაშვილი მოვიდა და ახლა ის გვებრძოდა. გავიდა დრო, რომ ვერაფერი მომიხერხეს, სასტუმრო დამიწვეს, ორი წელია ვითხოვ, გამირკვიონ, ვინ წამიკიდა ცეცხლი, მაგრამ არაფერს აკეთებენ. როგორც თბილისში დაწვეს რამდენიმე ბაზრობა, ასე გამიჩინეს მეც. ცეცხლი მაინცდამაინც იმ ადგილებს რატომ უჩნდება, სადაც სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება?

როცა ჩემი სახლი დაიწვა, მაშინ პროკურორმა წირღვავამ მითხრა, შენი იყო ეს სახლი და აწი არ იქნებაო. კამერა იყო დამონტაჟებული სახლთან, ამოიღეს ჩანაწერები და მერე გააქრეს. ვითხოვთ ჩანაწერებს, გვაინტერესებს, ვინ შევიდა, ვინ გავიდა, რა ხდებოდა, მაგრამ არ აჩენენ.

იმ ღამით ქვევით სვამდნენ ყველანი, ბავშვები უმეთვალყურეოდ ჰყავდათ მიტოვებული. ერთ-ერთი დაღუპულის დამ, რომელიც მათთან უნდა ყოფილიყო, ჩაკეტა ბავშვები და წავიდა. როცა ხანძარი გაჩნდა, მარღანიამ რატომ არ უთხრა ჩემს შვილს, რომ ზევით ბავშვები იყვნენ, ჩემი შვილი მათ აუცილებლად გამოიყვანდა, მაგრამ უთხრა, ყველანი გამოვიყვანეო და ჩემი შვილიც სამ ბავშვს სანაპიროზე და ქუჩაში ეძებდა. მარღანიას პატრონი ჰყავს და არავინ იჭერს. ჩემი შვილი თვითმკვლელობამდე იმიტომ მივიდა, რომ დაუდევრობას და გულგრილობას აბრალებდნენ, ეს ვერ აიტანა. ვინ აგებს პასუხს ჩემი შვილის სიკვდილის გამო?

მე ყველაფერი წესრიგში მქონდა. როგორ გგონიათ, ძვირიან პარკეტს ვაგებდი და უხარისხოდ გადაბმულ ელექტროკაბელს გავიყვანდი სახლში? მეუბნებიან, ზომები არ იყო დაცულიო, ყველაფერი გამართული იყო, მრიცხველით დაწყებული ყველაფრის ექსპერტიზა ჩატარდა და არ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიისგან გაჩნდა ცეცხლი. ახლა ელექტროენერგიის გაყვანის სერტიფიკატს მთხოვენ, ვინმეს აქვს, მე რომ მთხოვენ?
ბავშვები დაიწვნენ, არც სახლი მაქვს, არც თავშესაფარი, აღარც შვილი მყავს და 10 სული ქუჩაში დავრჩით.

- ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს კაფე-ბარი დაგინგრიეს.

- 2007 წელს მოიყვანეს ბულდოზერი და დაანგრიეს. მერე ისევ მოგვცეს მშენებლობის ნებართვა, ისევ თავიდან ავაშენეთ, ახლა ისევ გვედავებიან. ბანკიდან 200 000 დოლარი გვქონდა გამოტანილი ათი წლით და 43 000 დოლარს ვიხდიდით წელიწადში. სასტუმროს დაწვის შემდეგ მივმართეთ ბანკს, გადავადებას ვითხოვდით, მაგრამ პასუხიც არ გვაღირსეს, მერე სასამართლოში გვიჩივლეს. ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიხდიდით, მაგრამ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 340 ათასი დოლარის გადახდა დაგვაკისრა. 10 წლის განმავლობაში რა პროცენტიც უნდა გადაგვეხადა, ისიც დაგვაკისრეს. ერთ თვეში თუ ვერ შევძლებთ ამ თანხის გადახდას, მთელ ტერიტორიას გაგვიყიდიან.

ლია ართმელაძე, ზაზას და:
"ყველაფერი კეთდება, რომ სასურველი ადგილები ხელში ჩაიგდონ. ასე, შემთხვევით, ცეცხლი არ ჩნდება. ქვეყნიდან წამოვედი, რადგან პროკურორი პროვოკაციებს მიწყობდა და აქაც ისეთი ადამიანები მიკავშირდებიან და მეკითხებიან, როდის ჩამოდიხარო, რომლებთანაც კონტაქტიც არ მქონია. გარდაცვლილ ბავშვებსა და ჩემს ძმას ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ იქნებ გაგვცენ პასუხი, რა მოხდა რეალურად. მაფიოზური კლანი მართავს აჭარის მთავრობასაც, პროკურატურასაც და პოლიციასაც. მოვითხოვ, გოგი მარღანიას დასჯით დაიწყოს ყველაფერი.
შესაძლოა, საქმე დაიხუროს, რადგან ბრალდებული უკვე გარდაცვლილია. თავის მხრივ, ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ვერ შეეგუებიან საქმის დახურვას და ისინი კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

ელგუჯა ხვიჩია, თორნიკე ხვიჩიას მამა:

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის, ასეთ დღეში ვართ. პროცესებზე რუსთავიდან დავდიოდით, 800 კილომეტრს მხოლოდ იმისთვის გავდიოდით, რომ ოცწუთიანი პროცესი გაემართათ და მერე ეთქვათ, სხვა მოწმე ვერ მოვიყვანეთ და უნდა გადავდოთ სასამართლო სხდომაო. დღეს პროკურატურაში სრული განუკითხაობაა. ვითხოვთ სიმართლის დადგენას, ვინც დამნაშავეა, პედაგოგი იქნება ეს თუ სხვა ვინმე, დაისაჯოს.
ამ მთავრობის ხელში სიმართლეს ჩვენ ვერ დავადგენთ, მაგრამ სანამ ჩემი შვილის გვერდით არ დამასაფლავებენ, არ გავჩუმდები. მითვალთვალებენ, სულ მისმენენ. როგორც კი ტელევიზიით განცხადებას გავაკეთებ, მერე 3-4 დღე ჩემს სახლთან დგანან უცხო მანქანები და გვაკონტროლებენ".

თორნიკე ხვიჩიას დედა:

"ზაზა ართმელაძის გარდაცვალება რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი, ის ჩვენი ბოლო იმედი იყო. მისი სიკვდილი იმ ხალხს აწყობდა, ვინც ამ საქმეშია გარეული. ორი წელი არ მოუკლავს თავი და ახლა, როცა დღე-დღეზე გამართლებას ელოდა, ახლა მოიკლავდა თავს? იძულებული გახადეს, თავი მოეკლა. ჩვენ გვინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ გვითხრა, პროკურატურამ ამიკრძალაო. დღემდე დაზარალებულის სტატუსიც არა გვაქვს და პროცესზე კითხვებს ვერ ვსვამთ. ამ ტრაგედიის უკან ვიღაცის დიდი ინტერესები დგას და ამიტომ ჩქმალავენ ყველაფერს. კონდიციონერისგან ხანძრის გაჩენა რომ გამოირიცხა, მერე თქვეს, პლასტმასით შემოჭედილი იყო და იქიდან გაჩნდა ცეცხლიო, მაგრამ ოთახში თაბაშირ-მუყაო იყო. მერე ითქვა, თაბაშირ-მუყაოს კედელში ქაღალდს მოეკიდა ცეცხლი და აალდაო, მერე, იატაკიდან გაჩნდაო. დადგენილია, რომ ცეცხლი ბავშვების ოთახში არ გაჩენილა, გვერდით ოთახში გაჩნდა. არც პედაგოგის პასუხისმგებლობა დადგა ამ დრომდე, არც დამხმარე მასწავლებელი დასჯილა, ერთ-ერთი მოწმე ოჯახთან ერთად წავიდა ამერიკაში. გაქრა ის ექსპერტიც, რომელიც წერდა, რომ ბავშვები ჯერ გაიგუდნენ და მერე დაიწვნენ. პროცესზე ის ვერ მოიყვანეს, ექსპერტს პროკურატურა ვერ პოულობს. ჯემალ ართმელაძე ყველა სასამართლო პროცესზე სულ ტიროდა. ამბობდა, იმ ადგილას ამ ბავშვების სახელობის ხეივანს გავაკეთებ და სახლს არ ავაშენებო. ამბობდა, არ მითხრეს, რომ იქ ბავშვები იყვნენ დარჩენილიო. რატომ უთხრა მარღანიამ, ყველა გამოვიყვანეო, ამაზე გაგვცეს პასუხი. სანამ ცოცხლები ვართ, არ გავჩუმდებით, უნდა ვიცოდეთ, რას შეეწირნენ ჩვენი შვილები.

თეა ხურცილავა
giglia
29 ივლისი 2017 11:04
გაგისკდება კაცს გული ბოღმისაგან, რამდენი უსამართლობა და არაადამიანობა ხდება ქვეყანაში.

რედაქტორის რჩევით