"ბიჭები ადიდებულ მდინარეში კუნძს ჩაბღაუჭებოდნენ, მაქსიმუმ 20 წუთი გაეძლოთ" - კვირის პალიტრა

"ბიჭები ადიდებულ მდინარეში კუნძს ჩაბღაუჭებოდნენ, მაქსიმუმ 20 წუთი გაეძლოთ"

"იმ დღეს ბათუმში ქარიშხალი იყო, ყველგან მაშველები იდგნენ, მაგრამ ხალხს ვერ გააკონტროლებ - ხედავენ, ზღვა საოცრად ღელავს და მაინც შედიან წყალში... ვერტმფრენიდან ვუყვიროდით, ვანიშნებდით, რომ წყლიდან ამოსულიყვნენ, მაგრამ არავინ გვისმენდა... ვერ გამიგია, გავეშებულ ზღვას რატომ ეთამაშები!"

გასულ კვირას მაშველებმა არაერთი ადამიანი გადაარჩინეს. ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე რეგიონში ერთდროულად შეიქმნა პრობლემა - ერთ დღეში საქართველოს მასშტაბით 17 შეტყობინება დაფიქსირდა. სამაშველო ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

ყაზბეგში ადიდებულ მდინარე სნოში ავტომანქანით შესული მოქალაქე ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა და მანქანის სახურავზე ასული დახმარებას ითხოვდა. მიუხედავად ჩქარი დინებისა, მაშველებმა შეძლეს მისი უვნებლად გამოყვანა და სატრანსპორტო საშუალების წყლიდან ამოტანა.

პრობლემები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე, მასწავლებლები და მშობლები ექსკურსიაზე იყვნენ და უამინდობის გამო ხევსურეთში ჩარჩნენ. ისინი მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შატილიდან თბილისში ჩამოიყვანეს. პარალელურად, შატილის ხეობაში 5 უცხოელი ტურისტი ითხოვდა შველას, დუშეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა განსაცდელში მყოფები სამშვიდობოს გამოიყვანა.

შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პილოტის ბესიკ გაბიანის გმირობამ კი მთელი საქართველო აალაპარაკა. მან სამეგრელოში ადიდებულ მდინარეს ორი მეთევზე გამოსტაცა. 21 აპრილს, ავიაციის დღეს, შს მინისტრმა ბესიკ გაბიანი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა.

ბესიკ გაბიანს ალექსეევკის აეროდრომზე შევხვდით.

- 4 ივლისს ბათუმში სამაშველო ოპერაციას ვასრულებდით - ამ დრომდე ახალგაზრდა მამაკაცის, კობა ბაკურიძის ცხედარს ვეძებთ. მივიღეთ შეტყობინება, რომ ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეში სათევზაოდ შესული ორი კაცი შველას ითხოვდა... კიდევ კარგი, იმ დროს შვეულმფრენი ბათუმში იყო, თორემ ჩხოროწყუში თბილისიდან ჩასვლა დაგვიანდებოდა. ვერტმფრენიდან ვუყურებდი, ბიჭები კუნძს ჩაბღაუჭებოდნენ, მაქსიმუმ 20 წუთი გაეძლოთ, მერე წყალი წაიღებდა. სათევზაოდ შესულან, წყალი უცებ ადიდებულა და ვეღარ გამოდიოდნენ. მთელი სოფელი გარეთ გამოფენილიყო და შორიდან უყურებდა მათ ტანჯვას, მაგრამ ვერ შველოდნენ. იღბლიანები აღმოჩნდნენ - საბედნიეროდ, მათი გადარჩენა შევძელით და უვნებლად დავუბრუნეთ ოჯახებს.

- ამ დროს ხომ საკუთარ სიცოცხლესაც აგდებთ საფრთხში?

- რა თქმა უნდა, თუმცა, ამ დროს ამაზე არ ფიქრობ, მხოლოდ ერთი მიზანი გამოძრავებს - როგორმე ადამიანი გადაარჩინო. როცა სამშვიდობოს გამოდიხარ, მერეღა აცნობიერებ, თუ რა საფრთხის წინაშე იდექი.

- ჯალამბარი რატომ არ გამოიყენეთ?

- ჯალამბარიც გვქონდა და სამაშველო თოკებიც, მაგრამ დრო არ ითმენდა.

ჯალამბარი რომ ჩაგვეშვა, მაშველიც უნდა ჩაჰყოლოდა და ისე ამოეყვანა ბიჭები, მაგრამ დრო არ ითმენდა, ამასობაში შეიძლებოდა ორივე დინებას გაეტაცა. ამდენი ხანი ადიდებულ მდინარეს ებრძოდნენ, რომ ვეღარ გაეძლოთ, რა გვექნა?! ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩქარ დინებას მორები, ხეები, ქვები მოჰქონდა.

ძალიან შეშინებულები და დაბნეულები იყვნენ. მეორე დღეს დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

- იმ დღეს დახრჩობას ბათუმშიც ბევრი ადამიანი გადაარჩინეს...

- ქარიშხალი იყო, ყველგან მაშველები იდგნენ, მაგრამ ხალხს ვერ გააკონტროლებ. ხედავენ, ზღვა საოცრად ღელავს და მაინც შედიან წყალში... იმ დღეს სამაშველო ოპერაციას ვასრულებდით - ცხედარს ვეძებდით. ზღვაში საბანაოდ შესულებს ზევიდან ვუყვიროდით, ვანიშნებდით, რომ წყლიდან ამოსულიყვნენ, მაგრამ არავინ გვისმენდა... ვერ გამიგია, გავეშებულ ზღვას რატომ ეთამაშები!

- ალბათ, ბევრი ადამიანი გადაგირჩენიათ...

- მახსენდება თეთნულდზე ჩარჩენილები. უცხოელები ხანდახან გიდის გარეშე დადიან და რუკით ხელმძღვანელობენ. ხშირად ბილიკები ეშლებათ, მერე კი უკან გამოსვლა უჭირთ. ორი ახალგაზრდა 4100 მეტრ სიმაღლეზე იყო. კიდევ კარგი, შეტყობინება მოასწრეს. ავიყვანეთ სამაშველოს ბიჭები და ადგილობრივი მთამსვლელები. მთაში ისეთი ძლიერი ქარი იცის, ძნელია ამ დროს შვეულმფრენის მართვა. მხოლოდ მეორე წრეზე დავჯექით და ტურისტები გადავარჩინეთ. საოცარი განცდაა, როცა აცნობიერებ, რომ ადამიანი სიკვდილს გამოსტაცე ხელიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნე.

თეა ხურცილავა