"მჯერა, საქართველო არ გაგვწირავს" - კვირის პალიტრა

"მჯერა, საქართველო არ გაგვწირავს"

გიულენი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და მასთან ბატონ მუსტაფას არასოდეს ჰქონია კავშირი, არც შეხვედრია, უბრალოდ, ეთანხმება მის იდეოლოგიას, რომელიც წინა პლანზე აყენებს მშვიდობას, სიყვარულს და ერთად ცხოვრებას. ამ აზრების გაზიარების გამო ადამიანი ტერორისტი როგორ იქნება?!

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით 24 მაისს თბილისში დააკავეს და სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ერდოღანის მთავრობის მტკიცებით, ჩაბუქი ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია FETO- სთან თანამშრომლობს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ჩაბუქის ოჯახმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და თავშესაფრის მოთხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

სოსო ბარათაშვილი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი: - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მთავარი არგუმენტი უარზე ის არის, რომ თითქოს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იქ პატიმრებს არასათანადოდ არ ეპყრობიან. ამის საპირისპიროდ მათ წარვუდგინეთ Human Right Watch-ის წლიური ანგარიში, სადაც ლაპარაკია სიკვდილიანობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. წარვადგინეთ გაეროს ლტოლვილთა განყოფილების დირექტორის, სახალხო დამცველისა და სხვათა პოზიციებიც, 260-გვერდიანი მტკიცებულებები, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, არასამთავრობოების მიმართვები და ა.შ., სადაც მკაფიო რეკომენდაციებია, რომ ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიეღო...

პროკურატურამ გადმოგვცა დამატებითი მასალები საექსტრადიციო საკითხზე. მუსტაფას დაცვის მიზნით უფლებადამცველთა 399 წერილია შესული - მოითხოვენ, არ მოხდეს ჩაბუქის ექსტრადიცია. ამან მასობრივი ხასიათი მიიღო მთელ ევროპაში. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი იურისტების დელეგაციაც ითხოვდა ექსტრადიციის შეჩერებას.

ექსტრადიცია არის თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა და როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ ჰყოფნის ძალა და პრინციპულობა, უარი თქვას.

მუსტაფას მეუღლეს ეუბნებიან, მართალია, გემუქრებიან, მაგრამ ვერ დავადგინეთ ვერც ის პირები და ვერც ის, მართლა შეუძლიათ თუ არა თქვენზე თავდასხმაო. მუსტაფა ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქისა და მათი არასრულწლოვანი შვილების დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასმაზე საქართველოს მთავარ პროკურორს მივმართეთ.

უკანასკნელ დღეებში თურქეთის სოციალურ ქსელებში მათ ემუქრებიან, რომ საქართველოში გამოიგზავნება მკვლელების ჯგუფი, რათა დახოცონ თუბა და მისი შვილები, რომ ისინი მოღალატეები და ტერორისტები არიან და სიკვდილით უნდა დაისაჯონ.

მუქარა ვრცელდება არა მარტო სოცქსელებით, არამედ მედიასაშუალებებითაც. მაგალითად, 28 ივნისს თურქეთის სააგენტო "საბაჰ ინტერნეტმა" გამოაქვეყნა წერილი სათაურით: "მოღალატეები თურქეთს საქართველოდან დაემუქრნენ", გამოქვეყნდა სტატიებიც: "გიულენისტი იმამის მეუღლე საერთაშორისო საზოგადოებას ატყუებს" და ა.შ., რომლებშიც ლაპარაკია ემრე ჩაბუქსა და მის მეუღლეზე, როგორც მოღალატეებზე, რომლებიც ცილს სწამებენ თურქეთს, ცდილობენ ქვეყნის უარყოფითად წარმოჩენას. ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პროკურატურიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ იმედია, ჩაბუქის ცოლ-შვილს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართავენ.

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რათა უდანაშაულო ადამიანი არ გადასცეს თურქეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახება, ვიდრე ეს მოხდა აფგან მუჰთარლის შემთხვევაში.

თურქული კანონმდებლობით, ჩაბუქს სამშობლოში ათწლიანი პატიმრობა ემუქრება და შეიძლება სასჯელი კიდევ 2/3-ით გაიზარდოს. ბრალდება დაუსაბუთებელია, საქმეში არავითარი მტკიცებულება არ დევს. ბრალდების ფორმულირება იმგვარია, რომ მუსტაფა ჩაბუქს (როგორც დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორის მინდობილ პირს საქართველოში) სურდა, გაესხვისებინა წილი აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიაზე. სად არის აქ ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერა ან ტერორიზმში მონაწილეობა?

თუბა ჩაბუქი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე: - მჯერა, ექსტრადიცია არ მოხდება. საქართველოს ვიცნობთ როგორც დემოკრატიული ღირებულებების ქვეყანას და მჯერა, არ გაგვწირავს. როდესაც ჩემი მეუღლე დააკავეს, მას შემდეგ მუქარა არ წყდება. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, ბოლოს ადვოკატის დახმარებით მივმართეთ პროკურატურას დაცვის პროგრამაში ჩასმის მოთხოვნით. გაურკვეველი პირები სოცქსელებში მემუქრებიან გატაცებით, მოკვლით, მამკობენ უხამსი სიტყვებით, მეც და ჩემს შვილებსაც ტერორისტებს გვიწოდებენ. მთავარია, ქმარი გამითავისუფლონ, მხარში დამიდგეს და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. მარტო ქალი ორი პატარა ბავშვით უსუსური ვარ. მყავს 7 და 10 წლის ვაჟები, რომლებიც სკოლა-ლიცეუმ "სხივში" ქართულად სწავლობენ და აქ აპირებენ სკოლის დამთავრებას. ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა და საქართველოდან წასვლაზე არც გვიფიქრია, აქამდე ბედნიერად ვცხოვრობდით, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ჩემი მეუღლე 15 წელია აქ საქმიანობს, საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ქართველების სითბოსა და პატივისცემას მუდმივად ვგრძნობდით. თურქეთი ჩვენი სამშობლოა, გვიყვარს და ვამაყობთ მისით, უბრალოდ, ვიდრე ეს რეჟიმი არ შეიცვლება, იქ ჩამსვლელები არა ვართ.

საფფეთ ბაირაქთუთანი, დემირელის კოლეჯის თანამშრომელი: - იმედი გვქონდა, რომ სამინისტრო მუსტაფას ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებდა, მაგრამ გაუგებარია, რატომ შეიკავეს თავი. ეს იმით ახსნეს, რომ თურქეთის ციხეებში არ ყოფილა არაადამიანური მოპყრობა.

თურქეთის ციხეებში ადგილიც კი არ აქვთ, პირობებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ვფიქრობ, სამინისტრომ თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა. სასამართლოს მეშვეობით გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას. თურქულ მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ემრე ჩაბუქი ტერორისტულ დაჯგუფებასთან დააკავშიროს. ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული FETO არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არ არის კვალიფიცირებული ტერორისტულ ორგანიზაციად. რაც შეეხება "მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისს" (რომელთანაც წილის გასხვისებაზე ხელშეკრულება გააფორმა მუსტაფას პარტნიორმა), ეს კომპანია დარეგისტრირებულია აშშ-ში. მოგეხსენებათ, ამერიკას მსოფლიო მასშტაბით ბრძოლა აქვს გამოცხადებული ტერორისტულ ორგანიზაციებთან და შესაბამისად, იქ საგანმანათლებლო ფირმად დარეგისტრირება ადვილი საქმე არ არის. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენ შევისწავლეთ და გამოვიძიეთ ეს კომპანია და აღმოჩნდა, რომ აშშ-ში მასთან არანაირი პრეტენზია არ არსებობს.

თურქეთში ამჟამად დახურულია 2 000 სკოლა, დაიხურა 150 მედიაორგანიზაციაც, მათ შორის დიდი ჰოლდინგები. განსაკუთრებული ინტერესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ალბათ, იქიდან გამომდინარეობს, რომ ახალშექმნილი ფონდი "მაარიფი" ნაკლები ხარჯით ცდილობს მსოფლიოში საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბებას. ალბათ, ადვილია ადამიანი თამაშგარეთ დატოვო, ტერორისტად აღიარებით. ჩვენს სკოლებზე შავი პიარი აგორდა, მაგრამ მოსწავლეების მშობლებს ჩვენი სჯერათ, პეტიციაზე ხელს აწერენ და აქციებზე გამოდიან, თუმცა, დემირელის სკოლას რეპუტაცია უფუჭდება და ახალი კონტინგენტი მოსვლისგან თავს იკავებს. ადრე თუ ყველა სკოლაში ერთად 1500 ბავშვი გვყავდა, მათი რაოდენობა 1000-მდე შემცირდა. ერთი წლის წინ ბათუმის კონსულმა ჩვენზე გამოაცხადა, ესენი ტერორისტებს ზრდიანო, დახურეს შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და მას მერე პრობლემებს პრობლემები დაემატა.

თურქეთიდან მოსული მასალების საფუძველზე მსგავსი ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ბიზნესმენი, სინან სარაჩი, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლის მშობელია, აქ ინვესტიციები ჩადო. თურქეთში პატივცემული ბიზნესმენი იყო და ტრაბზონში სასწავლო დაწესებულებებს ეხმარებოდა. მასაც არ უმტკიცდება დანაშაული. გიულენი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და მასთან ბატონ მუსტაფას არასოდეს ჰქონია კავშირი, არც შეხვედრია, უბრალოდ, როგორც თავად ამბობს, ეთანხმება მის იდეოლოგიას, რომელიც წინა პლანზე აყენებს მშვიდობას, სიყვარულს და ერთად ცხოვრებას. ამ აზრების გაზიარების გამო ადამიანი ტერორისტი როგორ იქნება, თუ ის სიყვარულსა და მშვიდობას ეფუძნება?!

ნანა ფიცხელაური