"ამერიკის ციხიდან აღსარება ჩაგაბარეთ"
10-07-2017
"ამერიკის ციხიდან აღსარება ჩაგაბარეთ"
"რაც მე შევძელი, ქართული პროფესიული კრივის ისტორიაში არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია - ექვსი ქამარი მაქვს მოგებული სხვადასხვა ვერსიაში­! მეექვსე ქამარი ცუდად დავცადე, პატიმრობა სცოდნია"

8 ივლისს მსოფლიო ჩემპიონის დროებითი ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლის ნაცვლად ამ თარიღს აშშ-ის ფედერალური საპატიმროს საკანში შეხვდა. ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ივნისის დასაწყისში JFK-ის აეროპორტში (ნიუ-იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი) დააკავეს და რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის
წევრობას ედავებიან. "ჩაქუჩა" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია) დარწმუნებულია, რომ მალე გაამართლებენ და სანდერსსაც აუცილებლად დაამარცხებს. "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფედერალურ ციხეში მყოფ ქართველ მსოფლიო ჩემპიონთან. ავთანდილ ხურციძე ქუთაისურ იუმორს საპატიმროშიც რომ ინარჩუნებს, თავად დარწმუნდებით:

- 8 ივლისს უმთავრესი ბრძოლა უნდა გქონოდა, მაგრამ... რინგის ნაცვლად
საკანში ხარ... აშშ-ში დაბრუნებისთანავე დაგაკავეს?

- თვითმფრინავიდან გამოვედი თუ არა JFK-ის აეროპორტში, პასპორტების შემოწმების შესახებ გამოაცხადეს. თურმე, ეს ყველაფერი ჩემ გამო ხდებოდა. როცა ამერიკული მოწმობა ვაჩვენე, დაპატიმრებული ხარო! ხელბორკილების დადებისას ერთმანეთს ეუბნებოდნენ, როგორი ძლიერი ხელები აქვსო. არადა, ორ მეტრზე დაბალი არც ერთი მათგანი არ იყო და გავიფიქრე - თქვენს თავს და მკლავებს შეხედეთ-მეთქი. ისე, ძალიან კი იყვნენ დაძაბულები,
ხელები უცახცახებდათ. რა გასაკვირია?! მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური ვიყავი. ალბათ, ეგონათ, დავტრიალდებოდი და ჰაერში სალტოების კეთებას დავიწყებდი. როცა ვუთხარი, გიჟი არ ვარ და არც ზედმეტი პრობლემები მჭირდება-მეთქი, გაუხარდათ - არც ჩვენო. ისე, მაგარი მომზადებულები კი იყვნენ.

ერთადერთი, ტანკი არ დაუხვედრებიათ, თორემ სხვა ყველაფერი იყო აეროპორტში. ამაზე ის გამახსენდა, საქართველოში დახვედ­რით გულნატკენი რომ ვიყავი და გავიფიქრე, ა, ბატონო, დახვედრა ამერიკელებს სცოდნიათ-მეთქი! ამის გაფიქრებაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, ყველა პირდაღებული მიყურებდა. საპატიმროს ნაცვლად კინაღამ ფსიქიატრიულში წამიყვანეს.

- ჩხრეკისას იპოვეს რამე?

- როგორც ჩანს, დედაჩემის ჩალაგებული ჩემოდანი არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი ამოალაგეს და შემოწმების შემდეგ თავის გემოზე ჩააწყვეს. მერე ჩემოდნიანად წამიყვანეს საპატიმროში და ახლა მე და ჩემი ბარგი ერთად ვიხდით სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

- გითხრეს, რაში გედებოდა ბრალი?

- მკითხეს, იცი, რისთვის დაგაპატიმრეთო? საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი?! ბევრ რამეში გედება ბრალი და მოსამართლისგან შეიტყობო. სხვათა შორის, იმ ბიჭებს მალევე დავუმეგობრდი - ცოტა ხანში ხელბორკილებიც კი მომხსნეს. ციხეში რომ მოვყევი ეს ამბავი, პატიმრებმა მითხრეს, ეს მათგან დიდი პატივისცემააო. გამეცინა: აგაშენათ ღმერთმა, ეს თუ პატივისცემაა-მეთქი. გული იმაზე მწყდება, რომ აეროპორტიდან ჩემიანებს ვერ დავუკავშირდი...

- მართალია, რომ ადვოკატმა 200.000 დოლარის სანაცვლოდ შენი გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლე არ დაეთანხმა?

- გირაოს წინააღმდეგი არც მოსამართლე იყო, მაგრამ მთავრობა არ დაეთანხმა. თავდებად ვინც დამიდგებოდა, მათი ხელმოწერაც იყო საჭირო, ასეთები კი არ მყავდა... განმეორებით სასამართლომდე საპატიმროში ლევან მაყაშვილს შევხვდი - ჩემი ნათლიმამაა და ერთმანეთის დანახვაზე ისეთი ხარხარი აგვიტყდა, მთელი კამერა ჩვენ გვიყურებდა. მოგეხსენებათ, ლევანიც წარმატებული სპორტსმენია, ბოლო გამარჯვებების შემდეგ არ შევხვედრივართ და ისე გამოვიდა, რომ ციხეში მივულოცეთ ერთმანეთს ჩემპიონობა! ლევანმა შემომთავაზა, ზედამხედველს დაველაპარაკოთ, რომ ერთმანეთთან სპარინგის უფლება მოგვცესო. სპარინგი კი არა, დროზე წადი სახლში-მეთქი და გაათავისუფლეს კიდეც!..

- შენ რატომ არ გაგათავისუფლეს?

- მოსამართლემ გამოაცხადა, რომ აშშ-ში, ფაქტობრივად, არავინ მყავს და არის საშიშროება, ჩემი კავშირების მქონე კაცმა ადვილად მოახერხოს ქვეყნიდან წასვლა, ამიტომ 6-კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ...

- წაგიყენეს?

- 38 დღეა გასული (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ივლისს --ავტ.), მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?!

- გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ სცემ პოლიციის ინფორმატორს.

- არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს! ჩემი პატიმრობა იმიტომ გახანგრძლივდა, რომ ჩემი საბანკო ბარათიც დაპატიმრებულია და ადვოკატისთვის თანხის გადახდა ვერ მოვახერხე. რომ გადავიხდი, ადვოკატი მპირდება, რომ პირველ აგვისტომდე გამათავისუფლებს.

- შენი მშობლები დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდნენ... როგორ ფიქრობ, რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს?

- დედა რომ შუამდგომლობას ითხოვს, რა გასაკვირია?! თანაც, კარგად იცის, რომ ძლიერი ნებისყოფა მაქვს და მცდარ ნაბიჯს არ გადავდგამ. აი, მე კი ხელისუფლებისგან არც დახმარებას ვითხოვ და არც შუამდგომლობას. თუ დამნაშავე ვარ, პასუხსაც ვაგებ დანაშაულის გამო! როცა მართლა მჭირდებოდა დახმარება, არც ერთი ხელისუფლება არ დამდგომია გვერდით და ახლა რაღა დახმარება მინდა პატიმარს?! საცხოვრებელი უფასო მაქვს და საჭმელ-ს­ასმელი. მაგრამ იმ ლომს რა ვუთხარი, ხორცისთვის გალიაში რომ ჩაჯდება.

- WBOBO-მ მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოგართვა... ამანაც იმოქმედა შენზე, თუ ამ ეტაპზე კრივზე აღარ ფიქრობ?

- ჩემთვის ჩემპიონის ქამარი არ ჩამოურთმევიათ - მოპარული კი არ მქონდა?! ყველა ქამარი დროებითია - ექვს თვეში თუ არ დაიცავ, ჩამოგართმევენ... სწორედ დღეს უნდა მებრძოლა ბილი ჯო სანდერსთან, რომელსაც ქამარი უნდა დაეცვა, მე კი მორიგი ქამრის მოპოვებას ვგეგმავდი!
სამწუხაროა, რომ საქართველოში მხოლოდ ცუდზე ამახვილებენ ყურადღებას... ის ვერ გაიგეს, რამდენჯერ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. იმაზე არავინ ლაპარაკობს, 5 500 მოკრივეს შორის აბსოლუტური ვერსიებით ათეულში რომ ვარ! სამაგიეროდ, ყველა გაიძახის, ქამარი ჩამოართვესო... ავთანდილ ხურციძეს რომ თბილისის კრივის დარბაზში ფულს გადაახდევინებენ, მეტი რაღა გინდათ?! უკრაინაში მაცხადებდნენ ხოლმე, ქართული კრივის ლეგენდაო... ტყუილია?!
რაც მე შევძელი, ქართული პროფესიული კრივის ისტორიაში არც ერთ ქართველს არ გაუკეთებია - ექვსი ქამარი მაქვს მოგებული სხვადასხვა ვერსიაში­! მეექვსე ქამარი ცუდად დავცადე, პატიმრობა სცოდნია.

დედაჩემმაც რომ გაიგო ქამრის ჩამორთმევის" ამბავი, მითხრა, დავმალე, შემეშინდა, არ წაეღოთო. დამალე კი არა, ყველას აჩვენე-მეთქი! ჩემით ვინც ამაყობდა, დღემდე ამაყობენ - იციან, როგორი წვალებით მივაღწიე ყველაფერს. სადაც უნდა ვიყო, ჩემი ისტორია უკვე შექმნილი მაქვს და დროა, კინორეჟისორებმა ფილმის გადაღებაზეც იფიქრონ. მე კი არა, კრივის ლეგენდები დაუპატიმრებიათ: მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი, ბერნარდ ჰოპკინსი, მიგელ კოტო და სხვები... მაგრამ მაინც მენანება თავი ციხისთვის, რასაც მოვაკლდი, ყველაფერი ჩემი სისხლით და ოფლით შევქმენი.

- იმედი გაქვს, რომ ხურციძე-სანდერსი მაინც გაიმართება?

- ორი წელიწადია, სანდერსი მსოფლიო ჩემპიონია და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიცვა ქამარი. ერთი წელია, გამირბის, მემალება..."შუშა ოქროსავით უფრთხილდებიან ინგლისელები, ჩემსავით ბრალდებებს კი არ უგონებენ...
როგორც იქნა, დავითანხმე ბრძოლაზე, დღეს უნდა გამართულიყო ეს მატჩი, მაგრამ... რინგის ნაცვლად საკანში ვარ.
მადლობელი ვარ მეგობრების, რომელთა მხარდაჭერასაც სულ ვგრძნობ. მადლობა ყველა ქართველს, ვისაც სჯერა, რომ უდანაშაულო ვარ...
განსაკუთრებული მადლობა აქაური საკონსულოს წარმომადგენელ ნინი გაჩეჩილაძეს. რამდენჯერმე მოვიდა ჩემს სანახავად, ადმინისტრაციის უარის მიუხედავად, მაინც მოახერხა ჩემთან დალაპარაკება...

- საქართველოში არავის სჯერა, რომ "ჩაქუჩა" დამნაშავეა... შეძლებ ამის დამტკიცებას?

- დავამტკიცებ! არსებობს ხალხი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მხოლოდ კრივით ვცხოვრობ, რომ ყოველდღიურად ექვსი საათი ვვარჯიშობ, რომ ჩემი პური მხოლოდ კრივია! დავადასტურებ იმ გზავნილებით, სადაც ჩანს, რამდენი თანხა გამოუგზავნია საქართველოდან ოჯახს ჩემთვის! არაფერში ვყოფილვარ გარეული... სამეგობრო წრე? მეგობრები იუდას რომ ჰყავდა, ისეთი უნდა, მაგრამ... თვითონ­ იყო მოღალატე! დაპატიმრებამ ბევრ რამეში შემიშალა ხელი, მაგრამ ყველაფერი წინ არის და მალე ამას თვითონ ნახავთ! ქართულ ტელევიზიებში სპორტული გადაცემები არ არის, თორემ კრიმინალი-- რამდენიც გინდათ! რა ვიცოდი, თორემ პიარისთვის"უფრო ადრე ჩავჯდებოდი ერთი-ორი თვით ქართულ ციხეში.

დღეში ორი საათი სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ვიცი, აქედან გასვლის შემდეგ ბევრი მოინდომებს ჩემთან ბრძოლას! თუ საჭირო გახდა, მწვრთნელსაც შემოვიყვან, რადგან კონტრაქტიც მაქვს და მენეჯერებიც მყავს. სანდერსთან ბრძოლა არ გაუქმებულა, გადაიდო - WBO-ს პრეზიდენტი და ჩემი პრომოუტერი შეთანხმდნენ, რომ აუცილებლად გაიმართება. და აუცილებლად გავიმარჯვებ! გული იმაზე მწყდება, რომ სანდერსთან ბრძოლის შემდეგ დიდებულ ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ... თათ­ულის აქედან მაინც მოვიკითხავ!

- პატიმრები გიცნობენ? იციან შენი ჩემპიონობის ამბავი?

- მოდიან შავკანიანები და კოლუმბიელები ამ ქუთაისელ კაცთან და მეკითხებიან: "ჩაქუჩა", როგორ მოვიქცეთო? ზედამხედველებიც და პატიმრებიც დიდ პატივს მცემენ. ერთად ვვარჯიშობთ... ხშირად ხდება ჩხუბი კომპიუტერთან დაჯდომის ან ტელევიზორის გადართვის გამო, მაგრამ მე ყველგან ურიგოდ მიშვებენ. ვცდილობ, დღე დავიძინო და ღამე ვიყო ფხიზლად, კონფლიქტებისგან თავი რომ დავიზღვიო და ციხიდან გამოსვლა არ გამირთულდეს.
მინდა, რაც შეიძლება მალე გავიდე ციხიდან, რომ ვიდეოზარით დედას დავენახვო...

- რა გასწავლა საკანში გატარებულმა თვემ?

- ჩემი გამოცდილების პატრონისთვის რა უნდა ესწავლებინა?! თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევე ვიცხოვრებდი, როგორც აქამდე. თუმცა, არა - სწავლა-განათლებას უფრო მეტ დროს დავუთმობდი...

- რას ეტყვი ქართველებს, რომლებიც ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, შენს მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობდნენ, დღეს კი შენი პატიმრობით გაოგნებული არიან...
- იამაყეთ, რადგან მსოფლიო ჩემპიონი გყავთ! რაც მთავარია, მე მეგობრობაში და ქართველობაში ვარ ჩემპიონი, თორემ ქამრები და ტიტულები გარდამავალია... მერე რა, რომ ზამთარია?! ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული!
მოკლედ, ყველაფერი გიამბეთ, ამერიკის ციხიდან ჩაგაბარეთ აღსარება.

რატი შელეგია
sara
31 მაისი 2018 12:22
erti cututac ki ar damishvia, rom rame daashava am saamayo bichma, uplis cyalobit male iqnebi tavisupali da gamarjvebuli.
ოთარი
27 ივლისი 2017 08:30
ჩაქუჩ ყველაფერი კარგად იქნება, ივარჯიშე, მანდ დროს გამონახავ და სულ ფორმაში იყავი..სულით კი იასნია ძლიერად იქნები, სანდერსს რომ დაქოთავ იცოდე მეც გბალელშიკობ და გადევნებ თვალს, :)
Giorgi
25 ივლისი 2017 16:56
გენაცვალე ქართველობაში და მეობაში... ,,რაც მთავარია, მე მეგობრობაში და ქართველობაში ვარ ჩემპიონი, თორემ ქამრები და ტიტულები გარდამავალია... მერე რა, რომ ზამთარია?! ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული!'', აუცილებლად მასე იქნება ,,ჩაქუჩა''! ისე იმ კაცს რა ვუთხრა ვინც შენ დანაშაულს იოლად დაიჯერებს... გისურვებ მანდედან მშვიდობით და ჯანმრთელად გამოსვლას, იხარე ორსავე სოფელსა შინა!

რედაქტორის რჩევით