დაუდგენელი ხანძრების ქრონიკა - კვირის პალიტრა

დაუდგენელი ხანძრების ქრონიკა

სექტორებს შორის მოცემენტებულ სავალ ნაწილზე სანიაღვრე არხია, რომელიც ნაგავთან ერთად, ძრავიდან და სიჩქარის კოლოფებიდან გამოშვებული ზეთით არის სავსე

15.11.2012 - ლილოს ბაზრობა

17.07.2013 - "ევროპარკი"

26.02.2013 - სავაჭრო ცენტრი "საბა"

16.09.2014 - ე. წ. ბოშების ბაზრობა

7.12.2014 - ბათუმი, ხოფის ბაზრობა;

27.12.2014 - ელიავას ბაზრობა;

21.01.2015 - ისნის ბაზრობა;

4.08.2015 - ელიავას ბაზრობა;

2.08.2016 -"ზესტაფონი, შავი ბაზრობა

30.01.2017 - "ბავშვთა სამყარო";

2.07.2017 - ელიავას ბაზრობა...

ზემოთ ჩამოთვლილ ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში გაჩენილ ხანძართა მიზეზები ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი დარჩა.

რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ბაზრობებზე თუ სავაჭრო ცენტრებში? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციულ კავშირთან" ერთად სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების მონახულება გადაწყვიტა.

ავტონაწილების ბაზრობა ისანში

ისანში, გზის სხვადასხვა მხარეს ახალი და მეორადი ავტონაწილების ორი ბაზრობაა. როგორც მაღაზიის მეპატრონეებმა გვითხრეს, სავაჭრო ობიექტები საღამოს იკეტება და ელექტროენერგიის წყაროს ადმინისტრაცია თიშავს, რაც ტერიტორიაზე მოკლე ჩართვის ალბათობას გამორიცხავს.

რაც შეეხება კომპაქტურად ჩამწკრივებულ მაღაზიებს, ისინი ერთმანეთისგან თხელი ფანერით არის გამოყოფილი. სექტორებს შორის მოცემენტებულ სავალ ნაწილზე კი სანიაღვრე არხია, რომელიც ძრავიდან და სიჩქარის კოლოფებიდან გამოშვებული ზეთით არის სავსე. ვერსად ვნახეთ ხანძარსაწინააღმდეგო კუთხე, ცეცხლმაქრები და სიგნალიზაცია.

ბაზრის ადმინისტრაციამ კომენტარზე უარი განაცხადა და ცენტრალურ ოფისში, "რეალ ინვესტში" გადაგვამისამართა. კომპანიიდან კი მოგვწერეს:

"რეალ ინვესტს"-ა და მოიჯარეებს შორის ხელშეკრულებების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია:

1. იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ და იქონიოს სრულ წესრიგში. არ დაუშვას იჯარის საგნის ფუნქციის შეცვლა შეთანხმების გარეშე;

2. მოუაროს იჯარის საგანს და მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, ტექნიკური და სხვა უსაფრთხოების წესები, სანიტარიული მოთხოვნები, არასაცხოვრებელი ფართის კუთვნილი მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესები;

3. მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იჯარის საგნის დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრას თავისი ხარჯებით..."

გია ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი: "ძრავებიდან და სიჩქარის კოლოფებიდან გამონაჟონი სითხე სანიაღვრე არხიდან არსად გადის, არადა, სპეციალურ ჭებში უნდა ჩაედინებოდეს. საკმარისია, ვიღაცას სიგარეტის ნამწვი ჩაუვარდეს, რომ წაეკიდება. სანიაღვრე არხის მიმდებარე ტერიტორიაც ავტომობილის ზეთით არის გაპოხილი. იქვე აწყვია საბურავები და სხვა ადვილად აალებადი ნივთები. ეს ყველაფერი დიდ რისკს შეიცავს. ამ ტერიტორიაზე ხანძარი რომ გაჩნდეს, სახანძროს შემოსვლაც კი შეუძლებელი იქნება"."

გიორგი ავალიანს სამი წელია აქ მეორადი ავტონაწილების მაღაზია აქვს: - "ხანძრისგან დაზღვეული არა ვართ. ყველამ ვიცით, რომ სინათლე არ უნდა დაგვრჩეს ჩართული. ზამთარში ელექტროქურებსაც არ ვრთავთ. ზაფხულში ვენტილატორს თუ ჩავრთავთ. ბაზრობას დამლაგებელი ჰყავს და სანიაღვრე არხსაც ხშირად წმენდენ. ზეთის სანიაღვრეში ჩასხმაზე კი სულ ჩხუბია, მაგრამ... ტერიტორიაზე კამერები დააყენეს და დაცვაც არის მუდმივად".

გზის მეორე მხარეს კიდევ ერთი მეორადი ავტონაწილების ბაზრობა 7 ჰექტარზეა გაშლილი. ორი წლის წინ აქ ხანძარი მაღაზიაში ჩართულ გამათბობელს გაუჩნდა. მაშინ 15 მაღაზია დაიწვა.

ტერიტორია რამდენიმე სივრცედ არის დაყოფილი. ერთ ნაწილში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობა და მარკეტია, დარჩენილ ნაწილში კი 430 ობიექტი ავტონაწილების მაღაზიებსა და პროფილაქტიკებს უკავია. მაღაზიების უკან ახალ სანიაღვრე არხებსა და ჭებს აკეთებენ. თითქმის ყველა მაღაზიაში განათება კუსტარულად არის გაკეთებული. ერთგან სადენები პირდაპირ ხის კოჭზეა ჩამოკიდებული, ფიცარზე მიმაგრებული ჩამრთველი დაშლილი და მოძველებულია. ხანძრის კვალი ზოგიერთ მაღაზიას დღესაც ატყვია, ნახევრად დამწვარ ხის კოჭებზე ახლაც ელექტროენერგიის სადენებია გაჭიმული.

7 წელია აქ ავტონაწილებს ყიდის თემურ ჯაქოშვილი. არა აქვს ცეცხლმაქრი, თუმცა, იმის გამო, რომ საღამოს ელექტროენერგია ითიშება, ხანძრის გაჩენის არ ეშინია.

ბაზრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, სახანძრო უსაფრთხოების სამსახური კი ირწმუნება, რომ ცეცხლმაქრი დაცვას აქვს ჯიხურებში და კიდევ რამდენიმე მაღაზიასაც. დაცვის ჯიხურში ორი ცეცხლმაქრი მართლაც აღმოვაჩინეთ, თუმცა, მაღაზიებში ვერსად ვნახეთ. კითხვაზე, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, გვიპასუხეს, რომ სამუშაო საათებში ის მაღაზიაა პასუხისმგებელი, სადაც ცეცხლის კერა გაჩნდება. საღამოს კი ხანძრის გაჩენის ალბათობა იმ მიზეზით გამორიცხეს, რომ ელექტროენერგია ითიშება.

სამჯერ გაჩენილი ხანძარი

თევდორე მღვდლის #13-ში, სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე მაღაზიები, მეორეზე - კლინიკა, მესამეზე კი ბინებია, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამჯერ გაჩნდა ხანძარი. მესამე სართულს, სადარბაზოდან ასასვლელი კიბის გარდა, საევაკუაციო კიბე გარედანაც ჰქონდა, მაგრამ ის შენობის მეპატრონის, კლინიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოხსნეს. რომ არა სამაშველო სამსახურის ოპერატიულობა, ბოლო ხანძრის დროს 50-მდე ადამიანის სიცოცხლეს ხანძარი შეიწირავდა. აქაურები ამბობენ, რომ მერიამ მესამე სართულის ნაწილი გაარემონტა. ექსპერტიზის დასკვნით, 480 კვმ ფართობს დაზიანებათა კლასიფიკაციით III ხარისხი მიენიჭა. ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის და მობინადრეების გაყვანაა საჭირო.

"უვადო" ცეცხლმაქრი

დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობა "თერგის" ტექნიკური ინჟინერი ლერი ქაცარიძე გვეუბნება, რომ ყველა მაღაზიაში ელექტროენერგიის ორი წყარო შედის: ერთი განათებისთვის, მეორე კი გამათბობლისა თუ გამაგრილებლის შესაერთებლად. ბატონ ლერის ვთხოვეთ, ეჩვენებინა ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი, რომელიც, წესით, თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს, ის კი დახლის უკან კედელზე ჩამოკიდებულ ხის ყუთში აღმოჩნდა. შემდეგ მან ბაზრობის გარე ტერიტორიაზე გაგვიყვანა, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო კუთხე იყო განთავსებული, მაგრამ რამდენიმე ცეცხლმაქრის ეტიკეტზე ვარგისიანობის თარიღების გრაფა ცარიელი აღმოჩნდა. საეჭვოა, "უვადო" ცეცხლმაქრი ვინმემ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს...

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში პერიმეტრს დაცვასთან ერთად მეხანძრეც აკონტროლებს. ტერიტორიის 80% კი კამერებითაა აღჭურვილი. ბაზრობა 1994 წელს გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში ხანძრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი მოვაჭრის დაუდევრობით მოხდა, მეორე კი ელექტროშემდუღებლის დაუდევრობამ გამოიწვია. ტერიტორიაზე არ არსებობს ე.წ. ეზოს საფერფლეები და სიგარეტს ძირს აგდებენ...

გია ბურჯანაძე: - მონიტორინგით დადგინდა, რომ უსაფრთხოების ნორმებს ვერც ერთი დაწესებულება სრულად ვერ აკმაყოფილებს. დავათვალიერეთ ლტოლვილთა საცხოვრებელიც, სადაც სამჯერ გაჩნდა ხანძარი, მაგრამ ისევ გაუმართავია ელექტროგაყვანილობა...

"კვირის პალიტრამ" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსაც მიმართა:

- ობიექტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია დამკვეთი, დამპროექტებელი და შემსრულებელი. თავდაპირველად ტარდება დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება, შემდეგ კი წელიწადში ერთხელ, საკონტროლო შემოწმება. დარღვევების გამოვლენისას, სახანძრო ზედამხედველობის სამსახური ავალდებულებს პასუხისმგებელ პირს, დარღვევები აღმოფხვრას... შეუსრულებლობის შემთხვევაში, ობიექტის ხელმძღვანელს ან სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება ფულადი ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ შეუსრულებელი ღონისძიებები ქმნის ხანძრის წარმოშობის აშკარა საფრთხეს, შეჩერდება ობიექტის ფუნქციონირება. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, შემოწმებულია 1123 ობიექტი. ჩატარებულია 253 დეტალური და 870 საკონტროლო სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. ადმინისტრაციული სახდელი დადებულია 44 ფიზიკურ პირზე..."

P.S. არასწორად დაგეგმარებული ინფრასტრუქტურა, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის უქონლობა, დამქირავებლების არაინფორმირებულობა - ეს ის რეალობაა, რომელიც ჩვენი რეიდის დროს გამოიკვეთა. მოვაჭრეების დიდ ნაწილს ბიზნესი დაზღვეული არა აქვს. თუ ხანძარი გაჩნდა, ასობით მოვაჭრე საქონლის გარეშე, ხოლო კერძო მესაკუთრე უშემოსავლოდ დარჩება. მაგრამ არსებობს უფრო დიდი საშიშროება - ხანძარს შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყვეს, ასეთ შემთხვევაში ვინ აგებს პასუხს?!

თორნიკე ყაჯრიშვილი