"როგორ მოხდა, რომ ცეცხლი პირველად დიდუბის გამგეობის თანამშრომლებმა შეამჩნიეს,­ სად იყვნენ ამ დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?" - კვირის პალიტრა

"როგორ მოხდა, რომ ცეცხლი პირველად დიდუბის გამგეობის თანამშრომლებმა შეამჩნიეს,­ სად იყვნენ ამ დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?"

"მთავარი შეკითხვა მაინც ხანძრის მიზეზებს უკავშირდება: რას შეეწირა ბაზრის დიდი ნაწილი და რა ნივთიერება აალდა? თუ ექსპერტიზა დაადგენს, რამ გამოიწვია აალება, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ - საქმე დაუდევრობასთან გვაქვს თუ ხელოვნურად გაჩენილ ხანძართან. თუ აფეთქება გამოიწვია ნივთიერებამ, რომელიც მაღაზიაში არ იყო, ბუნებრივია, დაუდევრობის საკითხი გამოირიცხება. ვიდეოჩანაწერებმაც ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი"

3 ივლისს ელიავას ბაზრობაზე, საღამოს 9 საათზე - მაშინ, როდესაც ელექტროენერგია ითიშება, ცეცხლი გაჩნდა, დაიწვა 2000-მდე კვმ ფართობი.

ძლიერი ხანძარი ელიავას ბაზრობაზე 2015 წლის 5 აგვისტოსაც გაჩნდა, რასაც ორი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი ლანა ცერცვაძე "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ მეორე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება, არადა, სავარაუდო მოტივი და ეჭვმიტანილიც გამოკვეთილია: "საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2015 წელს დამწვარი მაღაზიების კონკურენტ ფირმას მითვისებული ჰქონდა სოლიდური თანხა, რაც მყარ მოტივს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით სრულ უმოქმედობას ავლენს".

"კვირის პალიტრა" ელიავას ბაზრობის ერთ-ერთ მფლობელს, ქეთევან ლოლაძეს დაუკავშირდა:

- სავარაუდოდ, ცეცხლი ბაზრობის პირველ სექტორში, იმ მაღაზიაში გაჩნდა, სადაც საბურავები და ზეთები ინახებოდა. პირველი კერის დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრის მიზეზი ელექტროენერგია არ ყოფილა. დაცვის სამსახური ტერიტორიაზე დენს საღამოს 8 საათზე თიშავს. გამორთული იყო კონდიციონერებიც, მხოლოდ ვიდეოკამერებისთვის აუცილებელი დენის წყარო იყო ჩართული, რასაც უმნიშვნელო ელექტროენერგია სჭირდება და ის ხანძრის მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა. ვითარებას დამოუკიდებლადაც ვიკვლევთ...

- გქონდათ შესაძლებლობა კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები გენახათ?

- ეს ჩანაწერები გამოძიებას აქვს. ვფიქრობ, იქ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ხანძრის მიზეზიც მალე დადგინდება.

- ელიავას ბაზრობაზე 2015 წელსაც იყო ძლიერი ხანძარი, რასაც ორი კაცი ემსხვერპლა. რატომ არ არის გამოძიებული?

- მე არ ვიცი, რა სურათი გამოიკვეთა ორწლიანი გამოძიების შემდეგ.

- ცნობილია, რომ თქვენ, ბაზრის მფლობელებმა, საკრებულოში მოლის მშენებლობაზე შეიტანეთ განაცხადი, თბილისის გენერალური გეგმის ავტორები კი ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ემხრობიან.

- ელიავას ბაზრობის თანამედროვე პლატფორმად შეცვლის თაობაზე განცხადება მერიაში 2016 წელს შევიტანეთ. სიცრუეა, თითქოს მოლის მშენებლობა უკვე გადაწყვეტილი იყო, თანაც ლაპარაკია მხოლოდ ბაზრობის ქვედა ტერიტორიაზე, სადაც უკვე დაშლილი დახლებია.

ბაზრობაზე 15 000 კაცია დასაქმებული და ამდენი ადამიანის უმუშევრად დატოვება მარტივი არ არის. ამიტომ რეკრეაციული ზონის მოწყობა რამდენად მართებულია, კარგად უნდა დავფიქრდეთ. სეირნობა მაშინ არის კარგი, როდესაც კუჭი მაძღარია. ამ ეტაპზე, რაც ვიცით, ხანძრისგან დაზიანებული მაღაზიები უნდა აღდგეს და განაახლონ მუშაობა.

- გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებულები "ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში" გადაიყვანონ.

- ამის შესახებ არაფერი ვიცი...

ჩვენ დავუკავშირდით ურბანისტ მერაბ ბოლქვაძეს, რომელიც თბილისის გენგეგმის მომზადებაში იყო ჩართული. შეგახსენებთ, რომ "სითი ინსტიტუტის" რეკომენდაციით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა - დასასვენებელი პარკი უნდა მოეწყოს, ბაზრობამ კი სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლოს, თუმცა, როგორც მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებიათ:

- გვაქვს რეკომენდაცია, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკი მოეწყოს, თუმცა ამის გადაჭრა მარტივი არ არის, აუცილებელია მოლაპარაკება როგორც ინვესტორებთან, ასევე ბაზრის მფლობელებთან.

ამ საკითხზე მალე საჯარო განხილვები დაიწყება.

დავით ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრი: - ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ორი პროექტი არსებობს, თუმცა, საბოლოო სახე ჯერ არც ერთს არ აქვს. გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაცია, რომელიც ქალაქის განაშენიანებას საფუძვლად უნდა დაედოს, რეკრეაციული ზონის შექმნას უჭერს მხარს. 2014 წლის შემდეგ ეს ჯგუფი მუშაობს ქალაქის მთავარ ურბანულ დოკუმენტზე. მას ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოუყო მერიამ, შესაბამისად, შემუშავებული დოკუმენტის რამდენჯერმე ჩასწორება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს პირველ რიგში მერიას, ამიტომაც აჭიანურებენ პროექტის განხილვას. გენგეგმის პრეზენტაცია აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ჯერაც გაურკვეველია, როდის ვიხილავთ საბოლოო ვარიანტს. პარალელურად, საკრებულოში შემოვიდა ახალი, რადიკალურად განსხვავებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა კი არა, დიდი სუპერმარკეტი უნდა გაიხსნას.

- საკრებულოში უმრავლესობის წევრები რომელ პროექტს უჭერენ მხარს?

- ვერავინ იტყვის, რა არჩევანს გააკეთებს მერია. საკრებულოში უმრავლესობა ინვესტორის პოზიციას იზიარებს. დარწმუნებული ვარ, კონკრეტული პირები ამ პროექტისგან სარგებელს ელოდებიან, მსგავს ლობირებას სხვა ახსნა არა აქვს.

- გაქვთ ინფორმაცია, ვინ ლობირებს ქალაქის ხელმძღვანელობაში ინვესტორის ინტერესს და რის ფასად?

- ელიავას ბაზრობა ყოველთვის ნოყიერი ნიადაგი იყო. მსგავსი პროექტების დაჩქარებული წესით განხილვასა და დამტკიცებაში დიდი ფული იხარჯება. დააკვირდით, ხანძარი ჩამქრალიც კი არ იყო, როდესაც საკრებულოს უმრავლესობის წევრები ერთხმად აცხადებდნენ, ელიავას ბაზრობა აუცილებლად აღდგებაო, ანუ, გენგეგმის რეკომენდაციას უკვე ხაზი გადაუსვეს.

- გაჩნდა ეჭვიც, რატომ დაემთხვა ხანძარი ორი დამოუკიდებელი პროექტის განხილვას.

- მტკიცებით ვერ ვიტყვი, რომ ხანძარი კონკრეტული ბიზნესინტერესების გამო გაჩნდა, თუმცა, იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ ხანძარი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ბიზნესინტერესების გასატარებლად და დასაცავად მაქსიმალურად გამოიყენეს.

გასაგებია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა ყოველთვის ძნელია, მაგრამ გამოუძიებელიც არაფერია, თანაც, დრო აუცილებლად დაგვანახებს, რა ტიპის მშენებლობა დაიწყება ამ ტერიტორიაზე. თუ მერია კონკრეტული პირების ინტერესებს მოერგება, ხანძრის გაჩენისა და ლობირების თაობაზე უფრო მეტი ეჭვი გაჩნდება, ვიდრე ახლაა. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზებას 150-მდე მეხანძრე სამი საათის განმავლობაში ცდილობდა. გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ხანძრის მიზეზი დაუდევრობაც ყოფილიყო:

- ბაზრის მთელ ტერიტორიაზე გამორთული ელექტროენერგია, დაუდევრობის ვერსიას მაინც არ გამორიცხავს. ხომ შეიძლება, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში თუნდაც სიგარეტის ნამწვი დააგდეს, რამაც ხანძრის პროვოცირება მოახდინა.

- რამდენად ლოგიკურია სიგარეტის ნამწვს ამ მასშტაბის ხანძარი გამოეწვია და თანაც ისე, რომ სამაშველო სამსახურს ინფორმაცია პირველივე წუთებიდან არ მიეღო. ტერიტორიას ხომ დაცვის სამსახური იცავს?

- ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გაგვცეს. საკითხავია, რამდენად სწრაფი რეაგირება მოახდინა დაცვის სამსახურმა. როგორც გავრცელდა ინფორმაცია,

როგორ მოხდა, რომ ცეცხლი პირველად დიდუბის გამგეობის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, სად იყვნენ ამ დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები? მეორე საკითხია, რამდენად ადეკვატურად შეფასდა ხანძრის მასშტაბი. როგორც ვიცი, თავდაპირველად, სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა მუშაობდა და სამი საათის შემდეგ 30 სახანძრო მანქანა იქნა მობილიზებული. მთავარი შეკითხვა მაინც ხანძრის მიზეზებს უკავშირდება: რას შეეწირა ბაზრის დიდი ნაწილი და რა ნივთიერება აალდა? თუ ექსპერტიზა დაადგენს, რამ გამოიწვია აალება, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ - საქმე დაუდევრობასთან გვაქვს თუ ხელოვნურად გაჩენილ ხანძართან. თუ აფეთქება გამოიწვია ნივთიერებამ, რომელიც მაღაზიაში არ იყო, ბუნებრივია, დაუდევრობის საკითხი გამოირიცხება. ვიდეოჩანაწერებმაც ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.

რუსუდან შელია