"ქალები უცხოეთიდან შემოჰყავთ, ძირითადად, უზბეკეთიდან, თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა" - კვირის პალიტრა

"ქალები უცხოეთიდან შემოჰყავთ, ძირითადად, უზბეკეთიდან, თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ 2017 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ანგარიშში ვკითხულობთ: "მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონებისა და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა. ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყანაში, ასევე თურქეთში... ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა უცხოელი ქალები არიან, რომლებიც სამუშაოს ეძებენ. ქართველი მამაკაცები და ქალები იძულებით სამუშაოს ექვემდებარებიან ქვეყანაში ან მის გარეთ, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსსა და ერაყში. ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვებიც იძულებით მათხოვრობას ექვემდებარებიან".

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" კვლევა ჩაატარა გურიასა და აჭარის რეგიონში და გაირკვა, რომ არასრულწლოვნებს ქვეყნის გარეთაც უხდებათ არანორმირებულ პირობებში მუშაობა. კერძოდ, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები არასრულწლოვნები სეზონურად საშუალოდ 9 საათს მუშაობენ მძიმე სამუშაოზე თურქეთში. განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს ბავშვებზე ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით კი, გასულ წელს მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე არასრულწლოვანთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის მხოლოდ 2 ფაქტზე იყვნენ გამოძახებული.

თიკო აბაშიძე, "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" წარმომადგენელი:

- არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტები რომ მრავლადაა აჭარის რეგიონში, ხელისუფლებისთვის ცნობილია. სამწუხაროდ, სამართალდამცავები იშვიათად რეაგირებენ. ფაქტია, ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, რეგიონში იზრდება იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებიც სახლებიდან გარბიან. ხვდებიან იმ პირების ხელში, რომლებიც მათ სექსმუშაკებად ამუშავებენ და ამაში სოლიდურ თანხას იღებენ კლიენტებისგან, რომელსაც, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეები შეადგენენ. მე თვითონ რამდენიმე მოზარდი მყავს დახსნილი ამ სიტუაციიდან.

რამდენიმე სასტუმრო და კაფე-ბარია, რომლებშიც არალეგალური ბორდელებია მოწყობილი. ვერ დავასახელებ სახელწოდებებს, რადგან თუ ფაქტზე არ წაასწარი, აქეთ გიჩივლებს, ფაქტზე წასწრება კი სამართალდამცავების პრეროგატივაა. ეს მოზარდები, რომლებიც 12-13 წლიდან პროსტიტუციაში არიან ჩაბმული, ჩვენთან საშინელ ამბებს ჰყვებიან, ზოგიერთისთვის არც ნარკოტიკებია უცხო. არის შემთხვევები, როცა გოგონები ამბობენ, რომ კლიენტი მათ უხეშად მოექცა. ამის შესახებ საუბარი არც სოციალურ მუშაკთან სურთ და არც სამართალდამცავებთან. ეშინიათ, რომ იქ დაბრუნება მოუწევთ, საიდანაც გამოიქცნენ. ჩვენს ორგანიზაციაში მოგვყავს მოზარდები და ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობას, რათა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება მივცეთ. მოზარდების უმრავლესობამ წერა-კითხვაც კი არ იცის.

არასრულწლოვნები ხშირად სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლიც ხდებიან. ტურისტულ სეზონზე ისინი დასაქმებას ცდილობენ, თითქმის ყოველთვის, დამსაქმებელი არღვევს კანონით გათვალისწინებულ პირობებს - არ იცავს სამუშაო საათების რაოდენობას, არ უხდის სათანადო ანაზღაურებას, ზოგჯერ სულაც არ უხდის და არც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. დოკუმენტი, რომლითაც მოზარდის მიმართ დამსაქმებლის ვალდებულებები იქნება განსაზღვრული, არ არსებობს, თავის მართლებას კი ყოველთვის ახერხებენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღრიცხული მოზარდთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების, მაგრამ ეს მონაცემები რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. საერთოდ, არასწორად მიმაჩნია მოზარდთა მიმართ დანაშაულების სტატისტიკით შეფასება. ადამიანი ციფრი არ არის და თითოეული შემთხვევის უკან დანგრეული ცხოვრება და გამოუსწორებელი შეცდომა იმალება.

არანაკლებ დღეში არიან ზრდასრული ადამიანებიც. გახშირდა შემთხვევები, როცა უცხოელი დამქირავებელი ძალადობს ქართველ მუშახელზე და არ უხდის ხელფასს, აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. იჩაგრებიან ქალებიც, რომლებიც უზბეკეთიდან შემოდიან. მათი მონაყოლიდან ჩანს, როგორ ექცევიან სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები. კიდევ ერთ მახედ ქართველებისთვის იქცა პოლონეთი, სადაც ქართველი მამაკაცები გადაჰყავთ, ჰპირდებიან მაღალანაზღაურებად სამსახურებს და უმეტეს შემთხვევაში იქ ჩასულებს ქუჩაში ძილი და მონური ცხოვრება უწევთ.

"აჭარაში პროსტიტუცია გადაულახავ პრობლემად რჩება"

გონიოელი ნ. გოგიტიძე: "იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა შარშან რამდენიმე პირი პროსტიტუციისთვის ფაქტზე დააკავეს, პრობლემა ისევ გადაუჭრელია. მაშინ დაკავებულთა ნაწილი მალე გამოუშვეს. აქაურები სახლებს ისევ აქირავებენ, ძირითადად, თურქებზე, ისინი კი ამ სახლებს პროსტიტუციისთვის იყენებენ. ისევ შემოჰყავთ ქალები უცხოეთიდან, ძირითადად, უზბეკეთიდან, თუმცა, არც ქართველი მეძავი ქალების ნაკლებობაა. პოლიციამ კარგად იცის, სად არის მათი ბუნაგები, მაგრამ აჭარაში პროსტიტუცია ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში". (წაიკითხეთ სრულად)

თეა ხურცილავა