"შევიტყვე, რომ "ბირჟა მაფიის" წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება"
17-07-2017
"შევიტყვე, რომ "ბირჟა მაფიის" წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება"
გიორგი ქებურია: "ყველა პოლიციელი, რომლებიც ჩვენს დაკავებაში ფიგურირებდნენ, პოსტს დღემდე ინარჩუნებს"

მუსიკალურ ჯგუფ "ბირჟა მაფიას" სკანდალურად დაკავებული­ და საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად გათავისუფლებული წევრები არ გამორიცხავენ, რომ მათ წინააღმდეგ პროვოკაცია ისევ განმეორდეს, თუმცა, რა ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებენ ამას, დეტალებზე "კვირის პალიტრას" მუსიკოსი გიორგი ქებურია ესაუბრება:

- გათავისუფლების დღიდან, ფაქტობრივად, შიშში ვცხოვრობ - სახლიდან იშვიათად გავდივარ და თუ გადაუდებელი საქმეა, მარტო არასოდეს მივდივარ. მიუხედავად საპატიმროდან გათავისუფლებისა, არ მქონდა განცდა, რომ იგივე არ
განმეორდებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმირებული პირისგან შევიტყვე, რომ შესაძლოა, "ბირჟა მაფიის" წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდებოდეს. როგორც ჩანს, ვიღაცებს სურთ კონკრეტული სამართალდამცავების­ შელახული იმიჯის აღსადგენად ჩვენ გაგვწირონ და საზოგადოება­ დაარწმუნონ, რომ კრიმინალებს წარმოვადგენთ, რაც აბსურდია.

- ინფორმატორი ძალოვანი სტრუქტურებიდან დაგიკავშირდათ, თუ ვისგან ჰქონდა მსგავსი
ინფორმაცია? ისიც საინტერესოა, რა ტიპის პროვოკაციას არ გამორიცხავთ?

- არ არის გამორიცხული, ისევ ნარკ­ოტიკების "ჩადება" სცადონ, თანაც, როგორც მითხრეს, საქმეში იგივე პოლიც­იელები კი არ უნდა ფიგურირებდნენ, რომლებმაც პირველად დაგვაკავეს და მსგავს პროვოკაციებში არაერთხელ არიან შემჩნეული, არამედ დავალება სამართალდამცავების სხვა ჯგუფს უნდა შეესრულებინა. ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს, თუმცა, იმედია, მას შემდეგ, რაც საზოგადოებას და უშუალოდ პროვოკაციის შესაძლო ორგანიზატორებს საჯარო სივრციდან შევატყობინეთ, რომ კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობთ, მსგავსი ქმედება აღარ განმეორდება.

პოლიციელების კონკრეტული ჯგუფის იმიჯი ჩვენი გაწირვის ხარჯზე ვერ აღდგება და, ვფიქრობ, ეს უწყებაში კარგად უნდა ესმოდეთ.
უკვე არაერთი მოქალაქე დაუფარავად ლაპარაკობს სისტემის მანკიერ პრაქტიკაზე, ციხეში ყოფნის დროსაც უამრავი პატიმარი ჰყვებოდა, რომ "ჩადების" მსხვერპლი გახდა. ლაპარაკია აბსოლუტურად სუფთა ადამიანებზე, ან ისეთ პატიმრებზე­, რომლებსაც მარიხუანის დასაშვები ნორმა ჰქონდათ, თუმცა, სხვადასხვა ნივთიერება ჩაუდეს ბრალის დასამძიმებლად.

- თქვენი დაკავების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. გაქვთ ინფორმაცია, რეალურად იკვეთება თუ არა სამართალდამცავების დანაშაულებრივი ქმედება?

- რამდენიმე დღის წინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა პოლიციელი,­ რომლებიც ჩვენს დაკავებაში ფიგურირებდნენ, პოსტს დღემდე ინარჩუნებს.
მათ წინააღმდეგ ჩვენება რამდენჯ­ერმე მივეცით. 7 ივნისს, საღამოს 7 საათზე,­ დედაჩემის მანქანით მეგობართან­ მივდ­იოდი, როდესაც ოთხი მანქანა დამედევნა,­ თანაც პოლიციელებმა კი არ დამაკავეს,­ ეს უფრო გატაცებას ჰგავდა, რადგან არც უთქვამთ, რას მედ­ავებოდნენ. ხელი წამავლეს და ყაზბეგის ქუჩის კუთხეში, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას მიმიყვანეს. ფსიქოლოგიური­ ზეწოლაც მაშინ დაიწყო... ზოგი ცემით გვემუქრებოდა, ზოგიც ბრალის აღიარებას გვთხოვდა. სამწუხაროდ, მათ ვინაობას ვერ გავამხელ, თუმცა, გამოძიებისთვის ყველა მათგანი ცნობილია. პროკურატურაშიც რამდენჯერმე ვიყავით ჩვენების მისაცემად, თუმცა, ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ. იმედია, ყველა დეტალი მალე გაირკვევა, თუმცა, სასამართლო სხდომა, დაანონსებული 20 ივლისის ნაცვლად, 4 სექტემბრამდე გადაიტანეს. ფაქტია, გამოძიება ჭიანურდება.

- შს მინისტრი დღესაც გაკრიტიკებთ­ კლიპში არსებული სცენის გამო და აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, პოლიცია დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს...

- კლიპის სცენარზე ჩვენ არ გვიმუშ­ავია, არც ეს კონკრეტული კადრი მოგვი­ფიქრებია. ამ მიმართულებით სპონსორი მუშაობდა, თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს - სად არის კლიპში კონსტიტუციური დარღვევა, თუ პირადი აზრის გამოხატვა უნდა ისჯებოდეს? დიახ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის დაჩოქება, პოლიციელი იქნება, მეხანძრე თუ მენეჯერი, არასასიამოვნოა, თუმცა, კრიტიკის უფლება ყველას აქვს და არც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაგვიდენია, რომ ნარკოტიკები ჩაედოთ და დავეკავებინეთ.
სამწუხაროდ, გამოძიების მასალებს ჯერ არ ასაჯაროებენ, მე კი ისევ არ მაქვს განცდა, რომ უსაფრთხოდ ვარ.

საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ აბსოლუტურად სუფთა ვიყავით. ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო - კლიპის გავრცელებიდან სამ დღეში დაგვაკავეს, ერთი და იმავე ბრალდებითა და ერთსა და იმავე დროს. სხვათა შორის, როდესაც­ "აჭარანეთიდან" დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, პოლიციელები კლიპის წაშლას გვთხოვენ, ეს დროებითი ღონისძიება იქნება და ვიდეორგოლი ვებგვერდზე 24 საათში აღდგებაო. საბედნიეროდ, წაშლაზე უარი განვაცხადეთ და მხოლოდ იმ კადრის, სადაც ჩანს დაჩოქილი პოლიციელი, დაბლარვას დავთანხმდით. კლიპი რომ წაგვეშალა, საზოგადოება ვერც მიხვდებოდა, რის გამო დაგვაკავეს და სიმართლის დამტკიცებაც გაგვიჭირდებოდა.
სწორედ იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების დაკავება ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია, ჩვენს საქმეში დამნაშ­ავე პირები გამოვლინდნენ და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისროთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები