"ქმარი ციხეშია, ახლა დედამთილიც დაჯდება ბრალდებულის სკამზე"
22-08-2017
"ქმარი ციხეშია, ახლა დედამთილიც დაჯდება ბრალდებულის სკამზე"
"გინება რომ დამიწყო, სიტყვა შევუბრუნე. ისიც ადგა და ჩაიდანი მირტყა თავში. საშინლად დასახიჩრებული ვიყავი, ისღა მოვახერხე, ჩემებს დავურეკე, წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. მოვიდნენ, მაგრამ მოთმინება სჯობსო, მითხრეს და წავიდნენ"

16 წლის იყო, რომ გათხოვდა, ახლა 21 წლის არის და ორი შვილის გაზრდა მარტოს მოუწევს. 4 წელი ძალადობის მსხვერპლი იყო და იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. დღეს მისი მეუღლე ოჯახური ძალადობის ბრალდებით ციხეშია გამოკეტილი. რძალზე ძალადობისთვის ასევე ბრალი წაუყენეს მის დედამთილს.

მაგდა:
-
ბათუმში ვცხოვრობ, წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. სპორტის თითქმის ყველა სახეობას დავეუფლე - ბადროს ტყორცნა, ბირთვის გადაგდება, მკლავჭიდი, ბოქსი, ფეხბურთი, ჯილდოებსაც ვიღებდი, ბევრი გეგმაც მქონდა, მაგრამ მე-11 კლასელი ვიყავი, ჩემმა მეუღლემ მომიტაცა, არადა, სულ სამჯერ მყავდა ნანახი. სკოლა დაუსწრებლად დავამთავრე. ფაქტობრივად, სკოლის ატესტატი და შვილის დაბადების
მოწმობა ერთდროულად ავიღე. სოფელში ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი მთელი ზამთარი არ მუშაობდა, ზაფხულში თუ გადავიდოდა თურქეთში ჩაის საკრეფად. სახლში 12 კაცი ვცხოვრობდით. ჩემს დედამთილს პირველი ქორწინებიდან­ სამი გოგო ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - სამი ბიჭი. ჩემი პატარა მაზლი 7 წლის იყო, იქ რომ მივედი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მასზე ვზრუნავდი. მული ხელმეორედ გათხოვდა და შვილთან ერთად წავიდა. ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდა მეორე მული, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. არც ჩვენ და არც მათ სახლში სველი წერტილი არ გვქონდა და დასაბანი წყლის გასათბობად ცეცხლის დანთებაც მე მიწევდა. მულის 4 შვილზეც მე უნდა მეზრუნა. დედამთილი ამბობდა, რძალი ხარ და გევალება. რომ გავთხოვდი, სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი, ხელსაც დავაბანინებდი ოჯახის წევრებს, პირსახოცით შევუმშრალებდი და ისინი რომ დასხდებოდნენ მაგიდასთან, მხოლოდ მას მერე ვჭამდი საჭმელსო, და მეც იმავეს მთხოვდა. ირგვლივ მათი სანათესავო ცხოვრობს, მისი ერთი ძმა რუსეთის ციხეშია.

- პრობლემები როდის შეგექმნათ?

- სახლში ფინანსებს დედამთილი განაგებდა. ერთხელ ვუთხარი, მე და ჩემი ქმარი ვიმუშავებთ, თუ შეგიძლიათ, თქვენც დაგვეხმარეთ, რომ ცალკე გავიდეთ-მეთქი. ამის გამო დაიბარა ჩემი მშობლები, ბიძები, ბიცოლები, უთხრა, წაიყვანეთო, მათაც მე დამადანაშაულეს, მერე თქვეს, ბავშვია, ვაპატიოთო და დამტოვეს. ამის შემდეგ სულ კონფლიქტები იყო, მაგრამ ვითმენდი, რადგან ჩემი მშობლების ზურგი არ მქონდა. მთელი დღე ვშრომობდი და დაღლილს საღამოს დაჯდომა თუ მომინდებოდა, ესეც არ მოსწონდათ. პირველი სერიოზული კონფლიქტი წყლის ონკანის გამოცვლის გამო მოხდა. 4 მამაკაცი იყო სახლში და 3 წელი ონკანი არ იკეტებოდა. ერთ დღეს ვთქვი, იქნებ გააკეთოთ რომელიმემ-მეთქი. შენი საქმე არ არის, ენა ჩაიგდეო, გაბრაზდა ჩემი ქმარი. გინება რომ დამიწყო, სიტყვა შევუბრუნე. ისიც ადგა და ჩაიდანი მირტყა თავში. საშინლად დასახიჩრებული ვიყავი, ისღა მოვახერხე, ჩემებს დავურეკე, წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. მოვიდნენ, მაგრამ მოთმინება სჯობსო, მითხრეს და წავიდნენ. მორიგი კონფლიქტი თურქეთიდან დაბრუნებულს მომიხდა.

- ამჯერად რაზე იჩხუბეთ?

- თურქეთში ჩაის საკრეფად წავედი, 9 თვის იყო ჩემი პატარა, დედამთილს რომ დავუტოვე. იქიდან დაბრუნებულმა საქონლისთვის საჭმელი ვიყიდე, ოჯახისთვის პროდუქტები და სხვა ნივთები, რაც გვჭირდებოდა. 500 ლარი მქონდა დარჩენილი და შვილებს 20-ლარიანი ფეხსაცმელები ვუყიდე. ქმარმა რომ გაიგო, იმ 500 ლარს მოვაკელი თანხა, ამის გამო სკამი მირტყა. დასახიჩრებული ვიყავი, ვკოჭლობდი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და 112-ში დავრეკე, სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახე. დაიწყო ბოდიშის მოხდა ჩემმა ქმარმა, გპირდები, არასოდეს გეჩხუბები, ოღონდ ახლა გადამარჩინე დაჭერასო. საქმე აღიძრა ჩემი ქმრის წინააღმდეგ, ექსპერტიზა ჩამიტარდა და ერთი წელი პირობითი მიესაჯა. პოლიციის გამოძახება მარტო ოჯახმა კი არა, სამეზობლომაც არ მაპატია, ყველამ ამითვალწუნა.

- რომ გაასამართლეს, ალბათ, უფრო აგრესიული გახდა?

- იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ისევ გაიმეორა. გაზაფხული მოვიდა და თურქეთში სამუშაოდ წასვლის დრო იყო, ქმარს პირობითი ჰქონდა, ვერ გადიოდა ქვეყნიდან, ამიტომ მე მომიწია წასვლამ. ბევრს ვშრომობდი თურქეთში, დღეში 200- 250 ლირა გამომდიოდა, მოვაგროვე თანხა და დავბრუნდი, აქედან 100 ლარი მაზლმა მომპარა, ბანკის ვალები ჰქონდა, მერე ჩემმა ქმარმაც მომპარა ფული, ითამაშა და წააგო. ცოტა თანხა მქონდა გასესხებული, რომ დავიბრუნე, ვიფიქრე, ჩემს დას გავატან, გადავინახავ-მეთქი და ჩემთან მოსვლა ვთხოვე. ჩემს ამბავს რომ ვუყვებოდი, თურმე ჩემი დედამთილი მისმენდა, შემოვარდა და დაიწყო ჩემი ლანძღვა. ჩემმა დამ დამიცვა, რაც იმით დასრულდა, რომ დედამთილმა აკვნის არტახის ჯოხით სცემა ჩემს დას. ჩემი ქმარი კი მე გამისწორდა და ქუჩაში გამოგვაგდეს. გოგო შენ გგავს და წაიყვანეო, ბიჭი ჩემი გვარის გამგრძელებელია, მე გავზრდიო და სახლში რომ შეჰყავდა, ამ დროს თავში დედამთილმა კარი მოარტყა, ბავშვისთვის რომ მიეხედათ, ამის ნაცვლად საფულე და ტელეფონი წამართვეს. გამოვიძახე პოლიცია.

სასამართლომ ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მე და ჩემი და დაზარალებულად გვცნეს. გამომძიებელს ვუთხარი, რომ ორდერის გამოცემის მიუხედავად, მაინც მირეკავდა და ამიტომ დაიჭირეს. ახლა ციხეშია და განაჩენს ელოდება.
გამიჭირდება შვილების მარტო გაზრდა, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ მათი კარგად ყოფნისთვის. ძალიან მინდა პოლიციის აკადემიაში ჩაბარება, მინდა, პოლიციელი გამოვიდე და უფრო დაცულად ვიგრძნო თავი. ჩემი დედამთილიც დაჯდება ბრალდებულის სკამზე, მის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე.

თეა ხურცილავა
kiko
25 აგვისტო 2017 19:02
კარგი დედამთილს არ უყვარდი მაგრამ ფაქტია შენ მშობლებსაც არ ყვარებიხარ,პირველ რიგში მათ მოკითხე პასუხი თუ გინდა სამართალი აღსდგეს
mmm
25 აგვისტო 2017 17:07
მაგარი მშობლები გყოლია საყვარელო; იმ კაცის რა ვუთხარი ქალიშვილს რომ მოსტაცებენ, სცემენ, ცხოველივით ექცევიან და ხმას რომ არ ამოიღებს. შენს წინაშე ქმარი და დედამთილი უფრო ნაკლებად არიან დამნაშავეები, ვიდრე შენი ოჯახის წევრები. რა ჰქვია იმ კაცს, საკუთარ ქალიშვილს ზურგს რომ ვერ გაუმაგრებს და იმედად ვერ ეყოლება. ფურთხსაც არ გავიმეტებდი მასეთი არაკაცისთვის. მიხარია, რომ მაინც კარგად დამთავრდა შენი ამბავი. იმედია შესძლებ მარტო შვილების გაზრდას. ღმერთის მფარველობას გისურვებ
Qartveli
24 აგვისტო 2017 22:33
Ubedureba isaa rom qalebis 100%_dan80% I Fsiqologi zaladobis msxverplia

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები