"ეს თბილისის ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების გაგრძელებაა"
"ეს თბილისის ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების გაგრძელებაა"
დილის 7 საათზე ცეცხლის ალში გაეხვია ფოთის სავაჭრო ცენტრი. დაიწვა დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი. სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს, თუმცა 32 მაღაზიის მეპატრონეს ქონება გაუნადგურდა

10 ივლისს, დილის 7 საათზე ცეცხლის ალში გაეხვია ფოთის სავაჭრო ცენტრი. დაიწვა დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის მიზეზი, დადგენილი არ არის, დაზარალებულები კი ამბობენ, რომ მათ მიზანმიმართულად ებრძვიან.

ფოთის ბაზრობაზე სამაშველო ბრიგადები სხვა რაიონებიდანაც გამოიძახეს და ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდა, თუმცა 32 მაღაზიის მეპატრონეს ქონება გაუნადგურდა. დაზარალებულები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და საქმის გამოძიებას ითხოვენ.
ისინი უყურებდნენ, როგორ იწვოდა მათი ქონება. 40 წლის ქალბატონმა თვითმკვლელობაც სცადა - ვენები გადაიჭრა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა შეძლეს. იმავე დღეს ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით ფოთის საავადმყოფოში კიდევ ორი დაზარალებული მოვაჭრე მიიყვანეს.

"32 მაღაზია სრულად განადგურდა, ულუკმაპუროდ ვართ დარჩენილი, არანაირი სახსარი არ გაგვაჩნია. უმრავლესობამ იმ ღამეს შემოვიტანეთ საქონელი. ვფიქრობ, ეს განზრახ მოხდა. პასუხს არავინ გვცემს - არც მეპატრონე, არც დაცვა, არც პოლიცია, არც ხელისუფლება. თუ არ დაგვეხმარებიან, დავსხდებით ქუჩებში, გადავკეტავთ რკინიგზას... დროზე რომ დაერეკათ, ხალხი უშველიდა თავის თავს და ქონების ნაწილს მაინც გამოიტანდა.

დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი არც
შეუმჩნევიათ, ბაზრობის წინ მოსახლეობამ შენიშნა, რომ იქაურობას ცეცხლი ეკიდა. ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩვენ არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია და თქვენს თავს მიხედეთო. მათ გადასახადებს ხომ ვუხდიდით ხომ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა?!
კრედიტები გვაქვს აღებული ბანკებიდან. დაზღვეული არც ერთს არ გვქონდა ქონება, ობიექტიც არ იყო დაზღვეული, ჩვენ მეიჯარეები ვართ" - მითხრა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

"25 წელია, აქ ვმუშაობ. რაც მოგება მქონდა, იმასაც საქმეში ვდებდი და ამდენი წლის ნაწვალები გამიცამტვერდა. ყველაზე ძვირიანი განყოფილებები დაიწვა. ესეც აჩენს კითხვას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ განზრახ დაწვეს", - ამბობს მეორე.
სავაჭრო ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს არის იმის გაგრძელება, რაც სხვა ბაზრობებზე მოხდა და ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.

თეა ბელქანია, ფოთის სავაჭრო ცენტრის დირექტორი: -
ელექტროენერგიიდან ცეცხლის გაჩენას გამოვრიცხავთ. საღამოს 8 საათზე ელექტროენერგია ითიშებოდა.

- რომელ განყოფილებაში გაჩნდა ხანძარი?

- ყველაზე ძვირად ღირებული სექციები დაიწვა. სულ 80-მდე მაღაზია დაგვეწვა (აქედან 32 სრულად). მათგან 70-მდე მაღაზია ბანკში იყო ჩადებული და კვადრატული მეტრის ფართობი ბანკს 700 დოლარად ჰქონდა შეფასებული, ხუთი მაღაზიის კვადრატული მეტრი კი - 1000 დოლარად.

- სათვალთვალო კამერებში რამე საყურადღებო არ ჩანს?

- არ ვიცით, რა დააფიქსირა ამ კამერებმა, ისინი გამოძიებამ ამოიღო.

- ვინ არიან ამ ბაზრობის მეწილეები და იყო თუ არა შენობა დაზღვეული?

- 100%-იანი წილის მფლობელია ნანა კორსანტია, მე სავაჭრო ცენტრის დირექტორი ვარ. სამწუხაროდ, დაზღვეული არ გვქონია, რადგან ძველი ხელისუფლების დროს ეს ობიექტი მეპატრონეს წაართვეს და სახელმწიფოს ბალანსზე იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნეს მეპატრონეს ქონება, ვი-თი-ბი ბანკმა გაგვიკეთა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება.

იმედი გვაქვს, სიმართლე გაირკვევა, თუმცა ვთვლი, რომ ეს თბილისის ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების გაგრძელებაა. ბავშვთა სამყაროს, ელიავასა და სხვა ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების შემდეგ გვეშინოდა, აქაც არ გაეჩინა ვინმეს ხანძარი, ამიტომ ვთხოვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინა ბაზრობამდე მოსასვლელი გზა. წერდნენ საჩივრებს მოვაჭრეებიც. ერთი თვის წინ ნაწილობრივ გაათავისუფლეს გზა, მაგრამ სრულად არ იყო გათავისუფლებული და პრობლემები ამან წარმოშვა. როდესაც პირველი სახანძრო მანქანა მოვიდა, უკუსვლით მოუწია შესვლამ. ამასობაში დაიკარგა დრო.

სამწუხაროდ, ჩვენი ობიექტები დაზღვეული არ არის. ვითხოვდით, ვი-თი-ბი ბანკს გაეკეთებინა დაზღვევა, მაგრამ რატომღაც არ გადადგა ეს ნაბიჯი. დღეს ბანკიც ცუდ დღეშია, რადგან ობიექტი დამწვარია და არავინ იცის, როდის მოხერხდება მისი აღდგენა. ბანკის მილიონიანი კრედიტი შვიდ წელზე იყო გათვლილი...

- მოვაჭრეები ადმინისტრაციისგან დახმარებას ითხოვენ.

- პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს და თითქმის ყველა სტრუქტურას დახმარება სთხოვეს. მეც ვთხოვ ყველას, გულთან მიიტანოს ამ ხალხის გასაჭირი.
ფოთის ბიუჯეტი მწირია, ამიტომ აუცილებელია, ცენტრალური ხელი­ს­უფლება დაეხმაროს მოვაჭრეებს,­ რომ შეძლონ საქმის თავიდან დაწ­ყება.
ადმინისტრაციამ ყველა დაზარალებულს სავაჭრო ფართობი გადასცა. ჩვენი ბაზრობის ტერიტორია ძალიან დიდი იყო და ნაწილი გადარჩა.
ბაზრობაზე იყვნენ ისეთი მოიჯარეები, რომლებსაც სამი მაღაზია ჰქონდათ და თითო მაღაზია დაუთმეს დაზარალებულებს. სხვა არაფერი შეგვიძლია, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ მაღაზიებში შესატანი ქონება მათ აღარ აქვთ. ისინი იხდიდნენ 160 ლარს, გადასახადების ჩათვლით. ხელშეკრულება ყველასთან გაფორმებულია, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნებისმიერი ხელშეკრულება ბათილია. საგადასახადოს წარმომადგენლებმა ჩამოწერეს საგადასახადო ვალდებულებები და ნაშთი. სამწუხაროდ, ბევრს არ ჰქონდა სწორად ნაწარმოები ბუღალტერია და მათი ზარალის დათვლაც შეუძლებელია.

ფოთის მერია და საკრებულოს თავმჯდომარე იყვნენ ყველა ბანკში და მიმდინარეობს ამ ადამიანებისთვის სასესხო ვალდებულების გადავადება. ბანკი თითოეულთან ინდივიდუალურად აწარმოებს მოლაპარაკებას. ზოგს სესხის დამატებასაც სთავაზობენ.

P.S. იმედია, ამჯერად მაინც გაირკვევა ხანძრის მიზეზი, მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება და დაზარალებულთა არმიას, რომელიც დღეს არის, სხვა დაზარალებულები არ შეემატებიან.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ყველაზე მეტად რომელი სამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებაა თქვენთვის მიუღებელი?